„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. დაუჯდომელის შაბათი
28.03.2026. შაბათი
მოწამისა აგაპი ღაზელისა და მის თანა შვიდთა მოწამეთა: პუპლიოსისა, ტიმოლაოსისა, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა დიონისეთა (303); მღვდელმოწამისა ალექსანდრე სიდელი ხუცისა (270-275); მოწამისა ნიკანდრესი (დაახ. 302); მოციქულისა არისტობულე ბრიტანელ ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: ფილექტიმონისა, გორდიანე-გრიგორისა და ცოლისა მისისა ანატოლიასი და შვილთა მათთა: ქალწულისა თეოდოსიასი და სებასტიანე-მარიანესი, რუსიანესი და მარჩბივთა შვილთა მისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქისა და მისთანა ორთა კერპის ხელოვანთა, ათენოგენესი, მარინასი და ყრმისა მისისა ფილექტიმონისა (238-244).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.
ლიტ.: ებრ. 9: 24-28 (დას. 322). მკ. 8: 27-31 (დას. 35).
ღმრთისმშობელისა: ებრ. 9: 1-7 (დას. 320). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
ლიტ.: ებრ. 9: 24-28
24. რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმიდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს, 25. იმიტომ კი არა, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმიდარში, 26. თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა. 27. და როგორც ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა, 28. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, – მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.
ლიტ.: მკ. 8: 27-31
27. წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე? 28. ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს – ელია და ზოგსაც – ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. 29. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე. 30. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი. 31. და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
ღმრთისმშობელისა: ებრ. 9: 1-7
1. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი, 2. რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“. 3. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“. 4. და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი. 5. ხოლო მათ ზემოთ – ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე. 6. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად. 7. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.
ღმრთისმშობელისა: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე (+270-275)
წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე ეწამა ქრისტესთვის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. წმიდანი მმართველმა ანტონიონმა დაკითხა, შემდეგ კი სასტიკად აწამა. ღვთისგან სასწაულებრივად დაცულმა ალექსანდრემ უდრტვინელად აიტანა ტკივილი. შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.ანტონიონი მსაჯულის სავარძლიდან წამოდგომისთანავე ეშმაკეულ იქმნა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
წმიდა მოწამე ნიკანდრი (+302)
წმიდა მოწამე ნიკანდრი ეგვიპტეში ეწამა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. ის მკურნალი იყო ქრისტიანთა დევნის დროს საპყრობილეებში აკითხავდა აღმსარებლებს და ეხმარებოდა მათ.ერთხელ ნიკანდრიმ ნახა ქრისტიანთა გვამები, რომლებიც მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად და ღამით წავიდა მათ დასამარხავად. ის შეამჩნიეს, დაიჭირეს და სასტიკად აწამეს: ცოცხლად გააძვრეს ტყავი , შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე (+303)
წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე ეწამნენ დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე დაწვეს, წმიდა აღაპი და თეკლე (ხს. 19 აგვისტოს) კი – მხეცებს დააგლეჯინეს. ხალხის ბრბოში მდგარმა ყრმებმა: პუბლიმ, ტიმოლაისმა, ალექსანდრემ, სხვა ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილემ გადაწყვიტეს საჯაროდ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ სარწმუნოებისათვის. მათ ხელები შეიკრეს და წარუდგნენ იქაურ მმართველს, ურბანს. ურბანი ამაოდ ეცადა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისათვის თავიანთი გადაწყვეტილება. წმიდა აღმსარებლები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც უკვე იმყოფებოდა ორი ქრისტიანი: აღაპი და მისი მსახური დიონისე. წმიდანები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. წმიდა მოწამე მანუელ კრიტელი (+1792)
წმიდა მოწამე მანუელ კრიტელი ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს თურქებმა და გაამაჰმადიანეს. როცა გაიზარდა, კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. ამისათვის 1792 წელს კუნძულ ხიოსზე თავი მოჰკვეთეს.