„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

28.02.2026. დიდმარხვის I შვიდეული
შაბათი. მარხვა
დიდმოწამისს თეოდორე ტირონისა; თევდორობა.
მოციქულისა 70-თაგანისა ონისიმესი (I-II); ღირსთა პაფნუტისა და ასულისა მისისა ევფროსინესი (V); ღირსისა ევსევისა, სირიელ მეუდაბნოისა (V).
დღის ლოცვები
მოციქული ონისიმეს, სამოცდაათთაგანის
კონდაკი: ვნებათა ქრისტესთა საჩინოდ მობაძავო, თვით მხილველო და მესაიდუმლეო რჩეულო, საღმრთოსა პავლეს ქადაგისა შედგომილო, ნეტარო ონისიმე, მის თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.
ლიტ.: ებრ. 1: 1-12 (დას. 303), მკ. 2: 23 – 3: 5 (დას. 10)·
დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10 (დას. 292). ინ. 15: 17-16: 2 (დას. 52).
ლიტ.: ებრ. 1: 1-12
1. ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, 2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, 3. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი, 4. ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი. 5. ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“. 6. ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“. 7. ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ – ალად ცეცხლისა“. 8. ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა – შენი სუფევის კვერთხი“. 9. „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“. 10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. 11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. 12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“.
ლიტ.: მკ. 2: 23 – 3: 5
23. მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა. 24. ფარისევლებმა უთხრეს: შეხედე, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? 25. ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 26. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? 27. და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის. 28. ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
1. კვლავ შევიდა სინაგოგაში, და იყო იქ ხელგამხმარი კაცი. 2. და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. 3. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ. 4. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ. 5. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.
დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
დიდმოწ.: ინ. 15: 17-16: 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
დიდმოწამე თეოდორე ტირონი (+დაახლ. 306)
დიდმარხვის პირველი შაბათი
წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა – მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის“ – სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.
ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.
წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.
წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო – თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.
ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
წმიდა მოციქული ონისიმე (+დაახლ. 109)
წმიდა მოციქული ონისიმე (სამოცდაათთაგანი), ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა, შემდეგ კი ნათელ-სცა მას. ახალნათელღებული შვილივით ემსახურებოდა პყრობილ წმიდანს. პავლემ, რომელიც პირადად იცნობდა ფილიმონს, ონისიმეს წერილი გაატანა მასთან და სიყვარულით სთხოვა, შეეწყალებინა შეცოდებული მონა და ძმასავით მიეღო იგი. ფილიმონმა (ხს. 4 იანვარს, 19 თებერვალს და 22 ნოემბერს) ამ წერილის პასუხად არა მარტო შეუნდო მომავალ წმიდანს, არამედ გაანთავისუფლა კიდეც იგი და უკანვე, რომში გაგზავნა მოციქულთა თავთან. აქ ონისიმე ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. პეტრე და პავლე მოციქულების სიკვდილის შემდეგ მან სახარების ქადაგებით მოიარა ესპანეთი და აზია. ღრმა მოხუცებულობაში წმიდანი ტიმოთეს შეენაცვლა ეფესოს სამღვდელმთავრო კათედრაზე. როცა ეგნატე ღმერთშემოსილი რომში სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაზე მას ნეტარი ონისიმე გამოეგება რამდენიმე ქრისტიანთან ერთად, რასაც თავად ეგნატე ახსენებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში.იმპერატორ ტრაიანეს მეფობისას ონისიმე შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ქრისტეს მხნე აღსარებისათვის იგი ჯერ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი ქვებით თავი მოჰკვეთეს. ერთმა დიდგვაროვანმა და კეთილმსახურმა ქალმა მოწამეობრივად აღსრულებული მოციქულის წმიდა ცხედარი ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენა. ეს მოხდა დაახლოებით 109 წელს.
ღირსი ევსები, სირიელი მეუდაბნოე (V)
ღირსი ევსები მეუდაბნოე სირიის ქალაქ ასიქაში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. ის მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა ღირს ევსების მნახველები მოუმრავლდა, მან ახლოს მდებარე მონასტერს მიაშურა, მის ზღუდესთან მცირე თავშესაფარი მოაწყო და აღსასრულამდე შიგ იყო დაყუდებილი.ღირსი პაფნუტი და ასული მისი ეფროსინე (V)
ღირსი პაფნუტი და ასული მისი ევფროსინე ალექსანდრიელები იყვნენ. ევფროსინია 18 წლის იყო, როცა დატოვა მშობლიური სახლი და მამათა სავანეში დაემკვიდრა საჭურის იზმარაგდის სახელით. იღუმენმა მამაკაცის სამოსლის ქვეშ ქალწული ვერ იცნო და მას განკრძალული კელია გამოუყო, სადაც წმიდა მოსაგრე ახოვნად ებრძოდა ბოროტ სულებს, კეთილგონიერებით და თავშეკავებით იგერიებდა მათ საცდურებს, თრგუნავდა ვნებებს და სათნოებებში წარემატებოდა. ნეტარი ქალწულის მამა, პაფნუტი ხშირად მოდიოდა ხოლმე იმ სავანის წინამძღვართან, სადაც ევფროსინია მოღვაწეობდა და ასულის დაკარგვით დამწუხრებული მასთან პოულობდა შვებას. იღუმენს არაერთხელ უნახავს პაფნუტი დაუცხრომელი ღამისთევებითა და შრომით გამორჩეულ „ბერ“ იზმარაგდთან მოსაუბრე. მამა სახეშეცვლილ, შუბლზე ბარტყულაჩამოფხატულ მოწესეში ვერ ცნობდა საკუთარ შვილს. ევფროსინიამ 38 წელი დაჰყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თავისი ასულის კელიაში დაემკვიდრა და აქ 20 (ზოგის ცნობით 28) წელი მოსაგრეობდა.