25.11.2025. 25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

25.11.2025. 25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

25.11.2025. ხსნილი

წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე მოწყალისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა  (616-620); წინასწარმეტყველისა აქიასი (960წ. ქრ. შ-მდე); მარტინესი, ფრანგეთის ეპისკოპოსისა, (375-383); ღირსისა ნილოს მმარხველისა (V); ღირსისა ნილოს მირონმდინარისა, ათონელისა (1651).

დღის ლოცვები

იოანე მოწყალის, ალექსანდრიელი პატრიარქის

ტროპარი: მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი, ღირსო მამაო, და ლოცვათა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყუარენ და ესენი პოვნიერ-ჰყუენ, მამაო წმიდაო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: სიმდიდრე შენი განუყავ დავრდომილთა და ზეციერი სიმდიდრე მიიღე აწ, იოანე ყოვლადბრძენო; ამისთვისცა ყოველნი აღმასრულებელნი ხსენებისა შენისანი გევედრებით, მოწყალებისა თანა მოსახელეო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 2 თეს. 1: 10 – 2: 2 (დას. 274 შუა). ლკ. 15: 25-35 (დას. 77) – სამშ.
2 თეს. 2: 1-12 (დას. 275). ლკ. 15: 1-10 (დას. 78) – ოთხშ.

წმ.: ებრ. 4: 14 – 5: 6 (დას. 311). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).

ლიტ.: 2 თეს. 1: 10 – 2: 2 – სამშ.

1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე – თესალონიკეღთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: 2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ. 4. ასე რომ, თვითონვე ვიქადით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო ყოველგვარ დევნილობასა და გასაჭირში, რასაც იტანთ, 5. იმის დასტურად, რომ იქნება ღვთის მართალი მსჯავრი, რათა ღირსნი გახდეთ ღვთის სასუფევლისა, რისთვისაც ევნებით კიდეც. 6. რადგანაც სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ, 7. ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, – განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით, 8. რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, 9. ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან, 10. იმ დღეს, როდესაც მოვა, რათა განდიდებულ იქნეს თავის წმიდათა შორის და მიეგოს პატივი ყოველი მორწმუნისაგან, რადგანაც ირწმუნეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.

1. გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, 2. იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო.

ლიტ.: ლკ. 14: 25-35 – სამშ.

25. მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ: 26. თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 27. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 28. რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას? 29. რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა 30. და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო. 31. ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს? 32. თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს. 33. ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 34. კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? 35. აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ – მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!

ლიტ.: 2 თეს. 2: 1-12 – ოთხშ.

1. თქვენ თვითონ იცით, ძმანო, რომ ჩვენი შემოსვლა თქვენთან არ იყო ფუჭი. 2. არამედ მანამდე ფილიპეში ვნებულნი და შეგინებულნი, როგორც მოგეხსენებათ, ისე გავკადნიერდით, რომ ჩვენი ღმერთის მიერ სახარება გვექადაგა თქვენთვის მრავალი ღვაწლით. 3. რადგანაც ჩვენს შეგონებაში არც ცთომაა, არც ცბიერება და უწმინდურება. 4. არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს. 5. ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე. 6. არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან. 7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს. 8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის. 9. ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას. 10. თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, რომელთაც გწამთ, 11. ვინაიდან თვითონვე იცით, რომ, როგორც მამა – შვილებს, ისე შევაგონებდით თვითეულ თქვენგანს, 12. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ.

ლიტ.: ლკ. 15: 1-10 – ოთხშ.

1. მის გვერდით იყო ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას. 2. ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო. 3. და უთხრა მათ ეს იგავი: 4. ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას? 5. და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე; 6. შინ მოსული დაუძახებს მებობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე. 7. გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული. 8. ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს, რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის? 9. ხოლო როცა იპოვის, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული დრაქმა ვიპოვე. 10. გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო.

წმ.: ებრ. 4: 14 – 5: 6 

14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას. 15. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ – ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. 16. მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.

1. რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის. 2. მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით. 3. ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად. 4. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად. 5. ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 6. ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“,

წმ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14,6-16). წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.
ღირსი ნილოს მმარხველი, წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფე, კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა IV-V საუკუნეში. მან მშვენიერი განათლება მიიღო, რის შემდეგაც, ჯერ ისევ ახალგაზრდა, დედაქალაქის პრეფექტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე გაამწესეს. ამ დროისათვის ნილოსი უკვე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. მეუღლეებს, რომელთა ცხოვრებასა და მსოფლმხედ-ველობაზე დიდ გავლენას ახდენდა ნეტარი იოანე ოქროპირი, სულს უმძიმებდა სამეფო კარის ბრწყინვალე ყოფა. მათ გადაწყვიტეს, გაყრილიყვნენ და მონაზვნურ ღვაწლს შედგომოდნენ. ნილოსის მეუღლემ ასულთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ დედათა მონასტერს მიაშურა, თავად ნილოსი კი ძესთან, თეოდულესთან ერთად სინას მთაზე, საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დამკვიდრდა.
ღირსი მამა ორმოცი წელი ცხოვრობდა ამ გამოქვაბულში. მრავალი განსაცდელი გადაიტანა წმინდანმა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც საკუთარი შვილის დაკარგვა იყო, რომელიც გასაყიდად მოსტაცეს მას ავაზაკებმა. მარხვით, ლოცვითა და შრომით სრულყოფილების მაღალ საფეხურს მიღწეულ წმიდანთან სიარული იწყეს ყველა ფენის ადამიანებმა – იმპერატორით დაწყებული მიწის მუშაკით დამთავრებული, რომლებიც მოუკლებლად ღებულობდნენ მისგან ნუგეშინისცემასა და სულიერ რჩევა-დარიგებებს. განმარტოებაში ღირსი ნილოსი ბევრს წერდა. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლეებმა, მათ შორის მამხილებელმა წერილებმა, მიმართულმა იმპერატორ არკადიუსისადმი (395-408), რომელმაც იოანე ოქროპირი განდევნა. ფართოდაა ცნობილი იოანე ოქროპირის ამ ღირსეული მოწაფის ასკეტური თხზულებები.
ღირსმა ნილოსმა დაკარგულ ვაჟიშვილს მიაკვლია ემესის ეპისკოპოსთან, რომელსაც იგი ავაზაკებისაგან გამოესყიდა. ამავე მღვდელმთავარმა მამა-შვილი სამღვდელო ხარისხში აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მეუდაბნოეები სინას მთას დაუბრუნდნენ და ღირსი ნილოსის აღსასრულამდე (+430 ან 450) ერთად მოღვაწეობდნენ.
წმიდა იოანე მოწყალე – ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, რომელმაც უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი ვარ. თუ ჩემი მეგობარი გახდები, წყალობას გამოგითხოვ მისგან და მის საყდართან წარგადგენ, რადგან არავის გააჩნია ისეთი კადნიერება მეუფის წინაშე, როგორც მე“. წმიდანი მიხვდა, რომ ეს ასული იყო გულმოწყალება – უმაღლესი სათნოება. „უნდა შეიწყალო მოყვასი, თუ გინდა, რომ უფალმა შეგიწყალოს“, – ფიქრობდა იგი, როცა განთიადისას ტაძრისკენ მიემართებოდა. გზად ნეტარმა იხილა შიშველი გლახაკი, რომელიც სიცივისგან ძრწოდა, გაიხადა ზედა სამოსელი, მას უბოძა და თან გონებაში გაიფიქრა: „ახლა შევიტყობ, წუხელ საღვთო ჩვენება ვიხილე, თუ ეშმაკმა განმცადა“. მაგრამ სანამ ეკლესიამდე მიაღწევდა, წმიდანს თეთრებში შემოსილი უცნობი შეხვდა, რომელმაც ფუთა გამოუწოდა და უთხრა: „მეგობარო, მიიღე ეს ასი ოქრო შენი საჭიროებებისათვის“. იოანემ მიიღო საჩუქარი და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ხილვა – ზეციური გამოცხადება იყო და საკუთარ თავს უთხრა: „სულო ჩემო, კმარა, ნუ ცდი უფალს!“ ამ დღიდან მოყოლებული წმიდანი საოცრად გულმოწყალე გახდა.
ახალგაზრდობაში იოანე დაცოლშვილებული იყო, მაგრამ მალე მეუღლე და შვილები გარდაეცვალა. ამის შემდეგ იგი ბერად შედგა და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა.
სულიერმა ღვაწლმა წმიდა მამას შორს გაუთქვა სახელი და, როცა ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641) და სასულიერო პირთა დასმა მას სთხოვეს, ეტვირთა ეკლესიის მესაჭეობა. იოანე თავმდაბლობის გამო დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო.
ნეტარი მღვდელმთავარი ღირსეულად ეზიდებოდა თავის მძიმე ჯვარს: ზრუნავდა სამწყსოს ზნეობრივ სრულყოფაზე, ებრძოდა მწვალებლურ სწავლებებს, მაგრამ თავის მთავარ საქმედ მაინც მოწყალება და ყველა გაჭირვებულის დახმარება მიაჩნდა. საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან მცირე ხნის შემდეგ იოანემ ეკლესიის იკონომოსებს უბრძანა, დაედგინათ მთელი ქალაქის გაჭირვებული მოსახლეობის რაოდენობა. ჩამოწერეს შვიდიათას ხუთასი გლახაკის სია, რომელთაც წმიდანი იმ დროიდან მოყოლებული საეკლესიო ქონებიდან ყოველდღიურ ულუფას აწვდიდა.
პატრიარქი კვირაში ორი დღე – ოთხშაბათი და პარასკევი – ეკლესიის კარებთან იჯდა და ყველა მოსულს გულმოდგინედ უსმენდა და ეხმარებოდა. ზოგს აკვირვებდა ნეტარის ასეთი მოთმინება, ის კი ამბობდა: „თუ მე ყოველთვის შემიძლია მივმართო ჩემს უფალს, იესო ქრისტეს და ლოცვით გამოვითხოვო, რაც მსურს, ჩემთან მოსვლა როგორ უნდა ავუკრძალო მოყვასს?“ იმ დღეს, როცა წმიდა მამას არავინ თხოვდა შემწეობას, იგი მეტად გულნატკენი რჩებოდა. ნეტარს მოწყალების საქმის გადადება არ უყვარდა: ნათესავებისგან შევიწროებული ერთი გლახაკი ქვრივი ქალი იოანეს მაშინ მიუახლოვდა ჩივილით, როცა იგი ტაძრისკენ მიდიოდა. თანმხლებნი პატრიარქს ურჩევდნენ, საეკლესიო მსახურების შემდეგ მოესმინა მისთვის, წმიდანმა კი უპასუხა: „თუ მის მოსმენას არ ვისურვებ, ჩემსას შეისმენს კი უფალი?“
იოანე კვირაში სამჯერ მიდიოდა საავადმყოფოებში და სნეულებს შეეწეოდა. როცა სპარსელებმა დაარბიეს იერუსალიმი და მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, წმიდა პატრიარქმა საეკლესიო ხაზინის დიდი ნაწილი გაიღო მათ გამოსასყიდად.
წმიდანი მათხოვრებს არასდროს ისტუმრებდა უარით. ერთხელ საავადმყოფოსკენ მიმავალ მღვდელმთავარს გლახაკი შეხვდა. მეუფემ ბრძანა, ექვსი ვერცხლი მიეცათ მისთვის. მათხოვარმა ტანსაცმელი გამოიცვალა, დაეწია იოანეს და ისევ მოწყალება სთხოვა. წმიდანმა კვლავ ექვსი ვერცხლი გაუწოდა. მაშინ კი, როცა გლახაკმა ნეტარს მესამეჯერ გაუშვირა ხელი მოწყალების მისაღებად და მსახურებმა გაგდება დაუპირეს, პატრიარქმა თქვა: „იქნებ ქრისტე მცდის“, და მათხოვრისთვის თორმეტი ვერცხლის მიცემა ბრძანა.
ერთხელ პატრიარქს იკონომოსმა ამცნო, რომ მოწყალების სათხოვნელად ზოგჯერ კარგად ჩაცმული ადამიანებიც მოდიოდნენ და ჰკითხა, მათაც სხვებივით უნდა დავეხმაროთო? იოანემ უპასუხა: „თუ ქრისტეს მონა ხარ, მოიქეცი ისე, როგორც ქრისტემ გვიბრძანა: ისე გაეცი მოწყალება, რომ მთხოვნელს სახეში არ შეხედო. ჩვენ ჩვენსას კი არა, ქრისტესას გავცემთ; ქრისტეზე მდიდარი კი ვინ შეიძლება იყოს?“ მართლაც, პატრიარქი ბევრს გასცემდა, მაგრამ უფალი ყოველთვის გამოაჩენდა ხოლმე კეთილ ადამიანებს, რომელთა შემოწირულობებითაც თითქმის დაცარიელებული ხაზინა კვლავ ივსებოდა.
ერთხელ იოანესთან ერთი მდიდარი დიდებული მივიდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ნახა, რომ მის საწოლზე უხარისხო და უკვე ნახევრად გაცვეთილი საბანი იყო გადაფარებული. როცა შინ დაბრუნდა, მან წმიდანს ახალი, ოცდათექვსმეტ ოქროდ ღირებული ფარჩის საბანი გაუგზავნა. უფლის რჩეულს არ სურდა გულწრფელი შემომწირველის გაწბილება და იმ ღამით ის საბანი დაიხურა, მაგრამ როცა გამოეღვიძა, მოაგონდა გლახაკები, მწირები და უსახლკაროები და გადაწყვიტა, გაეყიდა ძვირფასი საჩუქარი. დილით ბაზარში შემთხვევით გასულმა მდიდარმა ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილი თავისი საბანი ნახა, შეისყიდა და კვლავ გაუგზავნა მწყემსმთავარს. წმიდანმა მადლობით მიიღო ძღვენი, შემდეგ კი ისევ გასაყიდად გაგზავნა. დიდებულმა კვლავ შეისყიდა იგი და პატრიარქს დაუბრუნა. როცა ასე რამდენჯერმე განმეორდა, იოანემ შეუთვალა მდიდარს: „ვნახოთ, ვინ უფრო ადრე დაიღლება: მე, რომელმაც გადავწყვიტე გავყიდო, თუ შენ, რომელმაც დაიჟინე იყიდო და მე გამომიგზავნოო“. ასე გამოიყენა წმიდანმა დიდებულის მისადმი კეთილგანწყობა გლახაკთა სასარგებლოდ.
წმიდა იოანე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ერთხელ იგი იძულებული გახდა, ცოდვით დაცემული ერთ-ერთი ღვთისმსახური ეკლესიიდან განეკვეთა. შემცოდე გაბოროტდა პატრიარქზე. როცა წმიდანი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, მოაგონდა სახარების სიტყვები: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (მთ. 5, 23-24). იგი გამოვიდა საკურთხევლიდან, თავისთან მოუწოდა შემცოდე შვილს, მუხლებზე დაემხო მის წინაშე და საჯაროდ სთხოვა შენდობა. შეძრწუნებული ღვთისმსახური სინანულში ჩავარდა და შემდგომ კეთილმსახური მღვდელიც გახდა.
ერთხელ იოანე ერთმა საერო ხელისუფალმა გლახაკთა გამოსარჩლებისთვის საშინლად შეურაცხყო. იმავე დღეს, მზის ჩასვლის წინ ნეტარმა კაცი გაგზავნა თავის შეურაცხმყოფელთან და შეუთვალა: „მალე მზე ჩავა, შევრიგდეთ“. ხელისუფალი ისე შეძრა ამ სიტყვებმა, რომ არა მარტო შეურიგდა მშვიდობისმყოფელ მღვდელმთავარს, არამედ აღთქმა დადო, რომ ამიერიდან ყოველგვარი შუღლის თავიდან აცილებას შეეცდებოდა.
ერთი მდაბიო უპატიოდ მოექცა პატრიარქის ახლო ნათესავს, გიორგის. ეს უკანასკნელი აღშფოთდა, წმიდანთან მივიდა და სთხოვა, შური ეძია მის შეურაცხმყოფელზე. მღვდელმთავარმაც აღუთქვა, ისე მივუზღავ მას, რომ მთელი ალექსანდრია გაოცდებაო. ამან გიორგი დაამშვიდა. მაშინ იოანემ დამოძღვრა იგი, შეაგონა, აუცილებელია, ვიქონიოთ სიმშვიდე და სიმდაბლეო, შემდეგ კი შეურაცხმყოფელს მოუხმო და განაცხადა, მას მიწის საეკლესიო გადასახადისაგან ვათავისუფლებო. ალექსანდრია მართლაც გააოცა ამგვარმა „შურისძიებამ“.
ნეტარი მამა საოცრად ფრთხილობდა სხვების განსჯისას, ამბობდა, ნურავის განვიკითხავთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ცუდ საქმეს ვხედავთ, ცოდვილის ჩვენგან დაფარულ სინანულსა და მწუხარებას კი – ვერაო.
წმიდა იოანეს – მკაცრ ასკეტსა და მლოცველს, სიკვდილის მარადიული ხსოვნა გააჩნდა. მან თავისთვის კუბო შეუკვეთა, მაგრამ ოსტატებს უბრძანა, არ დაესრულებინათ იგი და ყოველ დღესასწაულზე მოსულიყვნენ მასთან შეკითხვით, მუშაობის დამთავრების დრო ხომ არ დადგაო.
ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს წმიდა იოანემ დატოვა ალექსანდრია და თავისი სამშობლოს – კვიპროსის გავლით კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. გზაში ნეტარს საღვთო გამოცხადება ჰქონდა – სიზმრისეულ ჩვენებაში ნათელმოსილი ჭაბუკი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „გიხმობს მეუფე მეუფეთა“. პატრიარქი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა, კუნძულ კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ამათუნტში გაჩერდა, განემზადა სიკვდილისთვის და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+616, 619 ან 620 წელს). ნეტარი იმავე ქალაქში, წმიდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
წმიდა იოანე 11 ნოემბერს მიიცვალა, მაგრამ რადგან ამ დღეს ეგვიპტეში საზეიმოდ აღინიშნებოდა წმიდა მოწამე მინას ხსენება, ალექსანდრიაში კი – ღირსი თეოდორე სტუდიელისა, ეკლესიამ მის მოსახსენებელ დღედ 12 ნოემბერი განაწესა.
ღირსი ნილოს მირონმდინარე დაიბადა საბერძნეთის ერთ პატარა სოფელში. წმიდანს ღვთისმოსავი მშობლები ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი აღზრდა ბიძამ, მღვდელ-მონაზონმა მაკარიმ იტვირთა. სრულწლოვანებას მიწევნული ნილოსი ბერად აღიკვეცა. მალე მას ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, მოგვიანებით კი – მღვდელ-მონაზვნად. ერთხანს უფლის რჩეული ბიძასთან ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ათონის წმიდა მთაზე წავიდნენ. იღუმენ ათანასეს კურთხევით ბიძა-ძმისწული დამკვიდრდა უდაბურ, მიუვალ და უწყლო ადგილას, რომელიც განსაკუთრებით მოხერხებული იყო მდუმარებისთვის. ამ ადგილს წმიდა ქვებს უწოდებდნენ. მოსაგრეები ფრიად დაშვრნენ აქ მცირე ტაძრისა და სენაკების მოსაწყობად, რის შემდეგაც ნეტარი მაკარი მალევე აღესრულა. მოძღვრის გარეშე დარჩენილი ნილოსი კიდევ უფრო მაღალ სულიერ ღვაწლს შეუდგა და დაეყუდა ისეთ ადგილას, რომელიც არათუ ადამიანებისთვის, მხეცებისთვისაც მიუდგომელი იყო. მან აქაც მოაწყო ეკლესია და იგი უფლის მირქმის სახელზე აკურთხა. ღვთის სათნომყოფელი მამა ამსოფლიდან განსვლის შემდეგ თავისი მღვიმის მახლობლად დაკრძალეს და იქვე დაუმაგრეს წარწერა, რომელიც, ღირსი ნილოსის ანდერძის თანახმად, მისი ლუსკუმის გახსნას კრძალავდა. მაგრამ უფალმა ინება, სიკვდილის შემდგომი სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: მის ნეშტს გადმოდინდა სურნელოვანი მირონი, რომელმაც ლუსკუმის მცირე ღიობიდან გამოჟონა. სიწმიდე ყველას დასანახად ციცაბო კლდის გზით უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ზღვისკენ (მანძილი საფლავიდან ზღვამდე შვეულად 128 მეტრია). ამ საკვირველმა მოვლენამ მრავლად მიიზიდა მართლმადიდებლები აღმოსავლეთის ყველა ქვეყნიდან. წმიდა მირონის ცხებითა და ღირსი ნილოსისადმი აღვლენილი ლოცვებით ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა.
ნილოს მირონმდინარის სახელი კიდევ უფრო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სასუფევლის მკვიდრი მამა 1913-1919 წლებში რამდენჯერმე ეჩვენა მთაწმინდელ ბერ თეოფანეს და წინასწარმეტყველურად გაუცხადა მომავალი. ეს ღვთაებრივი ხილვები აღწერილია წიგნში „ღირსი მირონმდინარე ნილოსის სიკვდილისშემდგომი წინასწარმეტყველებანი“. მასში ფართოდაა საუბარი ჩვენი სამყაროს ბოლო ჟამზე. ღირსმა მამამ იწინასწარმეტყველა საშინელი დრო, რომლის შესახებაც უფალი ამბობს: „ოდენ ძე კაცისა მოვიდეს, ჰპოვოს-მე სარწმუნოება ქვეყანასა ზედა“. წმიდა ნილოსმა ათონის მთაზე ხსნის მსურველებს, რომლებიც ღვთისმშობლის საფარქვეშ არიან, ამცნო, არ შეშფოთებულიყვნენ, არ შეძრწუნებულიყვნენ, არ დაეკარგათ რწმენა და არ გასცილებოდნენ წმიდა მთას მანამ, სანამ მას ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ დატოვებდა; ყოფილიყვნენ სინანულსა და ხსნის სასოებაში, მდუმარებასა და მორჩილებაში იმ მცირედის შესანარჩუნებლად, რაც დარჩება უწინდელი მაღალი მონაზვნური ცხოვრებიდან. ბიწიერების გამო წმიდა მთა ზღვაში ჩაიძირება – ეს მოხდება მაშინ, როცა ღვთისმშობელი თავის საფარველს მოაცილებს თავის წილხვედრ მიწას. მას შემდეგ, რაც ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წმიდა მთას გასცილდება, ბერებმა უნდა იჩქარონ ათონის დატოვება.
წმიდა მამა დაწვრილებით აღწერს საყოველთაო ანარქიას, რომელიც წინ წაუძღვება ანტიქრისტეს მოსვლას, წინასწარმეტყველებს მისი მოსვლის დროს, უკანასკნელი თაობის გარყვნილებას, ადამიანთა დაკნინებას, ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების მოქმედებას ადამიანის გულზე, ენუქისა და ილიას ქადაგებებს ამ ბეჭდის წინააღმდეგ. ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებათაგან ბევრი უკვე ახდა, ბევრი კი ჩვენს თვალწინ სრულდება. დღეს წმიდა მამის ზოგიერთი უხრწნელი ნაწილი მისი ღვაწლით განწმენდილი გამოქვაბულის მახლობლად, ყველაწმიდის სახელობის ეკლესიაში ასვენია, სხვები კი – წმიდა ათანასეს ლავრაში.