25.08.2025. მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

25.08.2025. მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

25.08.2025 მარხვა 

უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული 

          ღირსმოწამეთა: გერონტი და სერაპიონ მღვდელმო ნაზონთა, ოთარ და სვიმეონ იეროდიაკონთა, გერმანე და ბესარიონ მონაზონთა, და მიქაელ მორჩილისა, დავითგარეჯის მონასტერსა შინა ლეკთაგან მოწყვედილთა (1851); მოწამეთა: ფოტისა, ანიკიტოსი და მათ თანა მრავალთა (305-306); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, კომანელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა პამფილესი და კაპიტონისა. 

დღის ლოცვები 
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

ლიტ.: 2 კორ. 5: 10-15 (დას. 179). მკ. 1: 9-15 (დას. 2).
მაქსიმესი: ებრ. 11: 33 – 12: 2 (დას. 330). ლკ. 12: 8-12 (დას. 64).

ლიტ.: 2 კორ. 5: 10-15 

10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს. 11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც. 12. მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით. 13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, – თქვენთვის. 14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათგის, ყველანი მოკვდნენ. 15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.

ლიტ.: მკ. 1: 9-15 

9. და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. 12. და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში. 13. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. 14. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას. 15. და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება.

მაქსიმესი: ებრ. 11: 33 – 12: 2 

33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

მაქსიმესი: ლკ. 12: 8-12 

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 
მღვდელმოწამე ალექსანდრე, კომანელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა III საუკუნეში ქალაქ კომანში, ნეოკესარიის მახლობლად. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო – მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, ღრმად განისწავლა საღვთო წერილში. თავისი ღირსებები რომ გამოევლინა, ნეტარი უეჭველად დიდ მიწიერ პატივს მოიხვეჭდა, მაგრამ მან უფლის სიყვარულისათვის სიგლახაკეში სიმდაბლით ცხოვრება ირჩია: ქალაქის მოედანზე ნახშირს ყიდდა და მუდამ გამურული დადიოდა, რის გამოც ბევრი ზიზღით უყურებდა, ბავშვები კი დასცინოდნენ. წმიდანს ქალაქში ყველა „ალექსანდრე მენახშირეს“ ეძახდა. როცა კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, დაქვრივებული ტახტისათვის ნაწილი დიდგვაროვანი მღვდელმსახურის კანდიდატურას ასახელებდა, სხვები განსწავლულს, მჭევრმეტყველებით ცნობილს, ან მდიდარს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს. 17 ნოემბერს), რომელიც ახალი ეპისკოპოსის ხელდასასხმელად იყო მოწვეული, შეკრებილებს მოაგონა, თუ როგორ გამოარჩია უფალმა სამეფოდ დავით მეფსალმუნე და თქვა, „კაცი ხედავნ პირსა, ხოლო ღმერთი ხედავს გულთა“ (I მეფეთა; 16; 7); ჩვენც გარეგნობაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას და ღვთისგან განმზადებული ვეძიოთ. ეს სიტყვები ზოგიერთებს არ მოეწონათ და ერთმანეთს დაცინვით გადაულაპარაკეს, თუ გარეგნობა და კეთილშობილური წარმოშობა არაფრად ჩავაგდეთ, ეპისკოპოსად ალექსანდრე მენახშირეც გამოდგებაო. მღვდელმთავარმა გრიგოლმა ჩათვალა, რომ ეს სახელი ღვთის განგებულების გარეშე არ იყო ნახსენები და მენახშირის მოყვანა ბრძანა. შეკრებილთა შორის წმიდანის გამოჩენამ საყოველთაო ხარხარი გამოიწვია, ალექსანდრე კი მდაბლად წარდგა ეპისკოპოსის წინაშე და დაცინვისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მღვდელმთავარი გაესაუბრა ნეტარს და ისიც იძულებული შეიქნა, გაემხილა, რომ ადრე ფილოსოფოსი იყო, სიგლახაკე და სიმდაბლე კი ნებსით იტვირთა, ღვთისთვის. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა ალექსანდრე შინ წაიყვანა, მოაწესრიგა და სუფთა სამოსელი ჩააცვა. ტაძარში დაბრუნებულმა, საჯაროდ გამოსცადა უფლის რჩეული: უსვამდა კითხვებს წმიდა წერილიდან, რომლებზედაც ნეტარი განსწავლული და ბრძენი მოძღვარივით პასუხობდა. ალექსანდრეს მადლმოსილებითა და სულის სიგლახაკით გაოცებულმა შეკრებილებმა ერთხმად აირჩიეს იგი ეპისკოპოსად. მეუფე გრიგოლმა ჯერ ხუცესად აკურთხა წმიდანი, შემდეგ კი მღვდელმთავრადაც დაასხა ხელი. ალექსანდრე კომანელი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი ქადაგებები მარტივი და ღვთაებრივი სიბრძნით იყო აღსავსე. ნეტარი ფრაზების მშვენიერებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ ცდილობდა, მისაწვდომი ენით განემარტა ხალხისათვის ქრისტეს მცნებები.
იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას წმიდა მღვდელმთავარი სასტიკად აწამეს და ცეცხლში შეაგდეს. მღვდელმოწამემ ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზოგიერთი ცნობით, ეპისკოპოსი ალექსანდრე იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს აღესრულა.
წმიდა მოწამენი ფოტიოსი და ანიკიტე ნიკომიდიაში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა ანიკიტეს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა იმპერატორის კარზე. მან უშიშრად ამხილა დიოკლეტიანე უსჯულოებასა და უდანაშაულო ქრისტიანთა დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტაში, რის გამოც განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარი სასტიკად აწამებინა. შემდეგ ბრძანა, წმიდანი მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ლომი თვინიერად მიეახლა მას და ალერსი დაუწყო. უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ჰერკულესის საკერპო დაიმსხვრა, ქალაქის გალავნის ნაწილიც ჩამოინგრა და მრავალი წარმართი მოიყოლა ქვეშ. გააფთრებულმა მტარვალმა წმიდანისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, მაგრამ ჯალათი, რომელმაც მახვილი აღმართა განკარგულების შესასრულებლად, უსულოდ დაეცა. უფლის რჩეულს ურმის თვალზე წამება და ნელ ცეცხლზე წვა დაუწყეს, მაგრამ ბორბალი გაჩერდა და ცეცხლი ჩაქრა; მოწამის ნათესავი, ფოტიოსი მიესალმა ნეტარს, წარმართულ კერპებს კი არარაობა უწოდა. ახალ აღმსარებელზე აღმართულმა მახვილმა თავად ჯალათი განგმირა. მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს. დიოკლეტიანე სთავაზობდა მათ: „თუ გსურთ მიიღოთ პატივი და სიმდიდრე, თაყვანი ეცით ჩვენს ღმერთებს!“ ქრისტეს ტარიგებმა უპასუხეს: „პატივი შენი და სიმდიდრე შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა!“ მაშინ წმიდანები გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაუნდობლად ათრიეს ქუჩაში, მაგრამ ღვთის წყალობამ ისინი უვნებლად დაიცვა. ღვთისმოძულე ხელისუფლის ბრძანებით ქრისტეს აღმსარებლების დასაწვავად უზარმაზარი ღუმელი გაამზადეს. როცა უღმრთოებმა იგი გაახურეს, ანიკიტესა და ფოტიოსის მაგალითით გამხნევებული მაცხოვრის მრავალი მსასოებელი შევიდა შიგ სიტყვებით: „ჩვენ ქრისტიანები ვართ!“ ყველა მათგანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ანიკიტესა და ფოტიოსის წმიდა ცხედრებს ცეცხლმა ვერაფერი დააკლო. ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ეს მოხდა 305 წელს. 
წმიდა მოწამენი პამფილე და კაპიტონი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიბრიაში აღესრულნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მტარვალებმა მათ თავები მოჰკვეთეს. 
ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით-გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ.
დავით-გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის საგნად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ბერების სენაკებს, იტაცებდნენ ღვთისმსახურებისათვის საჭირო ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს.
1851 წლის ზაფხულში გარეჯის უდაბნოს თავს დაესხა ლეკების დიდი რაზმი. მათ დაარბიეს დავითის ლავრა. „იწყეს ტანჯვად მამათა და ძმათა. პირველად ბერ-დიაკონი ოთარი უჩინოითა მახვილითა აღესრულა, შემდეგ იერო-მონაზონსა გერონტის თავი წარკვეთეს, სერაპიონ იერომონაზონსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა, გერმანე მწირმონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს. ბესარიონ მწირმონაზონსა მყის თავი წარკვეთეს. სვიმონ დიაკონი რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა იწყო სილტოლვა და უჩინოითა მახვილითა ტყორცნილმან ვერღარა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყო მიხაელ დუმილით შეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს…
შემდეგომად აღსრულებისა მათ ღირსთა მამათა გარდამოხდა ნათელი დიდი და დაადგრა წამებულთა ზედა… ღირს არიან იგინი, შემდგომად ხორცთა გარყვნისა აღმოხმად ძვალთა მათთა და დადებად პირველ წამებულთა ღირსთა მამათა… და დღესასწაული მათი იხსენიებოდეს წლითი წლად. მე უღირსმან დიდისა მონასტრის გაენათისამან ისააკ, რომელი მეცა ტყუედ მყოფი ვიყავ მათ თანა რომელი ვხედავდი თვალითა დავსწერე წამება წმიდათა მამათა უმეტნაკლოდ შემოკლებული ისტორია ესე“, – წერს პლატონ იოსელიანისადმი მიწერილ წერილში ბერმონაზონი ისააკი, რომელიც დაღესტანში წაუყვანიათ უსჯულოებს ტყვეად და შემდეგ გამოუხსნია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პავლეს ძეს.
სამწუხაროდ ბევრი ასეთი ისტორია დარჩა აღუწერელი და ჟამთა სიავემ წარხოცა ბევრი დაწერილი ისტორიაც, დაიკარგა და ძნელად მოგვეპოვება წმიდანების ბიოგრაფიული ცნობები, მაგრამ დიდება ღმერთს ჩვენი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს მის ზეციურ წმიდა წევრებს და მეოხებას ითხოვს მათგან.