26.08.2026. მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

26.08.2026. მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

26.08.2026. ოთხშაბათი. მარხვა.

უფლის ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნა 

ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში 662); მოწამეთა: იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა (258); მღვდელთმთავრისა ტიხონისა, ზადონსკელი სასწაულთმოქმედისა (1783). 

დღის ლოცვები 

აღმოყვნება ნაწილთა ღირსი მაქსიმე აღმსარებლისა

ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, მონაზონთა ღმრთივსულიერო პოხიერებაო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო მაქსიმე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვსცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

სხვა კონდაკი: ნათელი სამ-ბრწყინვალისა სამებისა დაემკვიდრა სულსა შინა შენსა და ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ყოვლადნეტარო, და გამოუცხადე ყოველთა კიდეთა ღმრთაებაი მისი, ძნიად მისაწდომელი გულისხმის-ყოფად, და სამება წმიდა ცხადად გვიქადაგე, მაქსიმე, ზესთ არსად დაუსაბამოდ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები 

2 კორ. 9: 12-10: 7 (დას. 189). მკ. 3: 20-27 (დას. 13). 

2 კორ. 9: 12-10: 7 

12. რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს, 13. რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც; 14. და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე. 15. მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო. 

1. ხოლო მე, პავლე, თქვენს შორის პირისპირ ყოფნისას – მდაბალი, შორიდან კი – თქვენს მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით: 2. ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ. 3. ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით. 4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად. 5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს. 6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება. 7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.

მკ. 3: 20-27 

20. მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რთმ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს. 21. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო. 22. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 23. მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება? 24. თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო. 25. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი. 26. ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული. 27. ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი იპოლიტე, ირინეოსი, აბუნდი და კონკორდია – რომში წამებულნი (+258)
წმიდა მოწამე იპოლიტე საპყრობილეთა უფროსად მსახურობდა რომში. იგი ქრისტიანობაზე წმიდა ლავრენტიმ (ხს. 10 აგვისტოს) მოაქცია. იპოლიტემ პატივით მიაბარა მიწას მოწამეობრივად აღსრულებული თავისი მოძღვრის ცხედარი. როცა ამის შესახებ იმპერატორ ვალერიანეს (253-259) მოახსენეს, მან შეაპყრობინა იპოლიტე და სიცილით ჰკითხა: „შენც ჯადოქარი ხომ არ გამხდარხარ, ლავრენტის გვამი რომ მოგიპარავს?“ პასუხად წმიდანმა გაბედულად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა არგნებით გვემეს ნეტარი, ის კი დაუდუმებლად ადიდებდა ქრისტეს. იმპერატორმა ბრძანა, სამხედრო ტანსაცმლით შეემოსათ წმიდა იპოლიტე, შემდეგ კი უთხრა: „გაიხსენე შენი ხარისხი და განაახლე ჩვენთან მეგობრობა: უწინდებურად ჩვენთან ერთად შესწირე მსხვერპლი ღმერთებს!“ მაგრამ მოწამემ უპასუხა: „მე ქრისტეს, ჩემი მაცხოვრის მხედარი ვარ და მისთვის მსურს სიკვდილი“. მაშინ იპოლიტეს მთელი ქონება ჩამოართვეს, მთელ მის სახლეულს თავები წარკვეთეს, ძიძა – კონკორდია წყალში დაახრჩვეს; თავად მარტვილი კი გახელებულ ცხენებს გამოაბეს, რომლებმაც მანამ ათრიეს ქვებზე, სანამ, სხეულდაფლეთილს და თავდაჩეჩქვილს, სული არ აღმოხდა. ეს მოხდა 258 წლის 13 აგვისტოს, წმიდა ლავრენტის მოწამეობრივი აღსასრულიდან სამი დღის შემდეგ.
ღამით ხუცესმა იუსტინემ მოწამეები ფარულად დაფლა სიკვდილით დასჯის ადგილას, წმიდა კონკორდიას ცხედარი კი უსჯულოებმა რომში შეურაცხ ადგილას დააგდეს. მალე ქრისტიანებმა, ირინეოსმა და აბუნდიმ ერთი მხედრისაგან გაიგეს ნეტარი მარტვილის ცხედრის ადგილსამყოფელი, კრძალვით წაასვენეს იგი და წმიდა იპოლიტეს გვერდით დაკრძალეს. ამისთვის ისინი, ისევე, როგორც კონკორდია, წყალში დაახრჩვეს 26 აგვისტოს. ქრისტიანებმა უფლის სათნომყოფელთა ცხედრები წმიდა ლავრენტის საფლავის სიახლოვეს მიაბარეს მიწას. 
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. საფუძვლიანი განათლების მიღების შემდეგ იგი სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და იმპერატორ ჰერაკლეს (610-641) პირველი მდივანიც გახდა. ამ დროს გავრცელდა მონოთელიტთა ერესი, რომელსაც თავად თვითმპყრობელიც
თანაუგრძნობდა. მაქსიმემ დატოვა სამეფო კარი და ქალკედონის მახლობლად, ქრისოპოლის სავანეში ბერად აღიკვეცა. კეთილმსახურებით გამორჩეული მამა მალე მონასტრის წინამძღვრადაც აირჩიეს. 633 წელს, ღვთის ნებით, წმიდანმა აფრიკას მიაშურა და მხურვალედ ქადაგებდა ჯერ ალექსანდრიაში, შემდეგ კი – კართაგენში. ღირსი მაქსიმე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც სასტიკად იდევნებოდა. ნეტარი რამდენჯერმე გადაასახლეს. ბოლოს წმიდანს ენა და მარჯვენა ხელი მოაჭრეს, რომ ვერც სიტყვით და ვერც კალმით ვერ ეღიარებინა ჭეშმარიტება და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს, სადაც სასწაულებრივ დაუბრუნდა მეტყველების და წერის უნარი. ღირსმა მაქსიმემ წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 662 წლის 13 აგვისტოს (იხ. ამ დღის საკითხავი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარი ქალაქ ცაგერში დაკრძალეს. მის საფლავზე სასწაულები აღესრულებოდა. 21 იანვარს ეკლესია იხსენიებს ღირსი მაქსიმეს უხრწნელი ნაწილების აღმოყვანებას. 
წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (+1783)
წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (ერობაში – ტიმოთე) 1724 წელს დაიბადა ნოვგოროდის ეპარქიის სოფელ კოროცკში, დიაკონ სავლე კირილოვის ოჯახში (ახალი გვარი _ სოკოლოვი მას მოგვიანებით მიაკუთვნა ნოვგოროდის სემინარიის ხელმძღვანელობამ). ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნაბოლარაზე ზრუნვა ძმამ იტვირთა და ცამეტი წლისა მიაბარა ნოვგოროდის სასულიერო სასწავლებელში. როცა სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა, ტიმოთე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, აქ მთავარეპისკოპოსის ხარჯზე მიიღეს. ნეტარი გულმოდგინედ მეცადინეობდა, თავისი ულუფა საჭმლის ნაწილს ყიდდა და სანთლებს ყიდულობდა, რომ საღამოობით წიგნები ეკითხა. 1754 წელს ტიმოთემ ბრწყინვალედ დაამთავრა სემინარია და იქვე დატოვეს ჯერ ბერძნული ენის, შემდეგ კი – რიტორიკისა და ფილოსოფიის მასწავლებლად. 1758 წელს წმიდანი ბერად აღიკვეცა ტიხონის სახელით. იმავე წელს იგი სემინარიის პრეფექტად დანიშნეს, 1759 წელს კი ტვერში გადაიყვანეს და არქიმანდრიტად დაადგინეს; შემდგომ ნეტარს ტვერის სემინარიის რექტორობაც მიანდეს; 1761 წლის 13 მაისს კი კეკსგოლმისა და ლადოგის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1763 წელს ტიხონს ვორონეჟის კათედრა ჩააბარეს. ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.
1767 წელს შერყეული ჯანმრთელობის გამო წმიდანი იძულებული გახდა, ხელი აეღო სამწყსოს განმგებლობაზე და მონასტერში ეცხოვრა ბერის მშვიდი ცხოვრებით. განმხოლოების ჟამს ნეტარს უყვარდა წმიდანთა ცხოვრებისა და წმიდა მამათა თხზულებების კითხვა; ყველა ფსალმუნი ზეპირად იცოდა და გზაში, ჩვეულებრივ, გალობდა მათ.
დაუცხრომელი ღვაწლით ღირსმა ტიხონმა ზეციურის განჭვრეტისა და წინასწარხედვის მადლი მოიგო. მან მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველა რუსეთის ცხოვრებიდან. სიკვდილის დღისთვის წმიდანს წინასწარ ჰქონდა გამზადებული სამოსელი და კუბო.
ტიხონ ზადონელი – საკვირველთმოქმედი რუსი მამა გარდაიცვალა 1783 წლის 13 აგვისტოს, კვირადღეს, ორმოცდაცხრამეტი წლის ასაკში. მისი კანონიზაცია და უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება აღესრულა 1861 წლის 13 აგვისტოს.