გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
26.08.2025 მარხვა
უფლის ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნა. ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში 662); მოწამეთა: იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა (258); მღვდელთმთავრისა ტიხონისა, ზადონელი სასწაულთმოქმედისა (1783).
დღის ლოცვები
აღმოყვნება ნაწილთა ღირსი მაქსიმე აღმსარებლისა
ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, მონაზონთა ღმრთივსულიერო პოხიერებაო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო მაქსიმე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვსცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.
სხვა კონდაკი: ნათელი სამ-ბრწყინვალისა სამებისა დაემკვიდრა სულსა შინა შენსა და ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ყოვლადნეტარო, და გამოუცხადე ყოველთა კიდეთა ღმრთაებაი მისი, ძნიად მისაწდომელი გულისხმის-ყოფად, და სამება წმიდა ცხადად გვიქადაგე, მაქსიმე, ზესთ არსად დაუსაბამოდ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 კორ. 5: 15-21 (დას. 180). მკ. 1: 16-22 (დას. 3).
2 კორ. 5: 15-21
15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. 16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ. 17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი. 18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა. 19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. 20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს, 21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
მკ. 1: 16-22
16. ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 17. და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. 18. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას. 19. იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში. 20. და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას. 21. მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. 22. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი იპოლიტე, ირინეოსი, აბუნდი და კონკორდია – რომში წამებულნი (+258)
წმიდა მოწამე იპოლიტე საპყრობილეთა უფროსად მსახურობდა რომში. იგი ქრისტიანობაზე წმიდა ლავრენტიმ (ხს. 10 აგვისტოს) მოაქცია. იპოლიტემ პატივით მიაბარა მიწას მოწამეობრივად აღსრულებული თავისი მოძღვრის ცხედარი. როცა ამის შესახებ იმპერატორ ვალერიანეს (253-259) მოახსენეს, მან შეაპყრობინა იპოლიტე და სიცილით ჰკითხა: „შენც ჯადოქარი ხომ არ გამხდარხარ, ლავრენტის გვამი რომ მოგიპარავს?“ პასუხად წმიდანმა გაბედულად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა არგნებით გვემეს ნეტარი, ის კი დაუდუმებლად ადიდებდა ქრისტეს. იმპერატორმა ბრძანა, სამხედრო ტანსაცმლით შეემოსათ წმიდა იპოლიტე, შემდეგ კი უთხრა: „გაიხსენე შენი ხარისხი და განაახლე ჩვენთან მეგობრობა: უწინდებურად ჩვენთან ერთად შესწირე მსხვერპლი ღმერთებს!“ მაგრამ მოწამემ უპასუხა: „მე ქრისტეს, ჩემი მაცხოვრის მხედარი ვარ და მისთვის მსურს სიკვდილი“. მაშინ იპოლიტეს მთელი ქონება ჩამოართვეს, მთელ მის სახლეულს თავები წარკვეთეს, ძიძა – კონკორდია წყალში დაახრჩვეს; თავად მარტვილი კი გახელებულ ცხენებს გამოაბეს, რომლებმაც მანამ ათრიეს ქვებზე, სანამ, სხეულდაფლეთილს და თავდაჩეჩქვილს, სული არ აღმოხდა. ეს მოხდა 258 წლის 13 აგვისტოს, წმიდა ლავრენტის მოწამეობრივი აღსასრულიდან სამი დღის შემდეგ.ღამით ხუცესმა იუსტინემ მოწამეები ფარულად დაფლა სიკვდილით დასჯის ადგილას, წმიდა კონკორდიას ცხედარი კი უსჯულოებმა რომში შეურაცხ ადგილას დააგდეს. მალე ქრისტიანებმა, ირინეოსმა და აბუნდიმ ერთი მხედრისაგან გაიგეს ნეტარი მარტვილის ცხედრის ადგილსამყოფელი, კრძალვით წაასვენეს იგი და წმიდა იპოლიტეს გვერდით დაკრძალეს. ამისთვის ისინი, ისევე, როგორც კონკორდია, წყალში დაახრჩვეს 26 აგვისტოს. ქრისტიანებმა უფლის სათნომყოფელთა ცხედრები წმიდა ლავრენტის საფლავის სიახლოვეს მიაბარეს მიწას.
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. საფუძვლიანი განათლების მიღების შემდეგ იგი სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და იმპერატორ ჰერაკლეს (610-641) პირველი მდივანიც გახდა. ამ დროს გავრცელდა მონოთელიტთა ერესი, რომელსაც თავად თვითმპყრობელიც თანაუგრძნობდა. მაქსიმემ დატოვა სამეფო კარი და ქალკედონის მახლობლად, ქრისოპოლის სავანეში ბერად აღიკვეცა. კეთილმსახურებით გამორჩეული მამა მალე მონასტრის წინამძღვრადაც აირჩიეს. 633 წელს, ღვთის ნებით, წმიდანმა აფრიკას მიაშურა და მხურვალედ ქადაგებდა ჯერ ალექსანდრიაში, შემდეგ კი – კართაგენში. ღირსი მაქსიმე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც სასტიკად იდევნებოდა. ნეტარი რამდენჯერმე გადაასახლეს. ბოლოს წმიდანს ენა და მარჯვენა ხელი მოაჭრეს, რომ ვერც სიტყვით და ვერც კალმით ვერ ეღიარებინა ჭეშმარიტება და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს, სადაც სასწაულებრივ დაუბრუნდა მეტყველების და წერის უნარი. ღირსმა მაქსიმემ წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 662 წლის 13 აგვისტოს (იხ. ამ დღის საკითხავი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარი ქალაქ ცაგერში დაკრძალეს. მის საფლავზე სასწაულები აღესრულებოდა. 21 იანვარს ეკლესია იხსენიებს ღირსი მაქსიმეს უხრწნელი ნაწილების აღმოყვანებას. წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (+1783)
წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (ერობაში – ტიმოთე) 1724 წელს დაიბადა ნოვგოროდის ეპარქიის სოფელ კოროცკში, დიაკონ სავლე კირილოვის ოჯახში (ახალი გვარი _ სოკოლოვი მას მოგვიანებით მიაკუთვნა ნოვგოროდის სემინარიის ხელმძღვანელობამ). ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნაბოლარაზე ზრუნვა ძმამ იტვირთა და ცამეტი წლისა მიაბარა ნოვგოროდის სასულიერო სასწავლებელში. როცა სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა, ტიმოთე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, აქ მთავარეპისკოპოსის ხარჯზე მიიღეს. ნეტარი გულმოდგინედ მეცადინეობდა, თავისი ულუფა საჭმლის ნაწილს ყიდდა და სანთლებს ყიდულობდა, რომ საღამოობით წიგნები ეკითხა. 1754 წელს ტიმოთემ ბრწყინვალედ დაამთავრა სემინარია და იქვე დატოვეს ჯერ ბერძნული ენის, შემდეგ კი – რიტორიკისა და ფილოსოფიის მასწავლებლად. 1758 წელს წმიდანი ბერად აღიკვეცა ტიხონის სახელით. იმავე წელს იგი სემინარიის პრეფექტად დანიშნეს, 1759 წელს კი ტვერში გადაიყვანეს და არქიმანდრიტად დაადგინეს; შემდგომ ნეტარს ტვერის სემინარიის რექტორობაც მიანდეს; 1761 წლის 13 მაისს კი კეკსგოლმისა და ლადოგის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1763 წელს ტიხონს ვორონეჟის კათედრა ჩააბარეს. ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.1767 წელს შერყეული ჯანმრთელობის გამო წმიდანი იძულებული გახდა, ხელი აეღო სამწყსოს განმგებლობაზე და მონასტერში ეცხოვრა ბერის მშვიდი ცხოვრებით. განმხოლოების ჟამს ნეტარს უყვარდა წმიდანთა ცხოვრებისა და წმიდა მამათა თხზულებების კითხვა; ყველა ფსალმუნი ზეპირად იცოდა და გზაში, ჩვეულებრივ, გალობდა მათ.
დაუცხრომელი ღვაწლით ღირსმა ტიხონმა ზეციურის განჭვრეტისა და წინასწარხედვის მადლი მოიგო. მან მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველა რუსეთის ცხოვრებიდან. სიკვდილის დღისთვის წმიდანს წინასწარ ჰქონდა გამზადებული სამოსელი და კუბო.
ტიხონ ზადონელი – საკვირველთმოქმედი რუსი მამა გარდაიცვალა 1783 წლის 13 აგვისტოს, კვირადღეს, ორმოცდაცხრამეტი წლის ასაკში. მისი კანონიზაცია და უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება აღესრულა 1861 წლის 13 აგვისტოს.