25.10.2026. 21-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.

25.10.2026. 21-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.

     …იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

21-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.

24.10.2026. ხსნილი 

წმიდათა მამათა, რომელნი შეიკრიბნენ VII მსოფლიო კრებაზე (787); მოწამეთა: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკესი (304); ღირსისა კოზმასი წმიდაქალაქელისა, მაიუმელ ეპისკოპოსისა და კანონთგამომთქმელისა (787) მოწამისა დომნიკასი (286); მარტინე მოწყალისა, ტურელ ეპისკოპოსისა (400); დღესასწაული იერუსალიმის ღმრთისმშობლის ხატისა (48). 

დღის ლოცვები

მოწამეთა: პრობოსის, ტრაქოსის და ანდრონიკეს

ტროპარი: წმიდათა მოწამეთა წარმართებანი ძალთა ზეცისათა უფროსად დაუკვირდა, რამეთუ მოკუდავითა ხორცითა უხორცოსა მტერსა ძალითა ჯუარისათა კეთილად წინა განეწყვნეს და მძლე ექმნეს უხილავად, და ევედრებიან უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სამებისა დიდებაი გამოგვიცხადეს ჩუენ მხნეთა ქრისტეს ჭურვილთა ტრაქოს თანა პროვოს და ანდრონიკე, ამხილეს მძლავრთა ყოველი უღმრთოება, სარწმუნოებით მხნედ მოღუაწეთა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

მწუხრ.: მამათა: 1) დაბ. 14: 14-20. 2) 2 შჯ. 1: 8-11, 15-17. 3) 2 შჯ. 10: 14-21.
ცისკ.: სახ. მე-10, ინ. 21: 1-14 (დას. 66).
ლიტ.: გალ. 2: 16-20 (დას. 203). ლკ. 7: 11-16 (დას. 30). ეფეს. 6: 10-17

წმ. მამათა: ებრ. 13: 7-I6 (დას. 334). ინ. 17: 1-13 (დას. 56).

მწუხრ.: მამათა: 1) დაბ. 14: 14-20 

14. როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას  თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე. 15. გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის. 16. დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც. 17. მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება. 18. ხოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. 19. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! 20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.

მწუხრ.: მამათა: 2) 2 შჯ. 1: 8-11, 15-17 

8. აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას – აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას. 9. ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება. 10. უფალი, თქვენი ღმერთი, გაგამრავლებთ-მეთქი და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ დღეს. 11. უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის. 

15. ავიყვანე შტოთა თავკაცები – ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და დაგიდგინეთ თითოეულ შტოს მეთაურებად – ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, თქვენს შტოთა მიხედვით. 16. მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს მოძმეებს და საჯეთ სამართალი ერთმანეთს შორის მათსა და მათ მდგმურს შორის. 17. მიკერძოებული ნუ იქნები სასამართლოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი. თუ საქმე გეძნელათ, მე მომახსენეთ და მოვისმენ. 18. იმჟამადვე გამცნეთ ყველაფერი, რაც უნდა შეგესრულებინათ.

მწუხრ.: მამათა: 3) 2 შჯ. 10: 14-21 

14. აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია. 15. მაგრამ მხოლოდ შენი მამა-პაპა შეივრდომა სიყვარულით და გამოგარჩიათ თქვენ, მათი მოდგმა, ყველა ხალხიდან, როგორც დღეს. 16. დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები, 17. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. 18. იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს. 19. გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. 20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე. 21. ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.

ცისკ.: ინ. 21: 1-14 

1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: 2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. 3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. 4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. 5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. 6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. 7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. 8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. 9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. 10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. 11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. 12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. 14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.

ლიტ.: გალ. 2: 16-20 

16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურთა? არამც და არამც. 18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს? 19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის. 20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.

ლიტ.: ლკ. 7: 11-16 

11. მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი. 12. როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან. 13. ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი. 14. მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! 15. მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს. 16. ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.

ლიტ.: ეფეს. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

წმ. მამათა: ებრ. 13: 7-I6 

7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.

წმ. მამათა: ინ. 17: 1-13 

1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. 2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს. 4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. 5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. 6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. 10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი; და მე ვიდიდე მათში. 11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. 12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. 13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული. 

 

მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება ხატმებრძოლობის წინააღმდეგ
მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება ხატმებრძოლობის წინააღმდეგ
ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში უკანასკნელი მსოფლიო საეკლესიო, რიგით მეშვიდე კრება ახალი მწვალებლობის, ე.წ. ხატთმებრძოლეობის (ხატთმბრძოლობის) წინააღმდეგ საბრძოლველად და მის აღმოსაფხვრელად შეიკრიბა ქ. ნიკეაში (საიდანაც დაიწყო 325 წელს მსოფლიო საეკლესიო კრებათა ისტორია) 787 წლის 24 სექტემბერს და ერთი თვე გაგრძელდა. კრების 8 სხდომიდან 7 გაიმართა ქ. ნიკიაში ტარასი კონსტანტინოპოლელის თავმჯდომარეობით, ხოლო ბოლო სხდომა – კონსტანტინოპოლში – იმპერატორთა (ირინე და კონსტანტინე) მონაწილეობით და თავმჯდომარეობით. სხვადასხვა წყაროს ჩვენებით, კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა რიცხვი 330-დან 367-მდე მერყეობს).
მოკლედ იმ მოვლენების შესახებ, რომელიც კრების მოწვევამდე განვითარდა ქრისტიანულ სამყაროში: ისტორიკოს კედრენის მოწმობით, ხატთმებრძოლეობის ერესიარხად ვინმე ებრაელი, სახელით სარანტაჰიქი არის დასახელებული, რომელმაც ჩააგონა არაბთა მეფე იზიდას, გაენადგურებინა ხატები, როგორც კერპთაყვანისმცემლობის ნაშთი. ეს ახალი ერეტიკული მოძღვრება მალე ბიზანტიის იმპერიაშიც გავრცელდა ლეონ ისავრიელმა სასტიკი ომი გამოუცხადა ხატთაყვანისმცემლობას: მან მოსპო ხატები და საკულტო სკულპტურული გამოსახულებანი. ის სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც კი მის ბრძანებას წინააღმდეგობას გაუწევდა.
იოანე დამასკელს ხატების დასაცავად დაწერილი თხზულებისათვის მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, ხოლო ქრისტიანობის დოგმების დამცველი კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე კათედრიდან ჩამოაგდეს და კათედრაზე იმპერატორის იდეების დამცველი ანასტასი აიყვანეს. საქმეს არ უშველა არც გრიგოლ პაპის მიერ რომში შეკრებილმა კრებამ და მის მიერ იმპერატორისადმი გაგზავნილმა ეპისტოლემ და არც პაპის ანათემამ, არც იმპერატორისათვის იტალიაში ხელისუფლების ჩამორთმევამ (რა თქმა უნდა, მხოლოდ პაპის ფორმალური დადგენილებით). ხატების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო შორს წავიდა ლეონის მემკვიდრე – კონსტანტინე, კოპრონიმად წოდებული. მან კონსტანტინოპოლში მოიწვია საეკლესიო კრება და 300-ზე მეტ ეპისკოპოსს ძალდატანებით ხელი მოაწერინა დადგენილებაზე ხატების გაუქმების შესახებ. ვინც წინააღმდეგ წავიდა, სასტიკად აწამეს.
კრებამ განკვეთა და ანათემა გამოუცხადა გერმანე კონსტანტინოპოლელს, გიორგი კვიპრელს და იოანე დამასკელს – ხატთა თაყვანისცემის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებს. არაფერი შეცვლილა ლეონ მეოთხის ხანმოკლე მეფობის დროსაც. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა მისმა მეუღლემ ირინემ და შვილმა კონსტანტინემ გადაწყვიტეს, ეს მტკივნეული საკითხი მსოფლიო კრებაზე განხილულიყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პავლემ უარი თქვა კათედრაზე, როგორც ცოდვილმა, რადგან მან ხელი მოაწერა კონსტანტინე კოპრონიმის დადგენილებას ხატების მოსპობის შესახებ. პავლე მონასტერში დაბრუნდა. მის ნაცვლად ხელდასხმული ტარასი შეუდგა იმპერატორთა დავალების შესრულებას – მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის თადარიგს. ხატთმებრძოლებმა, რომლებიც დიდი ხანია კონსტანტინოპოლში ბატონობდნენ, დაიწყეს ხალხის ამხედრება კრების მოწვევის საწინააღმდეგოდ და ერთ ხანს საწადელსაც მიაღწიეს – კრების საკითხი დროებით გადაიდო, ხოლო ბოლოს მოიწვიეს არა კონსტანტინოპოლში, არამედ ნიკეაში.
კრებამ ჰუმანურობა გამოიჩინა და ვისაც ხელი ჰქონდა მოწერილი კოპრონიმის დადგენილებაზე, მაგრამ აღიარა შეცდომა, ყველას ეპატია. ბევრი მათგანი, ვისაც სამღვდელო ხარისხები მიღებული ჰქონდათ ხატთმებრძოლთა მიერ, დატოვებულნი იქნენ თავიანთ ხარისხში, თუ მათ სხვა დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. კრებამ აღადგინა ხატთაყვანისცემა და განკვეთა მწვალებელნი – კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქები: ანასტასი, კონსტანტინე და ნიკიტა. კრებამ, გარდა დოგმატური საკითხების მოწესრიგებისა, დაადგინა 22 დისციპლინარული კანონი, რომლებიც შესულია ძირითად კანონიკურ კოდექსში.
სტატიის ავტორი: ჟურნალი “კარიბჭე” admin
იერუსალიმის ღვთისმშობელი 
იერუსალიმის ღვთისმშობელი - 12 (25) ოქტომბერი
გადმოცემის მიხედვით, ეს ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მეთხუთმეტე წელს ლუკა მახარებელმა დაწერა.
453 წელს ხატი იერუსალიმიდან ცარგრადში გადაიტანა საბერძნეთის მეფემ ლეონ დიდმა და იქ ღვთისმშობლის ტაძარში მოათავსა. როცა ღვთისმშობლის შეწევნით სკვითები დამარცხდნენ, ის კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძარში გადააბრძანეს.
988 წელს ხერსონში რუსთა შემოსვლისას ლეონ VI ფილოსოფოსმა ხატი წმიდა დიდ მთავარ ვლადიმირს გადასცა, როცა მან კორსუნი დაიპყრო და იქვე მოინათლა. წმინდა ვლადიმირმა ეს სიწმინდე ნოვგოროდელთა მოქცევასთან დაკავშირებით მათ აჩუქა. ის აქ სოფიის ტაძარში იმყოფებოდა, სანამ ქალაქს მეფე იოანე IV დაიპყრობდა, რომელმაც ხატი მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაიტანა. 1812 წელს ნაპოლეონის დროს ხატი დაიკარგა და მის ადგილას დააბრძანეს ძველის ზუსტი ასლი, რომელიც მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესიიდან გადმოიტანეს. ხატის კიდეებზე გამოსახული არიან მოციქულები: პეტრე და პავლე, იოანე, სვიმონი, ფილიპე, მაკარი, იაკობი, თომა, ბართლომე, ასევე წმინდა მოწამეები: პროკოფი, გიორგი და მერკური.
სტატიის ავტორი: admin

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე დომნიკა (+286)
წმიდა მოწამე დომნიკა კილიკიის ქალაქ ანაზარვში ეწამა ქრისტესთვის 286 წელს. მმართველ ლისიუსის ბრძანებით ჯალათებმა იგი სასტიკად აწამეს. ბოლოს ქრისტეს მხევალი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც 64 წლის ასაკში. 
წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე (+304)
წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე 304 წელს აღესრულნენ ქრისტესთვის. წარმართებმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდა აღმსარებლების სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა პროკონსულმა საწამებლად გადასცა ისინი. გაბოროტებულმა ჯალათებმა მარტვილებს თავს დაატეხეს ყოველგვარი სატანჯველი, რომლის მოფიქრებაც შეეძლოთ, ბოლოს კი ყველანი დაუნდობლად აჩეხეს. ქრისტიანებმა წმიდანთა ცხედრები ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. 
წმიდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 400)
წმიდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი პანონიის ქალაქ საბერიაში დაიბადა. ბერად აღკვეცამდე იგი მხედართუფროსად მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. როცა იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს, იგი თავისი რაზმით ქალაქიდან გავიდა მათთან საბრძოლველად; გზად გლახაკს გადაეყარა, შეებრალა და საკუთარი სამოსელი უბოძა. ღამით მარტინეს უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და მტერზე გამარჯვება აღუთქვა.
იმპერატორი ზეიმით შეხვდა გამარჯვებულს და შესთავაზა, სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. მარტინემ კი მიუგო: მე მსურს მსხვერპლი შევწირო ქრისტეს, ვისი მეოხებითაც გავიმარჯვე, და ბერად შევდგეო.
წმიდა მამა მძიმე მონაზვნურ ღვაწლს შეუდგა და რამდენიმე წლის შემდეგ პუატიედან რვა ვერსის დაშორებით დააარსა ლიგუჟეს სავანე, რომელიც მალე საფრანგეთის ბერმონაზვნობის კერა შეიქნა. წმიდა ცხოვრებისათვის მარტინე საკუთარი ნების წინააღმდეგ ტურის (საფრანგეთში) ეპისკოპოსად აკურთხეს. ნეტარი მღვდელმთავარი სიმდაბლის, მოთმინების და სიმშვიდის მაგალითს აძლევდა ყველას. მან ერთი მივარდნილი და უკაცრიელი ადგილი აირჩია სამოღვაწეოდ, სადაც დააარსა სავანე (შემდგომში სახელგანთქმული მამურტიეს მონასტერი). იგი მიმოდიოდა მეზობელ ქვეყნებში, ქადაგებდა მართლმადიდებლობას და თავის სწავლებას სასწაულებით განამტკიცებდა. ყოველივე ამასთან ერთად ნეტარი მამა საოცრად გულმოწყალეც იყო. სიყვარულისა და ქველმოქმედებისთვის უწოდეს მას „მოწყალე“. საკვირველთქმედებისა და წინასწარმეტყველების ნიჭმომადლებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 400 წელს, ოთხმოცი წლის ასაკში. საკუთარი მიცვალების დღე მან წინასწარ განჭვრიტა. ღირსი მამის ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა. 
ღირსი კოზმა – მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი (+დაახლ. 787)
ღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა. წმიდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმიდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 787) და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები.