27. პირველი პასექი; ვაჭრების განდევნა ტაძრიდან

იერუსალიმი
27 წელი

მთ. მკ. ლკ. ინ.2

13. და მოახლებულ იყო პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. 14. და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და ცხოვართანი და ტრედთანი და მეკერმენი მსხდომარენი. 15. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაჲ და ცხოვარი; და კერმის-მსყიდველთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები იგი დაუმჴუა. 16. და ტრედის-მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო. 17. და მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე. 18. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ? 19. მიუგო იესუ და ჰრქუა: დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე. 20. ჰრქუეს მას ჰურიათა: ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი? 21. ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა. 22. და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ ამისთჳს იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაჲ და სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ. 23. და ოდეს იყო იგი იერუსალჱმს პასქასა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაჲ, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა. 24. ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი. 25. და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა.

13. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს.  14. ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი. 15. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. 16. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად. 17. მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შენი სახლის შური მჭამს მე. 18. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? 19. ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. 20. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? 21. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. 22. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც. 23. იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.  24. მაგრამ თვით იესოს კი არ სწამდა მათი, ვინაიდან კარგად იცნობდა ყველას. 25. და არ სჭირდებოდა ვისიმე მოწმობა ადამიანზე, ვინაიდან თვითონ იცოდა, რა იყო ადამიანში.