26.07.2026. მე-8 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.

26.07.2026. მე-8 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.

         …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43).

        …მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-8 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.
26.07.2026. ხსნილი 

630-თა წმიდათა მამათა, რომელნიც შეიკრიბნენ IV მსოფლიო კრებაზე; კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა; ღირსისა სტეფანე საბაიტელისა (794); ივლიანე კენომანიელ ეპისკოპოსისა (I); მოწამისა სერაპიონისა (II-III); მოწამისა მარკიანესი (258). 

დღის ლოცვები
კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა

კონდაკი: ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა, და ყოველთა შემოქმედისა, ყოვლადგამოუთქმელისა და საშინელისა სამებისა შენ ხარ ერის თავი, დიდებულო გაბრიელ, და მეოხი მვედრებელთა შენთა, წმიდაო, აწცა დაუცხრომელად ევედრე მას ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მფარველო მონათა შენთაო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

მწუხრ.: მამათა: 1) დაბ. 14: 14-20. 2) 2. შჯ. 1: 8-11, 15-17. 3) 2 შჯ. 10: 14-21.
ცისკ.: სახ. მე-9, ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
ლიტ.: 1 კორ. 1: 10-18 (დას. 124).მთ.14: 14-22 (დას. 58).
მამათა: ებრ. 13: 7-16 (დას. 334). ინ. 17: 1-13 (დას. 56).

მწუხრ.: მამათა: 1) დაბ. 14: 14-20 

14. როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას  თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე. 15. გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის. 16. დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც. 17. მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება. 18. ხოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. 19. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! 20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.

მწუხრ.: მამათა: 2) 2. შჯ. 1: 8-11, 15-17 

8. აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას – აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას. 9. ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება. 10. უფალი, თქვენი ღმერთი, გაგამრავლებთ-მეთქი და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ დღეს. 11. უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის.

15. ავიყვანე შტოთა თავკაცები – ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და დაგიდგინეთ თითოეულ შტოს მეთაურებად – ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, თქვენს შტოთა მიხედვით. 16. მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს მოძმეებს და საჯეთ სამართალი ერთმანეთს შორის მათსა და მათ მდგმურს შორის. 17. მიკერძოებული ნუ იქნები სასამართლოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი. თუ საქმე გეძნელათ, მე მომახსენეთ და მოვისმენ.

მწუხრ.: მამათა: 3) 2 შჯ. 10: 14-21 

14. აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია. 15. მაგრამ მხოლოდ შენი მამა-პაპა შეივრდომა სიყვარულით და გამოგარჩიათ თქვენ, მათი მოდგმა, ყველა ხალხიდან, როგორც დღეს. 16. დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები, 17. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. 18. იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს. 19. გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. 20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე. 21. ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.

ცისკ.: ინ. 20: 19 -31 

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. 24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ. 26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! 27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.  28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. 30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. 31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

ლიტ.: 1 კორ. 1: 10-18 

10. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით. 11. რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის. 12. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. 13. ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით? 14. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა. 15. რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე. 16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე. 17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი. 18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.

ლიტ.: მთ.14: 14-22 

14. გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი. 15. ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად. 16. მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. 17. ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა? 18. იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ. 19. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს. 20. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი. 21. ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. 22. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.

მამათა: ებრ. 13: 7-16 

7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.

მამათა: ინ. 17: 1-13 

1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. 2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს. 4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. 5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. 6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. 10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი; და მე ვიდიდე მათში. 11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. 12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. 13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული. 

 

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა
კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა ხარების მომდევნო დღეს, 26 მარტს იზეიმება (იხ. ამ დღის საკითხავი). 13 ივლისს ეს დღესასწაული ხელმეორედ აღინიშნება. როგორც ჩანს, მისი დაწესების მიზეზი შეიქნა XVIII საუკუნეში წმიდა მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის აგება კონსტანტინოპოლში.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

წმიდა იულიანე – კენომანიის ეპისკოპოსი (I)
წმიდა იულიანე – კენომანიელი ეპისკოპოსი პეტრე მოციქულმა აკურთხა მღვდელმთავრად. მას აიგივებენ სიმონ კეთროვანთან (მკ. 14,3), რომელსაც ნათლისღებისას იულიანე ეწოდა.
პეტრე მოციქულმა წმიდა იულიანე სახარების საქადაგებლად გალიაში გაგზავნა. ნეტარი ჩავიდა იტალიის სამხრეთით, კენომანიაში; ქალაქგარეთ, როგორც ჩანს, კრემონის მახლობლად, პატარა ქოხში დამკვიდრდა და წარმართთა შორის სახარების ქადაგება დაიწყო. კერპთმსახურები თავდაპირველად გულგრილად უსმენდნენ უცხოტომელს, მაგრამ მის მიერ აღსრულებული სასწაულების ხილვამ მათ გულებში თანდათან იულიანესადმი ნდობა გააღვივა. უამრავი ადამიანი მიდიოდა ნეტართან დახმარების სათხოვნელად. ისიც კურნავდა სნეულებებს და თან სულის წყლულებს წამლობდა – ქრისტეს სარწმუნოების ნათლით ანათლებდა უღმერთობის წყვდიადში მყოფთ.
წმიდა მამამ, მრავალრიცხოვან მნახველთათვის წყურვილი რომ მოეკლა, ილოცა, გამხმარ მიწას კვერთხი დაჰკრა და წყარო აღმოაცენა. ამ სასწაულმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარმა ეპისკოპოსი თავისთან მიიპატიჟა. ნეტარ მამას შეებრალა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმიდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდა იულიანეს და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა.
მთავრის მიბაძვით, მის ქვეშევრდომთა უმეტესობაც შეუდგა ქრისტეს. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველჰყო. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოს სულიერი განათლებისთვის და კვლავინდებურად სულიწმიდის მადლით კურნავდა სნეულებს, მგლოვიარე მშობლების სიბრალულით აღძრულ წმიდანს მათი მიცვალებული შვილების მკვდრეთით აღდგინებაც გამოუთხოვია უფლისგან.
ქრისტეს ერთგულმა მსახურმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს
წმიდა მოწამე სერაპიონი (II-III)
წმიდა მოწამე სერაპიონი იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მოღვაწეობდა. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი შეიპყრეს და მმართველ აკვილას სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც მან გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამით გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს ნეტარი.
მაცხოვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით გაამხნევა და ჭრილობათაგან განკურნა უფლის რჩეული. როცა უღმრთოებმა სამსჯავროზე ხელახლა წარმდგარი სერაპიონი სრულიად უვნებელი იხილეს, განრისხებულება ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილმა კოცონზე შეჰვედრა სული უფალს (+205).
წმიდა მოწამე მარკიანე (+258)
წმიდა მოწამე მარკიანე ლიკაონიის იკონიაში დაიბადა. თავისი მხურვალე ქადაგებით მან სიჭაბუკეშივე ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამისთვის კერპმსახურებმა წმიდანი აწამეს, შემდეგ კი კაბადოკიაში გაგზავნეს მმართველ პერენიუსთან. უსჯულო ხელისუფალი ხან ლიქნით, ხან მუქარით ცდილობდა ჭაბუკის გადაცდენას მაცხოვნებელი გზიდან, მაგრამ იგი მედგრად აღიარებდა ქრისტეს და ამხელდა უსულო კერპების მსასოებელი მმართველის უგნურებას. განრისხებულმა პერენიუსმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი მარტვილი, მაგრამ სატანჯველებმა ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. ბოლოს უღმრთოებმა მარკიანეს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+258).
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი იოანე დამასკელის (ხს. 4 დეკემბერს) ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოსაგრეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს… წმიდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირსი მამის ცხოვრება მისმა მოწაფემ, ლეონტიმ აღწერა (იხ. 28 ოქტომბრის საკითხავი).