27.10.2026. 22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

27.10.2026. 22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-22 შვიდეული

27.10.2026. სამშაბათი. ხსნილი 

მოწამეთა: ნაზარისა, გერვასისა, პროტასისა და კელსისა (54-68); ღირსისა პარასკევასი (XI); მოწამისა სილვანესი, ღაზელი ხუცისა (IV). 

დღის ლოცვები

მოწამეთა ნაზარის, გერვასის, პორტასის და კელსის კონდაკი:

ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა ნათლითა სოფელსა განაბრწყინვებენ, და სიბნელესა ვნებათასა დახსნიან, და ქრისტესა ღმერთსა ევედრებიან დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

კოლ. 2: 20 – 3: 3 (დას. 256). ლკ. 8: 1-3 (დას. 34). 

კოლ. 2: 20 – 3: 3 

20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს: 21. ხელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები 22. ნურაფერს, რაც იხრწნება, – კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით? 23. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს. 

1. თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. 2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას. 3. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.

ლკ. 8: 1-3 

1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი. 2. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი, 3. იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი (I)
წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი იმპერატორ ნერონის (54-68) ზეობისას ეწამნენ ქალაქ მედიოლანში. წმიდა ნაზარი, ქრისტიანი პერპეტუასა და იუდეველი აფრიკანის ძე, რომში დაიბადა და ეპისკოპოს ლინოსის ხელით ნათელიღო. უფლის რჩეულმა სიყმაწვილიდანვე გადაწყვიტა, ქრისტიანული მოძღვრების ქადაგებისა და დევნილ ქრისტიანთა დახმარებისთვის გადაედო თავი. ამ მიზნით მან დატოვა რომი და მილანში ჩავიდა. საპყრობილეში ქრისტიანთა მონახულების დროს ნაზარი გაეცნო ტყუპ ძმებს – პროტასისა და გერვასის.
ტყუპი ძმები მედიოლანში (მილანში) დაიბადნენ, მდიდარი რომაელების – ვიტალისა და ვალერიას ოჯახში. მშობლების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ძმებმა მთელი ქონება გლახაკებს განუყვეს, მონები გაათავისუფლეს და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს შეუდგნენ. წარმართებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებლები და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. წმიდა ნაზარის ძალიან შეუყვარდა ისინი და შეძლებისდაგვარად უმსუბუქებდა ტანჯვას. ამის გამო უსჯულოებმა ნეტარი სასტიკად გვემეს და ქალაქიდან გააძევეს.
წმიდა ნაზარი დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას და მრავალი კერპთმსახური მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ქალაქ კიმელაში მან მონათლა ერთი ქრისტიანი ქალის ძე, სახელად კელსი და მისი სახით ერთგული მოწაფე და თანამოსაგრე შეიძინა. წარმართთა შორის ქრისტეს ქადაგებისთვის ისინი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მარტვილებს პირი არ დააკარეს. შემდეგ უსჯულოებმა სცადეს, ზღვაში დაეხრჩოთ წმიდანები, მაგრამ ისინი ისე მიმოდიოდნენ ტალღებზე, როგორც ხმელზე. მეომრები, რომელთაც უფლის რჩეულთა სიკვდილით დასჯა ჰქონდათ დავალებული, ისე განცვიფრდნენ, რომ თავადაც ირწმუნეს ქრისტე და წმიდა მოწამეები გაათავისუფლეს.
სასწაულებრივად გადარჩენილი ნაზარი და კელსი მედიოლანში ჩავიდნენ და გერვასი და პროტასი მოინახულეს. როცა ამის შესახებ იმპერატორ ნერონს მოახსენეს, მან ბრძანა, ნაზარისა და კელსისთვის თავები მოეკვეთათ. მალე გერვასი და პროტასიც სიკვდილით დასაჯეს.
მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მეფის, თეოდოსის (408-450) ზეობისას ამბროსი მედიოლანელმა საღვთო გამოცხადებით მიაკვლია მარტვილთა სამარხებს, აღმოიყვანა მათი უხრწნელი ნაწილები და საზეიმოდ გადააბრძანა მედიოლანის ტაძარში (სხვა ცნობით, წმიდათა ნაწილების აღმოყვანება მოხდა 395 ან 396 წელს). 
ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი (IV)
ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი ქრისტეს ქადაგებისთვის შეიპყრეს და პალესტინის ქალაქ ფენის სპილენძის საბადოებში განამწესეს უმძიმეს სამუშაოებზე. აქ უსჯულოებმა ნეტარს მის მიერ მოქცეულ ორმოც ქრისტიანთან ერთად თავი მოჰკვეთეს (+311-312). წმიდა მამას ეკლესია 4 მაისსაც იხსენიებს (იხილეთ ამ დღის საკითხავი).
ღირსი პარასკევა სერბი (XI)
ღირსი პარასკევა სერბი, კონსტანტინოპოლის მახლობელ სოფელში დაიბადა კეთილმსახურ ბულგარელთა ოჯახში. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ასულის გული სახარების სიტყვებმა შეძრა : „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24). ამის შემდეგ მან თავისი ქონების გლახაკებისთვის დარიგება დაიწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ნეტარი განერიდა წუთისოფლის ამაოებას, მონაზვნად აღიკვეცა და ღრმა მოხუცებულობამდე იორდანეს უდაბნოში მოსაგრეობდა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდა დედა ანგელოზის მინიშნებით სამშობლოში დაბრუნდა და წმიდა მოციქულთა ტაძართან დამკვიდრდა, სადაც აღესრულა კიდეც მშვიდობით XI საუკუნის I ნახევარში (1238 ან 1221 წელს).