24.08.2025. მე-11 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II

24.08.2025. მე-11 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-11 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II

24.08.2025 მარხვა 

უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული.

მოწამისა ევპლო დიაკონისა (304); მოწამისა სოსანა ქალწულისა და მის-თანათა: გაიუს რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდისა, მაქსიმესი, პრეპედიგნასი, და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფესი (295-296).

დღის ლოცვები 

მოწამე ევპოლოს მთავარდიაკონის კონდაკი:

სჯულსა ქრისტესსა ხელთა შინა შენთა მტვირთველი შეუდეგ მტერთა მიმართ მღაღადებელი ესრეთ, ვითარმედ ღუაწლთა შინა ჩინებულ ვარ მტკიცედ წამებად, ვინაიცა სიხარულით მოუდრიკე ქედი შენი და მისცემ მახვილსა წარკვეთად აღმასრულებელმან სრბისა შენისამან.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-11, ინ. 2115-25 (დას. 67).
ლიტ.: 1 კორ. 9: 2-12 (დას. 141). მთ. 18: 23-35 (დას. 77).

ცისკ.: ინ. 2115-25 

15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

ლიტ.: 1 კორ. 9: 2-12 

2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში. 3. აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე. 4. იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? 5. ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას? 6. იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა? 7. ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს? 8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც? 9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს? 10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს. 11. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან? 12. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.

ლიტ.: მთ. 18: 23-35 

23. ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის. 24. და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. 25. და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ. 26. დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი. 27. შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. 28. მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო. 29. ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო. 30. მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი. 31. ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა. 32. მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე. 33. ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ? 34. განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს. 35. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე სოსანა ქალწული, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ნათესავის, რომაელი ხუცესის, გაბიანეს ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა ნეტარი კეთილმსახურებით აღზარდეს და სხვადასხვა საერო მეცნიერებებშიც ღრმად განსწავლეს. როცა მრავალი სათნოებით შემკული, ბრძენი და მშვენიერი ქალწულის ქებამ იმპერატორის ყურამდე მიაღწია, მან გადაწყვიტა, მაქსიმიანე გალერიუსისთვის (სხვა ცნობით – თავისი თანამმართველის, მაქსიმიანე ჰერკულესისთვის) მიეთხოვებინა წმიდანი, რაზეც ქალწულმა უარი განაცხადა, რადგან სიყმაწვილიდანვე უფლისთვის ჰქონდა თავი განკუთვნილი. დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ურჩია, ძალა ეხმარა ქალწულზე. ბილწი ვნებებით აღძრული მაქსიმიანე ღამით მივიდა ნეტართან, არ დაერიდა ლოცვად დამდგარს და შეეცადა, მიახლოებოდა, მაგრამ წმინდა სოსანას თავზე ბრწყინვალე უფლის ანგელოზის ხილვამ ისე დააფრთხო, რომ მყისვე გამოვარდა ოთახიდან, სასახლეში მიირბინა და დიოკლეტიანეს ამცნო ნანახი. ამის შემდეგ კიდევ უფრო გააფთრებულმა ხელისუფალმა სასტიკი ჯალათი, მაკედონიუსი გაგზავნა უფლის მხევალთან. უღმრთომ კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ჯერ არგნებით დაუნდობლად გვემა, შემდეგ კი, მახვილით განგმირა იგი. სოსანას მოწამეობრივი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ წმიდანის მამა გაბიანე და ბიძა, რომის პაპი გაიოზი (283-296).
წმიდა კლავდიოსი და მისი ძმა, მაქსიმე დიოკლეტიანეს ახლო ნათესავები იყვნენ. ძმებმა გაბიანეს კეთილმსახურ ოჯახთან ურთიერთობით შეიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კლავდიოსის მეუღლესთან, პრეპედიგნასთან და ძეებთან, ალექსანდრესა და კუფესთან ერთად ნათელიღეს. ღვთისმოძულე თვითმპყრობელმა შეიპყრო ისინი და რომის მახლობლად, ოსტიაში გადაასახლა. აქ მტარვალებმა ცეცხლში დაწვეს წმინდანები და ფერფლი ზღვას გაატანეს.
ნეტარი სოსანასა და მისი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა ქალწულმოწამის სახელობის ტაძარშია დაცული; წმიდა პაპის, გაიოზის ნაწილებიც რომში, მისივე სახელობის საყდარში განისვენებს. 

წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი ეწამა 304 წელს, იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა. ნეტარ ევპლიოსს მუდამ თან დაჰქონდა სახარება და კერპთმსახურთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას. ერთხელ, როცა წმიდანი ღარიბულ ქოხში შემოკრებილ ხალხს სახარებას უკითხავდა, იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს, კალვისიანეს მიჰგვარეს. ევპლიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უსჯულოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი, სხეულდასერილი, საპყრობილეში ჩააგდეს. უფალმა თავის რჩეულს საკანში გრილი წყარო აღმოუცენა. მსაჯულის წინაშე ხელმეორედ წარმდგარმა, განმტკიცებულმა მთავარდიაკონმა კვლავ გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და მტარვალი უდანაშაულო ქრისტიანების სისხლის ღვრაში ამხილა. მსაჯულმა ბრძანა, ჯერ ყურები დაეჭრათ ქრისტეს ტარიგისათვის, შემდეგ კი – თავიც მოეკვეთათ. სიკვდილით დასასჯელად გაყვანის წინ ნეტარს ყელზე სახარება დაჰკიდეს. გამოითხოვა რა დრო ლოცვისათვის, მან სახარება გაშალა და კვლავ ქადაგება დაიწყო. იმ დღეს მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტეს მაცხოვარება. უეცრად ზეგარდმო გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ევპლიოს, ჩემო სახიერო და ერთგულო მონავ, შემოვედ სიხარულსა უფლისა შენისასა!“ სულით განმხიარულებულმა მარტვილმა მადლობა შესწირა ზეცათა მეუფეს და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს. 

ღირსი ბესარიონი V საუკუნის პირველ ნახევარში მოსაგრეობდა. მან მამათა მონასტერი დააარსა იერუსალიმში, იყო პალესტინის ქორეპისკოპოსი და ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ახლო მეგობარი.

წმიდა მარიამ სინკლიტიკია სასწაულებრივ განკურნა იმპერატორ ტიბერიუს II-ის (578-582) დროს გამოჩინებულმა მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა. მადლიერებით აღვსილმა ნეტარმა დედამ სიწმინდით გალია მთელი ცხოვრება და სასუფეველს შეერთო. 

წმიდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი ეპიდავრიონში აღიკვეცა ბერად. მოძღვრის, ანტონის გარდაცვალების შემდეგ ნეტარი ათონის მთაზე მოსაგრეობდა და წიგნების გადაწერით იყო დაკავებული. სხვადასხვა დროს მას ეპყრა: თესალონიკის მიტროპოლიტის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ვლახეთის მღვდელმთავრის საყდრები… უსჯულოების მხილებისთვის ეპარქიიდან განდევნილმა წმიდა მამამ კვლავ ათონს მიაშურა: ჯერ ვათოპედის მონასტერში იღვწოდა, შემდეგ კი – იოანე ნათლისმცემლის შობის სავანეში (დიონისეს მონასტერში). მან დამალა თავისი ხარისხი და ყოველთვის უმდაბლეს მორჩილების საქმეებს ასრულებდა, მაგრამ უფალმა ღვთაებრივი გამოცხადებით ამცნო ბერებს მისი ვინაობა. ერთხელ, როცა შეშის შესაგროვებლად ტყეში წასული წმიდანი მონასტერში ბრუნდებოდა, ძმები წინ გამოეგებნენ მას და ზეიმით შეხვდნენ, როგორც პატრიარქს. მიუხედავად ამისა, მღვდელმთავარი ნიფონტი შემდგომშიც არაფრით განირჩეოდა სხვა ბერებისაგან: თანასწორად იზიარებდა მათი შრომის სიმძიმეს.
წმიდა მამა 1460 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.