27.08.2026. მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

27.08.2026. მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

27.08.2026. ხუთშაბათი. მარხვა.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელის მიძინების წინადღესასწაული. მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტისა ნაზარისა (ლეჟავა), გერმანე (ჯაჯანიძე), იეროთეოს (ნიკოლაძე) და სიმონ (მჭედლიძე) ხუცესთა, მთავარდიაკონისა ბესარიონისა (კუხიანიძე) (1924) და ყოველთა ახალმოწამეთ, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულთა (XX); წინასწარმეტყველისა მიქეასი, (VIII ს. ქრ. შ-მდე); მღვდელმოწამისა მარკელესი, აპამიელ ეპისკოპოსისა და 70-თა მოწაფეთა მისთა (389).

დღის ლოცვები

ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული

ტროპარი: ერნო, გიხაროდენ და სარწმუნოებით აღიპყრენით ხელნი თქუენნი, და სურვილით შემოკრებით, და სიხარულით ღაღადებდით, რამეთუ დედასა ღმრთისასა ეგულვების ქუეყანით ზეცად ამაღლებაი, რომელსა ძალნი ცათანი შიშით უგალობენ.
კონდაკი: დიდებულსა ხსენებასა შენსა ყოველი სოფელი უნივთოთა სიხარულითა შეიმკვების, ხოლო გონებითა მოხარული ხმობს შენდა მომართ: გიხაროდენ, ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დღის საკითხავები 

(ლიტ). 2 კორ. 10: 7-18. ებრ. 12: 1-10. 
(ლიტ). მკ. 3: 28-35. ლკ. 21: 12-19.

2 კორ. 10: 7-18 

7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ. 8. რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით, თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა შერცხვენილი არ დავრჩებოდი? 9. მაგრამ ნუ გგონიათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ. 10. შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი – უფასურიო. 11. ამნაირებმა იცოდნენ, რომ, როგორიცა ვართ შორიდან – წერილის სიტყვით, ისეთივე ვართ პირისპირ – საქმით. 12. რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე ედრებიან. 13. ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის. 14. ამიტომაც არ გადავალთ ზღვარს, რათა თქვენამდე მოვაღწიოთ, რაკიღა თქვენც მოგწვდით ქრისტეს სახარებით. 15. არც უსაზომოდ ვიქადით და არც სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში. 16. ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით. 17. ვინც იქადის, უფლით იქადოდეს. 18. რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი.

ებრ. 12: 1-10 

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. 3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე. 4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. 5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს. 6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“. 7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? 8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. 9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ? 10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს – ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

მკ. 3: 28-35 

28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ. 29. მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა. 30. ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო. 31. მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად. 32. დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო. 33. ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები? 34. თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები. 35. რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც.

ლკ. 21: 12-19 

12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წინასწარმეტყველი მიქია (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველი მიქია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი იერუსალიმის სამხრეთით, ქალაქ მორათში დაიბადა, რის გამოც მორათელს უწოდებენ. წინასწარმეტყველური მსახურება ნეტარმა ქრისტეს შობამდე 778 წელს დაიწყო და ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა. მისი მხილებანი და წინასწარმეტყველებანი ეხებოდა როგორც იუდეას, ისე ისრაელსაც. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა ის უბედურებანი, რომელიც დაატყდებოდა თავს ისრაელის სამეფოს მისი დანგრევის შემდეგ და იუდეას – ასურეთის მეფის, სენაქერიმის თავდასხმის ჟამს. მიქიას ეკუთვნის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ. ნეტარის ნაწილები ქრისტეს აქეთ IV საუკუნეში იქნა აღმოყვანებული ბარათსატიაში, მას შემდეგ, რაც უფალმა ელეფთეროპოლელ ეპისკოპოს ზევინს სასწაულებრივ ხილვაში განუცხადა წინასწარმეტყველის განსასვენებელი. 
მღვდელმოწამე მარკელე, აპამეელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 389)
მღვდელმოწამე მარკელე, აპამეელი ეპისკოპოსი დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. ბრწყინვალე განათლების მიღების შემდეგ მას სამოქალაქო სამსახურში მაღალი თანამდებობები ეჭირა და ყველას აოცებდა წმიდა ცხოვრებით, თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და მჭევრმეტყველებით. დაახლოებით 375 წელს მან დატოვა ცოლ-შვილი, ბერად აღიკვეცა და სირიის უდაბნოში დაიწყო მოსაგრეობა. გარკვეული ხნის შემდეგ, ღვთის ნებით, აპამეის მცხოვრებლებმა ვითომ რაღაც საჭირო საქმის გამო ქალაქში ჩაიყვანეს ნეტარი და თავიანთ ეპისკოპოსად დაადგინეს. მღვდელმთავარი მოშურნედ ებრძოდა წარმართობას, ანგრევდა საკერპოებს და აშენებდა წმიდა ტაძრებს. ერთხელ, მღვდელმთავრის ბრძანებით, მხედრები წარმართულ ტაძარს ანგრევდნენ. წმიდა მარკელე შორიახლოს იდგა და თვალყურს ადევნებდა. ამ დროს იგი შეიპყრეს წარმართებმა და ცეცხლში დაწვეს. 
წმიდა მოწამენი: მიტროპოლიტი ნაზარი; დეკანოზები გერმანე, იეროთეოსი; მღვდელი სიმონი; პროტოდიაკონი ბესარიონი (+1924) და ყოველნი ახალ მოწამენი (XX)
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირნი ყოფილან და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე სარწმუნოებრივ-საეკლესიო გარემოში იზრდებოდა.
ნაზარიმ დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1892 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი, 1893 წლის 22 თებერვალს, მღვდლად აკურთხეს. პირად ცხოვრებაში დატრიალებული უბედურების შემდეგ (ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ – ორივე ასული), 1904 წელს იგი ბერად აღიკვეცა. 1905 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი დაინიშნა ველენსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად; 1907 წელს კი კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს.
1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 წელს იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. ამავე წლის 1 დეკემბერს არიქმადრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და ქუთათელ მიტროპოლიტად დადგინდა.
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის სასულიერო მოღვაწეობაში მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა: 1905 წელს ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა წამოჭრეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რამაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გაგრძელდა 1906 წელსაც. რუსეთის უმაღლესი სინოდი იძულებული გახდა, საქართველოს ეკლესიის საკითხი რუსეთის საეკლესიო კრებაზე გაეტანა. ამ კრებაზე საკითხი უარყოფითად გადაწყდა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქართველებმა ისევ დასვეს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი და 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 16 მარტს თბილისში შემდგარმა სასულიერო მოღვაწეთა კრებამ კი დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ყველა ამ მოვლენის ცენტრში ტრიალებდა მიტროპოლიტი ნაზარი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი რეპრესიების ახალი წლებით შეიცვალა. ახალმა რეჟიმმა ახალი წესები მოიტანა. 1921 წელს მიწაზე კერძო საკუთრება გაუქმდა და ეკლესია-მონასტრებს თავიანთი კუთვნილი მიწები ჩემოერთვათ. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მიტროპოლიტი ნაზარის ეპარქიაში შემავალი გელათის მონასტერიც. საუკუნეებგამოვლილმა მონასტერმა, რომელიც „ახალ ათინად და მეორე იერუსალიმად“ იწოდებოდა, 1923 წლის გაზაფხულზე არსებობა შეწყვიტა.
1922-23 წლები უმძიმესი პირიოდია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ბოლშევიკური მთავრობის ინიციატივით დაინგრა ათას ორასი ეკლესია, განადგურდა საეკლესიო განძეულობა, დაიწვა უამრავი უნიკალური ხელნაწერი, რეპრესირებულ იქნა მრავალი სასულიერო პირი და ეროვნული ორიენტაციის მქონე ადამიანი.
1921 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის შეტევის გამო მენშევიკური მთავრობის წინადადებით და საკათალიკოსო საბჭოს დადგენილების თანახმად სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა გადატანილ იქნა ქუთაისში. პატრიარქ ლეონიდეს მითითებით განძეულობის ოთხი ყუთი დამარხეს ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ნაზარის სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ.
ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა მიაკვლიეს განძეულობას და დააპატიმრეს მიტროპოლიტი ნაზარი. მას ბრალად ედებოდა მონაწილეობა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციასა და სიონისა და სვეტიცხოვლის ქონების გადამალვაში. კითხვაზე, თუ ვისთვის ინახებოდა განძეულობა, სასამართლო პროცესზე მიტროპოლიტმა უპასუხა: „ეკლესიისათვის და ქართველი ერისათვის“. სასამართლომ ნაზარის მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. შემდგომში იგი შეიცვალა პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით.
1924 წლის აპრილში ამინისტიის საფუძველზე ორი წლის პატიმრობის შემდეგ მიტროპოლიტი ნაზარი გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის ეპარქიას, სადაც ძალზე მძიმე მდგომარეობა დახვდა. მიტროპოლიტი არ შეუშვეს სარეზიდენციო სახლში, რომელიც საწყობად იყო გადაქცეული. იგი იძულებული გახდა, ძმის ოჯახისათვის შეეფარებინა თავი.
უდრტვინელად ატარებდა მიტროპოლიტი ნაზარი თავის ჯვარს, რომელსაც სარწმუნოებისათვის თავდადების ღვაწლით უნდა გაებრწყინებინა მღვდელმთავარი. მეუფე ნაზარს გვერდით ედგნენ და მის სამღვდელმთავრო ღვაწლს უმსუბუქებდნენ ეპარქიის ღვთისმსახურები, რომლებიც ასევე სასტიკად იდევნებოდნენ ხელისუფლებისაგან.
ქართველი ხალხი ათეისტულ რეჟიმს ვერ შეურიგდა. 1924 წელს საქართველოში დაიწყო შეიარაღებული აჯანყებისათვის მზადება. 28 აგვისტოს, მარიამობას აჯანყებამ იფეთქა ქუთაისში და მალე იგი მთელ საქართველოს მოედო. საქართველოს საგანგებო კომისიის მუშაკებმა მიაგნეს აჯანყების შტაბს შიო-მღვიმის მონასტერში და დააპატიმრეს მისი ხელმძღვანელები. საბჭოთა ხელისუფლების ანგარიშსწორებამ შეუზღუდავი ხასიათი მიიღო, რასაც შედეგად უამრავი უდანაშაულო პირის დასჯა და დახვრეტა მოჰყვა.
1924 წლის აჯანყების წინა დღეს, 27 აგვისტოს, მიტროპოლიტ ნაზარის სოფელ როდინოულიდან ეწვია დელეგაცია და სოფლის ეკლესიის კურთხევა სთხოვა. დანიშნულ დროს მიტროპოლიტი ნაზარი სასულიერო პირებთან ერთად სოფელში მივიდა. მათ ეკლესია აკურთხეს. ღამით სიმონეთში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მიტროპოლიტს და მის თანმხლებ სამღვდელოებას მოულოდნელად თავს დაესხნენ ჩეკისტები, ხელ-ფეხი შეუკრეს, თოფის კოდახებით სცემეს, შემდეგ ურემზე დააკრეს და სოფლის საბჭოში მიიყვანეს.
მეორე დღეს პატიმრები ქუთაისის შინსახკომში გადაიყვანეს და სხვა პატიმრებთან ერთად ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. ყოველგვარი გასამართლების გარეშე „განსაკუთრებულმა სამეულმა“ საფიჩხიას ტყეში დახვრიტა მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე.
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილა აღნიშნული მოვლენა და დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლულთა სახით კანონიზებულ იქნას საქართველოში, ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი.