„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

26.01.2026. ხსნილი
წარგზავნა ნათლისღების დღესასწაულისა.
მოწამეთა ერმილესი და სტრატონიკესი (308-323); ღირსისა იაკობისა, ნისიბინის ეპისკოპოსისა (IV).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 პეტ. 2: 21-3: 9 (დას. 59 ). მკ. 12: 13-17 (დას. 54) – ორშ.
1 პეტ. 3: 10-22 (დას. 60). მკ. 12: 18-27 (დას. 55) – სამშ.
ლიტ.: 1 პეტ. 2: 21-3: 9
21. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს. 22. არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს, 23. ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს; 24. ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ. 25. ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კი დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს.
1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე, 2. როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას. 3. დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი, 4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე. 5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს. 6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. 7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. 8. და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი და თავმდაბალნი იყავით. 9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.
ლიტ.: მკ. 12: 13-17
13. მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის. 14. მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ? 15. ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო. 16. მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. 17. იესომ მიუგო და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა. და უკვირდათ მისი.
ლიტ.: 1 პეტ. 3: 10-22
10. რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას; 11. ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და ელტვოდეს მას. 12. რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი – მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ. 13. ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით? 14. მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით. 15. არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას. 16. წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში. 17. ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის. 18. რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი – არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, 19. რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც, 20. გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას. 21. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით, 22. რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
ლიტ.: მკ. 12: 18-27
18. მერე მიუახლოვდნენ სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: 19. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. 20. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა. 21. მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე მესამეც. 22. შვიდივეს ცოლად ჰყავდა და არცერთს არ დარჩა შვილი. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. 23. მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. 24. იესომ პასუხად მიუგო მათ: იმიტომ ხომ არ სცდებით, რომ არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას? 25. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. 26. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. 27. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა. ხოლო თქვენ დიდად სცდებით.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსნი მამანი, რომელნი მოისრნენ სარკინოზთაგან სინასა და რაითას: საბა, ისაია, მოსე და მოწაფე მისი მოსე; იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია (IV-V)
ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად, მეწამული ზღვის ნაპირას მდებარე რაითის სავანეში -„ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა“. ბერები საოცრად თავშეკავებული, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: მთელი კვირის მანძილზე მდუმარებაში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან ფარულად მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ. „და იყვნეს იგინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა”.312 წელს, ქრისტეშობიდან მესამე დღეს სინას მონასტერს სარკინოზები დაეცნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულებს და „აჩვენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუამოდა, და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადამდე.” სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, „ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან “.
მეორე დღეს ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნებმა იწყეს „სვლად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა“. 38 მოკლული ჰპოვეს, ორიც – მძიმედ დაჭრილი. საშინელი სახილველი იყო მოხუცი, ღვაწლმოსილი ბერების ცხედრები: „რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაჲ ყოველადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს, და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჴუნდი”. იმედოვნებდნენ, რომ დაჭრილთაგან ერთი – ამბა საბა გადარჩენოდა, მაგრამ თავად იგი ძლიერ წუხდა ამის გამო, „ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა”. ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმიდა მამებისგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმიდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა. „და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმიდათა ორმეოცთაჲსა”.
როგორც გაირკვა, სწორედ ამ დღეს საშინელი სისხლისღვრა გაჩაღებულა რაითშიც. რაითის მონასტერს ზღვიდან თავს დაესხნენ არაბთა ტომები – აბაშები, „რიცხჳ მათი ვითარ სამას კაც”. ამ დროს მონასტერში ორასამდე ერისკაცი იმყოფებოდა ოჯახით, ისინი აღსდგნენ ცოლ-შვილისა და სავანის ბერების დასაცავად, მაგრამ ვერას გახდნენ – ბრძოლაში გამოცდილმა და რაოდენობითაც აღმატებულმა მტერმა დაამარცხა და „წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა “.
ამის შემდეგ უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარებულ ბერებამდეც მიაღწიეს: „ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა “. მონასტრის წინამძღვარმა –პავლემ განამტკიცა ძმები, შემდეგ კი საკურთხევლისკენ პირმიქცეულმა ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.
ამასობაში უღმრთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს. „არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი“ – მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს „და დაადგინეს იგი შიშუველი და ესრეთ ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი”. წმიდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დაითმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: „აჰა, ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ”. უსჯულოებმა ახლა მას მიჰმართეს ცემით და გადამალული განძის ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიიღებდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმიდანს „და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდსა ტანჯვისა”.
ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმიდა მამებს: „იწყეს ცემად მათთა მახჳლითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრეთ მოწყვდნეს წმიდანი იგი მამანი “.
უღმრთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, თხუთმეტი წლის სერგი და გადაწყვიტეს, თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ „არა მოჰკლავენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა”, ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში, „აღიღო მახჳლი ერთი მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა” – სიკვდილის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა. მიაღწია კიდეც თავისას: „ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა”.
როცა ხოცვა – ჟლეტისაგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს – განძს ეძიებდნენ. „არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმიდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასე და სიხარული წარუვალი ქრისტეს მიერ უფლისა ჩვენისა”. უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა – მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოცეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს – მოყვასთა დასახმარებლად მოსულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.
ამ დღეს აღსრულებული მამები „მონანი იყვნეს. ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულისა სასუფეველისა მისისასა. ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ.“
სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა (ხს. 12 ნოემბერს ) მოგვითხრო.
სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე, მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია.
ღირსი თეოდულე (V)
ღირსი თეოდულე იყო ძე ნილოს მმარხველისა (ხს. 12 ნოემბერს), რომელმაც აღწერა რაითელ მამათა მოწყვეტა V საუკუნეში. თეოდულე მამასთან ერთად სიყრმეშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა. მეუდაბნოე ბერებზე ბარბაროსების თავდასხმის დროს იგი ტყვედ ჩავარდა. ქალაქ ულუზაში თეოდულე ადგილობრივმა მღვდელმთავარმა გამოისყიდა უსჯულოთა ხელიდან. წმიდა ნილოსმა სწორედ მის სახლში იპოვა მონატრებული ვაჟი. ეპისკოპოსმა მღვდლად აკურთხა მამაც და შვილიც, რის შემდეგაც ისინი სინას მთას დაუბრუნდნენ. წმიდათა უხრწნელი ნაწილები, იუსტინე უმცროსის (565-578) ზეობისას, კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრუნეს.ღირსი სტეფანე (VIII)
ღირსი სტეფანე VII საუკუნეში ცხოვრობდა. დიდი მოსაგრე მამების მიბაძვით, მან მოიარა პალესტინის ბევრი სავანე, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სავანე დაარსა ბითვინიაში, ქალკედონის მახლობლად, სადაც ბევრმა ბერმა მოიყარა თავი.წმიდა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების ჟამი. რამდენიმე ბერი ღირსი გახდა ეხილა ანგელოზთა თანხლებით მისი დიდებული ამაღლება ცათა სასუფეველში.
წმიდა საბა, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1237)
წმიდა მთავარეპისკოპოსი საბა ერობაში – როსტისლავი (რასტკო), სერბეთის თვითმპყრობელის, სტეფანე ნემანის და ბერძენი იმპერატორის ასულის, ანას მესამე ვაჟი იყო. მშობლები ხედავდნენ შვილის საოცარ ნიჭიერებას და ფიქრობდნენ, თხუთმეტი წლის ასაკში ჰერცოგოვის მმართველად დაედგინათ იგი, მაგრამ ღმერთი სხვა სარბიელისთვის ამზადებდა თავის რჩეულს: როსტოსლავს ბავშვობიდანვე ძლიერ იზიდავდა მარხვა, ლოცვა, ღვთისმსახურება და თავს არიდებდა უქმსიტყვაობას, სიცილსა და გართობას.ერთხელ სასახლეში მდიდრული ქეიფი იყო გაჩაღებული, სადაც მეფის ძე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მას მხიარული ახალგაზრდობის გარემოცვაში ხშირად შემოაწვებოდა ხოლმე გულზე სევდა, მისი სული რაღაც სხვას თხოულობდა, სხვაგან ისწრაფოდა. ამ დროს ყმაწვილმა გაიგო, რომ მათთან სტუმრად რუსი ბერი მოსულიყო, უჩუმრად განერიდა მოქეიფეებს, თავის ოთახში გაიყვანა სტუმარი და დიდხანს ხარბად უსმენდა მის მონათხრობს ბერ-მონაზონთა ცხოვრებაზე. ამ დღეს, აქ მან ჰპოვა, რასაც ეძებდა, სიხარულმა მოიცვა მთელი მისი არსება და გადაწყვიტა, მთლიანად უფლისთვის მიეძღვნა თავი. მან მამას დაუბარა, სანადიროდ მივდივარო დიდი ხნით, შემდეგ მსახურები სხვადასხვა მხარეს დაგზავნა, თვითონ კი ათონზე გაემგზავრა, პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. ამ დროს მომავალი წმიდანი 19 წლისა იყო. როცა მამამ შვილის ადგილსამყოფელი გაიგო, სასწრაფოდ შეჰყარა ლაშქარი ერთგული მხედარმთავრის სარდლობით და იმ ოლქის გამგებელს, რომელშიც ათონი შედიოდა, შეუთვალა, ან შვილი დამიბრუნეთ, ან საომრად გაემზადეთო. მონასტერში ჩასულმა სარდალმა მეომრებს უბრძანა, ფხიზლად ედევნებინათ თვალყური როსტისლავისთვის, მაგრამ მათ ბევრი ღვინო დალიეს, დათვრნენ და ჩაეძინათ. მეფისწულმა ისარგებლა შემთხვევით, ფარულად დადო მონაზვნობის აღთქმა და ბერადაც აღიკვეცა საბას სახელით (1186წ). ახალნაკურთხმა ბერმა მშობლებს თავისი საერო ტანსაცმელი, მოკვეცილი თმები და წერილი გაუგზავნა. მეფე სტეფანემ ათონზე დიდძალი ოქრო გაგზავნა სავანეთა შესამკობლად და გლახაკთათვის, მაგრამ მის ღვთისმოყვარე ძეს მეტი სურდა: იგი ნატრობდა, მამაც თავის გვერდით ეხილა, სულის საცხოვნებლად მოღვაწე ბერებს შორის. უფალმა ყურად-იღო თავისი რჩეულის ვედრება და მალე საბას კეთილმსახური მშობლებიც მონაზვნად შედგნენ: მამას სიმეონი დაერქვა, დედას კი – ანასტასია. თავიდან მამა-შვილი ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერი. წმიდა სვიმეონი მალე მიიცვალა. ერთხელ იგი შვილს ძილში გამოეცხადა და უწინასწარმეტყველა, რომ მღვდელმთავრის ხარისხში მყოფი გაანათლებდა თავის ქვეყანას. ამ წინასწართქმის აღსრულებამდე საბა განაგრძობდა ჩვეულ მოღვაწეობას: ნუგეშს სცემდა განდეგილ ბერებს, ზრუნავდა გლახაკებზე; მან შესძლო ტყვედ წასხმული კარაკალის მონასტრის იღუმენისა და ძმებისთვის სავანე დაებრუნებინა. წმიდა საბას გულმოწყალებასა და სიუხვეს გრძნობდნენ ქსეროპოტამისა და ფილოთეოსის ბერებიც.
ხილენდარის სავანეში საბა ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი – მღდვლად. თესალონიკში წმიდანს არქიმანდრიტად დაასხეს ხელი, 1219 წელს კი, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, პატრიარქმა გერმანემ სერბეთის პირველ მთავარეპისკოპოსად აკურთხა ნეტარი მამა. საბას ძალისხმევით საბერძნეთის იმპერატორმა სერბეთის ეკლესიას მთავარეპისკოპოსის არჩევის უფლება მიანიჭა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მაშინდელი გაცხარებული ომების დროს. ნიკეიდან ათონზე ჩასულმა მამამ უკანასკნელად მოიარა წმიდა მთის სავანეები, მოილოცა ყველა ტაძარი და გამოემშვიდობა ნეტარ მეუდაბნოე მამებსაც. მას ძალიან უჭირდა აქაურობის დატოვება, ისე იყო გულდამძიმებული, რომ ძლივს მოადგამდა ფეხს. სასოწარკვეთილ მამას ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „რად მწუხარებ, როცა მე გეგულვები მეოხად წინაშე უფლისა ყოველთასა, მეუფისა და ძისა ჩემისა?!” მადლიერმა წმიდანმა ამ ხილვის მოსაგონებლად თესალონიკში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ორი დიდი ხატი შეუკვეთა.
სერბეთში წმიდა მამის მოღვაწეობას მრავალი ნიში და სასწაული ახლდა თან. ღამისთევის ლოცვებისა და ლიტურღიის დროს, საბა თავისი მამის უხრწნელ ცხედარს უკმევდა. მისი ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოედინებოდა.
ერთხელ უნგრეთის მეფე ვლადისლავმა სერბეთს ომი გამოუცხადა. მასთან მოლაპარაკება მიანდეს წმიდა საბას, რომელმაც არა მარტო სასურველი მშვიდობა მოუპოვა თავის ერს, არამედ უნგრელი მონარქი მართლმადიდებლობაზეც კი მოაქცია. წმიდა მთავარეპისკოპოსი, რომელმაც სათავე დაუდო სერბეთს ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას, იღვწოდა სერბეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვისაც. ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ განემტკიცებინა, მან მეფედ აკურთხა თავისი ძმა – სტეფანე, მისი მიცვალების შემდეგ კი – რადოსლავი, სტეფანეს ძე. ამის შემდეგ საბამ მოილოცა იერუსალიმის სიწმიდეები. სამშობლოში დაბრუნებულმა კი უკვე ვლადისლავს დაასხა ხელი მეფედ და სერბეთის ტახტის განსამტკიცებლად ბულგარეთის მთავრის, ასანის ასულზე დააქორწინა იგი. მღდელმთავარმა მოიარა მთელი სერბეთი, მონასტრების წეს-განგებანი ათონისა და პალესტინის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეასწორა, მრავალი ტაძარი ააგო და აკურთხა, განამტკიცა მრევლი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ამის შემდეგ კი მღვდელმონაზონ არსენს დაასხა ხელი ეპისკოპოსად, დალოცა ყველა და დატოვა მშობლიური ქვეყანა, რადგან სურდა, მყუდროებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. მან იმოგზაურა პალესტინაში, სირიასა და სპარსეთში, ბაბილონში, ეგვიპტესა და ანატოლიაში, მოილოცა წმიდა ადგილები, მოინახულა იქ მოსაგრე დიდი მამები, თან წმიდანთა უხრწნელ ნაწილებსაც აგროვებდა.
სერბეთის ეკლესიის პირველმა მთავარეპისკოპოსმა თავისი ცხოვრება ბულგარეთში, ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასანის სასახლეში დაასრულა (+1237). მალე საბას წმიდა ნაწილები სერბეთში გადაასვენეს. გადასვენებისას იმდენი სასწაული აღესრულა, რომ ბულგარელები განაწყენდნენ თავიანთ მეფეზე, როგორ თმობსო ასეთ საუნჯეს. წმიდანის ცხედარი მილეშევოს ტაძარში დაასვენეს. აქაც მრავალი კურნება მოხდა. სასწაულები აღესრულებოდა ტირნივში დარჩენილ საბას კუბოს ნაწილებთანაც.
დიდია წმიდა მღვდელმთავრის, საბა სერბელის მემკვიდრეობის მნიშვნელობა სლავებისთვის. მის სახელთანაა დაკავშირებული იერუსალიმის წესდების შემოღება სლავურ სავანეში; ათონის ხილენდარის მონასტერი დღემდე მისი დადგენილი ტიპიკონით ცხოვრობს; მეტად გავრცელდა სჯულისკანონის საბასეული რედაქცია ალექსი არისტანის განმარტებებით. საბასეული რედაქცია უდევს საფუძვლად ბეჭდურ სჯულის კანონსაც, რომელიც 1653 წელს გამოიცა და რომლითაც დღესაც ხელმძღვანელობს რუსეთის ეკლესია.