…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
28.07.2026. სამშაბათი. ხსნილი.
მოწამეთა: კვირიკესი და დედისა მისისა ივლიტასი და მათთანა 11411-თა (305); მოწამისა ავუდიმოსი (IV); მოციქულთა სწორისა. ვლადიმერისა (ბასილისა) (1015).
დღის ლოცვები
მოწამეთა კვირიკესი და ივლიტას კონდაკი:
მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განმხნობილი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რიგ.: 1 კორ. 12: 12-26 (დას. 152). მთ. 18: 18-22; 19: 12, 13-15, (დას: 76).
მოწ.: 1 კორ. 13: 11-14: 5 (დას. 154, შუა). ლკ. 10: 19-21 (დას. 51 შუა).
რიგ.: 1 კორ. 12: 12-26
12. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. 13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი. 14. ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ – მრავალი. 15. და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 16. ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 17. მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? 18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება. 19. მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული? 20. ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი – ერთი. 21. ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო. 22. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან. 23. ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ. 24. ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო, 25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს. 26. ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.
რიგ.: მთ. 18: 18-22; 19: 12, 13-15
18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. 19. კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. 20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის. 21. მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? 22. იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს.
13. მაშინ მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი უშლიდნენ მათ. 14. ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი. 15. დაადო ხელი და წავიდა იქიდან.
მოწ.: 1 კორ. 13: 11-14: 5
11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს. 12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები. 13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.
1. მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია. 2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს. 3. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს. 4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. 5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი – წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.
მოწ.: ლკ. 10: 19-21
19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)
წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ – ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც – ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.
– „შეიბრალე თავი, ივლიტა, – ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, – დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“
– „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს – მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ – პასუხობდა ნეტარი.
უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა“.
ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.
ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.
წმიდა მოწამე აბუდიმე (IV)
წმიდა მოწამე აბუდიმე ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ტენედოსზე დაიბადა. ნეტარი უსჯულო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს აღესრულა ქრისტესთვის. ნათლისღებით ბასილი (+1015)
