…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-7 შვიდეული. პარასკევი. ხსნილი თევზით
უფლის ამაღლების დღესასწაულის წარგზავნა
ღირსისა თეოდორე განწმედილისა, იღუმენისა, ღირსისა პახუმი დიდის მოწაფისა (368); მღვდელმოწამისა ალექსანდრე იერუსალიმელ ეპისკოპოსისა (213-250); მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტიასი (303); ნეტარისა ყრმისა მუზა ქალწულისა (V); ღირს მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614); გიორგი II მიტილენელ ეპისკოპოსისა (IX); მოწამეთა: ავდა და ავდიისუ, სპარსელ ეპისკოპოსთა და მათ თანა თექვსმეტთა ზუცესთა, ცხრათა დიაკონთა, ექვსთა მონაზონთა და შვიდთა ქალწულთა, ქვეყანით ხასხარით და ოცდაცხრამეტთა ერისკაცთა ქრისტიანეთა.
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 27: 1-44 (დას. 50). ინ. 17: 18-26 (დას. 57).
საქმ. 27: 1-44
1. როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს. 2. ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი. 3. მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო. 4. როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის გამო. 5. კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და ლიკიის მირაში ჩავედით, 6. სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული ხომალდი და მასზე გადაგვსხა. 7. რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივთბით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს. 8. რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ ნავსადგურად“ წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა. 9. მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ: 10. როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც. 11. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. 12. და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურ ფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ. 13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს. 14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი; 15. ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით. 16. გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ ნავი; 17. ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა. 18. რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს. 19. მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში. 20. მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა. 21. დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს. 22. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა. 23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ. 24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებლად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე. 25. მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეუწყა. 26. უთუოდ, რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ. 27. მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ნაპირს ვუახლოვდებოდით. 28. გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა თხუთმეტი მხარი. 29. შეეშინდათ, ვაითუ მეჩეჩზე დავჯდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და განთიადს დაელოდნენ. 30. ხოლო რაკი მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და შეეცადნენ ზღვაში ჩაეშვათ ნავი, იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდოდათ ღუზის ჩაშვება, – 31. პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, ვეღარაფერი გიხსნითო. 32. მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა. 33. განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში. 34. ამიტომაც გთხოვთ, საჭმელი ჭამოთ, რაც საჭიროა თქვენსავ სახსნელად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება. 35. ეს რომ თქვა, პური აიღო, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო. 36. მაშინ ყველანი გამხნევდნენ და თვითონაც შეუდგნენ ჭამას. 37. ხოლო ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით. 38. როცა დანაყრდნენ, ხომალდისთვის ტვირთი რომ შეემსუბუქებინათ, ზღვაში გაყარეს ხორბალი. 39. მაგრამ როდესაც ინათა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ სანაპიროში შეჭრილი ყურე შენიშნეს, რომელშიაც გადაწყვიტეს ხომალდით შესვლა, თუკი შეძლებდნენ. 40. ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩატოვეს, იმავდროულად მოუშვეს საჭის საკვრელიც, ქარის საპირისპიროდ აღმართეს მცირე აფრა და ნაპირისკენ აიღეს გეზი. 41. მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ. 42. მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და გაქცეულიყო. 43. მაგრამ ასისთავმა, რომელსაც სურდა გადაერჩინა პავლე, ამის ნება არ დართო მათ და ბრძანა, ვისაც შეეძლო, პირველი გადამხტარიყო და ცურვით გასულიყო ხმელეთზე, 44. დანარჩენებს კი ფიცრები ან ხომალდის ნამსხვრევები ჩაებღუჯათ და ასე გადაერჩინათ თავი. ამრიგად, როგორც იქნა, ყველამ მიაღწია ნაპირს.
ინ. 17: 18-26
18. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად. 19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით. 20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. 21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე – შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. 22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. 23. მე მათში, ხოლო შენ – ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. 25. მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. 26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ალექსანდრე იერუსალიმელი ეპისკოპოსი (213-250)

ღირსი თეოდორე განწმენდილი (348)
ღირსი თეოდორე განწმენდილი (+368) წარმოშობით ეგვიპტელი იყო და იზრდებოდა მდიდარი და ცნობილი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. მასში ადრევე გაიღვიძა ბერული ცხოვრებისადმი მიდრეკილებამ. 14 წლისა სახლიდან გაიპარა და ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. როცა ღირსმა მამამ პახუმი დიდის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, დატოვა მონასტერი და მასთან წავიდა. ღირსმა პახუმიმ, რომელსაც უფლისაგან წინასწარ განეცხადა ყრმის მოსვლა, სიყვარულით მიიღო იგი. სავანეში დარჩენილი თეოდორე მალე შეეგუა მეუდაბნოეთა ცხოვრების წესს. წმიდანის დედამ გაიგო, რომ მისი ვაჟი ტაბენისის სავანეში იმყოფებოდა, ეპისკოპოსის წერილით მივიდა პახუმი დიდთან და შვილთან შეხვედრა სთხოვა. თეოდორემ უარი განაცხადა დედის ნახვაზე, რადგან ეშინოდა, რომ დაარღვევდა სოფლის უარყოფის აღთქმას.ღირსი პახუმი ხედავდა წმიდა თეოდორეს საღმრთო გონიერებას და დაავალა, ძმებისთვის წმიდა წერილის სწავლება აეხსნა. მაშინ წმიდა თეოდორე მხოლოდ 20 წლისა იყო. ის უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვრის კურთხევას, მაგრამ ზოგიერთი ასაკოვანი ბერი შეურაცხყოფილი დარჩა ახალგაზრდა ბერის სწავლებით და განეშორა მას. ღირსმა პახუმიმ მათ უთხრა: „თქვენ ეშმაკს დაემორჩილეთ და თვითდაჯერებულობით ამაოდ აქციეთ თქვენი ღვაწლი. თქვენ თეოდორე კი არ უარყავით, არამედ სიტყვა ღვთისა და მოაკლდით სულიწმიდის მადლს“. წმიდა თეოდორე მამაშვილური სიყვარულით ზრუნავდა თავის მოძღვარზე, უვლიდა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულს და როცა აღესრულა, საკუთარი ხელებით დაუხუჭა თვალები.
ღირსი პახუმის სიკვდილის შემდეგ ტაბენისის მონასტერს წმიდა თეოდორე განაგებდა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა თებოდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მას კარგად იცნობდა წმიდა ათანასე ალექსანდრიელი. წმიდა თეოდორე აღესრულა ღრმად მოხუცი, 368 წელს.
წმიდა მოწამენი: აბდა, აბდიისუს ეპისკოპოსი და მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი და 7 ქალწული (+418)
წმიდა მოწამენი აბდა, აბდიისუს ეპისკოპოსი და მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი და 7 ქალწული სპარსელები იყვნენ. ისინი ქრისტეს აღსარებისათვის ეწამნენ 418 წელს, მეფე იეზდიგერდის ზეობისას.ნეტარი მუზა ქალწული (V)
ნეტარი მუზა ქალწული (V) ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა. ერთხელ ნეტარს ძილში გამოეცხადა ყრმებით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ჰკითხა: „გსურს ჩემთან წამოხვიდე და ამათ გვერდით იცხოვრო?“ „მსურს“, – უპასუხა გოგონამ. „ცუდი არაფერი ჩაიდინო, თავი აარიდე მხიარულებას და საბავშვო თამაშობებს. 30-ე დღეს მოვალ და წაგიყვან“. ამ გამოცხადების შემდეგ მუზა ძალიან დასერიოზულდა, მთელ დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, მისი საქციელით გაკვირვებულ მშობლებს ნეტარმა მოუთხრო თავისი ხილვის შესახებ. 25-ე დღეს მუზა დასნეულდა, 30-ე დღეს კი კვლავ იხილა ღვთისმშობელი. „მოვდივარ, დედოფალო“, – დაიძახა გოგონამ და მიიცვალა.ღირსი მამანი წმიდა საბას ლავრაში გვემულნი (614) (IV)
წმიდა მოწამე პეტრე (+716)
წმიდა მოწამე პეტრე, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი, 761 წელს, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის დროს აწამეს ხატმებრძოლებმა. მას ხარის ძარღვების ცემით ამოხადეს სული.წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი (+925)
წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი კონსტანტინეპოლელი პატრიარქი იყო, ზედწოდება მისტიკოსი (საიდუმლო საბჭოს უმაღლესი მოხელე) მას სამეფო კარზე ამ საბჭოში მსახურებისათვის ეწოდა. საპატრიარქო ტახტზე იგი 895 წელს აღსაყდრდა. 905 წელს მეოთხედ უკანონოდ დაქორწინებული იმპერატორის, ლეონ I-ის ეკლესიიდან განკვეთისთვის წმიდა ნიკოლოზს ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. 911 წელს, უსჯულო თვითმპყრობელის მიცვალების შემდეგ, იგი კვლავ დაუბრუნდა კათედრას და აღსრულებამდე მშვიდობით განაგებდა ეკლესიას.წმიდა ახალმოწამე ნიკოლოზ მეჩეველი (+1617)
წმიდა ახალმოწამე ნიკოლოზ მეჩეველი 1617 წელს დაწვეს თურქებმა. მისი პატიოსანი თავი ინახება ბარლაამის მონასტერში.