„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

29.01.2026. ხუთშაბათი. ხსნილი
წმიდა და ყოვლადქებულ მოციქულ პეტრეს პატიოსან ჯაჭვთა თაყვანისცემა, რომელთაგან განთავისუფლებულ იქნა საპყრობილეში ანგელოზისა მიერ; მოწამეთა: პევსიპესი, ელასიპესი, მესიპესი და ბებიისა მათისა ნეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა, იუნილასი და თეონილასი (161-180); მოწამისა დანაქტი წიგნისმკითხველისა, ილირიელისა (II).
დღის ლოცვები
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
ტროპარი: რომი არა დაუტევე, და ჩვენდა მოიწიე ჯაჭვთა მათ მიერ, რომელნიცა შეგმოსნეს შენ, თავო მოციქულთაო პეტრე, რომელთაცა თაყვანს ვსცემთ და გევედრებით: მეოხებითა შენითა მოგვფინე ჩუენ დიდი წყალობაი.
კონდაკი: კლდესა ქრისტესსა და კლდესა სარწმუნოებისასა ვაქებდეთ, ერნო, სიხარულით პირველ ქრისტეს მოსაყდრესა, რამეთუ მოუწოდს ყოველთა დღესასწაულობად ხსენებასა საკვირველსა პატიოსანთა ჯაჭვთა მისთასა და მისცემს ბრალთა შენდობასა.
სხვა კონდაკი: თავსა მოციქულთასა და პირველსა ჭეშმარიტებისა საღმრთოსა მოწაფესა პეტრეს დიდსა ვაქებდით და მისთა მათ ჯაჭვთა სარწმუნოებით ამბორს უყოფდეთ, ცოდვათა განხსნისა მომღებელნი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 პეტ. 4: 12-5: 5 (დას. 62). მკ. 12: 38-44 (დას. 57) – ხუთშ.
2 პეტ. 1: 1-10 (დას. 64). მკ. 13: 1-8 (დას. 58) – პარ. ზედმობმით.
მოც.: საქმ. 12: 1-11 (დას. 29). ინ. 21: 15-25 (დას. 67).
ლიტ.: 1 პეტ. 4: 12-5: 5
12. საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. 13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. 14. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება. 15. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. 16. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. 17. რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ? 18 თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს? 19. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული.
1. ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს: 2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით. 3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს. 4. და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ. 5. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
ლიტ.: მკ. 12: 38-44
38. და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში – სალმის ძღვნა, 39. სინაგოგებში – წინა რიგები და წვეულებებზე – სუფრის თავში ჯდომა. 40. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი. 41. დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა. 42. მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს. 43. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში. 44. ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი.
ლიტ.: 2 პეტ. 1: 1-10
1. სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, – მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით, 2. მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით. 3. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო, 4. რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ. 5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი – შემეცნება, 6. შემეცნებას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, ხოლო მოთმინებას – ღვთისმოსაობა, 7. ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული. 8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას. 9. ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან. 10. ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.
ლიტ.: მკ. 13: 1-8
1. ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები! 2. მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: 4. გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება? 5. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. 6. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ. 7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. 8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს – სალმობათა დასაბამია.
მოც.: საქმ. 12: 1-11
1. იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. 2. და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. 3. რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო). 4. როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა. 5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ. 6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. 7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი. 8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი. 9. გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო. 10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი. 11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.
მოც.: ინ. 21: 15-25
15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს”. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრჱსსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,11-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.
წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი, ლეონილა, ნეონი, ტურვონი და იოვილი (+161-180)
წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი, ლეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა II საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის (161-180) დროინდელ დევნულობისას ეწამნენ გალიაში (სხვა გადმოცემით კაბადოკიაში). ლეონილა უკვე ხანშიშესული იყო, როცა მოინათლა პოლიკარპე სმირელის ერთი მოწაფის ხელით. შემდეგ მან თავისი შვილიშვილებიც მოაქცია ქრისტიანობაზე. საღვთო შურით აღძრულმა ძმებმა დაამსხვრიეს კერპები და აყვედრეს წარმართებს თავიანთი უგნურება. მტარვალებმა საჯალათო კუნძთან მიიყვანეს ლეონილა და უბრძანეს, შვილიშვილები ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა, მან კი შეაქო ჭაბუკები გაბედულებისა და სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის. მაშინ წმიდანები საშინლად აწამეს: ჯერ ხეზე დაჰკიდეს ხელებით და ისე ექაჩებოდნენ ძირს, რომ ძვლები სახსრებიდან უვარდებოდათ, შემდეგ კი კოცონში ჩაყარეს. ღვთაებრივი მადლით დაცული სპევსიპი, ელევსიპი და მელევსიპი თავისუფლად დადიოდნენ ცეცხლში, თან ნიშნისმოგებით მიმართავდნენ ჯალათებს: „ჩვენ მონიჭებული გვაქვს ხელმწიფება, მაშინ მივეახლოთ უფალს, როცა მოვისურვებთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, ჯერ თქვენი სიგიჟის დაცინვით გული ვიჯეროთ”. ამ დროს ანგელოზთა გუნდი მიეახლა მარტვილებს. მათ მუხლი მოიყარეს, ილოცეს და სული უფალს შეავედრეს. შვილიშვილების სიკვდილის შემდეგ, ლეონილასაც თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად ეწამა კეთილმსახური იოვილა, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დატოვა და აშკარად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა თმებით ჩამოკიდეს წმიდანი, შემდეგ კი ქედზე მახვილის დაკვრით მოუსწრაფეს სიცოცხლე. წმიდა ნეონმა აღწერა მარტვილთა ნეტარი აღსასრული, ხელნაწერი ტურვონს გადასცა, თვითონ კი გააცხადა თავისი ქრისტიანობა, რისთვისაც გვემით მოკლეს. ტურვონმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ამ წმიდანებს განსაკუთრებით პატივს სცემენ ესპანეთში, სადაც მათი სახელობის მრავალი ტაძარია აგებული.წმიდა მოწამე დანაქტი მკითხველი (II)
წმიდა მოწამე დანაქტი II საუკუნეში ცხოვრობდა და მკითხველად მსახურობდა მაკედონიაში. უსჯულოთა თავდასხმის დროს მან საეკლესიო ჭურჭლეულობა აიღო და მტერთაგან განრიდებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო: მეომრებმა შეიპყრეს და კერპის თაყვანისცემა მოსთხოვეს; როცა პასუხად უარი მიიღეს, ქრისტეს მხნე აღმსარებელს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს.ღირსი მაქსიმე, ტოტმელი ხუცესი (+1650)
მართალი მაქსიმე, ტოტმელი ხუცესი კარგა ხანი ვოლოგდის ეპარქიის ქალაქ ტოტმაში მსახურობდა მოძღვრად, შემდეგ კი ლოცვითა და მარხვით განმტკიცებულმა, ქრისტეს სალოსობის მძიმე ღვაწლი იტვირთა. ნეტარი მაქსიმე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა 1650 წლის 16 იანვარს და აღდგომის ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავზე სასწაული აღესრულა.მღდელმოწამე დამასკინ ახალი (+1771)
მღვდელმოწამე დამასკინ ახალი ტირნოვის ეპარქიის სოფელ გაბროვოში დაიბადა. როცა მოწიფულობის ასაკს მიაღწია, მან დატოვა სამშობლო, ათონის მთას მიაშურა და ხილენდარის მონასტერში ბერად აღიკვეცა. შემდგომ წმიდანი ამ სავანის იღუმენი გახდა. ერთხელ ნეტარი მამა მონასტრის საქმეებზე ჩავიდა ბულგარეთში, სოფელ სისტოვში. ურჯულოებმა ქალის მოტაცებაში დასდეს ბრალი და მიუხედავად სოფლის მმართველის გამოსარჩლებისა, მოკვლა გადაწყვიტეს. სახრჩობელასთან მიყვანილ წმიდანს უღმრთოებმა მაჰმადის სჯულის მიღება შესთავაზეს, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და მოწამის გვირგვინიც მიიღო. ეს მოხდა 1771 წლის 6 იანვარს. მტარვალებს მალე ეწიათ უფლის სასჯელი: დუნაის გადალახვის დროს ყველანი მდინარეში ჩაიხრჩვნენ.