27.07.2026. მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

27.07.2026. მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

         …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43).

        …მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
27.07.2026. ორშაბათი. ხსნილი.

მოციქულისა 70-თაგანისა აკვილასი (I); მოწამისა იუსტი რომაელისა, მხედრისა (I); ღირსისა ელიოზ მონაზონისა (IV); ღირსისა ონისიმე სასწაულთმოქმედისა (IV); ღირსისა ნიკოდიმოს მთაწმინდელისა (1809). 

დღის ლოცვები

მოციქული აკვილას, სამოცდაათთაგანის კონდაკი:

ვითარცა რა მზე დიდი, მოგიგო შენ ეკლესიამან, დიდებულო აკვილა, და ბრწყინვალებითა მოძღურებისა შენისათა განათლდებიან სარწმუნოებით პატივისმცემელნი შენნი, უფლისა მოციქულო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

1 კორ. 11: 31 – 12: 6 (დას. 150). მთ. 18: 1-11 (დას. 74).

1 კორ. 11: 31 – 12: 6 

31. რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი. 32. განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ. 33. ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ. 34. ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ. 

1. რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ. 2. იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თიოქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით. 3. ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით. 4. ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული. 5. და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. 6. სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში.

მთ. 18: 1-11 

1. იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში? 2. იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა 3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. 4. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში. 5. და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს. 6. ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან. 7. ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური. 8. თუ შენი ხელი ანდა შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში. 9. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში. 10. ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. 11. რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

წმიდა მოციქული აკვილა – სამოცდაათთაგანი (I)
წმიდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ… პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე აქ ათენიდან მოციქული პავლე ჩავიდა სახარების საქადაგებლად, გაეცნო აკვილას და „რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა“ – კარვების დამზადებით ირჩენდნენ თავს (საქმე; 18,3).
პავლეს ხელით ნათელღებული აკვილა და პრისკილა მისი ერთგული მოწაფეები გახდნენ და თან ახლდნენ წმიდანს ეფესოში მოგზაურობისას. როცა მოახლოებული სულთმოფენობის დღესასწაულზე დასასწრებად ნეტარი მოციქული იერუსალიმში გაემგზავრა, თავისი არყოფნისას ეფესოში სახარების სწავლება ღვთისმოყვარე ცოლ-ქმარს მიანდო. სწორედ ამ დროს ჩავიდა ქალაქში „ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით“. სულით მდუღარე და „სიტყუა-მეცნიერი“ მქადაგებელი შესაკრებელსა შორის „ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი“. აკვილამ და პრისკილამ შეიტყვეს ამის შესახებ, „მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ“ (საქმე; 18, 24-27).
კლავდიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ ებრაელებს კვლავ დართეს იტალიაში ცხოვრების ნება და წმიდა მეუღლეებიც რომს დაუბრუნდნენ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ასე იგონებს ერთგულ მოწაფეებს: „კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკვილას, თანა-შემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა – იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულნი მათნი“ (რომ.; 16, 3-5). რომში აკვილა დიდხანს არ დარჩენილა: პავლე მოციქულმა იგი ასიის ეპისკოპოსად დაადგინა. წმიდანი იღვწოდა ასიაში, აქაიასა და ჰერაკლიაში; მოციქულებრივ საქმიანობაში მას დაუცხრომლად შეეწეოდა წმიდა პრისკილაც. ქრისტეს ერთგულ მსახურებს უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული. მათი უხრწნელი ნაწილების უმეტესობა რომშია დაცული. 
წმიდა მოწამე იუსტოსი (I)
წმიდა მოწამე იუსტოსი წარმართი რომაელი მხედარი იყო. ერთხელ მან ზეგარდმო ჩვენებით უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იხილა, რის შემდეგაც ირწმუნა ქრისტე, მთელი თავისი ქონება გლახაკებს გაუნაწილა და, ღვთის ნებას მინდობილმა, ახალი ცხოვრება დაიწყო. უსჯულოებმა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს წმიდანი, სადაც მან გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამისთვის წმინდა იუსტოსი საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს. ნეტარის სხეული უხრწნელი დარჩა. 
ღირსი ელიოზ მონაზონი (IV)
ღირსი ელიოზ მონაზონი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი სიყრმეშივე მიაბარეს მონასტერში, სადაც ღვთისმოყვარე მამებმა კეთილმსახურებით აღზარდეს. როცა მოწიფულობას მიაღწია, ნეტარმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა და დაუცხრომელი ღვაწლით სულიერი სრულყოფილება მოიგო: მას ნათელხილვის ნიჭი მიემადლა უფლისგან – ცხადად ჭვრეტდა თანამოსაუბრეთა აზრებს და სულიერ განწყობილებას. დიდ სარწმუნოებასთან შერწყმული საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით ელიოზი ველურ მხეცებსაც იმორჩილებდა. ერთხელ უდაბნოში მძიმე ტვირთის ზიდვით ქანცგამწყდარმა მამამ ილოცა, კანჯარს მოუხმო, ბარგი აჰკიდა და სავანემდე მიატანინა. იყო შემთხვევა, როცა წმიდანს მდინარე უნდა გადაელახა, მაგრამ ნავი არსად ჩანდა. მან წყლიდან ნიანგს გამოუხმო, მის ზურგზე შედგა და ისე გააღწია მეორე ნაპირზე.
სავანის ერთმა ახალგაზრდა მორჩილმა ნეტარ ელიოზს მასთან ერთად უდაბნოში მოღვაწეობაზე სთხოვა კურთხევა. ღირსმა მამამ ჭაბუკი გააფრთხილა იმ მძიმე ღვაწლისა და სასტიკი საცდურების შესახებ, რომელიც განდეგილთა ცხოვრებას ახლავს თან, მაგრამ მოწესე ისე გულწრფელად და დაჟინებით ითხოვდა თავისას, რომ ბოლოს წმიდანი დათანხმდა. პირველსავე ღამეს საშინელი ჩვენებებით დამფრთხალი მორჩილი ერთიანად აკანკალებული მოვარდა ელიოზის მღვიმეში. ნეტარმა დაამშვიდა იგი, უკანვე გააბრუნა, ჯვრის ნიშით აღბეჭდა მისი გამოქვაბული და უთხრა, ამიერიდან ბოროტი ხილვები არ შეგაშფოთებენო. ყმაწვილი ენდო მის სიტყვებს, დარჩა სენაკში და დაყუდებული მოღვაწეობით ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ თავისი წმიდა მოძღვარივით საჭიროების დროს მასაც ანგელოზი უზიდავდა საკვებს.
ელიოზ მონაზონმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. 
ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედი (IV)
ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედი დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა სასტიკი დევნისას ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის აწამეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. შემდეგ ნეტარმა მამამ მაგნეზიაში (მცირე აზია) მონასტერი ააშენა და იქვე მიიცვალა ღვთივსათნო ღვაწლში. 
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (ერისკაცობაში – ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლის იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით.
თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა. სავანეში მისი მოსვლიდან ორი წლის შემდეგ ათონს კორინთელი მიტროპოლიტი მაკარი ეწვია. მან ახალგაზრდა ბერს დაავალა, გამოსაცემად მოემზადებინა „სიკეთისმოყვარების“ ხელნაწერები, რომლებიც 1777 წელს ვათოპედის მონასტერში აღმოაჩინა. ამ წიგნზე მუშაობით დაედო საფუძველი ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხანგრძლივ ლიტერატურულ მოღვაწეობას. წმიდა ნიკოდიმოსი პანტოკრატორის სკიტში გადავიდა, გამოცდილ მოძღვარ არსენი პელოპონესელთან, რომლის ხელმძღვანელობითაც გულდასმით სწავლობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს. 1783 წელს ნიკოდიმოსმა სქემა შეიმოსა და სრულ მდუმარებას მიეცა. როცა ათონზე კვლავ ჩავიდა მაკარი კორინთელი, მან მოშურნე ბერს ახალი მორჩილების საქმე დაუწესა – ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თხზულებათა რედაქტირება. ნიკოდიმოსმა დაუტევა მდუმარების ღვაწლი, კვლავ ლიტერატურულ სამუშაოს მიჰყო ხელი და, აქედან მოყოლებული, სიკვდილამდე გულმოდგინედ იღვწოდა ამ სარბიელზე.
აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე ნიკოდიმოსი საცხოვრებლად გადავიდა ხატმწერ მღვდელ-მონაზვნებთან, სტეფანე და ნეოფიტე სკურტეებთან. წმიდანმა ბერებს სთხოვა, ეზრუნათ მისი ნაშრომების გამოცემაზე, რასაც თავად, სნეულებათაგან დაუძლურებული, უკვე ვერ ახერხებდა. აქ, სკურტეებთან, ნეტარმა მამამ 1809 წლის 1 ივლისს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
თანამედროვეების მოწმობით, ღირსი ნიკოდიმოსი უბრალო, მშვიდი, უანგარო და საოცრად მობილიზებული იყო. მას საკვირველი მეხსიერება ჰქონდა: ზეპირად იცოდა მთელი საღვთო წერილი და მრავალი ადგილი წმიდა მამათა ნაწერებიდან.
მრავალფეროვანია წმიდა ნიკოდიმოსის ნაშრომები: მისი ასკეტური შეგონებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნი „უხილავი ბრძოლა“; მას ეკუთვნის აგრეთვე „სწავლება აღსარების შესახებ“, „სიკეთისმოყვარების“ შესავალი, წმიდა მოსაგრეთა მოკლე ცხოვრებანი, შვიდი კათოლიკე ეპისტოლის განმარტება… ღირსმა მამამ შეადგინა „წმინდანთა ცხოვრებების ახალი რჩეული“ და „ახალი სვინაქსარი“ სამ ტომად; გამოსაცემად მოამზადა „პიდალიონის“ – ბერძნული „სჯულისკანონის“ ახალი რედაქცია, რომელიც შეიცავს მოციქულების, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ დადგენილ წესებს.