„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
26.12.2025. პარასკევი. მარხვა
მოწამეთა: ევსტრატისა, ავქსენტისა, ევგენისა, მარდარისა და ორესტისა (284-305); ქალწულმოწამისა ლუკია სიკილიელისა (სიცილიელისა) (304); ღირსისა არსენ ლატრელისა (VIII-X).
დღის ლოცვები
მოწამეთა ევსტრატისა, ავქსენტისა, ევგენისა, მარდარისა და ორესტის
კონდაკი: მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი ბნელსა უმეცრებისასა მსხდომარეთა, ღუაწლითშემოსილო, სარწმუნოებაი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, მწვალებელთა სივერაგენი განბასრენ, ევსტრატი, იპოვე რიტორთა უენამჭევრეს.
სხვა კონდაკი: რიტორებდ წინაშე უსჯულოთა ღმრთაებისათვისა, გვემანი დაითმინენ ახოვანებითა გონებისათა და განბრწყინდი უმეტესადღა ღმრთივაღსრულებულთა მიერ სასწაულთა, დაავსე სიმაღლედ აღსრული ალი საცთურისა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, სანატრელო ქრისტეს მოწამეო ევსტრატი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ლიტ.: ებრ. 7: 18-25 (დას. 317). მკ. 9: 33-41 (დას. 41).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
ცისკ.: მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
ლიტ.: ებრ. 7: 18-25
18. უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება, 19. რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს. 20. და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, 21. (ვინაიდან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს – ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა)“, – 22. იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო. 23. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, 24. ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. 25. ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.
ლიტ.: მკ. 9: 33-41
33. მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში? 34. ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. 35. მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. 36. მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ: 37. ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს. 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. 41. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.
მოწ.: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მოწ.: ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 6. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ლუკია (+304)
წმიდა მოწამე ლუკია ქალაქ სირაკუზაში ცხოვრობდა – სიცილიის კუნძულზე, იტალიის მახლობლად. ერთხელ იგი თავის სნეულ დედასთან – ევტიქიასთან ერთად ქალაქ კატანში ჩავიდა წმიდა მოწამე აღათიას ნაწილთა თაყვანსაცემად. მსახურების დროს ხუცესმა ნეტარი მოწამის ლუსკუმასთან წაიკითხა სახარება დედაკაცზე, რომელიც რწმენით შეეხო მაცხოვრის სამოსლის კიდეს და განიკურნა. ლუკიამ ევტიქიას უთხრა: „დედა, თუ გჯერა, რაც იკითხება, ისიც გწამდეს, რომ ქრისტეს სახელისათვის აღსრულებული აღათია დღეს მის წინაშე დგას ცათა შინა. სარწმუნოებით შეეხე მის საფლავს და განიკურნები“.ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ დედა და შვილი მოწამის ლუსკუმის წინაშე დიდხანს ლოცულობდნენ. ბოლოს ლუკიას ჩასთვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში ანგელოზებით გარემოცული წმიდა აღათია წარდგა მის წინაშე და უთხრა: „დაო ჩემო ლუკია, სძალო ღვთისაო! შენი სარწმუნოება შეეწია დედაშენს, და ის უკვე განიკურნა. და როგორც ჩემით განდიდდა ქალაქი კატანი, შენით სირაკუზა განდიდდება, რამეთუ შენი სიწმიდით კეთილი ჭური განუმზადე ქრისტეს!“
ამის შემდეგ ლუკიამ მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი, უკვე დაწინდულმა, უარი თქვა გათხოვებაზე და დედაც დაიყოლია, მთელი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინა.
წმიდა ქალწულისგან უარყოფილი სასიძო ძალიან განაწყენდა და ქალაქის თავთან დაასმინა ნეტარი – ქრისტეს აღიარებსო. ამ დროს იმპერიას მაქსიმიანე და დიოკლეტიანე (284-305) მართავდნენ და ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. ლუკიასაც სამსჯავროზე მოუხმეს. გამგებელმა ნეტარის წამება ბრძანა. უფალმა ისურვა, სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: როცა ლუკიას დასასჯელად წაყვანა დააპირეს, მისი სხეული ისე დამძიმდა, რომ მრავალი უსჯულო ამაოდ ცდილობდა ადგილიდან მის დაძვრას. მაშინ წმიდანი რამდენიმე წყვილ ხარს მიაბეს ბაწრებით, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ იდგა და ხალხს ქრისტეს უქადაგებდა. მაშინ ქალაქის თავმა ბრძანა, ცეცხლი შემოენთოთ მოწამისათვის. ლუკია არც ახლა განძრეულა. მან წარბშეუხრელად მიმართა მტარვალს: „მე უფალ იესო ქრისტეს ვევედრე, რომ ცეცხლს არ ჰქონოდა ჩემზე ხელმწიფება. მე ჩემი წამების გახანგრძლივება ვითხოვე, რომ მორწმუნეები სატანჯველების შიშისაგან დამეხსნა, უსჯულოთათვის კი ქრისტიანთა გინების ნება არ მიმეცა“.
მაშინ ერთმა წარმართმა წმიდა მოწამეს ხორხში მახვილი ჩასცა, მაგრამ იგი, ქრისტესგან განმტკიცებული, განაგრძობდა ხალხთან საუბარს, წინასწარმეტყველებდა ქრისტიანთა დევნის დასრულებას და სირაკუზელებს აღუთქვა, რომ მათი ქალაქის მფარველი იქნებოდა.
მარტვილის წმიდა ცხედარი მისი წამების ადგილზევე დაკრძალეს. შემდგომში აქ წმიდა სამების სახელობის ტაძარი აიგო.
წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი (+284-305)
წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს ეწამნენ. უსჯულო ხელისუფლებმა სომხეთსა და კაბადოკიაში ამტყდარი შფოთისა და არეულობების ჩასაცხრობად მხედართმთავრები: ლისიუსი და აგრიკოლა გაგზავნეს და, რადგან იმ დროს ყოველგვარ სახალხო მღელვარებას ქრისტიანებს მიაწერდნენ ხოლმე, უბრძანეს, ან წამებით დაეხოცათ ისინი, ან – კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინათ. ქალაქ სატალიონში სხვა ქრისტიანებთან ერთად ავქსენტი ხუცესიც შეიპყრეს. სასამართლოს დღეს ციხეში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული და მდიდარი მოხელე – ევსტრატი მივიდა თავისი რაზმით და ტყვე ქრისტიანები სამსჯავრო მოედანზე გამოიყვანა. თავად ევსტრატი ქრისტეს მიმდევარი იყო, მაგრამ მანამდე თავის სარწმუნოებას ფარულად ინახავდა. ახლა ნეტარმა შესაფერი ჟამი ჰპოვა და მტარვალ ლისიუსის წინაშე აშკარად აღიარა მაცხოვარი. მსაჯულმა ბრძანა, დაუყოვნებლივ აეყარათ მისთვის სამხედრო წარჩინების ნიშნები და საწამებლად გადაეცათ. წმიდა ევსტრატი სასტიკად გვემეს, მაგრამ იგი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს. მოწამემ მადლობა უთხრა ჯალათს: „სატანჯველებით სული ცოდვებისაგან გამიწმინდე და მარადიულობისათვის განმამზადებინეო“. ჯალათმა უპასუხა, შენს ღმერთს შენთვის უკვდავების მონიჭება რომ შეძლებოდა, წყლულებისგანაც განგკურნავდაო. ამის თქმა და ევსტრატის განკურნება ერთი იყო. ამ სასწაულის ბევრმა მხილველმა ადიდა უფალი, ხალხში მდგარმა ევსტრატის მეგობარმა და მისი რაზმის მეომარმა, ევგენიმ კი ხმამაღლა შესძახა: „ლისიუს! მეც ქრისტიანი ვარ, როგორც ჩემი ბატონი ევსტრატი!“ მაშინ ევსტრატისა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ისიც შეიპყრეს. მეორე დღეს ლისიუსმა, რომელიც ნიკოპოლში მიემგზავრებოდა, ბრძანა, ტყვე ქრისტიანებიც თან გაეყოლიებინათ. ევსტრატის ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს, ასე რომ, მთელი გზა მისთვის საშინელი წამება იყო.ორი დღის შემდეგ ჩააღწიეს ევგენისა და ევსტრატის მშობლიურ ქალაქ არავრაკში. უამრავი ხალხი გამოეფინა ქუჩებში, მათ სურდათ, მიახლოებოდნენ ევსტრატის, რომელიც ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ, მაგრამ დასჯის შიშით ამას ვერ ბედავდნენ; ერთმა ღარიბმა ქრისტიანმა, მარდარიმ კი გასაოცარი საღვთო შური გამოავლინა. მას ახალი სახლი აეშენებინა და მის გადახურვაზე მუშაობდა. როცა ტყვეები და, მათ შორის, ევსტრატიც შენიშნა, წმიდანი საჩქაროდ ჩამოვიდა სახურავიდან და მეუღლეს მიმართა: „ხედავ ამ დიდებულ კაცს?! ის არც ხარისხს დაერიდა, არც სიმდიდრეს, ყველაფერი დაუტევა და უფალს შეეწირა მსხვერპლად! ნეტარ ხარ, ევსტრატი – ამქვეყნადაც სახელოვანი იყავი და იმქვეყნადაც გამოუთქმელ სიხარულს მიემთხვევი!“ ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა ქალმა უპასუხა: „შენ რა გიშლის, რომ იმავე გზას დაადგე?“ მარდარი სწორედ ამაზე ფიქრობდა. მან მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა: „მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ“ (ეს ლოცვა ეკლესიაში დღესაც იკითხება მესამე ჟამნის ბოლოს და შუაღამიანზე). ამის შემდეგ წმიდანი გამოემშვიდობა ღვთისმოშიშ მეუღლეს, გადაკოცნა მცირეწლოვანი ვაჟიშვილები და ხმამაღლა შესძახა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ეს რომ ესმათ, იგი დაუყოვნებლივ შეიპყრეს და სხვა ტუსაღებთან ერთად საპყრობილეში გამოკეტეს.
დილით მსჯავრდებულები გასასამართლებლად გაიყვანეს. პირველად ავქსენტის გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და თავი მოჰკვეთეს. არავრაკელმა მღვდლებმა ღამით ფარულად გადაასვენეს წმიდანის ცხედარი და პატივით დაკრძალეს.
შემდეგ მარდარის წამება დაიწყეს. უსჯულოებმა მას ფეხები დაუხვრიტეს, შიგ ბაწრები გაუყარეს, თავდაყირა დაკიდეს და გახურებული ლურსმნებით ჩხვლეტა დაუწყეს. დიდხანს გასტანა ნეტარის წამებამ. ბოლოს წმინდანმა მადლობა შეაწირა ღმერთს: „უფალო! გმადლობ, რომ ამგვარ სიკეთეთა ღირსი გამხადე. მშვიდობით შეივედრე სული ჩემი!“ – და აღესრულა.
შემდეგ ევგენი წარდგა სამსჯავროს წინაშე. მას ჯერ ენა ამოგლიჯეს, შემდეგ ხელ-ფეხი დააჭრეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.
ლისიუსმა ევსტრატის დასჯა დროებით გადადო და ქალაქში განლაგებული ჯარის ნაწილების დასათვალიერებლად გაეშურა. მისი ყურადღება მიიქცია მხედარმა ორესტიმ, რომელიც თავისი პირმშვენიერებით, ტანადობითა და სიმარჯვით მეტად გამოირჩეოდა სხვა მეომრებისგან.
უღმრთო მხედართმთავარმა მას უბრძანა, წინ გამოსულიყო და შუბი ეტყორცნა მიზანში. მეომარმა იარაღი აიღო. ის-ის იყო, ბრძანება უნდა შეესრულებინა, რომ მკერდზე დაკიდული ჯვარი გამოუჩნდა. ლისიუსმა რისხვით იკითხა: „რა არის ეს? განა შენ იმათგანი ხარ, ვინც ჯვარცმულს სცემს თაყვანს?!“ „მე ჩემი ჯვარცმული მეუფისა და ღვთის მონა ვარ და ჯვარს ყოველგვარი ბოროტისაგან თავის დასაცავად ვატარებ!“ – უპასუხა ორესტიმ. მაშინ ისიც შეიპყრეს და სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოამწყვდიეს. ორესტის მიბაძვით მისი რაზმის ბევრმა სხვა მეომარმაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ლისიუსმა ყველა ციხეში ჩაყარა. შემდეგ მტარვალმა მოსალოდნელი სახალხო მღელვარების შიშით ბრძანა, ევსტრატი და ორესტი სებასტიაში გაეგზავნათ, სომხეთის მმართველ აგრიკოლასთან.
აგრიკოლა მართლმორწმუნეთა მიმართ სასტიკი და დაუნდობელი იყო, მაგრამ ევსტრატის ბრძნულმა და დამაჯერებელმა საუბარმა უფალზე და მის გამოუთქმელ სახიერებაზე, გული მოულბო. მრისხანე მსაჯული დამწუხრდა და მთელი ღამე არ უძინია. მან განიზრახა, ევსტრატი გადაერჩინა და თხოვდა, მოჩვენებით, სხვათა დასანახად მაინც ეცა კერპებისთვის თაყვანი, თან პატივსა და ძღვენს აღუთქვამდა; მაგრამ წმიდა მოწამე უდრეკი დარჩა.
მოთმინებადაკარგულმა აგრიკოლამ ბრძანა, ორესტი გახურებულ რკინის სარეცელზე დაეწვინათ. წმიდანი გაბედულად ავიდა სარეცელზე, ილოცა: „უფალო იესო ქრისტე! ხელთა შენთა შეივედრე სული ჩემი!“ – და აღესრულა.
ღამით ევსტრატი სებასტიელმა ეპისკოპოსმა, ვლასიმ მოინახულა საპყრობილეში და ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს აზიარა. ამასთან, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა საკანი და ზეგარდამო გაისმა: „ევსტრატი! კეთილი ღვაწლი განასრულე; აწ მოვედ ზეცად და დაიმკვიდრე შენთვის განმზადებული გვირგვინი!“
დილით აგრიკოლამ უფლის რჩეულს დაწვა მიუსაჯა. სანამ ჯალათები განაჩენის აღსასრულებლად ემზადებოდნენ, წმიდანმა წარმოთქვა ლოცვა, რომელიც შემდგომ შაბათის შუაღამიანის საკითხავებში ჩართეს: „დიდებით გადიდებთ შენ, უფალო, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა ზედა, და არა მიმეც მე ხელთა მტერთა ჩემთასა, არამედ იხსენ ჭირისაგან სული ჩემი; და აწ, მეუფეო, დამიფარენ ხელმან შენმან. და ნუმცა იხილავს სული ჩემი დაბნელებულსა მას პირსა ბოროტთა ეშმაკთასა, არამედ შეივედრებენ მას ანგელოსნი შენნი ბრწყინვალენი და ნათლისანი“. ამის შემდეგ ნეტარი მარტვილი თავად შევიდა გახურებულ ღუმელში და სული უფალს შეჰვედრა.
ეპისკოპოსმა ვლასიმ ცეცხლში უვნებლად დარჩენილი მისი პატიოსანი ცხედარი ორესტისა და სხვა მოწამეების წმიდა გვამებთან ერთად პატივით დაკრძალა. შემდგომში კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიმპოს მონასტრის გალავანში წმიდა მოწამეთა: ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარისა და ორესტის სახელობის ტაძარი აიგო.
ღირსი არსენი (VIII-IX)
ღირსი არსენი კონსტანტინოპოლში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების შვილი იყო. იმპერატორმა იგი მხედართმთავრად დანიშნა. ერთხელ, როცა წმიდანს თავისი ლაშქარი ხომალდებით გადაჰყავდა ზღვაზე, მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. გემები ჩაიძირა. მთელი მხედრიონიდან მხოლოდ წმიდა არსენი გადარჩა. ამის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა. ამგვარი ღვაწლით სულიერად ახოვანქმნილმა მოსაგრემ მცირე აზიაში მდებარე ლატრის მთას მიაშურა და ლოცვითა და ჯვრის ნიშით მოკლა მავნე ასპიტი. შემდეგ წმიდანი მთის ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებულ კელიბორის მონასტერში დამკვიდრდა და აქ იღუმენად იქნა დადგენილი. კიდევ უფრო მკაცრი მოღვაწეობისაკენ მოსწრაფე მამამ გარკვეული ხნის შემდეგ დატოვა სავანე, ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ლოცვის ძალით გაასხა მხეცები და შიგ დამკვიდრდა. თანდათან მის ირგვლივ საძმო შეიკრიბა. ნეტარი, ჩვეულებრივ, მთელ კვირას განმარტოებით ატარებდა ვიწრო სენაკში, კვირადღეს კი საზრდელს ღებულობდა და ძმებს მოძღვრავდა. ბოლოს ღირსმა არსენიმ ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ანგელოზი უზიდავდა საზრდელს.ღირსი მამა მშვიდობით მიიცვალა, ძმებით გარემოცული. ვარაუდობენ, რომ იგი VIII-IX საუკუნეებში მოღვაწეობდა.