28.09.2025. მე-16 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII

28.09.2025. მე-16 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII

      თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. კვირა

28.09.2025. მარხვა

ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკე. ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული.

აბბა იოსებ ალავერდელი ეპისკოპოსისა (570); დიდმოწამისა ნიკიტა კონსტანტინეპოლელისა (372); აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (პოვნა წმ. ნაწ. III); მოწამეთა: მაქსიმესი, თეოდოტესი და ასკლიადისა (305-311); მოწამისა პორფირისა (361); პირველმოწამისა და პირველდიაკონისა სტეფანესი (პოვნა წმ. ნაწ. 415); ღირსისა ფილოთეოზ ხუცისა, მცირე აზიელისა, სასწაულთმოქმედისა (X).

დღის ლოცვები

ღირსი ამბა იოსების, ალავერდელი ეპისკოპოსის, ათცამეტთა ასურელ (სირიელ) მამათაგანის

ტროპარი: იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ.

კონდაკი: წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყვარე, მამაო იოსებ; ამისთვის ქუეყანასა ზედა ცხორებითა შუენიერითა და ქცევითა საწადელითა იქცევოდი, და იქმენ შეზავებულ, ვითარცა მარილითა, სიყუარულისა ღმრთისათა, ამისთვის გნატრით და გევედრებით, რაითა გვიოხო წინაშე მეუფისა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

მწუხრ.: 1) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: გალ. 2: 16-20 (დას. 203). მკ. 8: 34 – 9: 1 (დას. 37).
რიგ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). მთ. 25: 14-30 (დას. 105).
იოსებისა: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 27-30 (დას. 43).

მწუხრ.: 1) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3 

15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,

მწუხრ.: 2) სიბრძ. 3: 1-9 

1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.

მწუხრ.: 3) სიბრძ. 4: 7-15 

7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.

ცისკ.: ლკ. 24: 12-35 

12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა. 13. იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი; 14. და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. 15. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ. 16. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. 17. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი? 18. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? 19. და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, – 20. სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. 21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. 22. თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან 23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. 24. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. 25. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! 26. განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? 27. მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. 28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. 29. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. 30. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. 31. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის. 32. და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? 33. მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი, 34. რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს. 35. მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.

ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: გალ. 2: 16-20 

16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც. 18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს? 19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის. 20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.

ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: მკ. 8: 34 – 9: 1 

34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. 35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? 37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.

1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.

რიგ.: 2 კორ. 6: 1-10 

1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. 3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. 4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, 5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, 6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, 7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, 8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. 9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; 10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.

რიგ.: მთ. 25: 14-30 

14. რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. 15. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი, მესამეს – ერთი, თვითეულს – მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა. 16. ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. 17. ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. 18. ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი. 19. დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. 20. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. 21. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. 22. ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. 23. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. 24. ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. 25. ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს. 26. ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. 27. ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ. 28. მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. 29. რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 30. ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

იოსებისა: 2 კორ. 4: 6-15 

6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.

იოსებისა: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა, აღესრულა იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა აკაკი საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახელი გაითქვა შთაგონებული ქადაგებებითა და სასწაულებით, რის შემდეგაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (ასკლიპიოდოტა) IV საუკუნის დასაწყისში ეწამნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას. ქალაქ მარკიანოპოლის დიდგვაროვანი მკვიდრნი, მაქსიმე და ასკლიადა კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ და თავიანთი მაგალითით მრავალ წარმართს მოაქცევდნენ ქრისტიანობაზე.
თრაკიის მმართველმა, ტირისმა, რომელიც მარკიანოპოლში ქრისტიანების დასასჯელად იყო ჩასული, მაქსიმე და ასკლიადა თავისთან მოიხმო და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ მათი სიმტკიცე რომ იხილა, ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ აღმსარებლები.
ერთმა კეთილმსახურმა მოქალაქემ, თეოდოტემ მმართველი სისასტიკეში ამხილა. ამისთვის ისიც შეიპყრეს, ხეზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით აწამეს. შემდეგ სამივე მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ორი კვირის თავზე ტირისმა გზა განაგრძო და მოწამეები თან გაიყოლა. ქალაქ ადრიანოპოლში უსჯულომ კიდევ უფრო მძაფრი სატანჯველები დაატეხა მათ თავს. უფლის რჩეულებს ნუგეში სცა ზეციდან გარდამოვლენილმა ხმამ, რომელიც მათ სიმტკიცისა და მოთმინებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე დღის წამების შემდეგ მარტვილები ცირკში მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მაქსიმესა და თეოდოტეს მათზე მიშვებულმა დათვმა ალერსი დაუწყო. წმიდა ასკლიადა ხარზე მიაბეს, მაგრამ პირუტყვმა ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა. გააფთრებულმა ტირისმა მათთვის თავის მოკვეთა ბრძანა. გამოხდა ხანი და მარტვილთა წმიდა სისხლში ხელგასვრილ ხელისუფალს ღვთის რისხვა დაატყდა თავს: სამსჯავროზე მჯდომი, მეხმა განგმირა.
წმიდათა: მაქსიმეს, თეოდოტესა და ასკლიადას (ასკლიპიოდოტას) ხსენება 19 თებერვალსაც აღესრულება.
წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამა. პორფირე მსახიობი იყო და იმპერატორის დაბადების დღეს თეატრში ასრულებდა როლს, რომლის მიხედვითაც ნათლისღების საიდუმლო აბუჩად უნდა აეგდო; მაგრამ როცა პიესის მსვლელობის დროს ნეტარი წყალში ჩაეშვა და წარმოთქვა: „ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე და, წყლიდან ამოსულმა, აშკარად აღიარა ქრისტიანობა. იულიანემ იქვე ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. ეს მოხდა ქალაქ ეფესოში 361 წელს.
წმიდა დიდმოწამე ნიკიტა, გუთი მხედარი, ცხოვრობდა IV საუკუნეში, დუნაის ნაპირას. ამ დროს ქრისტეს სარწმუნოება უკვე ფართოდ იყო გავრცელებული გუთების ქვეყანაში. წმიდა ნიკიტა სახარების ნათლით ადგილობრივმა ეპისკოპოსმა, I მსოფლიო კრების მონაწილემ, თეოფილემ გაანათლა. ქრისტიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში წინ აღუდგნენ წარმართი გუთები, რასაც შედეგად შინაბრძოლები მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა ლაშქრის წინამძღოლმა, ფრიტიგერნმა წარმართი ათანარიხი დაამარცხა, ბარბაროსთა შორის მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება სულ უფრო და უფრო მზარდი წარმატებით ხორციელდებოდა. ეპისკოპოსმა ულფილამ შექმნა გუთური ანბანი და გუთთა ენაზე მრავალი საღვთისმსახურო წიგნი თარგმნა. თავისი ცხოვრებითა და შთაგონებული საუბრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ქრისტიანობაზე; მაგრამ ათანარიხმა დამარცხების შემდეგ შეძლო ძალების აღდგენა, სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ ძველებური ძლევამოსილებით შეიმოსა.
კერპთმსახურთა ცრუსარწმუნოების ერთგულს, მას უწინდებურად სძულდა ქრისტიანები და სასტიკად დევნიდა მათ. წმიდა ნიკიტამ გაბედულად ამხილა უსჯულო და შეეცადა, იგი ჭეშმარიტების მსახურების გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ათანარიხმა შეიპყრო უფლის რჩეული და საშინელი წამების შემდეგ ცეცხლში შეაგდო. ასე დაასრულა ცხოვრება დიდმოწამე ნიკიტამ დაახლოებით 372 წელს. წმიდანის მეგობარმა, ქრისტიანმა მარიანოსმა ღამით მოძებნა ცეცხლისგან სრულიად დაუზიანებელი, საკვირველი ნათლით გაბრწყინებული მარტვილის ცხედარი, კილიკიაში გადაასვენა და იქვე დაკრძალა. მისი ზოგი უხრწნელი ნაწილი მოგვიანებთი სერბეთში იქნა გადაბრძანებული.
წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, „ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა“.
აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.
ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა „მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზარხველი“, ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული.
მხეცთა და ნადირთა სამკვიდრებელში განმარტოების ღვაწლს შემდგარ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით გამოსულიყო ამ მიდამოებში სანადიროდ. მონადირემ როგორც კი იხილა წმიდა მამა, მიხვდა, რომ მის წინ ღმერთშემოსილი კაცი იდგა, ცხენიდან ჩამოხტა, თაყვანისცემით მიეახლა, ამბორს-უყო და მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი.
ღირსმა მამამ ღვთის შემწეობით მასში სრული სარწმუნოება და საღმრთო სიყვარულისა და ჭეშმარიტებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი დანერგა. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ტაძარს ააშენებდა ალავერდის უდაბნოში და შეასრულა კიდეც აღთქმა: საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ღირსმა მამამ დიდად გაიხარა ღვთივსათნო საქმის აღსრულებით.
მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძვარის და მოძღვარიც.
დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.
მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება. 
ღირსი ფილოთეოს ხუცესი მცირე აზიის სოფელ მრავინოდან იყო. იგი სასწაულთქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული ღვთისაგან. მიიცვალა არა უგვიანეს X საუკუნისა.