24.06.2026. მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

24.06.2026. მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

24.06.2026. მარხვა

მოციქულთა ბართლომესი და ბარნაბასი (I); ღმრთისმშობლის ხატისა, რომელსაც ეწოდება „ღირს არს“ (X). 

დღის ლოცვები 
ლოცვა ღმრთისმშობლისადმი “ღირს არს”
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყუისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მოციქულთა: ბართლომეს და ბარნაბას
კონდაკი: იხილე დიდად მზედ ეკლესიისა მოძღურებათა ელვითა და სასწაულთა საკვირველთა ნათელ მყვანებელ პატივისმცემელთა შენთა, ბართლომე, უფლისა მოციქულო.

კონდაკი: იქმენ მსახურ უფლისა ყოველთა ჭეშმარიტებითა და სამეოცდა ათთა მოციქულთა შორის პირველად გამოსჩნდი, და განაბრწყინვე პავლეს თანა ქადაგებაცა შენი, და მიუთხარ ყოველთა ქრისტე ღმერთი; ამისთვისცა შესხმითა გალობისათა საღმრთოსა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, ბარნაბა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

რომ. 11: 2-12 (დას. 105). მთ. 11: 20-26 (დას. 42).
მოც.: საქმ. 11:19-26, 29-30 (დას. 28). ლკ. 10: 16-21 (დას. 51). 

რომ. 11: 2-12 

2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო: 3. „უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“. 4. მაგრამ რას ეუბნება პასუხი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე. 5. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი. 6. მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი. 7. მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული. 8. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“. 9. ხოლო დავითი ამბობს: „დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ, საცდურად და მათ საზღაურად; 10. დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“. 11. მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური. 12. ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი – წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.

მთ. 11: 20-26 

20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს: 21. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ. 22. ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 23. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე. 24. ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის. 25. იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. 26. დიახ, მამაო, ასე კეთილინებე შენ.

მოც.: საქმ. 11:19-26, 29-30 

19. ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას. 20. თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს. 21. და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ. 22. ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა. 23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. 24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს. 25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა. 26. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები. 

29. მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის. 30. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.

ლკ. 10: 16-21 

16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.  

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“)
ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება
სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ღირს არსი ეწოდება. ამ სავანის მთავარ ტაძარში,
საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული ეს ხატი, რომელიც შემდეგი მოვლენის
გამო განსაკუთრებითაა განდიდებული: ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის
ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში
ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად
ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის დასარაჯოდ დარჩა და მისგან
ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი
გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით
მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე
დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს – „უპატიოსნესს ქერუბიმთასა
და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა…“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა:
„ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს
ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ,
ყოვლადუბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ:
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს
გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ
ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და
არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე
დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც
ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით
დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი
მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა.
მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და
დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა
იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა.

მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა
მთის საკრებულოზე განაცხადა და ყველა ერთი პირით და ერთი გულით ადიდებდა უფალს, დედა
ღვთისას და გალობდნენ ახალ საგალობელს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას
„ღირს არსს“ აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც ის მთავარანგელოზმა აღასრულა,
კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოსის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა
პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, ბასილი და კონსტანტინე
რომან-უმცროსის ვაჟების ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს. ხოლო ის სენაკი
ათონზე დღემდე ღირს არსის სახელითაა ცნობილი. პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში
აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათიანი ტაძარი, სადაც ათონიდან
გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.

„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოციქული ბართლომე (I)
წმიდა მოციქულნი ბართლომე და ბარნაბა (I). წმიდა მოციქული ბართლომე, ათორმეტთაგანი, კანას გალილეიდან იყო. უფლის მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი. სირიასა და მიზიაში მოგზაურობისას უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ.
ერთ-ერთ დაბაში წმიდანები იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. ლოცვის ძალით ქალაქ იერაპოლში მათ მოაშთვეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას.
წმიდა მოციქულების ქადაგება მრავალი ნიშ-სასწაულით მტკიცდებოდა.
იერაპოლში ცხოვრობდა კაცი, სახელად სტაქოსი, რომელსაც ორმოცი წლის მანძილზე წართმეული ჰქონდა თვალისჩინი. მოციქულთა ლოცვამ მას მხედველობა დაუბრუნა. გახარებულმა სტაქოსმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ იღო. ხმა ამ სასწაულის შესახებ მთელ ქალაქს მოედო და სახლთან, სადაც მოციქულები იდგნენ, ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განთავისუფლებული წარმართები ინათლებოდნენ და ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებულმა წარმართმა ქურუმებმა სამსჯავროში იჩივლეს. ქალაქის თავმა ბრძანა, შეეპყროთ მქადაგებლები და საპყრობილეში გამოემწყვდიათ, სტაქოსის სახლი კი დაეწვათ. უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს. უეცრად საშინლად შეირყა ქვეყანა, მიწა დასკდა და მმართველი და ბრბოს ნაწილი თან ჩაიტანა. შეშინებულმა ხალხმა მოციქულების გარდამოხსნა დაიწყო ჯვრებიდან. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. იერაპოლის ეპისკოპოსად სტაქოსის დადგინების შემდეგ ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი.
ამის შემდეგ მარიამმა ღვთის სიტყვის ქადაგებით მიაშურა ლიკაონიას, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (ხს. 17 თებერვალს). ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე; იყო დიდ სომხეთშიც, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერებით აღსავსე ხელმწიფემ მოციქულს ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ წმიდანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: მე ადამიანთა სულების ხსნისთვისღა ვიღვწიო. მაშინ პოლიმიოსი დედოფალთან, განკურნებულ მეფის ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად მოინათლა. მათ მაგალითს დიდი სომხეთის ბევრმა მკვიდრმა მიჰბაძა. ამით შეშფოთებული ქურუმების შეგონებით მეფის ძმამ, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაღმა აცვა ჯვარს. აღსასრულს მიახლებული უფლის რჩეული არ წყვეტდა სახარების ქადაგებას. მაშინ გამხეცებულმა ასტიაგმა ბრძანა, ჯერ ტყავი გაეძროთ ნეტარისთვის, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. მორწმუნეებმა მისი ცხედარი ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაკრძალეს. დაახლოებით 508 წელს ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ დარში გადაასვენეს. როცა 574 წელს ქალაქი სპარსელებმა აიღეს, ქრისტიანებმა ხელთ იპყრეს მოციქულის ნაწილები და შავი ზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.
წმიდა მღვდელმთავრები: იოანე ოქროპირი, კირილე ალექსანდრიელი, ეპიფანე კვიპრელი და ეკლესიის ზოგიერთი სხვა მამა ბართლომეს ნათანაელთან (ინ. 1,45-51; 21,2) აიგივებენ. 
 
წმიდა მოციქული ბარნაბა (I)
წმიდა მოციქული ბარნაბა კუნძულ კვიპროსზე დაიბადა მდიდარი ებრაელების ოჯახში. ახალშობილს იოსები დაარქვეს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა იგი სასწავლებლად იერუსალიმში გაგზავნეს და იმ დროისთვის ცნობილ შჯულისმეცნიერ გამალიელს მიაბარეს აღსაზრდელად. წმინდანთან ერთად სწავლობდა და მეგობრობდა სავლე (შემდგომში მოციქული პავლე). მას თავად იესო ქრისტესგან ეხარა ღვთის სიტყვა და სიხარულით თან გაჰყვა მას. ქრისტეს მოციქულებმა იოსებს ბარნაბა დაარქვეს, რაც ებრაულად „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს. ბარნაბა იესოს 70 უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მან გაყიდა კუთვნილი მიწები და მიღებული საზღაური მოციქულთა ფერხთით დადო (საქმე 4,36-37).
ბარნაბა ქრისტეს სიყვარულისთვის ყველაფერს თმობდა, მისი სიყრმის მეგობარი სავლე კი ქრისტეს სიძულვილით იყო აღსავსე და დაუნდობლად დევნიდა და ტანჯავდა მის მიმდევრებს, მაგრამ უფალმა ისურვა, რომ ამ უკანასკნელისთვისაც გაენათებინა გონება ღვთაებრივი გამოცხადებით. ამის შემდეგ იერუსალიმში ჩასულ პავლეს ქრისტეს მოწაფეებთან შეერთება სურდა, ისინი კი შიშით განერიდნენ, როგორც მტერს. მაშინ ბარნაბამ მოციქულებს დამასკოს გზაზე მომხდარი სასწაული აუწყა და უნდობლობის ზღუდეც გალღვა (საქმე 9,26-28). ძველი მეგობრები – ბარნაბა და პავლე ქრისტეს სიყვარულმა კვლავ გააერთიანა. ისინი ერთად ქადაგებდნენ ანტიოქიაში, სადაც მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. მოსალოდნელი შიმშილობის წინ აქ უხვი შემოწირულობანი შეაგროვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
„მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა“. იაკობ ზებედესი მახვილით მოკლა, შემდეგ კი, ებრაელებს რომ სათნო-ჰყოფოდა, პეტრეც შეაპყრობინა. ამ დროს ანგელოზმა საპყრობილიდან სასწაულებრივად გაათავისუფლა ბარნაბა და პავლე და მათ ბარნაბას ბიცოლის, მარიამის ოჯახს შეაფარეს თავი. როცა ერის მიერ გაღმერთებული ჰეროდე ღმერთმა დასაჯა „და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს“, ქრისტიანთა დევნა შეწყდა და მოციქულებიც ანტიოქიაში დაბრუნდნენ. მათ თან ახლდა მარიამის შვილი, იოანე, რომელსაც შემდგომ მარკოზი ეწოდა. სულიწმიდის შთაგონებით წინასწარმეტყველებმა და მოძღვრებმა ბარნაბასა და პავლეს ხელი დაასხეს და საქადაგებლად გაგზავნეს (საქმე, 13,2-3). მოციქულებმა მთელი კუნძული მოიარეს ქადაგებით. პაფოში ისინი ისტუმრა ანთვიპატმა სერგიმ და „ეძიებდა მათგან სმენად სიტყუას ღმრთისასა“. მოციქულებს ედავებოდა და ანთვიპატის სარწმუნოებისგან გარდაქცევას ეძიებდა „კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინასწარმეტყუელი, ჰურიაჲ“, სახელად ბარიისუ. პავლემ ამხილა ზაკვითა და მანკიერებით სავსე ეშმაკის შვილი და შერისხა: „იყო შენ ბრმა და ვერ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე“, რის შემდეგაც მოგვმა თვალისჩინი დაკარგა. გაკვირვებულმა ანთვიპატმა ირწმუნა ქრისტე (საქმე 13,6-12). პაფოდან პავლე და ბარნაბა ჯერ პამფილიის პერღამში ჩავიდნენ, შემდეგ კი – პისიდიის ანტიოქიაში. აქედან, აღშფოთებული იუდეველების მიერ განდევნილებმა, იკონიას მიაშურეს, მაგრამ ეს ქალაქიც მალე დატოვეს, რადგან შეიტყვეს, რომ ებრაელები მათ ჩაქოლვას აპირებდნენ. ამის შემდეგ მოციქულები ლუსტრაში, დერბეში და გარემო სოფლებში ახარებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას. აქაურმა წარმართებმა ქრისტეს მოწაფეების მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილეს, იფიქრეს, ადამიანთა სახით ღმერთები გვეჩვენნენო და „ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს – ერმით“. დიოს კერპის ქურუმი ხალხთან ერთად კუროებითა და გვირგვინებით მოადგა ქალაქის ბჭეს მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად. ბარნაბამ და პავლემ სამოსლები შემოიგლიჯეს, ხალხს შეერივნენ და აღშფოთებულნი ყვიროდნენ: „კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა!“ გავიდა ხანი და ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა ჰურიებმა ეს ხალხი დაარწმუნეს, მოციქულები „არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიანო“, რის გამოც ბრბომ ქვები დაუშინა პავლეს და ქალაქგარეთ გაათრია. ის ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ მალე მოსულიერდა და წამოდგა, შემდეგ კი ბარნაბასთან ერთად დატოვა ქალაქი (საქმე, 14,8-18).
როცა დაისვა საკითხი, საჭირო იყო თუ არა მოსეს სჯულის მიხედვით წინადაეცვითათ ახალმოქცეული წარმართები, ბარნაბამ და პავლემ იერუსალიმს მიაშურეს, სადაც მოციქულებმა და ხუცესებმა სიყვარულით მიიღეს. მათაც ახარეს კრებულს, „რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისა“ (საქმე, 14,27). ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ მოციქულებმა დაადგინეს, „რომელნი წარმართთაგანი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ“ (საქმე 15,19-20). ყოველივე ეს „დაწერეს ჴელითა მათითა“ და ანტიოქიაში გაატანეს „კაცთა, რომელთა – იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა“ (საქმე, 15,26) – ბარნაბას და პავლეს. შემდეგ მოციქულებმა გადაწყვიტეს, კვლავ მოეარათ ქალაქები, სადაც ერთად ქადაგებდნენ. ბარნაბას სურდა, თან წაეყვანათ მარკოზიც, მაგრამ პავლე არ თანხმდებოდა, მოციქულები გაიყარნენ: პავლე და შილა სირიაში გაემგზავრნენ, ბარნაბამ კი იოანესთან ერთად კვიპროსს მიაშურა (საქმე 15, 36-41).
ბარნაბამ კვიპროსზე გაამრავლა ქრისტეს სამწყსო, შემდეგ კი რომში ჩავიდა, სადაც, შესაძლოა, პირველად მან იქადაგა ქრისტიანობა;
მოციქულმა ბარნაბამ დააფუძნა საეპისკოპოსო კათედრა მედიოლანში (მილანში), შემდეგ კვლავ კვიპროსს დაუბრუნდა. გამხეცებულმა იუდეველებმა წარმართები აღძრეს მის წინააღმდეგ. მოციქული ქალაქგარეთ გაიყვანეს, ქვებით ჩაქოლეს და მისი ცხედარი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს. როცა ბრბო დაიფანტა და კოცონიც ჩაიფერფლა, მარკოზი მივიდა ამ ადგილას, ბარნაბას უხრწნელი ცხედარი გამოქვაბულში დაკრძალა და, მოციქულის ანდერძისამებრ, მისივე ხელით გადაწერილი მათეს სახარება დაადო გულზე.
ბარნაბა ქრისტეს აქეთ დაახლოებით 62 წელს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. მისი დაკრძალვის ადგილი თანდათანობით დავიწყებას მიეცა, თუმცა აქ მრავალი ნიში და სასწაული აღესრულებოდა. ბოლოს, 448 წელს, იმპერატორ ზენონის დროს კვიპროსის მთავარეპისკოპოს ანთიმოზს სამჯერ გამოეცხადა ძილში და თავისი საფლავის ადგილსამყოფელზე მიანიშნა. კვიპროსელმა ქრისტიანებმა ბარნაბას უხრწნელი ცხედარი და მის გულზე დასვენებული სახარება იპოვეს. კვიპროსის ეკლესიას სწორედ ამის შემდეგ ეწოდა სამოციქულო. ამ დროიდან მიიღო მან პატრიარქის დამოუკიდებლად არჩევის პატივიც. 
წმიდა მოწამენი მარიამ პერღამელი, თეოპემპტი და ოთხნი მის თანა