24.09.2025. მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

24.09.2025. მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

      თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

24.09.2025. მარხვა

ღმრთისმშობლის შობის შემდგომი დღესასწაული.

მოწამეთა: 300-თა არაგველთა და კრწანისის ომში საქართველოსთვის მოწყვედილთა სამღვდელოთა და საეროთა (1795); ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ცოლისა მისისა ევანთიასი, და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორე და დიდიმო ასურელთა; მოწამისა იასი, სპარსეთს ვნებულისა (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); ღირსისა სილუანე ათონელისა (1938). 

დღის ლოცვები 

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის კონდაკი:
ხორცნი განლიენ მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობაი შეცოდებათა და გვიჩვენე ჩუენცა გზაი იგი შენდობისა სინანულითა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

ლიტ.: გალ. 6: 2-10 (დას. 214). მკ. 7: 14-24 (დას. 29).
არაგველ მოწამეთა საკითხავები საზიაროთაგან.

ლიტ.: გალ. 6: 2-10 

2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული. 3. რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს. 4. თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით. 5. რადგანაც თვითეული თავის საკუთარ ტვირთს იტვირთავს. 6. სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს. 7. ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის. 8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. 9. სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ. 10. მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.

ლიტ.: მკ. 7: 14-24 

14. მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: 15. არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. 16. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს: 17. ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი. 18. და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა? 19. ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო. 20. და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. 21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, 22. სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება. 23. ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს. 24. წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე. წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი (ხს. 13 სექტემბერს) ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს იგი და მმართველ დიმიტრის მიჰგვარეს. ეს უკანასკნელი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, ჭეშმარიტი ღვთის გმობაზე დაეყოლიებინა უფლის რჩეული, ბოლოს კი, უღონოქმნილმა, მისი წამება დაიწყო. კორნილიოსი მხნედ ითმენდა სატანჯველებს, თან ქალაქის თავს მოუწოდებდა, განდგომოდა წარმართულ ცრუსარწმუნოებას და ქრისტიანობაზე მოქცეულიყო. როცა მარტვილი საკერპოში მიიყვანეს, მან ლოცვით დაარღვია ბომონი მასში მდგარი კერპებითურთ. ყოველივე ამან დიმიტრი დაარწმუნა კორნილიოსის ღმერთის ყოვლისშემძლეობაში და მთელი ოჯახით მოინათლა. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.
წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან (ხს. 4 აგვისტოს), რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (იხ. 4 აგვისტოს საკითხავი).
ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს. მათ ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა, მაგრამ ეშმაკის მანქანებით წმიდა თეოდორა საშინელ ცოდვაში ჩავარდა. ჭაბუკმა, რომელსაც ძალიან მოსწონდა თეოდორა, ერთი ცრუ და მლიქვნელი დედაკაცის დახმარებით შეძლო მისი ცდუნება. თეოდორამ უღალატა მეუღლეს და, როცა „განსრულდა ცოდვაჲ იგი“, მხოლოდ მაშინ გულისხმაყო, „რაჲ-იგი შეამთხჳა სულსა თჳსსა“; გამთენიისას დედათა მონასტერს მიაშურა და დაუფარავად აღიარა თავისი ცოდვა. ამის შემდეგ, ყოვლადმოწყალე ღმერთის მსასოებელმა გადაწყვიტა, მონაზვნური ღვაწლით, ლოცვითა და მარხვით განეწმინდა შებილწული სული. მან ფარულად დატოვა ოჯახი, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მამათა მონასტერს მიადგა, რადგან ეშინოდა, დედათა მონასტერში ქმარს არ მიეკვლია მისთვის. იღუმენმა, მოსულის სიმტკიცე რომ გამოეცადა, სავანის ეზოშიც არ შეუშვა ნეტარი. თეოდორამ კარგად უწყოდა, რომ ამ უდაბურ ადგილას მხეცები მრავლად იქნებოდა, მაგრამ უდრტვინველად დარჩა ბჭეებთან ღამის სათევად. უფალმაც უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. დილით წმიდანი ფეხებში ჩაუვარდა იღუმენს, ალექსანდრიელ თეოდორედ წარუდგა და საძმოში მიღება სთხოვა: „სინანულად და ტირილად მოსრულ ვარ ცოდვათა ჩემთათჳს“. იღუმენიც დარწმუნდა მის გულწრფელობაში და დათანხმდა.
გამოცდილ ბერებსაც კი აკვირვებდა თეოდორას ფიცხელი ღვაწლი, მორჩილება და მოთმინება: იგი გულმოდგინედ რწყავდა ნარგავებს, ფქვავდა ხორბალს, აცხობდა პურს, საზრდელს ამზადებდა ძმებისთვის… ღამით კი, მუხლმოყრილი, მხურვალედ ლოცულობდა და უფლისგან ცოდვათა მიტევებას ითხოვდა. ერთხელ წმიდანი ალექსანდრიაში გაგზავნეს ხორბლის საყიდლად. ქალაქიდან გამობრუნებულ თეოდორას შემოაღამდა, წინამძღვრის კურთხევით, აქლემები ენატოსის სავანის სასტუმროში დააბინავა, თვითონაც იქ დარჩა და აქლემების გვერდით მიიძინა. როცა ყველამ დაიძინა, წმიდანს მისი სილამაზით მოხიბლული, მონასტერში სტუმრად მყოფი იღუმენის ასული მიეახლა და შესთავაზა: „ჭაბუკო, განისუენე ჩემ თანა!“ როცა პასუხად უარი მიიღო, განხურვებულმა, სხვა სტუმართან შესცოდა.
ექვსი თვის შემდეგ იღუმენმა შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ფეხმძიმედ იყო, ასულმა კი მაცდუნებლად თეოდორე მონაზონი დაასახელა. მამამ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა იმ სავანის წინამძღვარს, სადაც ნეტარი დედა მოსაგრეობდა; ამ უკანასკნელმა კი თეოდორას აუწყა, რაც ედებოდა ბრალად. „შემინდვე, მამაო, რამეთუ მე არა მიც საქმე ესევითარსა ზედა“, – უპასუხა წმიდანმა და წინამძღვარმაც, რომელიც კარგად იცნობდა სულიერ შვილს, უსიტყვოდ ირწმუნა მისი ნათქვამი. როცა მეძავმა ჩვილი შვა, ენატოსელმა ბერებმა იგი მიიყვანეს იმ მონასტერში, სადაც თეოდორა ცხოვრობდა და ძმებს არაწმიდა ცხოვრებისათვის ყვედრება დაუწყეს. ამჟამად თავად იღუმენმაც ცილისწამება სიმართლედ ჩათვალა და საშინლად განრისხდა წმიდა დედაზე. ახალშობილი თეოდორას ჩააბარეს და უპატიოდ გააძევეს სავანიდან. უფლის რჩეულმა სიმდაბლით იტვირთა ახალი განსაცდელი და იგი უწინდელი ცოდვის სასყიდლად ჩათვალა. ნეტარი ყრმასთან ერთად მონასტრის მახლობლად, ტალავარში დასახლდა. მწყემსები რძეს აწვდიდნენ მას ბავშვისთვის, თავად თეოდორა კი ბალახეულით იკვებებოდა და ზღვის მლაშე წყალს სვამდა. ასე განვლო შვიდმა წელმა. „და ფრჩხილნი მისნი შეიქმნეს ვითარცა ვეფხისანი, და თმანი მისნი ვითარცა ლომისანი, და ყოველნი ასონი მისნი ყვითლად გარდაიქცეს სიცხითა დღისაჲთა, ყინელითა და ცუარითა ღამისაჲთა“. ბოროტი საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს ნეტარს, წმიდა მოსაგრე კი ახოვნად წინააღუდგებოდა მას. ბოლოს, მონასტრის ბერების თხოვნით, იღუმენმა თეოდორა დააბრუნა სავანეში, სადაც იგი ორი წელი დაყუდებით ცხოვრობდა და ყრმას ღვთისმოშიშებით ზრდიდა.
ერთ ღამეს იღუმენმა სასწაულებრივი ხილვით ანგელოზთა და წმიდა მოწამეთა შორის იხილა „დედაკაცი დიდებითა გამოუთქუმელითა“, რომელიც მისთვის წინასწარ განმზადებულ ოქროს ტახტზე დაჯდა. თანმხლებმა ანგელოზებმა კი უთხრეს: „ესე არს მონაზონი შენი თეოდორე, რომელი ღუაწლითა განილია…“ გაოცებული წინამძღვარი ძმებთან ერთად მივიდა ბერის სენაკში, რომელიც ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილიყო და „ვითარცა განიხილეს, პოეს, რამეთუ დედაკაცი იყო იგი, და განცჳფრდეს და შიში დაეცა მათ ზედა“. მალე ენატოსელმა ბერებმაც შეიტყვეს, რომ საშინელი ცილისწამებით ჰქონდათ სულები დამძიმებული, თავზარდაცემულებმა, მუხლი მოიყარეს წმიდა ცხედრის წინაშე და შენდობა ითხოვეს. ცნობამ წმიდა მოსაგრის შესახებ თეოდორას მეუღლემდეც მიაღწია. ისიც ბერად შედგა, თეოდორას სენაკში დასახლდა და ფიცხელი მოღვაწეობით სათნოეყო უფალს. ნეტარი დედის შვილობილიც მის გზას გაჰყვა და შემდგომში ამ სავანის იღუმენი შეიქნა. 
ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გონებით კი ღმერთს არ განეშორებოდა. გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით მეტად წარემატა სულიერებაში და სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი – მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ – მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. ევფროსინემ კი შესთავაზა აერჩია, რაც სურდა. მღვდელმა მშვენიერ ვაშლებზე მიუთითა. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის – ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, მათ წინაშე წმიდა ევფროსინეს – ღვთის ფარული სათნომყოფლის სულიერი სიმაღლე წარმოაჩინა და სამოთხის ნაყოფებიც აჩვენა. განაგონით შეძრულმა ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, მაგრამ ის კი მარად ახსოვდათ, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით, ევფროსინესთვის სამოთხის ბჭეები განხმული იყო და ცხოვნებულები მას იქ შეხვდებოდნენ. სამოთხის ვაშლებს ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად.
წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.