„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

26.02.2026. დიდმარხვის I შვიდეული
ხუთშაბათი. მძიმე მარხვა
ღირსისა მარტინიანე პალესტინელისა (V); ღირსისა ზოიასი და ფოტინესი (V); ღირსისა ევლოგი ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (607-608); ღირსისა სტეფანესი (სამონაზვნო წესით სვიმეონისა), სერბეთის მეფისა, მირონმდინარისა (1200).
დღის ლოცვები
ღირსი მარტინიანეს
ტროპარი: ალი მაცთურისა და საბრხენი მისნი ცრემლითა შენითა დაშრიტენ, სანატრელო, და ზღვისა ღელვანი და მხეცთა ზახებანი დააყუდენ, და ესრეთ ღაღადებდ უფლისა მიმართ: უფროისად დიდებულ ხარ შენ, ყოვლადძლიერო ღმერთო, რომელმან ცეცხლისა და მახვილისაგან მიხსენ მე.
კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა გამოცდილსა მოღუაწესა და ვნებათა აღმრჩეველსა პატიოსანსა, და უდაბნოსა ცხორებისა დამამკვიდრებელსა, ღირსად გალობით ვაქებდეთ მარტინიანეს, მარადის სანატრელსა, რამეთუ მან გველი დასთრგუნა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 2: 11-21
11. დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს! 12. რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება. 13. ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას, 14. ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს, 15. ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს, 16. ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას. 17. დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს. 18. და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება. 19. შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. 20. იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა. 21. რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
მწუხრზე: დაბ. 2: 4-19. იგავ. 3: 1-18
4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. 5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა. 6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს. 7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. 8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. 9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა. 10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. 11 . ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. 12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც. 13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას. 14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი. 15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. 16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. 17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. 18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.
1. შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, 2. დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ. 3. მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე. 4. წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში. 5. ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. 6. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს. 7. ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. 8. ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის. 9. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით. 10. ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები. 11. უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; 12. რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს. 13. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! 14. რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი – ხალას ოქროს. 15. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას. 16. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა; 17. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა. 18. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსი მარტინიანე (V)
ღირსი მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ მეოთხედი საუკუნე დაჰყო უფლისთვის სათნო ღვაწლში, სრულ მდუმარებაში და კურნების ნიჭიც მიემადლა, მაგრამ ადამიანთა მოდგმის მტერი არ ცხრებოდა და ათასგვარი საცდურით ცდილობდა მის მონადირებას. ერთხელ, ერთმა მეძავმა ქალმა გარყვნილ ადამიანებში დაიქადნა, რომ შესძლებდა ეცდუნებინა თავად მარტინიანეც, ვისი კეთილმსახურების ამბავიც მთელს ქალაქს მოედო. იგი წმიდა მამის კელიას ღამით მიადგა მწირის სახით და თავშესაფარი ითხოვა. მარტინიანეს შეებრალა ქალი და შეივრდომა. მაგრამ აი, ცბიერმა სტუმარმა სხვა, ძვირფასი სამოსელი ჩაიცვა და მოსაგრის ცდუნება დაიწყო. მაშინ ნეტარი მამა გარეთ გავიდა, კოცონი დაანთო და გავარვარებულ ნაკვერცხლებზე შიშველი ფეხებით შედგა, თან საკუთარ თავს ეუბნებოდა: „გიმძიმს, მარტინიანე, ამ დროებითი ცეცხლის გაძლება? როგორღა გაუძლებ დემონის მიერ შენთვის გამზადებულ მარადიულ ცეცხლს?!“ ამ სანახაობით თავზარდაცემულმა მეძავმა შეინანა თავის შეცოდება და წმიდანს შესთხოვა, ცხონების გზაზე დაეყენებინა. მარტინიანეს კურთხევით, იგი ბეთლემში, წმიდა პავლას მონასტერში გაემგზავრა, სადაც 12 წელი ცდილობდა მკაცრი მოღვაწეობით სინანულის ღირსი ნაყოფის გამოღებას. ეწია კიდეც ნეტარ აღსასრულს. ამ ქალს ზოია ერქვა.დამწვრობათაგან განკურნებული ახოვანი მოსაგრე უდაბურ, კლდოვან კუნძულზე დაემკვიდრა და აქ, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა რამდენიმე წლის მანძილზე. იგი იკვებებოდა საზრდელით, რომელსაც დროდადრო უზიდავდა ერთი მენავე. სანაცვლოდ ღირსი მამა მას კალათებს უწნავდა.
ერთხელ, ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და სამგზავრო ხომალდი დაიღუპა. მის ნამსხვრევს ჩაჭიდებული ასული ფოტინია ზღვის ტალღებმა კუნძულთან მოაგდო. ღირსი მამა დაეხმარა მას ნაპირზე გამოსვლაში და უთხრა: „დარჩი აქ, აი, პური და წყალი, ორი თვის შემდეგ კი მენავე მოვა!“- ეს თქვა წმიდანმა, ზღვაში გადაეშვა და გასცურა. ხმელეთზე იგი ორმა დელფინმა გამოიყვანა. ამ დღიდან ნეტარი მარტინიანე მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ ათენში ჩასული ღირსი მამა დასნეულდა. მან აღსასრულის მოახლოება იგრძნო, ტაძარში შევიდა, იატაკზე გაწვა, ეპისკოპოსს მოუწოდა და სთხოვა, დაეკრძალა მისი ცხედარი. ეს მოხდა 422 წელს.
ნეტარი ქალწული ფოტინია კუნძულზე დარჩა, ექვსი წლის განმავლობაში იღვაწა აქ განმარტოვებით , შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მენავემ, რომელიც მარტინიანეს მსგავსად, მასაც უზიდავდა საზრდელს, წმიდანის ცხედარი პალესტინის კესარიაში გადაასვენა. ეპისკოპოსმა სამღვდელო დასთან ერთად იგი პატივით მიაბარა მიწას.
ღირსი ზოია და ფოტინე (V)

ღირსი ევლოგი ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (+607-608)
ღირსი ევლოგი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი VI საუკუნის მოღვაწე იყო. იგი თავდაპირველად მაცხოვრის შობის იუსტინეს სავანეს წინამოძღვრობდა ანტიოქიაში, შემდეგ კი ალექსანდრიის კათედრაზე აღასაყდრეს. ახალ ხარისხში 27 წლის მანძილზე დაუცხრომლად იბრძოდა სხვადასხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ. ცნობები ევლოგის მოღვაწეობის შესახებ დაცულია ღირსი მამის, გრიგოლ დიოლოღოსისადმი მიმართულ წერილებში.წმიდა ევლოგი 607 ან 608 წელს გარდაიცვალა. მისი თხზულებები მხოლოდ ნაწილობრივ, პატრიარქი ფოტის ამონაწერების სახითაა შემორჩენილი. ისინი ძირითადად ქრისტეს ორბუნებოვნებას ეხება და მის დროს გავრცელებული სხვადასხვა ერესის წინააღმდეგაა მიმართული. სრული სახით ჩვენამდე მოაღწია მისმა მხოლოდ ერთმა, ბზობის კვირიაკეს წარმოთქმულმა ქადაგებამ.
ღირსი სვიმეონი-სერბეთის მეფე, მირონ-მდინარე (+1200)
ღირსი სვიმეონ მირონმდინარე, სერბეთის მეფე XII საუკუნეში ცხოვრობდა. მას ერობაში სტეფანე ნემანი ერქვა და სერბეთის დიდი ჟუპანი (მთავარი) იყო. სვიმეონმა ბევრი იღვაწა თავისი სამშობლოსათვის: გააერთიანა სერბეთის მიწების დიდი ნაწილი, დამოუკიდებლობა მოუპოვა ქვეყანას. ის გულმოდგინედ იცავდა თავის ერს ლათინთა მწვალებლობის თუ სხვა ერეტიკულ სწავლებათაგან. 80 წლის ასაკში სტეფანემ მიაშურა ათონს, სადაც თავისი წმიდა ცხოვრებით უკვე გაეთქვა სახელი მის ძეს – ღირს საბას (ხს. 12 იანვარს). აქ მათ ერთად განაახლეს ხილენდარის მიტოვებული მონასტერი, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული ბერები. წმიდა სვიმეონი ახოვანი მოსაგრე და ძმების ბრძენი მოძღვარი იყო. იგი 1200 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. ნეტარი მოღვაწის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. წმიდა საბამ მამის ნეშტი გადმოასვენა და მდინარე სტუდენცის ნაპირას მდებარე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა.