„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული
24.03.2026. სამშაბათი
ღირსისა იოანე მოსხისა (622); სოფრონ იერუსალიმელ პატრიარქისა (644); მღვდელმოწამისა პიონისისა, ზმირნელი ხუცისა და მისთანათა (250); წმ. ეპიმაქესი (ნაწილთა აღმოყვანება); წმ. სოფრონისა, ვრაჩანელ ეპისკოპოსისა (1813).
დღის ლოცვები
სოფრონიოსის, იერუსალიმის პატრიარქის კონდაკი:
საღმრთოთა შურითა აღძრულმან ჭეშმარიტებათა ბრძანებანი პირითა განავრცენ და საფუძველსა ეკლესიათასა სჯულ-უდევ და მას შინა მყოფთა მონაზონთა ქცევანი განუწესენ, ბრძენთა პატრიარქთა შორის სოფრონ იერუსალიმელო, ყოვლადბრძენი სიტყუანი ზრახვათა შინა აღირჩიენ, რომლისა წინაძღუანვითა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მღდელმთავარო, მართლმადიდებელთა სიქადულო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 40: 18-31
18. ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით? 19. ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული. 20. ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს. 21. ნუთუ არ იცით, ნუთუ არ გსმენიათ, ნუთუ არ გემცნოთ დასაბამიდან? ნუთუ არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან? 22. ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად. 23. არარაობად აქცევს მთავრებს, არაფრად აგდებს ქვეყნის მსაჯულებს. 24. ის იყო დაინერგნენ, ის იყო ჩაითესნენ, ის იყო მიწაში ფესვი გაიდგეს, რომ დაუბერა მათ და გადახმენ, ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა. 25. ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა. 26. ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს. 27. რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი? 28. განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება. 29. ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს. 30. იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან. 31. უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
მწუხრზე: დაბ. 15: 1-15
1. ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო. 2. უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია. 3. კვლავ უთხრა აბრამმა: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ. 4. კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა: არ იქნება იგი შენი მემკვიდრე; მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე. 5. გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა. 6. ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს. 7. უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა. 8. უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ? 9. უთხრა: მომიყვანე სამი წლის ხბო, სამი წლის თხა, სამი წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი. 10. აიღო ეს ყველაფერი, შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს. 11. დააცხრნენ სვავები მძორებს, მაგრამ მოუგერია ისინი აბრამმა. 12. მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი. 13. უთხრა უფალმა აბრამს: იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს. 14. იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან. 15. შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.
მწუხრზე: იგავ. 15: 7-19
7. ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის. 8. ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის. 9. ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს. 10. მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება. 11. შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა. 12. ქარაფშუტას არ უყვარს თავისი მამხილებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა. 13. მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება. 14. გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზრდოობს. 15. უკეთურის ყველა დღე ბოროტია, გულკეთილს კი მუდამ ლხინი აქვს. 16. უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში. 17. უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი. 18. ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს. 19. ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი მოსწორებულია.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მღვდელმოწამე პიონი – სმირნის ხუცესი და სხვა მასთან წამებულნი (+250)
წმიდა მღვდელმოწამე პიონი – სმირნის ხუცესი და სხვა მასთან წამებულნი ეწამნენ უსჯულო იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს ეგეოსის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ სმირნაში.როდესაც დევნის დაწყება გაიგო, წმიდა პიონი, საბინთან და ასკლიპიადასთან ერთად, ტანჯვისათვის განემზადა: მათ ქედზე ბორკილები დაიდეს.
23 თებერვალს, წმიდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის (+167) ხსენების დღეს, წმიდა მოწამეები შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. საპყრობილეში ისინი შეხვდნენ სმირნის საკათედრო ტაძრის პრესვიტერს ლინას და ქრისტიან ქალს მაკედონიას, რომლებიც ქრისტეს აღმსარებლობისათვის იყვნენ დატყვევებულნი. წმიდა მოწამეებთან მრავალი ქრისტიანი მიდიოდა საპყრობილეში და საჩუქრები მიჰქონდა. წმიდანები ყველაფერს ციხის დარაჯებს ურიგებდნენ. წმიდა პიონთან ისინიც მიდიოდნენ, ვინც შიშის გამო უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. წმიდა მოწამე მათი სულმოკლეობის გამო, მწარედ ტიროდა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. წმიდა აღმსარებელმა მრავალი ტანჯვა დაითმინა. 250 წლის 11 მარტს ის ჯვარს აცვეს, შემდეგ შეშა შემოუწყვეს და დაწვეს. როცა კოცონი ჩაქრა, გამოჩნდა მოწამის სრულიად უვნებელი გვამი. მას თმებიც კი არ შეტრუსვოდა. წმიდანის ღვთიური მადლით ცხებული სახე შუქს აფრქვევდა.
წმიდა მოწამე ეპიმახო (+დაახლ. 250)
წმიდა მოწამე ეპიმახო (+დაახლ. 250) წარმოშობით ეგვიპტიდან იყო. ის დიდხანს ცხოვრობდა დაყუდებულად პილუსიის მთაზე. ალექსანდრიაში ქრისტიანთა დევნის დროს (დაახლ. 250 წ.) წმიდა ეპიმახო ქალაქში ჩავიდა, წარმართული კერპები დაამსხვრია და უშიშრად იქადაგა ქრისტეს სწავლება, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მისი მარტვილობის მოწმეებს შორის იდგა ქალი, რომელსაც თვალი სტკიოდა. მოწამის წმიდა სისხლმა იგი განკურნა. წმიდანს საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.წმიდა სოფრონ იერუსალიმელი (+638-644)
წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ. მომავალი პატრიარქი უმაღლეს სიბრძნეს მონასტერში, მეუდაბნოეებთან საუბრებში ეძებდა. ის ჩავიდა იერუსალიმში, წმიდა თეოდოსის მონასტერში და დაუახლოვდა იოანე მოსხს. მალე სოფრონი იოანეს სულიერი შვილი და მორჩილი გახდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტერში, იწერდნენ მამათა ცხოვრებებს. ამ ჩანაწერებისაგან შედგა ცნობილი წიგნი „ლიმონარი“, რომელსაც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მაღალი შეფასება მისცა.სპარსელთა თავდასხმების გამო წმიდა იოანემ და სოფრონმა პალესტინა დატოვეს და ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეგვიპტეში წავიდნენ. ეგვიპტეში სოფრონი მძიმედ დაავადდა. მან მონაზვნობა გადაწყვიტა და იოანე მოსხმა ბერად აღკვეცა. წმიდა სოფრონის გამოჯამრთელების შემდეგ მოძღვარი და მოწაფე ალექსანდრიაში დარჩნენ. ისინი წმიდა პატრიარქმა იოანემ (ხს. 12 ნოემბერს) სიყვარულით მიიღო. წმიდა იოანე და სოფრონი მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას მონოთელიტთა ერესის შემოტევისაგან. ალექსანდრიაში წმიდა სოფრონმა აღწერა წმიდა უვეცხლოთა კვიროს და იოანეს (ხს. 31 იანვარს) ცხოვრება.
როცა ალექსანდრიას ბარბაროსები შემოესივნენ, წმიდა პატრიარქი იოანე წმიდა მოსხთან და სოფრონთან ერთად კონსტანტინეპოლში წავიდა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. წმიდა იოანე და სოფრონი, თერთმეტ მონაზონთან ერთად, რომში ჩავიდნენ. რომში ღირსი იოანე მოსხიც გარდაიცვალა (+622). მისი ცხედარი წმიდა სოფრონმა იერუსალიმში გადაასვენა და წმიდა თეოდოსის სავანეში დაასაფლავა.
628 წელს სპარსთა ტყვეობიდან დაბრუნდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია (609-633). მისი გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ავიდა წმიდა მოდესტი (633-634; ხს. 18 დეკემბერს), მოდესტის შემდეგ კი პატრიარქად სოფრონი აირჩიეს.
სიცოცხლის ბოლოს წმიდა სოფრონმა სამწყსოსთან ერთად გადაიტანა იერუსალიმის ორწლიანი ალყის სიმძიმე. შიმშილისაგან არაქათგამწყდარმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, ქალაქის კარები გაეღოთ იმ პირობით, რომ მტერი ხელს არ ახლებდა სიწმიდეებს. ეს პირობა მაჰმადიანებმა არ შეასრულეს. წმიდა სოფრონი ქრისტიანული სიწმიდეების შებილწვით გამოწვეულ ღრმა მწუხარებაში გარდაიცვალა.
ჩვენამდე მოაღწია პატრიარქ სოფრონის მიერ შედგენილმა თხზულებამ დოგმატიკაში, ლიტურღიის განმარტებამ, ღირსი მარიამ მეგვიპტელის (ხს. 1 აპრილს) ცხოვრებამ, 950-მდე ტროპარმა და სააღდგომო სტიქარონმა. ჯერ კიდევ მღვდელმონაზვნის ხარისხში მყოფმა სოფრონმა გადაამოწმა და გაასწორა საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი. წმ. სოფრონის სამსაგალობლები შესულია თანამედროვე ტრიოდიონში.