24.05.2026. აღდგომიდან მე-7 კვირიაკე

24.05.2026. აღდგომიდან მე-7 კვირიაკე

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).     

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-7 კვირიაკე, I მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (325). ხმა VI.

ხსნილი

შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა.

მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა (1871); მღვდელმოწამისა მოკი ხუცისა, მაკედონიის ამფიპოლისელისა (295); მოციქულთა სწორთა მეთოდესი (885) და კირილესი (869), სლოვენთა მოძღვართა; ნიკოდიმ სერბელ მთავარეპისკოპოსისა (1325).

დღის ლოცვები

პირველი მსოფლიო კრების 318 წმიდა მამათა კვირა, (325)

ტროპარი: უფროსად დიდებულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნენ და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართენ, მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.

კონდაკი: მოციქულთა ქადაგებაი და მღვდელთავართა მოძღურებაი სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად საღმრთოდ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ მოსიეს და მართლმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა.

მღვდელმოწამე მოკიოსის კონდაკი:

შეიჭურე ფარითა სარწმუნოებისათა და განეწყვე უღმრთოთა, და განისრენ იგინი, მღვდელმოწამეო მოკი, და ქრისტეს მიერ გვირგვინი მოიხვენ შენ; ამისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებ, იხსნენ ჭირთაგან მგალობელნი შენნი და ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანას

ტროპარი: მოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა.

კონდაკი: მეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლე მოგინადირა და სიბნელეთ თვალთაგან წამისყოფით მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმრთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაცა დედოფლისა ნანაის თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიის ეკლესიისანო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

მწუხრ.: წმიდათა მამათა: 1) დაბ. 14: 14-20. 2) 2 შჯ. 1: 8-11, 15-17. 3) 2 შჯ. 10: 14-21.
მოც. სწორთა: 4) 1 პეტ. 1: 3-9. 5) 1 პეტ. 1:13-19/ 6) 1 პეტ. 2: 11-24.
ცისკ.:სახ. მე-10, ინ. 211-14 (დას. 66).
ლიტ.: საქმ. 20: 16-18,28-36 (დას. 44). ინ. 17: 1-13 (დას. 56).
მოც. სწორთა: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). ლკ. 10: 1-15 (დას. 50).

მწუხრ.: წმიდათა მამათა: 1) დაბ. 14: 14-20 

14. როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტყვევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას  თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე. 15. გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის. 16. დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც. 17. მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება. 18. ხოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. 19. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! 20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.

მწუხრ.: წმიდათა მამათა: 2) 2 შჯ. 1: 8-11, 15-17 

8. აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას – აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას. 9. ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება. 10. უფალი, თქვენი ღმერთი, გაგამრავლებთ-მეთქი და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ დღეს. 11. უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის.

მწუხრ.: წმიდათა მამათა: 3) 2 შჯ. 10: 14-21 

14. აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია. 15. მაგრამ მხოლოდ შენი მამა-პაპა შეივრდომა სიყვარულით და გამოგარჩიათ თქვენ, მათი მოდგმა, ყველა ხალხიდან, როგორც დღეს. 16. დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები, 17. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. 18. იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს. 19. გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. 20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე. 21. ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.

მოც. სწორთა: 4) 1 პეტ. 1: 3-9 

3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე. 4. რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის, 5. რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს 6. და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით, 7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, – საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე, 8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ, 9. რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს: სულების ხსნას.

მოც. სწორთა: 5) 1 პეტ. 1:13-19 

13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით. 14. როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს. 15. არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი. 16. ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“. 17. თუკი მამას უწოდებთ მას, ვინც პირუთვნელად განსჯის ყველას, თანახმად მისი საქმისა, მოშიშებით გალიეთ თქვენი ხიზნობის ყავლი. 18. რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით – ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან, 19. არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის – ქრისტეს ძვირფასი სისხლით,

მოც. სწორთა: 6) 1 პეტ. 2: 11-24 

11. საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ. 12. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი მოხილვის დღეს. 13. ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, 14. გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად. 15. ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას. 16. როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები. 17. პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს. 18. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც. 19. რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს. 20. მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე. 21. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს. 22. არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს, 23. ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს; 24. ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ.

ცისკ.:ინ. 211-14

1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: 2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. 3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. 4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. 5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. 6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. 7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. 8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. 9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. 10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. 11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. 12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. 14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.

ლიტ.:საქმ. 20: 16-18,28-36 

16. რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში. 17. მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის უხუცესნი იხმო. 18. როცა ეახლნენ, უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ასიაში მოსვლის პირველი დღიდანვე მარადჟამ თქვენთან ვიყავი. 

28. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით. 29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. 30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ. 31. მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს. 32. ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად. 33. არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი. 34. თქვენ თვითონ იცით, რომ, აი, ეს ხელები შეეწეოდნენ როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან. 35. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. 36. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა.

ლიტ.:ინ. 17: 1-13 

1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. 2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს. 4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. 5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. 6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. 10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი; და მე ვიდიდე მათში. 11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. 12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. 13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.

მოც. სწორთა: 1 კორ. 4: 9-16 

9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

მოც. სწორთა: ლკ. 10: 1-15 

1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                     (1 ინ. 3: 14)

მღვდელმოწამე მოკი (III-IV)
მღვდელმოწამე მოკი (+295) ცხოვრობდა მაკედონიაში, ქალაქ ამფიპოლში. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს წმიდანი წარმართული ღმერთის, დიონისეს დღესასწაულზე შეკრებილ კერპთაყვანისმცემლებს მოუწოდებდა, თავი დაენებებინათ უსჯულოებისა და ბიწიერებისთვის, შეენანებინათ, ქრისტეს სწავლებისკენ მოქცეულიყვნენ და წმიდა ნათლისღების საიდუმლო მიეღოთ. წმიდა მოკი შეიპყრეს და მმართველ ლაოდიკს მიუყვანეს სამსჯავროზე. წმიდანმა საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და თქვა: „ქრისტესთვის სიკვდილი უდიდესი პატივია ჩემთვის“. წმიდა მოკი სასტიკად აწამეს. იგი მშვიდად ითმენდა ყოველივეს და თან კერპთაყვანისმცემლებს უსჯულოებაში ამხელდა. დიონისეს სამსხვერპლოზე მიყვანილმა წმიდანმა მოკიმ იესო ქრისტეს სახელით შემუსრა კერპი. ამის შემდეგ წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. უფალმა უვნებლად დაიცვა წმიდა ხუცესი. ღუმელიდან გამოვარდნილმა ალმა კი მმართველი დაწვა. ახალმა მმართველმა კვლავ აწამა წმიდანი, ღვთის ნებით მღვდელმსახურმა ეს სატანჯველიც მშვიდად დაითმინა. მაშინ მტარვალებმა წმიდანი გარეულ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომები მის ფეხებთან გაწვნენ. ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა მოწამის განთავისუფლება მოითხოვა. მმართველის განკარგულებით მოკი ჯერ პერინთოში წაიყვანეს, იქიდან კი ბიზანტიაში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ იგი მადლობდა უფალს იმისთვის, რომ განსაცდელის ბოლომდე დათმენის ძალა მისცა. „უფალო, მიიღე სული ჩემი მშვიდობით“, – იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები. წმიდა მოკი გარდაიცვალა 295 წელს. მოგვიანებით კონსტანტინე დიდმა მოკის წმიდა ნაწილები მისი სახელობის ტაძარში გადაასვენა.
მოციქულთა სწორნი: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV) 

 

მოციქულთა სწორნი: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV) - 01 (14) ოქტომბერი
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო “ქართლის ცხოვრებისა” და სხვა წყაროების მიხედვით, მირიანი სასანიდების დინასტიის (სპარსთა მეფის ძეა), როდესაც ქართლში, მცხეთას ჩამოიყვანა მამამ და ცოლად შერთო ასფაგურ ქართლის მეფის ასული აბეშურა.
ასფაგური იმჟამად ოვსეთს წასულიყო სპარსთა წინააღმდეგ საბრძოლველად ოვსთა გადმოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაცვლილიყო და უმეფოდ დარჩენილ ქართლის ერისთავებს, ომი რომ აეცილებინათ, ქასრესთვის მისი ძე მიჰრანი გამოუთხოვიათ მეფედ. გაუხარდა ქასრეს უომრად ქართლის დამორჩილება.
ქართლის მეფედ დასმულ, მხევლისაგან ნაშობ მიჰრანს მისცა ქართლი, სომხეთი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი, დაუტოვა მამამძუძედ და ქართლის განმგებლად ერთგული მირვანოზი და შვიდი ათასი რჩეული მხედარი, რომლებიც იცავდნენ მცხეთას, მეფე მიჰრანს.
გადიოდა წლები. მიჰრანმა შეიყვარა ქართველნი და ქართული ენა, დაივიწყა სპარსული. ქართველნი მას მირიანს ეძახდნენ. მეფე მამაპაპისეულ ცეცხლთაყვანისმცემლობასაც მისდევდა და ქართველთა სათაყვანო კერპებსაც ამკობდა. ქართველთა სათნოყოფისთვის განამშვენა მეფე ფარნავაზის საფლავიც. 15 წლის იყო, როცა ცოლი გარდაეცვალა. აბეშურას სიკვდილით დასრულდა ქართლში ფარნავაზიანთა მეფობა და დედოფლობა.
შეწუხდნენ ქართველნი… მათ უყვარდათ მეფე მირიანი, ამიტომაც დარჩნენ მისი ერთგულნი. მირიანმა კი “ჰმატა კეთილსა ქართველთასა” და მოიყვანა ცოლად პონტოდან ილიღოტოსის ასული ნანა.
ორმოცი წლის იყო მეფე მირიანი, როცა გარდაიცვალა მამამისი ქასრე და სპარსეთის ტახტზე მირიანის ძმა, ბარტამი, ავიდა, ნაშობი ინდოთა მეფის ასულისაგან. მირიანს გულისსადებად მისცეს ჯაზირეთი, შამის ნახევარი და ადარბადაგანი. რამდენიმე წლის შემდეგ სომხეთში გამეფდა მეფე თრდატი.
მირიანს და თრდატს ომი ჰქონდათ ხოლმე ერთმანეთში, ხან ერთი სძლევდა, ხან – მეორე, მირიანს სპარსნი შეეწეოდნენ, სომხებს – ბერძნები. როცა სპარსეთის ტახტზე მირიანის მეორე ძმა ავიდა ბარტამის მაგივრად, შეითქვნენ ქართველნი და სპარსნი და მეფე თრდატი დაამარცხეს. გამარჯვებულმა ძმებმა საბერძნეთს მიაშურეს, დაიწყეს რბევა.
საგონებელში ჩავარდა მეფე კონსტანტინე. ქრისტესმოსავებმა მეფეს ურჩიეს, გაეკეთებინა ჯვარი და ომში წინ წარემძღვარებინა. მართლაც, ჯვრის წინამძღოლობით გაერთიანებულმა ბერძნულ-სომხურმა ლაშქარმა დაამარცხა სპარსელები და ქართველები. მირიანმა მშვიდობა სთხოვა კონსტანტინეს და დაჰპირდა, სპარსებს განვუდგებიო.
კონსტანტინე დიდმა მირიანის ძე, ბაქარი, მძევლად წაიყვანა, დაუზავდა მირიანს და სომეხთა მეფეც დააზავა მასთან – თრდატის მშვენიერი ასული სალომე ცოლად შერთო მირიანის ვაჟს, რევის. განუჩინა ორივე მეფეს მათი სამეფოს საზღვარნი და თავის სამეფოში დაბრუნდა.
მირიანმა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი მისცა და დასვა იგი უჯარმას, ხოლო ასულსა და სიძეს, ფეროზ სპარსს, ჰქონდათ საგამგებლოდ ქვეყანა ხუნანიდან ბარდავამდე მტკვრის ორივე მხარეს. განაგრძო მშვიდობიანად მეფობა მირიანმა, მსახურებდა კერპებს და ამ დროს მის გარშემო სამყარო იცვლებოდა.
ქრისტიანთა რწმენა ძლიერდებოდა საბერძნეთში, სომხეთში კი ამბობდნენ, რომ ქრისტიანთა ღმერთმა თრდატ მეფე ღორად გადააქცია და ქრისტიანობის მიღების შემდეგ ადამიანის სახე დაუბრუნაო. მალე მისი გაქრისტიანების ჟამიც უნდა დამდგარიყო.

წმინდა მირიანის და წმინდა ნანას მოქცევა

სწორედ ამ დროს დასნეულდა ნანა დედოფალი ძლიერი და სასტიკი სენით. მისი განკურნება, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო. მაშინ აუწყეს დედოფალს, რომ რომაელი ტყვე ქალი ნინო ლოცვით კურნავდა მრავალი სენით დაავადებულებს.
დედოფალმა უბრძანა მსახურებს, რათა თავისთან მიეყვანათ ნინო. მივიდნენ დედოფლის მსახურები და იპოვეს წმინდა ნინო მაყვლის ბუჩქის ქვეშ, მეექვსე ჟამს ლოცულობდა. გადასცეს დედოფლის ბრძანება. წმინდა ნინომ უთხრა მათ:
– არა მაქვს ნება მოცემული, რომ ჩემი სამყოფლიდან გავიდე, არამედ დედოფალი თვითონ მოვიდეს ჩემთან და განიკურნება ქრისტეს ძალით.
მსახურებმა გადასცეს წმინდა ნინოს ნათქვამი დედოფალს. მაშინ დედოფალმა ბრძანა: “შემიმზადეთ საწოლი და მიმიყვანეთ მასთან”.
მსახურებმა საკაცით წაიყვანეს დედოფალი, რომელსაც თან ახლდა უფლისწული რევი და უამრავი მხლებელი.
როცა მივიდნენ წმინდა ნინოს სამყოფელთან, დადეს დედოფალი საგებელ კილიკზე. დაიწყო წმინდა ნინომ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ. მოიღო ჯვარი, რომელიც ჰქონდა, შეახო თავზე, ფეხებსა და მხრებზე ჯვრის სახედ და მაშინვე განიკურნა და ადგა გამოჯანმრთელებული, ირწმუნა ქრისტე და თქვა: – არ არსებობს სხვა ღმერთი, ქრისტეს გარდა, რომელსაც ქადაგებს ეს ტყვე დედაკაცი!
იმ დროიდან გაიხადა ის მეგობრად და თავის შინაურად. მარად ჰკითხავდა და გამოწვლილვით გამოეძიებდა ქრისტეს რჯულს.
და ასწავლიდნენ მას წმინდა ნინო, აბიათარი – ახალი პავლე და მისი ასული სიდონია. და გახდა დედოფალი მორწმუნე და იცნო ჭეშმარიტი ღმერთი.
მეფემ ჰკითხა დედოფალს, – ასე უცებ როგორ განიკურნეო. და დედოფალმაც აუწყა, თუ როგორ განიკურნა უწამლოდ, ნინოს ლოცვითა და ჯვრის შეხებით.
სხვებმაც, რომელთაც იხილეს დედოფლის განკურნება, დაადასტურეს დედოფლის ნათქვამი.
მოსმენილით გაკვირვებულმა მეფემ დაიწყო ქრისტეს სჯულის გამოძიება. ბევრს ეკითხებოდა აბიათარ მღვდელს ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე და იგიც ყველაფერს უყვებოდა.
ნებროთის წიგნშიც, რომელიც ჰქონდა მირიან მეფეს, იპოვა ერთი ადგილი: გოდოლის აშენების დროს ზეციდან გაისმა ხმა ნებროთის მიმართ: “მე ვარ მიქაელ, ღმერთის მიერ დადგენილი აღმოსავლეთის მთავრად. გადი ქალაქიდან, რამეთუ ღმერთი ფარავს მას. უკანასკნელ ჟამს მოვა მეუფე ცისა, რომლის ხილვაც შენ გნებავს.
მისი შიში განაქარვებს ამქვეყნიურ სიტკბოს. მეფენი მეფობას დატოვებენ და სიგლახაკეს დაუწყებენ ძებნას. ის გიხილავს ჭირში და გიხსნის შენ”.
მაშინ მიხვდა მეფე მირიანი, რომ ძველი და ახალი წიგნები ერთმანეთს ეთანხმებოდა და იმავეს ამტკიცებდა ნებროთის წიგნიც და გაუჩნდა სურვილი ქრისტეს სჯულის მიღებისა, მაგრამ ებრძოდა უჩინო მტერი და აბრკოლებდა ქრისტეს აღიარებისგან, გულში უღვივებდა კერპებისა და ცეცხლის სასოებას; დედოფალი კი ყოველთვის ევედრებოდა ქრისტიანობის მიღებას.
მეფემ მერყეობასა და ორგულებაში გაატარა ერთი წელი. წმინდა ნინო დაუცხრომლად უქადაგებდა ერს ქრისტეს. იგი არ ამხელდა თავის ვინაობას, უბრალო ტყვე ქალს უწოდებდა საკუთარ თავს.
ნანა დედოფლის განკურნების შემდეგ წმინდა ნინოს ნანას დედის ძმა, სპარსი მთავარი ხუარა განუკურნავს. წყაროთა თანახმად, რომ იგი მოგვი ყოფილა, რაც შეიძლება ნიშნავდეს როგორც ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახურს, ასევე ამ რელიგიის რიგით მიმდევარს, მაზდეანს. იგი ბოროტი ძალისაგან ავად შეიქნა, სასტიკად იტანჯებოდა და სიკვდილის პირამდე იყო მისული.
შეევედრნენ წმინდა ნინოს ნანა დედოფალი და მეფე. მეფე მის საქმეს ცოტა ეჭვით უყურებდა, ამიტომაც უთხრა წმინდა ნინოს:
– მითხარი სიმართლე, ნინო, რომელი ღმერთის ძალით ახდენ სასწაულებს და კურნავ სნეულებს? იქნება ხარ არმაზის ასული ან ზადენის შვილი, რომელთაც შეავედრე თავი, როგორც უცხომ, და იმათაც მოგანიჭეს კურნებათა ძალა, რათა ამით იცხოვრო უცხო ქვეყანაში, ამიტომ დიდებულნი არიან ისინი უკუნისამდე. იყავი ჩვენთან, როგორც ერთი ჩვენი შვილთაგანი, და დაფასებული იქნები ამ ქალაქში, მაგრამ რომაელთა შემცდარ სჯულს ნუღარ იქადაგებ, რადგან უცხოა იგი ჩვენთვის.
მე უკეთეს რჩევას მოგცემ და, თუ დამიჯერებ, დიდებას და პატივს დაიუნჯებ: აი, დიდი და საკვირველი ღმერთები, მზის მომფენნი და წვიმის უშურველად მომცემელნი, ქვეყნის ნაყოფით გამომზრდელნი – არმაზი და ზადენი, რომელთათვის არაფერია დაფარული, ასევე ჩვენი წინაპრების ღმერთები, გაცი და გაიმ – ისინი უნდა სწამდეთ ადამიანებს.
თუ ამ მთავარს განკურნავ, გაგამდიდრებ და მცხეთის მკვიდრ მოქალაქეობას მოგცემ, დაგაყენებ არმაზის მსახურად. მართალია, ქარითა და სეტყვით შეიმუსრა იგი, მაგრამ ის ადგილი უძლეველია.
არმაზი და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი ყოველმხრივ ემტერებიან ერთმანეთს, არმაზმა ზღვა მიაქცია მასზე, იმან კი ასეთი საშინელება მოსწია არმაზს, როგორც ეს ქვეყნის მპყრობელთ აქვთ ჩვევად. შენთვის საკმარისი იყოს ეს ბრძანება.
წმინდა ნინომ პასუხად მიუგო მეფეს:
– ქრისტეს სახელით და მისი დედის ვედრებით მოავლინოს შენზე ღმერთმა – ცისა და ქვეყნის შემოქმედმა, ყოველი დაბადებულის დამბადებელმა, თავისი მრავალმოწყალებისგან მადლის ერთი ნაპერწკალი, რათა შეიცნო სიმაღლე ცისა და ნათელი მზისა, ზღვის სიღრმე და სივრცე ქვეყნიერებისა.
ეს არის იესო ქრისტე, რომლის სჯულსაც მე ვქადაგებ, რომელიც უდედოდ იშვა მამის ღვთაებისაგან, რომელიც გარდამოხდა ქვეყნად და ხორცნი შეისხნა, რათა ჩვენც შევიმოსოთ ღვთაებრივი ნათლით, ვინაიდან დამონებულნი ვიყავით ეშმაკს.
იცოდე, მეფევ, ვინ მოსავს ცას ღრუბლით და ქუხს ჰაერში, იძვრის ქვეყანა მისი სიმძაფრით, არის მეხთა ტეხა და მის კვალზე ცეცხლი აღეგზნება მისი გულისწყრომით. იცოდე, რომ ღმერთი არის ცაში. თავად ის უხილავია ყოველივე დაბადებულისგან, გარდა მისი ძისა, რომელიც მისგან გამოვიდა და ქვეყნად მოვიდა, როგორც კაცი, რომელმაც აღასრულა ყოველივე, რისთვისაც იყო მოსული და აღვიდა ზეცაში მამასთან და იხილა დაუსაბამო, რომელიც მაღლაა და მდაბალთა ხედავს.
ჰოი, მეფეო, მალე მიეახლები შენ ჭეშმარიტ ღმერთს, რომ შემდეგ ამ სიტკბოების ხმამაღლა მქადაგებელი გახდე. რადგან ამ ქალაქში არის ერთი სასწაული, ღვთის ძის სამოსელი აქაა და ელიას ხალენიც აქვე ყოფილა, და მრავალი სასწაულია, რომელსაც ღმერთი გამოაჩენს.
ახლა შენს მთავარსაც განვკურნავ ქრისტეს სახელით და ჯვრით, რომელზეც ევნო იგი, ისე როგორც განიკურნა დედოფალი ნანა დიდი სენისაგან, რადგან რაც ვუთხარი, იმას აკეთებს იგი.
მიჰგვარეს ნინოს სპარსი მთავარი, მოვიდა დედოფალიც. ნინომ ის ნანა დედოფალთან და სიდონიასთან ერთად წაიყვანა სამეფო ბაღში, დააყენა სასწაულებრივი ნაძვის ქვეშ, ხელები აღმოსავლეთისკენ ააპყრობინა და სამგზის ათქმევინა: “ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და შევუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა”. წმინდა ნინო ერთი დღის განმავლობაში ლოცულობდა და ღმერთს თვალცრემლიანი შესთხოვდა სპარსის გამოჯანმრთელებას. მასთან ერთად ლოცულობდნენ ნანა დედოფალი და სიდონიაც. მაშინ გავიდა ბოროტი სული სპარსი მთავრის სხეუ-ლიდან და დაემოწაფა ის და მთელი მისი სახლეულობა წმინდა ნინოს და ისიც ადიდებდა ღმერთს – მამას, ძესა და წმინდა სულს.
ზაფხულის ერთ დღეს, 323 წლის 20 ივლისს, შაბათს, მეფე გავიდა სანადიროდ მუხრანის მხარეს. ამ დროს უჩინო მტერმა – ეშმაკმა გულში ჩაუგდო კერპებისა და ცეცხლის სიყვარული. გაიხსენა მსახურება კერპებისა და ისურვა მახვილით ამოწყვეტა ყველა ქრისტიანისა.
მეფემ უთხრა თავის ოთხ თანაშემწეს: “ღირსნი ვართ, რომ ჩვენი ღმერთებისაგან ბოროტად დავისაჯოთ, რადგან მათ მონდომებით აღარ ვემსახურებით და მივუშვით ეშმაკეული ქრისტიანების სჯულის ქადაგება ჩვენს ქვეყანაში და ისინი ეშმაკის ძალით ახდენენ საკვირველებებს. ამიტომ განზრახული მაქვს, ამოვხოცოთ ჯვრის თაყვანისმცემლები და გავაძლიეროთ ჩვენი ღმერთების მსახურება ქართლში, ვამხილო ჩემი მეუღლე ნანა სჯულის შეცვლაში და მოვთხოვო სინანული და ჯვარცმულის სჯულის უარყოფა. თუ არ დამემორჩილება, დავივიწყებ მის სიყვარულს და სხვებთან ერთად მოვკლავ მასაც”.
თანაშემწეებმა მოუწონეს მეფეს განზრახვა, რადგან ეს საქმე მათ ისედაც ჰქონდათ გულში, უნდოდათ ეთქვათ მეფისათვის, მაგრამ ერიდებოდათ გაცხადება ამისა. მეფემ მოიარა მუხრანის სანახები და ავიდა თხოთის მაღალ მთაზე, რომ დაენახა კასპი და უფლისციხე, გავიდა მთის თხემზე. შუა სამხრობისას დაბნელდა მზე, და იქმნა როგორც ღამე, ბნელი, უკუნი.
სიბნელემ მოიცვა არემარე… სიბნელის გამო მეფის მხლებლები მიმოიფანტნენ, რომ გასაჭირს გასცლოდნენ. დარჩა მეფე მარტო, ცდილობდა გზა გაეგნო, მაგრამ ამაოდ.
შეშინებული და შეძრწუნებული დადგა ერთ ადგილზე, რადგან გადარჩენის იმედი გადაეწურა. მძიმე გასაჭირში გონს მოეგო და გულში ფიქრობდა: – ჩემს ღმერთებს შველას ვთხოვ, მაგრამ მათგან სიკეთე ვერ მივიღე, იქნებ ჯვარმა და ჯვაცმულმა ღმერთმა, რომელსაც ქადაგებს ნინო და მისი სახელით ახდენს კურნებებს, შეძლოს ჩემი გასაჭირიდან ხსნა, რადგან ცოცხალი ჯოჯოხეთში ვიმყოფები.
არ ვიცი, მთელი ქვეყანა დაიქცა, თუ მხოლოდ ჩემთვის იქმნა ეს? თუ მხოლოდ ჩემთვისაა ეს გასაჭირი დაშვებული, ნინოს ღმერთო, განმინათლე ეს ბნელი და დამანახვე ჩემი ქვეყანა და ვაღიარებ შენს სახელს, აღვმართავ ჯვრის ძელს და მას თაყვანს ვცემ, ავაშენებ სამლოცველო სახლს, დავემორჩილები ნინოს და მივიღებ რომაელთა სჯულს (ქრისტიანობას).
წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები, მაშინვე ინათა და გამობრწყინდა მზე. მირიან მეფე გადმოვიდა ცხენიდან, აღაპყრო ხელები ზეცისაკენ და თქვა: “შენ ხარ ღმერთი ღმერთებისა და უფალი უფლებებისა, რომელსაც ქადაგებს ნინო, საქებელია შენი სახელი ყოველი დაბადებულისგან ცის ქვეშ და ქვეყანაზე, რამეთუ შენ მიხსენი ჭირისგან და განმინათლე ბნელი. აჰა, ვცნობ, რამეთუ გინდა ჩემი ხსნა, ლხენა და შენთან მიახლება.
კურთხეულო უფალო, ამ ადგილას აღვმართავ ძელის ჯვარს, რომლითაც იდიდება შენი სახელი და მოიხსენიება ეს სასწაულებრივი საქმე უკუნისამდე”.

წმიდა მოციქულთასწორი მეთოდე (+885) და კირილე (+869)
მოციქულთასწორნი მეთოდე (+885) და კირილე (+869) საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მკვიდრი დიდებული და ღვთისმოსავი ოჯახის შვილები იყვნენ. წმიდა მეთოდე თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა და ბიზანტიის იმპერიაში შემავალ ერთ-ერთ სლავურ სამთავროს განაგებდა, სავარაუდოა, რომ ბულგარეთს. 10 წლის მსახურების შემდეგ წმიდა მეთოდე ბერად აღიკვეცა ულუმბოს მთაზე. წმიდა კირილე ბავშვობიდან გამოირჩეოდა დიდი ნიჭიერებით და მომავალ იმპერატორთან, მიხეილთან ერთად სწავლობდა. მან ბრწყინვალედ აითვისა თავისი დროის ყველა მეცნიერება და მრავალი ენა. სწავლის დამთავრების შემდეგ მან სამღვდელო ხელდასხმა მიიღო და საპატრიარქო ბიბლიოთეკის მცველი გახდა, მაგრამ მალე მალულად მონასტერში წავიდა. წმიდა კირილე მოძებნეს, დააბრუნეს დედაქალაქში და გაამწესეს უმაღლესი სკოლის ფილოსოფიის მასწავლებლად. სრულიად ახალგაზრდა წმიდა კირილემ კამათში დაამარცხა მწვალებელ ხატმებრძოლთა მეთაური ანიუსი. შემდგომ იმპერატორის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო დისპუტში სარკინოზებთან წმიდა სამების სწავლებაზე, აქაც გაიმარჯვა და წავიდა ძმასთან, წმიდა მეთოდესთან ულუმბოს მთაზე.
მალე იმპერატორმა ორივე ძმა დაიბარა და ხაზარებთან გაუშვა სახარების საქადაგებლად. ძმები მცირე ხნით გაჩერდნენ ქალაქ კორსუნში და სასწაულებრივად აღმოიყვანეს წმიდა მღვდელმოწამის კლიმენტი რომაელის (ხს. 25 ნოემბერს) წმიდა ნაწილები.
ხაზარეთში ქადაგების შემდეგ წმიდა კირილე დედაქალაქში დარჩა, წმიდა მეთოდე კი ულუმბოს ახლოს მდებარე პოლიხრონის მონასტრის იღუმენად აირჩიეს.
მალე იმპერატორთან მოვიდნენ მორავიის მთავრის როსტისლავის ელჩები და სთხოვეს სლავურის მცოდნე მოძღვრების გაგზავნა მორავიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. იმპერატორმა წმიდა კირილეს დაავალა ეს დიდი საქმე. წმიდა მამა ლოცვითა და მარხვით შეუდგა მძიმე მოღვაწეობისთვის მზადებას. თავისი ძმის, წმიდა მეთოდეს და მოწაფეების: მორაზდის, კლიმენტის, საბას, ნაუმის, ანგელიარის დახმარებით შეადგინა სლავური ანბანი და სლავურ ენაზე თარგმნა სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა საღვთისმსახურო წიგნები. ეს მოხდა 863 წელს.
წიგნების თარგმნის შემდეგ წმიდა ძმები მორავიაში წავიდნენ და დაიწყეს ღვთისმსახურება სლავურ ენაზე. ამან გერმანელი ეპისკოპოსების გაბოროტება გამოიწვია, რომლებიც ღვთისმსახურებაში ლათინურ ენას იყენებდნენ. ეპისკოპოსები წმიდა მოციქულთასწორებთან კამათში დამარცხდნენ, მაგრამ რომის პაპთან დაასმინეს ისინი. ძმები რომში დაიბარეს. წმიდანებმა თან წაასვენეს წმიდა კლიმენტი რომაელის ნაწილები. რომის პაპი ადრიანე პატივით შეხვდა ძმებს და ღვთისმსახურების სლავურ ენაზე ჩატარების უფლებაც მისცა.
რომში წმიდა კირილე დაუძლურდა, ღვთისგან აღსასრულის მოახლოება გამოეცხადა და სქემა მიიღო. სქემის მიღებიდან 50 დღის შემდეგ 869 წლის 14 თებერვალს 42 წლის წმიდა კირილე გარდაიცვალა.
წმიდა კირილეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა მეთოდეს ხელი დაასხეს მორავიისა და პანანიის მთავარეპისკოპოსად. წმიდა მამა კვლავ აგრძელებდა ქადაგებასა და ღვთისმსახურებას სლავურ ენაზე. გამძვინვარებულმა გერმანელმა ეპისკოპოსებმა მიაღწიეს წმიდა მეთოდეს დაპატიმრებას და გადასახლებას შვაბიაში, სადაც ორნახევარი წელი იტანჯებოდა. რომის პაპის ბრძანებით გათავისუფლებულმა წმიდა მეთოდემ მონათლა ჩეხეთის მთავარი ბორევოი და მისი მეუღლე ლიუდმილა (ხს. 16 სექტემბერს). მესამედ გერმანელმა ეპისკოპოსებმა წმიდა მეთოდეს დევნა გამოუცხადეს ლათინური სწავლების მიუღებლობისათვის სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამოსვლის შესახებ. წმიდა მეთოდე რომში გამოიძახეს. მან პაპის წინაშე დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტება და კვლავ აღდგენილ იქნა მღვდელმთავრის ხარისხში.
სიცოცხლის მიწურულს წმიდა მეთოდემ ორი მოწაფის დახმარებით სლავურ ენაზე თარგმნა ძველი აღთქმა მაკაბელთა წიგნების გამოკლებით, აგრეთვე დიდი სჯულის კანონი და პატერიკები.
წმიდა მეთოდე აღესრულა 885 წლის 6 აპრილს, 60 წლის ასაკში. წესის აგება შესრულდა სამ ენაზე: სლავურად, ბერძნულად და ლათინურად. წმიდანი დაასაფლავეს ველეგრადის ტაძარში.
წმიდა ნიკოდომოსი, სერბელი ეპისკოპოსი (+1325)
წმიდა ნიკოდიმოსი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1325) ხილენდარის მონასტრის იღუმენი იყო. 1316 წელს აკურთხეს მღვდელმთავრად. 1319 წელს სლავურ ენაზე თარგმნა წმიდა საბა განწმენდილის ლავრის ტიპიკონი და შეიტანა მსახურებაში.
წმიდა ნიკოდიმოსი მშვიდობიანად გარდაიცვალა 1325 წელს.
ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული (+1771)
ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე (+1771) წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან იყო. მას სიყრმითგან ღვთისთვის მსახურებისა და განდეგილობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბატონის ბრძანებითა და იძულებით ცოლი მოიყვანა და ვაჟი ეყოლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქრისტესიას ცოლ-შვილი დაეხოცა. ბატონს მეორეჯერ უნდოდა მისი დაქორწინება. ნეტარმა ყურად არ იღო ბატონის ბრძანება, წავიდა მოძღვართან, თავისი გასაჭირი უამბო და რჩევა სთხოვა. მოძღვარმა ურჩია, დაეტოვებინა მაცდური წუთისოფელი და გარეჯის უდაბნოს შეჰკედლებოდა. სულიერი მოძღვრის სიტყვებით ფრთაშესხმულმა ქრისტესიამ დატოვა ყველაფერი და გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის უდანოში დაეყუდა. წმიდა მამამ მრავალი წელი გაატარა მორჩილებაში: წყალსა და ფიჩხს ეზიდებოდა მონასტერში, ყოველივეს მორჩილებით და გულმოდგინედ იქმოდა.
მამა ქრისტესია მოხუცებული იყო, როცა ბერად აღიკვეცა. მას უწოდეს ქრისტეფორე. განდეგილობაში მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: უდაბნოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით იდგა ჭური, რომელსაც ყოველდღე ავსებდა წყლით. იქვე პატარა ქოხი ჰქონდა. მის ზღურბლზე პატარა ჩარექა იყო ჩამოკიდებული. ჩარექა შორიდან ჩანდა და მოგზაურნი ქრისტესია ბერის ჭურთან იკლავდნენ წყურვილს. იქვე პატარა ბოსტანი ჰქონდა გაშენებული ნეტარ მამას მგზავრებისათვის.
წმიდა ქრისტესიას რასაც მისცემდნენ, სხვასაც განუყოფდა. შემოწირული თაფლით და ხორბლით ყოველ შაბათს კოლიოს ამზადებდა სამი ჭურჭლით – ერთით – შემომწირველის მიცვალებულთათვის, მეორეთი – მონასტერში მდებარე შესვენებულ მამათათვის, მესამეთი – ყველა მართლმადიდებლისათვის. როგორც კი გაიგებდა სადმე ჩხუბის ან სიძულვილის ამბავს, წავიდოდა მოშუღლეებთან და ტკბილი სიტყვებით შერიგებისკენ მოუწოდებდა: „შვილნო, უკეთუ არა ისმენთ ჩემსა, რომელიცა თქვენის მიზეზით მოვედი აქა, წარვალ მწუხარებით სავსე და განიხარებს ეშმაკი იგი, რომელსა არა ნებავს მშვიდობა კაცთა და მოაწევს უაღრესსა განსაცდელსა თქვენ ზედა და ვითარცა მოველ მშიერ, მშიერივე წარვალ თქვენგან“. მისი მადლმოსილი ქცევა და სიტყვები გულს უთბობდა მოჩხუბრებს და შერიგებას უადვილებდა.
ერთხელ მამა ქრისტესია მწუხრის ლოცვის შემდეგ სოფელში წავიდა. წმიდა ბერი სიცხის გამო დაღამების შემდეგ გაუდგა გზას. ბნელი ღამე იყო, სიარული შეუძლებელი გახდა. წმიდა ქრისტესია გაჩერდა და ილოცა. მოულოდნელად მას გამოუჩნდა რაღაც მანათობელი, რომელიც გზას უნათებდა. შეშინებულმა ბერმა ნაბიჯი ვერ გადადგა, ლოცვით შეევედრა უფალს, განსაცდელი აერიდებინა მისთვის, შემდეგ პირჯვარი გადაისახა და გზას გაუყვა. მანათობელი წინ მიუძღოდა. ასე იარა მთელი ღამე, სანამ არ მიაღწია სოფელ სართიჭალას.
მისი სენაკი ვიწრო და უბადრუკი იყო. საწოლად ერთი ფიცრისგან შეკრული ტახტი ჰქონდა, საგებლად ცხვრის ტყავი, რომელიც წელამდე ძლივს წვდებოდა, სასთუმლად ქვა ედო, ტანზე ემოსა ცხვრის დაბებკილი ტყავის სამოსი, ფეხთ ქალამანი ეცვა. თუ ვინმე ტანსაცმელს მოუკითხავდა, მყის გლახაკებს მისცემდა, „თავის თავისათვის არარას ზრუნვიდა, საწუთოსათვის და ამაოსა, არამედ ყოველსავე იუნჯებდა მერმისსა მის საუკუნოისათვის“.
ოთხმოც წელს გადაცილებული წმიდა ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, აღესრულა მონასტერში, თავის კელიაში. დასაფლავებულია ეკლესიის წინ, მამათა სასაფლაოზე.