26.03.2026. დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. ხუთშაბათი

26.03.2026. დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. ხუთშაბათი

     „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17). 

     ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული

26.03.2026. ხუთშაბათი

წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელ პატრიარქის ნაწილთა აღმოყვანება (846); მოწამისა საბინესი (287); მოწამეთა: აფრიკანესი, პუპლისა და ტერენტისა (III); მოწამისა ალექსანდრესი (305-311); მოწამისა ქრისტინე სპარსისა (IV); ღირსისა ანინე ხუცისა.

დღის ლოცვები

აღმოყვანება ნაწილთა ნიკოფორე კონსტანტინოპოლელი პატრიარქის

კონდაკი: გუნდი მამამთავართა წმიდასა ხსენებასა შენსა აქებენ და გალობით პატივს სცემენ, ნიკიფორე, რამეთუ მიიღეს სული შენი დიდებით; ამისთვის დღეს ეკლესია პატიოსანი, მადიდებელი ქრისტეს მეუფისა, ადიდებს მხოლოსა კაცთმოყუარესა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 42: 5-16

5. ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა – მასზე მავალთათვის: 6. მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახვ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის, 7. რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან – ბნელში მსხდომარენი. 8. მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას – გამოქანდაკებულ კერპებს. 9. აჰა, ამხდარია წინანდელნი და ამიერიდან ახალს გამოგიცხადებთ; ვიდრე აღმოცენდებოდეს, გაცნობებთ. 10. უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო! 11. ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ! 12. მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებელი ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ! 13. როგორც გმირი, გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ. 14. დიდხანს ვდუმარებდი, ვჩუმდი, თავს ვიკავებდი; ახლა ავკივლდები მშობიარესავით, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად. 15. გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს. 16. წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი წებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროებს – ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.

მწუხრზე: დაბ. 18: 20-33 

20. თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. 21. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია. 22. გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე. 23. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ? 24. იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან? 25. არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს. 26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის. 27. მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა: 28. ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი. 29. განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის. 30. თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი. 31. თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის. 32. უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის. 33. წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.

მწუხრზე: იგავ. 16: 17 – 17: 17 

17. მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს. 18. დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას – ქედმაღლობა. 19. ბეჩავ ხალხთან თავმდაბლობა გერჩიოს ქედმაღლებთან ნადავლის გაყოფას. 20. საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია. 21. გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს. 22. სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა. 23. ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს. 24. საამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება. 25. არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა. 26. მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს. 27. უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია. 28. უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს. 29. მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცთუნებს და უკეთური გზით ატარებს. 30. ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის. 31. დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება. 32. სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი – ქალაქის ამღებს. 33. წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.

1. ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში. 2. გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს. 3. ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა – ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია. 4. ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას უგდებს ყურს. 5. ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება. 6. მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია. 7. უგვანს არ მოსდევს რჩეული სიტყვები, როგორც კეთილშობილს ყალბი სიტყვები. 8. ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება. 9. დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს. 10. გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა. 11. უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება. 12. უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით. 13. სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა. 14. დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა. 15. ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე. 16. ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს? 17. მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე იპოლიტე საპყრობილეთა უფროსად მსახურობდა რომში. იგი ქრისტიანობაზე წმიდა ლავრენტიმ (ხს. 10 აგვისტოს) მოაქცია. იპოლიტემ პატივით მიაბარა მიწას მოწამეობრივად აღსრულებული თავისი მოძღვრის ცხედარი. როცა ამის შესახებ იმპერატორ ვალერიანეს (253-259) მოახსენეს, მან შეაპყრობინა იპოლიტე და სიცილით ჰკითხა: „შენც ჯადოქარი ხომ არ გამხდარხარ, ლავრენტის გვამი რომ მოგიპარავს?“ პასუხად წმიდანმა გაბედულად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა არგნებით გვემეს ნეტარი, ის კი დაუდუმებლად ადიდებდა ქრისტეს. იმპერატორმა ბრძანა, სამხედრო ტანსაცმლით შეემოსათ წმიდა იპოლიტე, შემდეგ კი უთხრა: „გაიხსენე შენი ხარისხი და განაახლე ჩვენთან მეგობრობა: უწინდებურად ჩვენთან ერთად შესწირე მსხვერპლი ღმერთებს!“ მაგრამ მოწამემ უპასუხა: „მე ქრისტეს, ჩემი მაცხოვრის მხედარი ვარ და მისთვის მსურს სიკვდილი“. მაშინ იპოლიტეს მთელი ქონება ჩამოართვეს, მთელ მის სახლეულს თავები წარკვეთეს, ძიძა – კონკორდია წყალში დაახრჩვეს; თავად მარტვილი კი გახელებულ ცხენებს გამოაბეს, რომლებმაც მანამ ათრიეს ქვებზე, სანამ, სხეულდაფლეთილს და თავდაჩეჩქვილს, სული არ აღმოხდა. ეს მოხდა 258 წლის 13 აგვისტოს, წმიდა ლავრენტის მოწამეობრივი აღსასრულიდან სამი დღის შემდეგ.
ღამით ხუცესმა იუსტინემ მოწამეები ფარულად დაფლა სიკვდილით დასჯის ადგილას, წმიდა კონკორდიას ცხედარი კი უსჯულოებმა რომში შეურაცხ ადგილას დააგდეს. მალე ქრისტიანებმა, ირინეოსმა და აბუნდიმ ერთი მხედრისაგან გაიგეს ნეტარი მარტვილის ცხედრის ადგილსამყოფელი, კრძალვით წაასვენეს იგი და წმიდა იპოლიტეს გვერდით დაკრძალეს. ამისთვის ისინი, ისევე, როგორც კონკორდია, წყალში დაახრჩვეს 26 აგვისტოს. ქრისტიანებმა უფლის სათნომყოფელთა ცხედრები წმიდა ლავრენტის საფლავის სიახლოვეს მიაბარეს მიწას. 
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. საფუძვლიანი განათლების მიღების შემდეგ იგი სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და იმპერატორ ჰერაკლეს (610-641) პირველი მდივანიც გახდა. ამ დროს გავრცელდა მონოთელიტთა ერესი, რომელსაც თავად თვითმპყრობელიც თანაუგრძნობდა. მაქსიმემ დატოვა სამეფო კარი და ქალკედონის მახლობლად, ქრისოპოლის სავანეში ბერად აღიკვეცა. კეთილმსახურებით გამორჩეული მამა მალე მონასტრის წინამძღვრადაც აირჩიეს. 633 წელს, ღვთის ნებით, წმიდანმა აფრიკას მიაშურა და მხურვალედ ქადაგებდა ჯერ ალექსანდრიაში, შემდეგ კი – კართაგენში. ღირსი მაქსიმე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც სასტიკად იდევნებოდა. ნეტარი რამდენჯერმე გადაასახლეს. ბოლოს წმიდანს ენა და მარჯვენა ხელი მოაჭრეს, რომ ვერც სიტყვით და ვერც კალმით ვერ ეღიარებინა ჭეშმარიტება და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს, სადაც სასწაულებრივ დაუბრუნდა მეტყველების და წერის უნარი. ღირსმა მაქსიმემ წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 662 წლის 13 აგვისტოს (იხ. ამ დღის საკითხავი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარი ქალაქ ცაგერში დაკრძალეს. მის საფლავზე სასწაულები აღესრულებოდა. 21 იანვარს ეკლესია იხსენიებს ღირსი მაქსიმეს უხრწნელი ნაწილების აღმოყვანებას. 
წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (ერობაში – ტიმოთე) 1724 წელს დაიბადა ნოვგოროდის ეპარქიის სოფელ კოროცკში, დიაკონ სავლე კირილოვის ოჯახში (ახალი გვარი _ სოკოლოვი მას მოგვიანებით მიაკუთვნა ნოვგოროდის სემინარიის ხელმძღვანელობამ). ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნაბოლარაზე ზრუნვა ძმამ იტვირთა და ცამეტი წლისა მიაბარა ნოვგოროდის სასულიერო სასწავლებელში. როცა სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა, ტიმოთე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, აქ მთავარეპისკოპოსის ხარჯზე მიიღეს. ნეტარი გულმოდგინედ მეცადინეობდა, თავისი ულუფა საჭმლის ნაწილს ყიდდა და სანთლებს ყიდულობდა, რომ საღამოობით წიგნები ეკითხა. 1754 წელს ტიმოთემ ბრწყინვალედ დაამთავრა სემინარია და იქვე დატოვეს ჯერ ბერძნული ენის, შემდეგ კი – რიტორიკისა და ფილოსოფიის მასწავლებლად. 1758 წელს წმიდანი ბერად აღიკვეცა ტიხონის სახელით. იმავე წელს იგი სემინარიის პრეფექტად დანიშნეს, 1759 წელს კი ტვერში გადაიყვანეს და არქიმანდრიტად დაადგინეს; შემდგომ ნეტარს ტვერის სემინარიის რექტორობაც მიანდეს; 1761 წლის 13 მაისს კი კეკსგოლმისა და ლადოგის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1763 წელს ტიხონს ვორონეჟის კათედრა ჩააბარეს. ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.
1767 წელს შერყეული ჯანმრთელობის გამო წმიდანი იძულებული გახდა, ხელი აეღო სამწყსოს განმგებლობაზე და მონასტერში ეცხოვრა ბერის მშვიდი ცხოვრებით. განმხოლოების ჟამს ნეტარს უყვარდა წმიდანთა ცხოვრებისა და წმიდა მამათა თხზულებების კითხვა; ყველა ფსალმუნი ზეპირად იცოდა და გზაში, ჩვეულებრივ, გალობდა მათ.
დაუცხრომელი ღვაწლით ღირსმა ტიხონმა ზეციურის განჭვრეტისა და წინასწარხედვის მადლი მოიგო. მან მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველა რუსეთის ცხოვრებიდან. სიკვდილის დღისთვის წმიდანს წინასწარ ჰქონდა გამზადებული სამოსელი და კუბო.
ტიხონ ზადონელი – საკვირველთმოქმედი რუსი მამა გარდაიცვალა 1783 წლის 13 აგვისტოს, კვირადღეს, ორმოცდაცხრამეტი წლის ასაკში. მისი კანონიზაცია და უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება აღესრულა 1861 წლის 13 აგვისტოს.