…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
25.08.2026. სამშაბათი. მარხვა.
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული
ღირსმოწამეთა: გერონტი და სერაპიონ მღვდელმო ნაზონთა, ოთარ და სვიმეონ იეროდიაკონთა, გერმანე და ბესარიონ მონაზონთა, და მიქაელ მორჩილისა, დავითგარეჯის მონასტერსა შინა ლეკთაგან მოწყვედილთა (1851); მოწამეთა: ფოტისა, ანიკიტოსი და მათ თანა მრავალთა (305-306); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, კომანელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა პამფილესი და კაპიტონისა.
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 კორ. 8: 16 – 9: 5 (დას. 187). მკ. 3: 13-19 (დას. 12).
2 კორ. 8: 16 – 9: 5
16. მადლობა ღმერთს, რომელმაც ასეთი სწრაფვა ჩაუნერგა ტიტეს გულს თქვენს მიმართ. 17. რადგანაც არა მარტო შეიწყნარა თხოვნა, არამედ გულმოდგინებით აღძრული თავისი ნებით გამოეშურა თქვენსკენ. 18. მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის. 19. მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად. 20. თანაც ვფრთხილობთ, რომ არავინ დაგვგმოს იმ უხვი შემოწირულობის გამო, რაც შეგროვებულ იქნა ჩვენი მსახურებით. 21. რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც. 22. მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი. 23. ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი. 24. მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით.
1. რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე. 2. რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი. 3. ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ, 4. რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ. 5. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად – ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.
მკ. 3: 13-19
13. მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან. 14. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი, 15. და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა. 16. აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე. 17. ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი; 18. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი. 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე ალექსანდრე კომანელი ეპისკოპოსი (III) 
მღვდელმოწამე ალექსანდრე, კომანელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა III საუკუნეში ქალაქ კომანში, ნეოკესარიის მახლობლად. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო – მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, ღრმად განისწავლა საღვთო წერილში. თავისი ღირსებები რომ გამოევლინა, ნეტარი უეჭველად დიდ მიწიერ პატივს მოიხვეჭდა, მაგრამ მან უფლის სიყვარულისათვის სიგლახაკეში სიმდაბლით ცხოვრება ირჩია: ქალაქის მოედანზე ნახშირს ყიდდა და მუდამ გამურული დადიოდა, რის გამოც ბევრი ზიზღით უყურებდა, ბავშვები კი დასცინოდნენ. წმიდანს ქალაქში ყველა „ალექსანდრე მენახშირეს“ ეძახდა. როცა კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, დაქვრივებული ტახტისათვის ნაწილი დიდგვაროვანი მღვდელმსახურის კანდიდატურას ასახელებდა, სხვები განსწავლულს, მჭევრმეტყველებით ცნობილს, ან მდიდარს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს. 17 ნოემბერს), რომელიც ახალი ეპისკოპოსის ხელდასასხმელად იყო მოწვეული, შეკრებილებს მოაგონა, თუ როგორ გამოარჩია უფალმა სამეფოდ დავით მეფსალმუნე და თქვა, „კაცი ხედავნ პირსა, ხოლო ღმერთი ხედავს გულთა“ (I მეფეთა; 16; 7); ჩვენც გარეგნობაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას და ღვთისგან განმზადებული ვეძიოთ. ეს სიტყვები ზოგიერთებს არ მოეწონათ და ერთმანეთს დაცინვით გადაულაპარაკეს, თუ გარეგნობა და კეთილშობილური წარმოშობა არაფრად ჩავაგდეთ, ეპისკოპოსად ალექსანდრე მენახშირეც გამოდგებაო. მღვდელმთავარმა გრიგოლმა ჩათვალა, რომ ეს სახელი ღვთის განგებულების გარეშე არ იყო ნახსენები და მენახშირის მოყვანა ბრძანა. შეკრებილთა შორის წმიდანის გამოჩენამ საყოველთაო ხარხარი გამოიწვია, ალექსანდრე კი მდაბლად წარდგა ეპისკოპოსის წინაშე და დაცინვისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მღვდელმთავარი გაესაუბრა ნეტარს და ისიც იძულებული შეიქნა, გაემხილა, რომ ადრე ფილოსოფოსი იყო, სიგლახაკე და სიმდაბლე კი ნებსით იტვირთა, ღვთისთვის. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა ალექსანდრე შინ წაიყვანა, მოაწესრიგა და სუფთა სამოსელი ჩააცვა. ტაძარში დაბრუნებულმა, საჯაროდ გამოსცადა უფლის რჩეული: უსვამდა კითხვებს წმიდა წერილიდან, რომლებზედაც ნეტარი განსწავლული და ბრძენი მოძღვარივით პასუხობდა. ალექსანდრეს მადლმოსილებითა და სულის სიგლახაკით გაოცებულმა შეკრებილებმა ერთხმად აირჩიეს იგი ეპისკოპოსად. მეუფე გრიგოლმა ჯერ ხუცესად აკურთხა წმიდანი, შემდეგ კი მღვდელმთავრადაც დაასხა ხელი. ალექსანდრე კომანელი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი ქადაგებები მარტივი და ღვთაებრივი სიბრძნით იყო აღსავსე. ნეტარი ფრაზების მშვენიერებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ ცდილობდა, მისაწვდომი ენით განემარტა ხალხისათვის ქრისტეს მცნებები.
წმიდა მოწამენი: ფოტიოსი, ანიკიტე და მრავალნი მათ თანა (+305)
წმიდა მოწამენი ფოტიოსი და ანიკიტე ნიკომიდიაში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა ანიკიტეს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა იმპერატორის კარზე. მან უშიშრად ამხილა დიოკლეტიანე უსჯულოებასა და უდანაშაულო ქრისტიანთა დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტაში, რის გამოც განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარი სასტიკად აწამებინა. შემდეგ ბრძანა, წმიდანი მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ლომი თვინიერად მიეახლა მას და ალერსი დაუწყო. უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ჰერკულესის საკერპო დაიმსხვრა, ქალაქის გალავნის ნაწილიც ჩამოინგრა და მრავალი წარმართი მოიყოლა ქვეშ. გააფთრებულმა მტარვალმა წმიდანისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, მაგრამ ჯალათი, რომელმაც მახვილი აღმართა განკარგულების შესასრულებლად, უსულოდ დაეცა. უფლის რჩეულს ურმის თვალზე წამება და ნელ ცეცხლზე წვა დაუწყეს, მაგრამ ბორბალი გაჩერდა და ცეცხლი ჩაქრა; მოწამის ნათესავი, ფოტიოსი მიესალმა ნეტარს, წარმართულ კერპებს კი არარაობა უწოდა. ახალ აღმსარებელზე აღმართულმა მახვილმა თავად ჯალათი განგმირა. მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს. დიოკლეტიანე სთავაზობდა მათ: „თუ გსურთ მიიღოთ პატივი და სიმდიდრე, თაყვანი ეცით ჩვენს ღმერთებს!“ ქრისტეს ტარიგებმა უპასუხეს: „პატივი შენი და სიმდიდრე შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა!“ მაშინ წმიდანები გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაუნდობლად ათრიეს ქუჩაში, მაგრამ ღვთის წყალობამ ისინი უვნებლად დაიცვა. ღვთისმოძულე ხელისუფლის ბრძანებით ქრისტეს აღმსარებლების დასაწვავად უზარმაზარი ღუმელი გაამზადეს. როცა უღმრთოებმა იგი გაახურეს, ანიკიტესა და ფოტიოსის მაგალითით გამხნევებული მაცხოვრის მრავალი მსასოებელი შევიდა შიგ სიტყვებით: „ჩვენ ქრისტიანები ვართ!“ ყველა მათგანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ანიკიტესა და ფოტიოსის წმიდა ცხედრებს ცეცხლმა ვერაფერი დააკლო. ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ეს მოხდა 305 წელს. ღირსი გარეჯელი მოწამენი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარი (+1851)
ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით-გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ.დავით-გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის საგნად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ბერების სენაკებს, იტაცებდნენ ღვთისმსახურებისათვის საჭირო ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს.
1851 წლის ზაფხულში გარეჯის უდაბნოს თავს დაესხა ლეკების დიდი რაზმი. მათ დაარბიეს დავითის ლავრა. „იწყეს ტანჯვად მამათა და ძმათა. პირველად ბერ-დიაკონი ოთარი უჩინოითა მახვილითა აღესრულა, შემდეგ იერო-მონაზონსა გერონტის თავი წარკვეთეს, სერაპიონ იერომონაზონსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა, გერმანე მწირმონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს. ბესარიონ მწირმონაზონსა მყის თავი წარკვეთეს. სვიმონ დიაკონი რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა იწყო სილტოლვა და უჩინოითა მახვილითა ტყორცნილმან ვერღარა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყოი მიხაელ დუმილით შეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს…
შემდეგომად აღსრულებისა მათ ღირსთა მამათა გარდამოხდა ნათელი დიდი და დაადგრა წამებულთა ზედა… ღირს არიან იგინი, შემდგომად ხორცთა გარყვნისა აღმოხმად ძვალთა მათთა და დადებად პირველ წამებულთა ღირსთა მამათა… და დღესასწაული მათი იხსენიებოდეს წლითი წლად. მე უღირსმან დიდისა მონასტრის გაენათისამან ისააკ, რომელი მეცა ტყუედ მყოფი ვიყავ მათ თანა რომელი ვხედავდი თვალითა დავსწერე წამება წმიდათა მამათა უმეტნაკლოდ შემოკლებული ისტორია ესე“, – წერს პლატონ იოსელიანისადმი მიწერილ წერილში ბერმონაზონი ისააკი, რომელიც დაღესტანში წაუყვანიათ უსჯულოებს ტყვეად და შემდეგ გამოუხსნია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პავლეს ძეს.
სამწუხაროდ ბევრი ასეთი ისტორია დარჩა აღუწერელი და ჟამთა სიავემ წარხოცა ბევრი დაწერილი ისტორიაც, დაიკარგა და ძნელად მოგვეპოვება წმიდანების ბიოგრაფიული ცნობები, მაგრამ დიდება ღმერთს ჩვენი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს მის ზეციურ წმიდა წევრებს და მეოხებას ითხოვს მათგან.