„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
24.12.2025. ოთხშაბათი. მარხვა
ხსენება ყოველთა წმიდათა – საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.„რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“, – სარწმუნოებრივ-ეროვნული თვითშეგნებით ბრძანა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელმა თავის დროზე.
„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ – მოწამე არს ჭეშმარიტება“, – ვკითხულობთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში და ეს იყო ყოველი ქართველის ცხოვრების ქვაკუთხედი.
შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა ჩამოთვლა, და, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი ღვაწლის აღწერა: „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები“ (აკ. წერეთელი). სწორედ ამ შეუძლებლობის გამო წერია დღევანდელი დღის მოსახსენებელში, რომ „საქართველოში წამებულთა მამათა და დედათა შორის უნდა ვიგულისხმოთ“ და ყველასათვის ცნობილ წმიდათა სახელებს გარდა, ქართული ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია მამათა და დედათა სამასამდე ქართული წარმოშობის სახელი:
(აბელი, აბესალომ, აბუსერ, ავაგი, ავგაროზი, ავთანდილი, ალმასხანი, ამირანი, ამირანდო, ანდუყაფარი, არჯევანი, ასლანი, ასპანი, აფრასიონი, აღბულა, ბაადური, ბადრი, ბააკა, ბაკური, ბარათა, ბახვა, ბახუტა, ბებური, ბეგლარი, ბედიანი, ბეკო, ბეჟანი, ბერი, ბექა, ბეშქენ, ბირთველი, ბიჭია, ბოცო, გაგა, გარსევანი, გახა, გელა, გემელი, გივი, გოდერძი, გოსტაბაში, გოჩა, გოჯასპირი, გუგუნა, გულბაათი, გურასპი, გურგენი, დარისპანი, დაჩი, დემური, დიასამი, დოლენჯი, დურმიშხანი, ედიშერი, ევდომოსი, ეზრა, ელგუჯა, ერეკლე, ვამეყი, ვამეზი, ვაჟა, ვარაზი, ვარაზვაჩე, ვარამი, ვარდენი ან ვარდანი, ვაჩე, ვახუშტი, ვირშელი, ზაალი, ზაზა, ზაუტა, ზებედე, ზურაბი, თადია, თათე, თარხანი, თაყა, თეიმურაზი, თენგიზი, თორღვა, იაგორი, იაკინთე, იასე, იმედა, იოთამი, იორამი, კახაბერი, კვირია, კიკოლა, ლაშა, ლევანი, ლიპარიტი, ლომინი, ლუხუმი, მალხაზი, მამამზე, მამია, მამისთვალი, მამუკა, მანუჩარი, მაყა, მახარე, მერაბი, მინდია, მირმანოზი, მურმანი, მურწზაყანი, ნავროზი, ნარიმანი, ნინია, ნოდარი, ნოშრევანი, ნუგზარი, ოთარი, ომანი, ონისიმე, ოსე, ოტია, ოქროპირი, პაატა, პაპალა, პაპუნა, რამაზი, რამინი, რატი, როინი, რომანი, როსები, როსტვანი, როსტომი, სავამი, სავლე, სარგისი, სარდიონი, სარიდანი, საურმაგი, სესე, სეხნია, სიაოში, სიდამონი, სულა, სულმამა, სულხანი, სუმბატი, ტარიელი, ტეტია, უფლისა, უშანგი, ფარემუზა, ფარნაოზი, ფარსადანი, ფეშანგი, ფირანი, ფიროზი, ფოცხვერი, ფრიდონი, ქავთარი, ქართლოსი, ქვაბული, ქველი, ქობული, ქუცნა, ღვთისავარი, ღუღუნი, ყარამანი, ყაფლანი, ყაყიტა, ყვარყვარე, შაბურ, შადიმანი, შამადავლე, შანშე, შერმაზანი, შერგილი, შერმადინი, შიაოში, შოთა, შოშიტა, ცისკარა, ცოტნე, წათე, ხარება, ხახუტა, ხოსიტა, ჭოლა, ჯაბა, ჯავახი. – აგრაფინა, ანუკა, ასმათი, ასპიროზა, ბორენა, გვანცა, გუგულა, გულვარდისა, გულისა, გულნაზი, გულნარა, გულქანა, გულჯავარი, დარეჯანი, დესპინე, ესმა, ვარსკვლავისა, ზეინაბი, თათია, თამთა, თეონა, თინათინი, თმაგიშერა, თუთა, თუთია, კესარია, კრავაი, ლამაზა, ლამარა, ლელა, ლერწმისა, მაგდანი, მაია, მაკა, მანანა, მარგალიტა, მარეხი, მზეთვალა, მზექალა, მზეხა, მზისთანადარი, მნათობი, მნათობისა, მონავარდისა, ნადია, ნარგიზი, ნესტანი, პირიმთვარისა, პირიმზე, როდამი, რუსუდანი, საგდუხტა, ტერეზია, უმანკო, ფატმანი, ფაქიზო, ფაცია, ქაბატო, ქალია, ქურციკი, ცაცო, ციცია, ციცინო, ხათუთა, ხვარამზე, ხვაშაქი, ხორეშანი).
ღირსისა დანიელ მესვეტისა (489-490); მოწამისა მირაქსისა (VII); მოწამეთა აკეფსესი და აითალა დიაკონისა – სპარსელთა (354); ღირსისა ლუკა მესვეტისა (970-980).
დღის ლოცვები
ღირსი დანიელ მესვეტის
ტროპარი: სუეტ მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველმამათა, ღირსო, იოსებს – ვნებათა შინა, და იოსებს – განსაცდელსა და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა, მამაო წმიდაო დანიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა რა ვარსკულავი დიდად მნათობი, აღხედ შენ, ნეტარო, სუეტსა ზედა და სოფელი განანათლე საქმეთა შენთა ღირსებითა, და ბნელი საცთურისა განსდევნე, მამაო, ვინაიცა გევედრებით შენ: ვითარმედ გამოაბრწყინვე აწცა გულთა შინა მონათა შენთასა ნათელი დიდი დაუვალი გულისხმის-ყოფისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ებრ. 5: 11 – 6: 8 (დას. 312). მკ. 8: 30-34 (დას. 36).
მოწამეთა: ებრ. 11: 33-12: 2. (დას. 330). მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ლიტ.: ებრ. 5: 11 – 6: 8
11. ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა ამის თაობაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან სმენის თავი აღარა გაქვთ. 12. მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი. 13. მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია. 14. უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.
1. ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას, 2. ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას. 3. ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა. 4. რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, 5. შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი, 6. მაგრამ მაინც დაეცნენ, – დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ. 7. რადგანაც მიწა, მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რომ ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათესს აღმოაცენებს, ღვთისაგან იღებს კურთხევას. 8. ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, – რომლის ბოლოც იქნება დაწვა.
ლიტ.: მკ. 8: 30-34
30. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი. 31. და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა. 32. აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო. 33. ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. 34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
მოწამეთა: ებრ. 11: 33-12: 2
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
მოწამეთა: მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსი დანიელ მესვეტე (+489-490)
ღირსი დანიელ მესვეტე მესოპოტამიაში, ქალაქ სამოსატის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარაში დაიბადა. მის დედას – მართას შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, თან აღთქმაც დადო, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდა, ყრმას ღმერთს შესწირავდა. კეთილმსახური დედაკაცის ლოცვა შესმენილ იქნა – მას შეეძინა ძე, რომლისთვისაც ხუთი წლის ასაკამდე სახელი არ დაურქმევიათ: ყმაწვილის მშობლებს სურდათ, რომ უფლის კურთხევით შობილს, სახელიც უფლისგან მიეღო. მათ შვილი მახლობლად მდებარე მონასტერში მიიყვანეს და იღუმენს მიმართეს. იღუმენმა ბრძანა, საღვთისმსახურო წიგნთაგან ერთ-ერთი მიეწოდებინათ მისთვის, გახსნა იგი და წინასწარმეტყველი დანიელის (ხს. 17 დეკემბერს) სიტყვები ამოიკითხა. ასე დაერქვა სახელი მომავალ წმიდანს. დედ-მამას სურდა, ბავშვი მონასტერში დაეტოვებინა, მაგრამ იღუმენმა ყრმის მიღებაზე უარი განაცხადა. დანიელს თორმეტი წელი რომ შეუსრულდა, თვითონ დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერს მიაშურა. როცა წმიდანის მშობლებმა გაიგეს, სად იმყოფებოდა მათი ძე, ძალიან გაიხარეს. მათ შვილი ჯერ ისევ საერო ტანსაცმელში დაუხვდათ და იღუმენს სთხოვეს, ანგელოზებრივი სქიმით შეემოსათ იგი. წინამძღვარმა კვირადღეს შეუსრულა მათ სათხოვარი, მაგრამ ძის ხშირი მონახულება აუკრძალა მშობლებს. სავანის ძმობას აოცებდა ახალგაზრდა ბერის საოცარი მოშურნეობა და ფიცხელი ღვაწლი. წმიდა მოწამე მირაქსი (VII)
წმიდა მოწამე მირაქსი ეგვიპტეში დაიბადა VII საუკუნეში. ქრისტიანმა მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს, მაგრამ შემდეგ ეშმაკის ცთუნებას აჰყვა, ქრისტიანობა უარყო, ეგვიპტის ამირასთან გამოცხადდა, მახვილი აიღო ხელში და სარკინოზთა სამსახურში ჩადგა. მშობლები ძალიან წუხდნენ ძის საშინელი დაცემის გამო და მხურვალედ ლოცულობდნენ მისთვის. მაშინ ღვთის მადლმა გონება გაუნათა მირაქსს: მან წრფელი გულით შეინანა თავისი დიდი შეცოდება და შინ დაბრუნდა. მშობლებმა ნეტარს ურჩიეს, ქრისტეს საჯარო გმობა მისი საჯარო აღიარებით გამოესყიდა. წმიდა მირაქსი ასეც მოიქცა. მმართველის ბრძანებით იგი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში მოისროლეს (+არა უგვიანეს 640 წლისა). ღვთის ნებით, წმიდანის თავი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ძვირფას ლუსკუმაში ჩააბრძანეს ეს სიწმიდე, რის შემდეგაც მისგან სურნელოვანი მირონის დენა დაიწყო.ღირსი ლუკა, ახალი მესვეტე (+დაახლ. 970-980)
ღირსი ლუკა, ახალი მესვეტე მხედარი იყო იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის (912-959) დროს. ბულგარელებთან ომში (915 წ.) ღვთის განგებით, ლუკა ცოცხალი გადარჩა, რის შემდეგაც ბერად აღიკვეცა და ხუცესად აკურთხეს. სულიერი სრულყოფის მაძიებელმა მამამ ბორკილები აისხა და სვეტზე შედგა. სამი წლის შემდეგ, ღვთის შთაგონებით, იგი ოლიმპოს მთაზე გადავიდა, შემდეგ – კონსტანტინოპოლში, ბოლოს კი – ქალკედონში, სადაც კვლავ სვეტი მოიძია და მასზე ორმოცდახუთი წელი მოღვაწეობდა. უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს, ბოლოს კი, დაახლოებით 980 წელს, მშვიდობით შეივედრა მისი სული. წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე
წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე სპარსელები იყვნენ. აკეფსი ქალაქ არბელის წარმართი ქურუმი იყო. ქრისტიანი ეპისკოპოსის ლოცვით იგი სასწაულებრივ განიკურნა სნეულებისაგან, რის შემდეგაც ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის აკეფსი საპყრობილეში ჩააგდეს. მალე აქ გამოამწყვდიეს არბელის ეკლესიის დიაკონი, წმიდა აითალეც. მოწამეები მმართველის წინაშე წარადგინეს, სადაც მათ კვლავ გაბედულად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. მაშინ უსჯულო ხელისუფლის ბრძანებით უფლის რჩეულებს თავი მოკვეთეს.