…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-7 შვიდეული. ორშაბათი. ხსნილი
შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა.
ეპიფანე კვიპრელ ეპისკოპოსისა (403) და გერმანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (740); საბინე კვიპრელ მთავარეპისკოპოსისა (V) და პოლუბი რინოკირელ ეპისკოპოსისა (V ); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (1913); მოწამისა იოანე ვალაქიელისა (1662); მოწამისა ოსკისი და მოყვასთა მისთა (IV ).
დღის ლოცვები
მდღელმთავართა საკვირველთა ერთობით ვადიდებდეთ, მორწმუნენო, ჯერისაებრ გერმანეს თანა დიდებულსა ეპიფანეს, რამეთუ ამათ შესწვნეს უღმრთოთა ენანი და რწმენილნი სჯულნი ბრძენნი უქადაგნეს ყოველთა მართლმადიდებლობით მგალობელთა მარადის კეთილმსახურებისა დიდსა საიდუმლოსა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 21: 8-14 (დას. 45). ინ. 14: 27 – 15: 7 (დას. 49).
მღ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). მთ. 5: 14-19 (დას. 11).
საქმ. 21: 8-14
8. მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით. 9. ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო. 10. კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი. 11. ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში. 12. ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს. 13. მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს. 14. რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება!
ინ. 14: 27 – 15: 7
27. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება. 28. ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია. 29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. 30. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში. 31. მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ.
1. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა. 2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. 3. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. 4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. 5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. 6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის. 7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
მღ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
მღ.მთ.: მთ. 5: 14-19
14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. 15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს. 16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. 17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. 18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე პანკრატი ფრიგიელი (+304)
წმიდა მოწამე პანკრატი (+304) წარმოშობით ფრიგიელი იყო. 14 წლის ყრმა მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს აღსარებისათვის 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. წმიდანი დასაფლავებულია რომში, მისივე სახელობის ტაძარში. წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი (+403)
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი (+403) წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კაცობრივ დიდებას რომ მორიდებოდა, სპარიდრიონის უდაბნოში განმარტოვდა. იგი ყაჩაღებმა შეიპყრეს და სამი თვე ტყვეობაში ჰყავდათ. წმიდანმა თავისი მადლმოსილი სიტყვით ერთ-ერთი ავაზაკი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ეპიფანე გაანთავისუფლეს, ის ავაზაკიც უკან გაჰყვა. წმიდა ეპიფანემ ის მონასტერში მოიყვანა და მონათლა იოანეს სახელით. წმიდა ეპიფანეს მართალი და ღვთივსათნო ცხოვრების ამბავი გავრცელდა ხალხში, ამიტომ მან კვლავ უდაბნოს მიაშურა, ამჟამად იოანესთან ერთად. მოწაფეები აქაც აკითხავდნენ წმიდანს, ზოგი იქვე რჩებოდა. ასე დაარსდა ახალი სავანე.წმიდა საბიანე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი
წმიდა საბიანე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (V) დაიბადა ფინიკიის ქალაქ ლუკიაში. როცა გაიგო ღირსი ეპიფანე კვიპრელის მოღვაწეობის შესახებ, საბიანე მასთან გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა. ის ხუთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა უდაბნოში წმიდა ეპიფანესთან ერთად, შემდეგ კი აღწერა მისი ცხოვრება. როცა ეპიფანე კვიპროსის კათედრაზე აირჩიეს, მან წმიდა საბიანეს მღვდლად დაასხა ხელი. სულიერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ წმიდა საბიანე კვიპროსის მღვდელმთავრად აირჩიეს. წმიდანი სიკვდილამდე თავგამოდებით იცავდა წმიდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან. წმიდა პოლუბიოს რიონოკიელი ეპისკოპოსი (V)
წმიდა პოლუბიოს რიონოკიელი ეპისკოპოსი (V) წმიდა ეპიფანე კვიპრელის მოწაფე იყო, დაყვებოდა მას მოგზაურობებში და იწერდა მასწავლებლის ცხოვრებას და სასწაულებს.წმიდა პოლუბიოსი თან ახლდა კონსტანტინეპოლს განრიდებულ წმიდა ეპიფანეს, რომელმაც არ ისურვა მონაწილეობა მიეღო წმიდა იოანე ოქროპირის წინააღმდეგ მოწყობილ კრებაში. სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე წმიდა ეპიფანემ პოლუბიოსს უთხრა: „წადი ეგვიპტეში, მე კი სიკვდილის შემდეგაც ვიზრუნებ შენზე“. წმიდა პოლუბიოსმა მორჩილად აღასრულა მოძღვრის ანდერძი და მის დასაფლავებამდე წავიდა ეგვიპტეში, სადაც რინოკირის ეპისკოპოსად აირჩიეს. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის წმიდანი სასწაულეთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მისი ლოცვით უფალმა გვალვის დროს წვიმა წარმოავლინა ზეცით და მოსავალი გაამრავლა. წმიდა პოლუბიოსი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულეობაში.
წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)
წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740) დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსი მტკიცედ დადგა ხატმბძროლებისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად. შემდგომ ის კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმიდანი აგრძელებდა ხატმბრძოლთა მხილებას, რომელსაც იმპერატორი ლეონ III ისავრიელი (717-741) ხელმძღვანელობდა. ძალები არათანაბარი იყო. წმიდა გერმანე იძულებული გახდა თავისი ომოფორი ტრაპეზზე დაესვენებინა და მღვდელმთავრის კათედრა დაეტოვებინა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ჯარისკაცები გაგზავნა წმიდა გერმანესთან. მათ საპატრიარქო რეზიდენციიდან განდევნეს წმიდანი. წმიდა გერმანემ დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს 95 წლის ასაკში, დაასაფლავეს კონსტანტინეპოლში, ქორის მონასტერში. შემდგომ მისი ნაწილები გადაასვენეს საფრანგეთში.მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787) წმიდა პატრიარქ გერმანეს სახელი წმიდათა დიპტიხში შეიტანა.