…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-7 შვიდეული. სამშაბათი. ხსნილი
შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა.
ღირსისა ეფთვიმე ახლისა, ქართველისა, ათონელისა, მთარგმნელისა (1028); ღირსმოწამეთა, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან წამებულთა (XIII); მოწამისა გლიკერია ქალწულისა და მის თანა ლაოდიკესი, დილეგის მცველისა (177); მოწამისა ალექსანდრე რომაელისა (284-305); პავსიკაკო სინადელ ეპისკოპოსისა (606); წმიდისა გიორგი აღმსარებელისა, მეუღლისა მისისა ირინესი და შვილთა მათთა (IX).
დღის ლოცვები
ღირსი ექვთიმე ათონელის კონდაკი:
ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან სათნოებათა ბრწყინვალებითა და კურნებათა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებლად, ქრისტეს მსახურო, ვინა დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივს სცემს ღუაწლთა შენთა, ყოვლადნეტარო მამაო ექვთიმე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: საქმ. 21: 26-32. (დას. 46). ინ. 16: 2-13 (დას. 53).
ღირ. 1 კორ. 12: 7-11 (დას. 151). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ცისკ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ლიტ.: საქმ. 21: 26-32
26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი. 27. შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას 28. და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი. 29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი). 30. შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი. 31. როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო. 32. დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას.
ლიტ.: ინ. 16: 2-13
2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. 3. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. 4. მაგრამ ეს გითხარით, რათა, როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი. 5. ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო. 6. თუმცა, ეს რომ გითხარით, მწუხარებით აღივსო თქვენი გული. 7. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. 8. და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის: 9. ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს. 10. სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ. 11. განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია. 12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ. 13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
ღირ. 1 კორ. 12: 7-11
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. 8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; 9. ზოგს – რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს – ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით; 10. ვის – სასწაულთმოქმედება, ვის – წინასწარმეტყველება, ვის – სულთა გარჩევა, ვის – სხვადასხვა ენა, ვის კიდევ – განმარტება სხვადასხვა ენის. 11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.
ღირ. მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177)
წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177) მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტეს აღსარებისათვის იმპერატორ ანტონინეს (138-161) დროს. წმიდა გლიკერია არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მაკარი ქალაქ რომის მმართველი იყო, შემდგომ თრაკიის ქალაქ ტრინოპოლში გადასახლდა. გლიკერია ადრე დაობლდა. ქრისტიანებთან დაახლოებამ ქალწული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იგი ყოველდღე დადიოდა ღვთის ტაძარში. ქალაქის მმართველმა საბიანემ მიიღო იმპერატორის ბრძანება, ქრისტიანებისთვის მოეთხოვა წარმართული მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მანაც დანიშნა დღე ზევსის კერპის საყოველთაო თაყვანისცემისათვის. წმიდა გლიკერიამ მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის აღსრულებულიყო, ქრისტიანებს გაუმხილა თავისი წადილი და სთხოვა, ელოცათ მისთვის. ზევსის დღესასწაულზე შუბლზე ჯვარგამოსახული ქალწული სამსხვერპლოში გამოცხადდა. წმიდანი მზით განათებულ ადგილზე დადგა, თავსაბურავი მოიხსნა და ყველას დაანახა შუბლზე გამოსახული წმიდა ჯვარი. ქრისტეს ტარიგი მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართთა გონზე მოყვანას და ზევსის ქვის კერპის დამსხვრევას. მოულოდნელად გრუხუნი გაისმა. ზევსის ქანდაკება მიწაზე დაემხო და დაიმსხვრა. გამძვინვარებულმა საბიანემ და ქურუმებმა ხალხს უბრძანეს, ქვებით ჩაექოლათ გლიკერია, მაგრამ ქვები ვერ აღწევდა წმიდანამდე – უფალი იცავდა თავის რჩეულს. ქრისტეს აღმსარებელი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქრისტიანმა მღვდელმა ფილოსტრატემ მოინახულა და გაამხნევა იგი. დილით ქალწული საწამებლად გამოიყვანეს. როცა წამება დაიწყო, ჯალათთა შორის უეცრად ანგელოზი გამოჩნდა. ყველანი შიშით ზარდაცემულნი, მიწაზე განერთხნენ. როცა ჩვენება გაქრა, საბიანეს ბრძანებით წმიდანი საპყრობილეში ჩააბრუნეს, კარები მტკიცედ დაუგმანეს და მმართველის პირადი ბეჭდით დაბეჭდეს. პყრობილობის მანძილზე წმიდა ქალწულთან უფლის ანგელოზს მოჰქონდა პური და წყალი. მრავალი დღის შემდეგ საბიანემ თვითონ გახსნა ბეჭედი, შევიდა საკანში და გაოგნდა, როცა ცოცხალი და საღსალამათი წმიდანი იხილა. საბიანე ირაკლიაში წავიდა და წმიდა გლიკერიაც თან წაიყვანა. წმიდანს წინ შემოეგება ირაკლიის ეპისკოპოსი დომენტი კრებულთან ერთად და ილოცეს მისი განმტკიცებისათვის. ირაკლიაში წმიდა გლიკერია გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლი ჩაქრა და ღუმელიც გაცივდა. მრისხანებისაგან გონდაკარგულმა მმართველმა ბრძანა, ქალწულისთვის ტყავი გაეძროთ. სასწაულებრივად შუაღამეს უფლის ანგელოზი გარდამოხდა ზეცით და წყლულები გაუმთელა მოწამეს. დილით დილეგის მცველმა ვერ იცნო წმიდა გლიკერია, ეგონა, რომ ტუსაღი გაექცა და დასჯის შიშით თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ წმიდანმა შეაჩერა. სასწაულით შეძრულმა ლაოდიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და წმიდანს შეევედრა, ელოცა მისთვის, რომ თვითონაც მასთან ერთად აღსრულებულიყო უფლის სადიდებლად. „შეუდექ ქრისტეს და ცხონდები“, – უპასუხა წმიდა ქალწულმა. ლაოდიკემ წმიდა გლიკერიას ბორკილები თვითონ დაიდო, სამსჯავროზე მმართველს და დამსწრეებს მოუთხრო ანგელოზის მიერ წმიდა ქალწულის განკურნებაზე და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ღვთის რჩეულს სასწრაფოდ მოკვეთეს თავი. ქრისტიანებმა მალულად წაასვენეს მისი ცხედარი და პატივით დაკრძალეს.წმიდა გლიკერია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომმა მორჩილებით აულოკა მას ფეხები. წმიდანი შეევედრა უფალს, მიეღო მისი სული. ზეციდან კი გაისმა ხმა, მაუწყებელი იმისა, რომ სასუფევლის კარები განხმული იყო ქრისტეს სასძლოსთვის. ამ დროს გალიიდან მეორე ლომიც გამოუშვეს. მან მოაკვდინა წმიდანი, მაგრამ არ დაუგლეჯია. ეპისკოპოსმა დომენტიმ და ირაკლიელმა ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მოწამე გლიკერია. მალე მისი წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა.
წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი (284-305)
წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი (284-305) ქრისტესთვის აღესრულა IV ს-ის დასაწყისში. ის მხედარი იყო და რომში მსახურობდა ტრიბუნ ტიბერიანეს პოლკში. წმიდა ალექსანდრე 18 წლის იყო, როცა იმპერატორმა მაქსიმიანე ჰერკულესმა (284-305) გამოსცა ბრძანება, რომ განსაზღვრულ დღეს ყველა მოქალაქე მისულიყო ზევსის ტაძარში და მსხვერპლი შეეწირა. ბავშვობიდან ქრისტიანული სარწმუნოებით გაზრდილმა ალექსანდრემ უარი განაცხადა დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. შეშინებულმა ტიბერიანემ იმპერატორთან დაასმინა წმიდანი. როცა მის შესაპყრობად მოვიდნენ, ალექსანდრეს ეძინა. წმიდანი ანგელოზმა გამოაღვიძა და მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრული აუწყა. მაქსიმიანეს წინაშე წმიდა ალექსანდრემ უშიშრად აღიარა ქრისტე. როცა დაპირებებმა არ გაჭრა, წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს. იმპერატორის ბრძანებით ტიბერიანე თრაკიაში წავიდა და თან იახლა წმიდა ალექსანდრე. უფლის ანგელოზმა წმიდანის დედას პიმენიას გამოუცხადა შვილის მოწამეობრივი მოღვაწეობა. წმიდა ალექსანდრეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ჯალათმა ხელი ვერ აღმართა წმიდანის მოსაკვდინებლად, რადგან ხედავდა მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს. წმიდა მოწამის ლოცვით ანგელოზები უჩინო იქმნენ და ჯალათმაც თავი წარკვეთა მას. წმიდანის გვამი მდინარეში ჩააგდეს, მაგრამ ოთხმა ძაღლმა ხმელეთზე ამოიყვანა იგი და მხნედ უდარაჯა, სანამ არ მოვიდა დედა და პატივით არ დაფლა შვილის ცხედარი მდინარე ერიგონის ნაპირას. წმიდანის საფლავთან კურნებები აღესრულებოდა.წმიდა პავსიკაკოს, სინადის ეპისკოპოსი (+606)
წმიდა პავსიკაკოს, სინადის ეპისკოპოსი (+606) ცხოვრობდა სირიის ქალაქ აპამეაში. ბავშვობიდანვე ქრისტიანულად გაზრდილმა ადრევე დაიწყო ასკეტური ცხოვრება. წმიდანს უფლისაგან ხორციელ და სულიერ სენთა კურნებების ნიჭი მიემადლა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა კირიკემ (592-606) წმიდა პავსიკაკოსს ხელი დაასხა სინადის ეპისკოპოსად. კონსტანტინეპოლში ყოფნისას წმიდა პავსიკაკოსმა განკურნა იმპერატორი მავრიკიუსი, უკან დაბრუნებულმა უფალს წყალი სთხოვა წყურვილისაგან ქანცგაწყვეტილი თანამგზავრებისათვის. წმიდანის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. პავსიკაკოსი მშვიდობით აღესრულა 606 წელს.წმიდა გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინე და შვილი მათნი (IX)
წმიდა გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინა და შვილნი მათნი (IX) აღესრულნენ ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. იმპერატორი თეოფილე აიძულებდა წმიდა გიორგის, უარი ეთქვა ხატთა თაყვანისცემაზე. რაზედაც აღმსარებელმა უარი განაცხადა. იმპერატორის ბრძანებით წმიდანს ქონება წაართვეს, თვითონ კი ყელზე თოკგამობმული კონსტანტინეპოლის ქუჩებში ატარეს და დილეგში ჩააგდეს. ამის შემდეგ წმიდა გიორგი ცოლთან და შვილებთან ერთად კონსტანტინეპოლში გადაასახლეს.ღირსი ექვთიმე ათონელი, მთარგმნელი (+1028)
ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი დაიბადა X საუკუნის სამოციან წლებში. საოცრად და განსაკუთრებულად დაიწყო წმიდანის ცხოვრება: მამამისი წმიდა იოანე მთაწმინდელი ერისკაცობაში საქართველოს მეფის დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო. წმიდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, რადგან ჰქონდა „ცეცხლი იგი ქრისტეს სიყვარულისაჲ გულსა მისსა მძაფრად აღტყინებული“; ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და იქ მოღვაწე მამებისაგან მიიღო მონაზვნობის კურთხევა.იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. ამ დროს ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევალთა შორის აღმოჩნდა იოანეს მცირეწლოვანი შვილი, ექვთიმე.
ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანემ გვიან გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი, ვერ მოითმინა, ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გამოსთხოვა, სიმამრს კი წყენით უთხრა: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ“. იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა.
მალე მთელ ულუმბოსა და მის შემოგარენს მოეფინა ღირსი იოანეს სახელი, მას „პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი“, ამიტომ „კუალად უცხოებასავე მიჰმართა“ – თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა და ღირსი ათანასე დიდის (ხს. 5 ივლისს) ლავრაში დაეყუდა.
სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვედლთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცვად დაემხო.
როცა წმიდა იოანე ეკლესიიდან სენაკში შებრუნდა, მაშინვე ეცა ნელსაცხებლის საამო სურნელი და ნახა, რომ რამდენიმე წუთის წინ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ყრმა სრულიად ჯანმრთელი იჯდა. მან მამამისს მოუთხრო, რომ სანამ ის ეკლესიაში იყო წასული, მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: „რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?“ – „მოვკუდები, დედოფალო“, – მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი“. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული „აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა“.
ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთმა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“.
წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმინდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: „მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა“. მეფე ჟამით-ჟამამდე შეკვეთას აძლევდა ათონელ მამას.
ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: „ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი“.
მამის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ექვთიმე გახდა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს.
მრავალი სასწაული ქმნა მამა ექვთიმემ: ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამამისი ღირსი იოანე ცოცხალი იყო, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხმა თვემ უწვიმრად გადაიარა, ხე და ვენახი გახმა, მიწა დასკდა. მამა იოანემ შვილს უბრძანა: „წარიყვანენ ძმანი და წარვედით ეკლესიასა წმიდისა ელიაჲსსა და ღამე ათიეთ და ჟამის-წირვაჲ აღასრულეთ“. წირვაზე სახარების კითხვისას ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმიდა ზიარების დაწყებისას კი – წვიმა წამოვიდა.
ფერისცვალების დღესასწაულზე, ათონის მთაზე სალოცავად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ცეცხლის ალში გახვეული მამა ექვთიმე. ხალხი მუხლებზე დაემხო მის წინაშე, ექვთიმემ კი დაამშვიდა ისინი: „ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაჲ საღმრთოჲ იქმნა და ქრისტემან თჳსი დღესასწაული ადიდა“.
მამა ექვთიმემ თავის მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაადგინა, რომლის აღსრულებაც ყველასთვის სავალდებულო იყო.
ეშმაკმა ვერ აიტანა მამა ექვთიმეს და მისი მონასტრის ძმების ასეთი ღვთვისათნო მოღვაწეობა და რაოდენ საოცარია, რომ ბოროტმა ძალამ წმიდა მთაზეც კი იპოვა მისი ნების შემსრულებელი და ორჯერ მკვლელი მიუგზავნა წმიდა ექვთიმეს, მაგრამ ღვთის განგებამ დაიცვა ექვთიმეს სიცოცხლე და ორივეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.
იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ რომელსაც „დიდი სარწმუნოებაჲ და სიყუარული ჰქონდა მისა მიმართ ღირსებისა მისისათჳს“, წმიდა ექვთიმე სამეფო კარზე დაიბარა, ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ექვთიმეს და ცრემლით უთხრა: „ვაჲმე უბადრუკსა, რამეთუ არღარა ოდეს გიხილო შენ ხორციელად, ჰოი, წმიდაო მამაო!“ ღირსმა ექვთიმემ დაუდასტურა წინასწართქმული.
იმპერატორმა დიდი პატივით ისტუმრა ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულის შემდეგ მამა ექვთიმემ მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. მას ახლად ნაყიდი ჯორი შეუკაზმეს. გზაზე შავით მოსილი გლახაკი გადაუდგა და მოწყალება სთხოვა. ღირსმა მამა ჯიბეში ჩაიყო ხელი, მაგრამ ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდა, აიწყვიტა და წმიდანი ძირს ჩამოაგდო.
მომაკვდავ მამა ექვთიმეს მთელი საბერძნეთი დასტიროდა.
ლოცვით და ღმრთის დიდებისმეტყველებით აღესრულა წმიდა ექვთიმე და „წარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ღმერთსა“ (+1028).
წმიდა ექვთიმე ათონის მთაზე დაკრძალეს „სამარხოსა ლუსკუმასა ტაძარსა შინა წმიდისა იოანე ნათლისცემლისასა“.
წმიდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი (XIII)
ათონზე ლათინთაგან მოწყვეტილი წმიდა მამების ხსენების აღნიშვნა წმიდა ათონის მთიდან დაიწყო და შემდგომ თანდათან დამკვიდრდა სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში.როგორც ცნობილია, ქართველმა ბერებმა ათონის მთაზე X საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყეს დასახლება და სულ მალე იქ ჩამოყალიბდა ივერონად წოდებული ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი.
ათონის წმიდა მთას ხშირად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ გარეშე მტრები, XIII საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა. პაპისტმა მხედრებმა 1259-1306 წლებში რამდენჯერმე მოაოხრეს იქაურობა. მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისათვის მხეცურად ამოწყვიტეს ზოგრაფის, ვათოპედის, პროტატის და სხვა სავანეთა ბერები… მათ რისხვას ვერც ივერთა მონასტერი გადაურჩა.
ამ დროს ათონის ივერთა მონასტერში ერთად მოღვაწეობდნენ ქართველი და ბერძენი მამები და საქართველოდან ივერონში მრავლად მიდიოდა ქართველ ბერმონაზონთა ახალი თაობა.
მხედრებმა ივერონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. მამებმა მხნედ ამხილეს მათი ცთომილება და მომხდურები ერესის ქადაგებისათვის ანათემას გადასცეს.
როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს, პაპისტებმა ივერონელი მამები ძალით გამოყარეს სავანიდან, მათგან უხუცესნი – ორასამდე ბერი – მონასტრის გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს, უფრო ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ბერები კი, რომელთა უმეტესობაც ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად.
ეს ამბავი ივერთა ლავრაში, ერთი ცნობით, 1259 წელს მომხდარა, სხვა წყაროების მიხედვით კი, სავარაუდოდ, 1276-1280 წლებში.