გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
28.08.2025 ხსნილი
მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა.
სიონობა. თაყვანისცემა ღმრთისმშობლის ხატთა: აწყურისა, გაენათისა, წილკნისა, მეტეხისა, ქვაბთახევისა, დმანისისა, მოზდოკისა, ვლაქერნისა და სხვათა.
დღის ლოცვები
მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
ტროპარი: შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაი, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
კონდაკი: მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაი, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაი ეგე ცხორებისაი, ცხორებად მიგცვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოი მარადის ქალწულისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება
შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცუალებასა
არა დაუტევე, ღვთისმშობელო, მოხუედ ცხოვრებად
დედაი ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა
შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩუენთა
ღვთისმშობლის მიძინების ტროპარი
- ღვთისმშობლის ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდები მაცხოვრის ამაღლებიდან მიძინებამდე
წმინდა გადმოცემიდან ვიცით, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობლის კეთილდღეობაზე იოანე ღვთისმეტყველი ზრუნავდა. წმინდა მარიამი კი როგორც მოციქულთა, ისე ყოველი ქრისტიანის საიმედო დამრიგებელი და მანუგეშებელი იყო.
აღდგომის შემდეგ იგი მუდმივად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე. იუდეველმა მღვდელ-მთავრებმა არაერთხელ სცადეს მისი მოკვდინება. იმისათვის, რათა ღვთისმშობელი საფლავზე ვერ მისულიყო, აკლდამას ერთხანს დაქირავებული მცველებიც კი დარაჯობდნენ, მაგრამ ღვთაებრივი თანადგომის ძალა წმინდა დედას ყოველთვის იფარავდა, ამიტომ მისვლას და ლოცვას, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი იქნა დასვენებული, ის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახერხებდა.
დიდი იყო მის მიმართ მოციქულთა მოწიწება და მოკრძალება. მასთან საუბრებში ქრისტიანებმა შეიტყვეს წმინდა ხარების, მაცხოვრის დაბადებისა და სხვა სასწაულებრივი მოვლენების შესახებ. თავის მხრივ, სიტყვითა და ლოცვით ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებაში მოციქულებთან ერთად წმინდა ქალწულიც მონაწილეობდა. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს მოწამეობრივ მკვლელობასაც შეესწრო. ამ დროს იგი გულით თანაუგრძნობდა მოწამეს და ლოცვით ცდილობდა სიკვდილთან ღირსეული შეხვედრისათვის განემტკიცებინა იგი.
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა იერუსალიმში კიდევ 10 წელი დაყვეს და ამ ხნის მანძილზე ისინი იუდეველთა მოქცევას ცდილობდნენ. ღვთისმშობელმა ამ საქმეშიც დიდი წვლილი შეიტანა, შინაურიც და უცხოც მის მიმართ დიდი პატივისცემით განეწყო. იერუსალიმში მის სანახავად და მოსასმენად ხალხი შორეული ქვეყნებიდანაც მრავლად ჩამოდიოდა.
43 წელს, როდესაც ჰეროდე აგრიპამ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო (საქმ. 12:1-3) და მისი ბრძანებით მოციქული იაკობ ზებედესი სიკვდილით დასაჯეს, წმინდა მარიამმა მოციქულებთან ერთად იერუსალიმი დატოვა. იმისთვის, რათა გარკვეულიყო, სახარება ვის სად უნდა ექადაგა, მოციქულებმა წილი ყარეს. წილისყრის შედეგად ღვთისმშობელს ივერია ერგო. ის აპირებდა კიდეც საქართველოში წამობრძანებას, მაგრამ ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მის წილხვედრ ქვეყანას მაცხოვრის ნათელი მოგვიანებით მოეფინება, თავად კი ჯერჯერობით იერუსალიმში უნდა დარჩენილიყო, რათა აქედან იმ მხარეში გამგზავრებულიყო, რომელიც ასევე მის მოლოდინში იყო. ღვთისმშობელს ეუწყა, რომ ქვეყნის სახელწოდება მისთვის შემდგომში განცხადდებოდა.
გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ჯერ იოანე ღვთისმეტყველის წილხვედრ ეფესოში ჩავიდა, იქიდან კი იოანესთან ერთად მაცხოვრის მეგობარ ლაზარესთან გაემგზავრა, რომელსაც მოციქულმა ბარნაბამ კვიპროსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. გზად გემს ძლიერი პირქარი შეხვდა, მიუხედავად ამისა ქარიშხალმა გემი სრულიად უვნებლად ათონის მთას მიაჭდო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიხვდა, რომ ეს სასწაულებრივი გაჩერება ანგელოზის წინასწარმეტყველებასთან იყო დაკავშირებული.
ამ დროისათვის ათონის მთა წარმართი ელინების განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა _ ისინი აქ ღმერთების თაყვანისცემისთვის და ბედისწერის შესატყობად მოდიოდნენ. ღვთისმშობელი ათონის ნახევარკუნძულის მიწაზე გადავიდა. წმინდა მარიამის სულიერებისა და სიწმინდის წინაშე წარმართულმა კულტებმა ძალა დაკარგეს. ღვთისმშობელმა თავისი ქადაგებითა და სასწაულებით მრავალი ადგილობრივი მცხოვრები ქრისტიანად მოაქცია. ახალმონათლულებს წინამძღოლად და მასწავლებლად ერთ-ერთი თავისი თანამგზავრი დაუდგინა. გამოთხოვებისას ახალმოქცეული ათონელი ქრისტიანები უკანასკნელად დალოცა და ბრძანა: „დაე, ჩემი წილხვედრი იყოს ეს ადგილი, რომელიც ჩემი ძისა და ღმერთისგან მომეცა, მე ვიქნები ამ მიდამოს მცველი და ღვთის წინაშე მხურვალე შუამდგომელი“ (Порфирий (Успенский), еп. История Афона. СПб., 1892. Ч. 2. С. 129-131). ამის შემდეგ გემმა, რომლითაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი მოწაფეები მოგზაურობდნენ, კვიპროსის მიმართულებით გაცურა. იქ მათ ლაზარე ელოდათ.
ღვთისმშობელმა კვიპროსის მიწა დალოცა, ლაზარე დედაშვილურად ანუგეშა, რჩევა-დარიგება მისცა, თავისი ხელით შეკერილი ომოფორი და სამაჯურები აჩუქა და იერუსალიმში დაბრუნდა.
- ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული სხვა ცნობები
იერუსალიმში ღვთისმშობელი მისი ხილვის ყველა მსურველს იღებდა, ცოდვილებს მოაქცევდა, სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. დარჩენილ დროს ყოვლადწმინდა მარიამი ლოცვაში ატარებდა, ხშირად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე და ძე ღმრთისას ღრმა თაყვანისცემითა და დედობრივი სიყვარულით მიმართავდა, ასევე სამკვიდრებლის კურთხევას და ქრისტიანებისთვის წყალობას ითხოვდა და მოწყალებას გასცემდა. მტრები მას კვლავაც დევნიდნენ, მაგრამ ღვთის მადლით ის ყოველთვის ხელშეუხებელი რჩებოდა.
ცნობები ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიას მოციქულთა დროიდან მოეპოვება. ჯერ კიდევ I საუკუნეში წმინდა მოწამე დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო. წმინდა დიონისემ მაცხოვრის ამაღლებიდან დაახლოებით მე-12 წელს მოინახულა ღვთისმშობელი მარიამი, მისგან კურთხევა და რჩევა-დარიგება მიიღო.
ღვთისმშობლის მიძინების შესახებ აგრეთვე II საუკუნეში მოღვაწე სარდელი ეპისკოპოს მელიტონის თხზულებებშია მოთხრობილი. წმინდა ეპიფანე კვიპრელმა IV საუკუნეში შეკრიბა მასალები და აღწერა ღვთისმშობელი მარიამის მიძინების ამბავი. V საუკუნეში იერუსალიმელი პატრიარქი იუვენალი კეთილმსახურ ბერძენ დედოფალ პულხერიას ასე მიმართავდა: „მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მიძინება წმინდა წერილში არ არის მოხსენიებული, ჩვენ ამ მოვლენების შესახებ უძველესი და სრულიად საიმედო წყაროები მოგვეპოვება“. ეს წმინდა გადმოცემა XIV საუკუნის ისტორიკოსის ნიკიფორე კალისტეს თხზულებაში, საგულდაგულოდ არის შეკრებილი და აღწერილი.
- ანგელოზის გამოცხადება
გულმხურვალე ლოცვისას ღვთისმშობელი ხშირად შესთხოვდა თავის ძეს მასთან გადასახლების ბედნიერება ღირსებოდა.
ერთხელ, ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აყვანის დრო ახლოვდებოდა და ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. ზეცაში აღსვლის მოწმობად წმინდა მარიამს მთავარანგელოზმა სამოთხეში ზრდილი ფინიკის ხის რტო გადასცა და უთხრა, რომ ეს ზეციური მცენარე ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინებული და მიძინების შემდეგ მოციქულებს მის საფლავთან უნად მიეტანათ.
შინ დაბრუნებულმა წმინდა მარიამმა მომხდარი თავის სახლეულს გაუზიარა და დიდი სიხარულით ამცნო, რომ სამი დღის თავზე თავის ძეს უნდა შეხვედროდა. თვითონ კი დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს.
- მოციქულთა შეკრება
ღვთისმშობელმა იოსებ არიმათიელი და მაცხოვრის სხვა მოწაფეები მოიხმო და მათაც აცნობა, რომ მიძინებისთვის ემზადებოდა. ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთს შესთხოვდა, მასთან იოანე ღვთისმეტყველი მოსულიყო. წმინდა იოანემ სულით შეიგრძნო ღვთისმშობლის ნება და მანძილი ეფესოდან იერუსალიმამდე სასწაულებრივად სწრაფად გადალახა. იოანემ ყოველივე დაუყოვნებლივ აცნობა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, იაკობ მოციქულს _ იოსებ დამწინდველის ძეს, იაკობმა კი ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ მოდიოდა.
სასწაულებრივი იყო სხვა მოციქულების მობრძანებაც. მოულოდნელი მგზავრობით გაოცებული წმინდა მოციქულები ერთმანეთს სიხარულით შესცქეროდენ, უკვირდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვერ აეხსნათ, ასე სწრაფად და მათთვის მოულოდნელად რისთვის და როგორ შეკრიბა უფალმა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ცრემლნარევი სიხარულით ამცნოთ, რომ მოვიდა დრო „ვითარ ქალწული აღუალს ქუეყანით ზეცას“, რადგან „მოკუდავი ცხოველ“ არს.
ოთახში შესულმა მოციქულებმა სარეცელზე მწოლიარე ყოვლადწმინდა დედა კეთილმღიმარე იხილეს, მოიკითხეს და იმ მოვლენის შესახებ უამბეს, მათი ქადაგების ადგილებიდან უცნაურ მოგზაურობასთან რომ იყო დაკავშირებული. ღვთისმშობელმა ადიდა უფალი, რადგან ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა, მისი გულითადი თხოვნა აღასრულა და მიწიერი ცხოვრების დასასრულს მოციქულებსა და მოწაფეებს მასთან მოუყარა თავი.
როდესაც ხალხმა ზეცაში ამაღლების შესახებ თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყო, მოთქმით აღავსო გარემო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნუგეშინისმცემლის გარეშე რჩებოდნენ. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველასთვის მსწრაფ-ლშემწე იქნებოდა. ამ დაპირებაში კაცობრიობის საყოველთაო ნუგეშია დაუნჯებული.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლა
ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო.
გამოცხადებიდან მესამე დღის სამი საათი იყო. წმინდა მოციქულები ღვთისმშობლის დამშვენებული სარეცლის გარშემო იდგნენ და უფალს გალობით ადიდებდნენ. ოთახი მრავალი სანთლით იყო განათებული. ყოვლადწმინდა მარიამი გულმხურვალედ ლოცულობდა.
მოულოდნელად გარემო გამოუთქმელი სინათლით აღივსო, ყველა და ყველაფერი შარავანდედით იქნა მოსილი. ოთახში ისეთი საოცარი და შეუცნობელი სიამე შემოიჭრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერება ვერ დაიტევდა. ყველამ ერთდროულად შეამჩნია, რომ ღვთაებრივი დიდების ნათელში სახლის ჭერი აღარსად ჩანდა. გარემოუცველი იყო უსაზომო სინათლე. სიყვარულით აღვსილმა ყოველმა სულმა ზეციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული დიდების მობრძანება შეიგრძნო _ უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა დედას გამოეცხადა. ანგელოზთა გამოუთქმელმა გალობამ გარემო სრულად აღავსო. მის ფონზე მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ღვთივსულიერი ლოცვა ისმოდა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“, რომელსაც ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო“ და კვლავ ანგელოზთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ მოჰყვა და ზეციურ ძალთა თანხლებით, უფლის ხელით ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში ზეიმურად ამაღლდა.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება და გაცილება
ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი, შენთვის, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაი და სიკუდილი ცხოვრებისმომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.
მოციქულებს და ყველას, ვინც ამ სულიერი სახილველის ღირსი შეიქნა, მიწიერება დავიწყებოდათ. ისინი შიშნარევად გაცვიფრებულნი ცას შესცქეროდნენ… გონს რომ მოვიდნენ, დაინახეს, რომ სულით ცად ამაღლებული ღვთისმშობელი სარეცელზე იწვა. მისი სახე სათნო ნათელით ბრწყინავდა და დამშვენებული სარეცლიდან საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გაცილება
გასაცვიფრებლად იცხოვრა ყოვლადწმინდა მარიამმა. სასწაულებრივი იყო მისი მიძინება და გაცილებაც. მოკრძალებითა და ძრწოლით ამბორყვეს ქრისტიანებმა მაცხოვრის დედის წმინდა სარეცელი და ღვთიური მადლით, სულიერი სიხარულითა და სასოებით განათლდა მათი გულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული სიდიადის გამო რწმენითა და სიყვარულით მისული ყველა შეჭირვებული სარეცლის შეხებით იკურნებოდა.
პროცესიას სამოთხის რტოთი წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა. წმინდა პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს სასახლე მხრებით მიჰქონდათ. დანარჩენი მორწმუნეები საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიჰყვებოდნენ. საზეიმო სვლა სიონში დაიწყო, იერუსალიმი გაიარა და გეთსიმანიამდე გალობით მივიდა. მსვლელობას დასაწყისშივე გვირგვინის მსგავსი ნათელმოსილი ღრუბელი დაადგა და ბოლომდე არ მოშორებია. ეს ციური სხეული პროცესიასთან ერთად ჰაერში მოძრაობდა. მორწმუნეებს ანგელოზთა გალობა ესმოდათ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ გააღიზიანა. ზოგიერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა და უხუცესმა ისიც კი მოისურვა, რომ პროცესია დაეშალა და წინამძღოლები შეეპყრო. მაგრამ ეს ბოროტება ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა. ზეციური გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესია მდევართათვის უხილავი გახდა. მდევრებს გალობა და ნაბიჯების ხმა ესმოდათ, მაგრამ სიბრმავე დაეუფლათ და ვერაფერს ხედავდნენ. უგუნურ ჭენებაში ბევრმა მათგანმა ქალაქის კედლებს თავ-პირი შეალეწა.
გამორჩეული იყო იუდეველი მღვდლის ათონიას „მონდომება“. მან უმეცრებისა და სულიერი სიბეცის გამო საშინელი კადნიერება გამოავლინა და ღვთისმშობლის სარეცლის დამხობა მოისურვა. უფალმა სამაგალითოდ დაუშვა მისი მისვლა წმინდა სასახლემდე, მაგრამ ხელის ოდნავ შეხებისთანავე მას ღვთის რისხვა დაატყდა და ორივე ხელი წარეკვეთა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა ათონია და მან ხმამაღლა, მთელი რწმენით ამოიძახა: „მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი“. მკლავები მაშინვე განუმრთელდა და როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გამოჯანსაღდა. ათონია პროცესიას შეუერთდა. როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, ბევრმა იუდეველმა შეინანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წრფელად სცა თაყვანი და მის სარეცელს ემთხვია. მათგან ვინც უმეცრებით იყო დაბრმავებული, განიკურნა, ხოლო ვინც გაბოროტების გამო იყო დასჯილი, მათაც მხედველობა დაუბრუნდა.
პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია. ყველა უკანასკნელად ემთხვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედარს.
აკლდამაში მისი მოთავსება წმინდა მოციქულებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს. გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ქვით დაფარეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში შესასვლელთან ლოცვასა და გალობას აღავლენდნენ, ანგელოზები უფალსა და ყოვლადწმინდა ქალწულს ზეციური გალობით განადიდებდნენ.
ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან ყოვლადწმინდა და მარადის ქალწულმა ბუნების იმ კანონებს სძლია, რომელთაც ცოდვით დაცემული ადამიანი ემორჩილება. მისი სული ზეცად ამაღლდა, ხოლო სხეულმა მცირე დროით მიიძინა და მესამე დღეს უკვდავებას შეუერთდა.
მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს მიიძინა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი მიეგება მიწიერ დედას და თავის სავანეში მიუჩინა სამყოფელი.
დღის საკითხავები
მწუხრ.: 1) დაბ. 28: 10-17. 2) ეზეკ. 43: 27; 44: 1-4. 3) იგავ. 9: 1-11.
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 (დას. 4).
ლიტ.: ღმრთისმშ.: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
მწუხრ.: 1) დაბ. 28: 10-17
10. გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს. 11. მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას. 12. ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე. 13. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია. 14. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა. 15. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ; კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი. 16. გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი! 17. შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!
მწუხრ.: 2) ეზეკ. 43: 27; 44: 1-4
27. ბოლოს მოვუღებ შენს გარყვნილებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ ბოზობას; აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტელებს აღარ გაიხსენებ. 28. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მიგცემ მათ ხელში, ვინც შეიძულე, მათ ხელში, ვისზეც გული აიყარე. 29. სიძულვილით მოგეცქევიან და წაგართმევენ მთელს შენს მონაგარს; შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი ბოზობა. 30. ეს დაგემართება შენი ბოზობის გამო ხალხების წამხედურობით, თავს რომ იუწმიდურებდი მათი კერპებით. 31. შენი დის გზით დადიოდი და მის თასს მოგცემ ხელში. 32. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შესვამ შენი დის თასს, ღრმასა და ფართეს და სასაცილო და სამასხრო გახდები; ბევრს იტევს იგი. 33. სიმთვრალით და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთის და განადგურების თასია შენი დის, სამარიის თასი. 34. შესვამ მას და ბოლომდე გამოწრუპავ, კიდეებს მოულოკავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი. 35. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი დამივიწყე და ზურგს უკან მომისროლე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილების და ბოზობის სასჯელი. 36. მითხრა უფალმა: ადამის ძევ! მსჯავრს დასდებ აჰოლას და აჰოლიბას? ჯერ გამოუცხადე მათი სისაძაგლენი, 37. რადგან მრუშობდნენ და სისხლი ჰქონდათ ხელებზე; თავიანთ კერპებთან მრუშობდნენ და შვილებსაც, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად. 38. კიდევ ეს გამიკეთეს: გააუწმიდურეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს. 39. დაუკლეს თავიანთი შვილები მათ კერპებს და იმ დღესვე მოვიდნენ ჩემს საწმიდარში მის შესალახავად. აჰა, როგორ მოიქცნენ ჩემს სახლში. 40. შორიდან მომსვლელ ხალხსაც კი იბარებდნენ; როცა მოციქული იგზავნებოდა მათთან; აჰა, მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკულებით იმკობოდი; 41. დიდებულ საწოლზე ჯდებოდი, რომლის წინ გარიგებული ტაბლა იყო და ზედ ჩემს საკმეველს და ზეთს აწყობდი. 42. უდარდელი ბრბოს ხმა გაისმოდა იქ და ამ უამრავ ხალხთან მოჰყავდათ უდაბნოდან საბეელები, რომლებიც სამაჯურებს უკეთებდნენ ხელებზე მათ და თავზე ლამაზ გვირგვინებს ახურავდნენ. 43. ვთქვი ბოზობაში დაბერებულზე: ახლაც ბოზობენ-მეთქი მასთან? ახლაც? 44. და მივიდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან მიდიან; ასე მივიდნენ აჰოლასთან და აჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან. 45. მაგრამ მართალი ხალხი განსჯის მათ გარყვნილთა მსჯავრით და სისხლისმღვრელთა მსჯავრით, რადგან გარყვნილნი არიან და სისხლია მათ ხელებზე. 46. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად. 47. ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი ვაჟები და ასულები და მათი სახლები ცეცხლში გადაბუგოს. 48. ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყოველი ქალი და აღარ წაგბაძავენ გარყვნილებაში. 49. თქვენზე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ სასჯელს თქვენი კერპების გამო; მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
მწუხრ.: 3) იგავ. 9: 1-11
1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:
5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.
6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი – შეურაცხყოფას;
8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;
9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.
10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.
11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56
39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს. 40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. 41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. 42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! 43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? 44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. 45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ. 46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს, 47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. 48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; 49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.
ლიტ.: ღმრთისმშ.: ფლპ. 2: 5-11
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ლიტ.: ღმრთისმშ.: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა. სიონობა; თაყვანისცემა ღვთისმშობლის ხატთა: აწყურისა, გაენათისა, წილკნისა, მეტეხისა, ქვაბთახევისა, მოზდოკისა და ვლაქერნისა
ღვთისმშობლის მიძინება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლში. უბიწო ქალწული მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ დაუტევნელის დამტევნელი დედის მიმართ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად.როცა ჰეროდე მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, 43 წელს, ყოვლადწმიდა მარიამმა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე. ბოლოს კი, ღვთის ნებით, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ის ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუ ჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.
მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი.
სწორედ ამ დროს ასევე სასწაულებრივ წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.
მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა, „იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტჳრთა“, მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს, რომლებიც ცხედრის მახლობლად, ჰაერში დაეკიდა.
მოციქულებმა წმიდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც აღარსად ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს.
ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.
წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის (V ს.) თქმით, „ჩვენ მათ შესახებ ვუწყით უძველესი და სანდო გადმოცემიდან“, რომელსაც XIV საუკუნეში ნიკიფორე კალისტემ მოუყარა თავი თავის საეკლესიო ისტორიაში.
სიონობა. სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმიდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. სიონის მთაზე არიან დასაფლავებულნი ებრაელთა მეფე დავითი და ძე მისი სოლომონი; მაცხოვარმა ამ კურთხეულ მთაზე შეასრულა საიდუმლო სერობა, ხოლო ჯვარცმის შემდგომ, მკვდრეთით აღდგომილი, აქ ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. აქვე იდგა იოანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი.
თბილისის სიონის მშენებლობა VI საუკუნეში დაიწყო და VII საუკუნის ოციან წლებში დასრულდა ადარნასეს ერისმთავრობისას. ამ დროისთვის იერუსალიმის სიონის მთაზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უკვე აგებული ყოფილა.
სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოს მტრებს მრავალგზის დაურბევიათ და დაუნგრევიათ, მაგრამ ყოველ ნგრევას აღდგენა-განახლება მოსდევდა. 1226 წელს ხვარაზმის მბრძანებელმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, სიონის გუმბათი მოახსნევინა, ზედ ტახტი დაადგმევინა და აქედან ადევნებდა თვალს, თუ როგორ ხოცავდნენ უსჯულოები იმ ქართველებს, რომლებიც მეტეხის ხიდზე დასვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატების შეურაცხყოფაზე უარს აცხადებდნენ. XIV საუკუნის ბოლოს ტაძარი თემურ-ლენგმა შემუსრა, მაგრამ XV საუკუნეში კვლავ განაახლეს. XVIII საუკუნეში თურქებს სიონის მეჩეთად გადაკეთება უცდიათ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, უსჯულო განზრახვა ვერ აღასრულეს. ასეთი ავბედითი გზებით მოაღწია ტაძარმა დღემდე.
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დიდი სიწმიდეები ინახება: მაცხოვრის სამსჭვალი, წმიდა ნინოს ჯვარი, თომა მოციქულის თავის ქალა, წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა… აქ განისვენებენ საქართველოს პატრიარქები, მათ შორის წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. აქვეა დაფლული დიდი მღვდელმთავარი იოანე მანგლელი.