28.11.2025. 25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

28.11.2025. 25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

28.11.2025. მარხვა

მოწამეთა და აღმსარებელთა: გურიასი, სამონასი მღვდელთა (299-306) და აბიბოს დიაკონისა (322); მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქისა (361-363); მოწამისა დიმიტრისა (307).

დასაწყისი ქრისტესშობის მარხვისა.

დღის ლოცვები

მოწამეთა გურისა, სამონისა და აბიბოსი, აღმსარებელთა

ტროპარი: საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგუანიჭებ, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყვარემან.
კონდაკი: მაღლით მოიღეთ მადლი, ბრძენნო, განსაცდელთა შინა შეწევნად, ყოვლადქებულნო; ამისთვისცა მწარისა სიკუდილისაგან ქალი იხსენით, წმიდანნო, ჭეშმარიტად თქუენ ხართ ედესისა დიდებაი და ყოვლისა სოფლისა სიხარული. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 2 თეს. 3: 6-18 (დას. 277). ლკ. 16: 15-18; 17: 1-4 (დას. 82).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 12: 8-12 (დას. 64).

ლიტ.: 2 თეს. 3: 6-18 

6. ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ. 7. რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძოთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის. 8. არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს. 9. იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი. 10. ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს. 11. მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს. 12. ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური. 13. თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა. 14. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს. 15. მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ. 16. თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან. 17. მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ. 18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

ლიტ.: ლკ. 16: 15-18; 17: 1-4 

15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე. 16. რჯული და წინასწარმეტყველნი – იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება და ყველანი ძალით შედიან მასში. 17. უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან. 18. ყველა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და ყველა, ვინც ქმარგანაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. 

1. და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ. 2. უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან, ვიდრე აცთუნოს თუნდაც ერთი ამ მცირეთაგანი. 3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე. 4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას – ვნანობო, მიუტევე.

მოწ.: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

მოწ.: ლკ. 12: 8-12 

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო. წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით ანთებული წმინდანები უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. როცა იმპერატორებმა: დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, უფლის რჩეულები შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანებმა უღმერთოებს მტკიცე უარით უპასუხეს, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატყდათ თავს, მაგრამ გური და სამონი ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შემწეობას. ნეტართა წამების ერთ-ერთმა მოწმემ მათი ლოცვის სიტყვებიც შემოგვინახა: „უფალო ღმერთო ჩვენო, რომლის ნების გარეშე ბადეში ერთი ჩიტიც კი არ ხვდება, შენ, რომელმან ჭირთა შინა განავრცე გული დავითისი, წინასწარმეტყველი დანიელი ლომთა უმტკიცესად გამოაჩინე, ებრაელი ყრმები ჯალათთაგან და სახმილსა შინა უვნებლად დაიცევ, შენ აწცა, უფალო, უწყი უძლურება ბუნებისა ჩვენისა. მოწყალე თვალით მოგვხედენ და დაიცევ შორის ჩვენსა ჩაუქრობელი ლამპარი მცნებათა შენთა. ნათლითა შენითა წარმართე სლვანი ჩვენნი და ღირს გვყავ ნეტარებათა შენთა მიმთხვევად, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე“. ღამით მოწამეები ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავები მოჰკვეთეს (+299-306). ქრისტიანებმა მათი წმიდა ნეშტი პატივით დაკრძალეს.
წარმართმა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მტარვალმა ბრძანა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებისთვის ედესის ეკლესიის დიაკონი აბიბოც შეეპყროთ. უფლის რჩეულმა არ ისურვა, რომ მის ძიებას სხვა ქრისტიანებიც ემსხვერპლა, ამიტომ თავად გამოცხადდა ჯალათებთან სამსჯავროზე. უღმერთოებმა მას დაწვა მიუსაჯეს. ქრისტეს ახოვანი მოსაგრე თავად შევიდა კოცონში და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+322). როცა ცეცხლი ჩაქრა, მარტვილის დედამ და ნათესავებმა მისი სრულიად უვნებელი ნეშტი იხილეს, ადიდეს უფალი და წმიდა ცხედარი პატივით დაფლეს წმიდა გურისა და სამონის ნაწილთა გვერდით.
წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ მათდამი სასოებით აღვლენილი ლოცვებით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. ასე მაგალითად, ერთხელ ედესაში გამწესებულმა გუთმა მეომარმა კეთილმსახური ქალწული ეფემია შეირთო ცოლად. ჯვრისწერის წინ მან ასულის დედას, სოფიას წმიდა მოწამეთა: გურის, სამონისა და აბიბოს საფლავთან შეჰფიცა, რომ მეუღლეს სიყვარულსა და პატივს არ მოაკლებდა. ედესაში მსახურების დამთავრების შემდეგ მხედარმა თან წაიყვანა ეფემია და სამშობლოში დაბრუნდა. მალე გაირკვა, რომ მას ქალწული მოეტყუებინა – სამშობლოში სხვა ცოლი ჰყოლია, ეფემია კი მისი მხევალი გახდა. მრავალი დაცინვისა და დამცირების დათმენა მოუხდა მოტყუებულ ქალს. როცა მას შვილი შეეძინა, ეჭვიანობით გონდაკარგულმა გუთმა დედაკაცმა საწამლავი დაალევინა. ეფემიამ მხურვალე ლოცვით შემწეობა გამოსთხოვა გურის, სამონსა და აბიბოს – მაცთური მხედრის ფიცის მოწმეებს. ლოცვის შემდეგ ეფემია არა მხოლოდ მოწამვლით სიკვდილს გადაურჩა, არამედ შვილთან ერთად სასწაულებრივად აღმოჩნდა მის მშობლიურ ქალაქ ედესაში. რამდენიმე ხანში ფიცის გამტეხი გუთი ისევ მოხვდა ეფემიას ქალაქში. სოფიამ საჯაროდ ამხილა უსჯულოს ბოროტმოქმედება, რისთვისაც, მმართველის ბრძანებით, იგი სიკვდილით დასაჯეს.
წმიდა მოწამე დიმიტრი ეწამა იმპერატორების: მაქსიმიანე გალერიუსისა(305-311) და მაქსიმინეს (305-313) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის უღმერთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამნენ. წმიდა ელპიდის სასახლის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირა. ქრისტეს აღსარებისთვის იგი მარკელესთან და ევსტოქისთან ერთად შეიპყრეს და მეფის სამსჯავროზე წარადგინეს. მოწამეებმა მრავალი სატანჯველი დაითმინეს, რის შემდეგაც უღმერთოებმა ცეცხლში დაწვეს. იმ ადგილას, სადაც ქრისტიანებმა წმიდათა პატიოსანი ნაწილები დაკრძალეს, ქრისტეს სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა ანგელოზთა დასთან ერთად და უფალმა ელპიდი მკვდრეთით აღადგინა. იმპერატორმა ბრძანა, კვლავ შეეპყროთ წმიდა მოწამე. უფლის რჩეულის წამების დროს მისი ლოცვით მახლობლად მდგარი კერპები ერთიანად შეიმუსრა. ამ სასწაულის მხილველი ექვსი ათასზე მეტი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე, წმიდა ელპიდი კი ხელახლა დაწვეს.