29.06.2026. მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

29.06.2026. მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

29.06.2026. ხსნილი თევზით 

ღირსისა მოწამისა ქაიხოსრო ქართველისა (ჩოლოყაშვილი, 1612); მოციქულისა ფორტუნატესი (I); მღვდელმოწამისა ტიგრი ხუცისა და მოწამისა ევტროპი წიგნისმკითხველისა (404); ტიხონ ამათუნტელ ეპისკოპოსისა (425). 

დღის ლოცვები 

ტიხონის, ამათუნტელი ეპისკოპოსის კონდაკი:
ღმრთივსულიერად ეგენ შენ უდაბნოსა შინა, წმიდაო, და ძალი ნუგეშინისმცემელისა მიერ მაღლით მოიღე დამამხობელად კერპთა საცთურსა, ხოლო ერთა ცხორებად და ეშმაკთა განმდევნელად, და სენთა და სალმობათა კურნებად; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა მეგობარსა ღმრთისასა, ტიხონ ნეტარო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: რომ. 12: 4-5, 15-21 (დას. 109). მთ. 12: 9-13 (დას. 45).

ლიტ.: რომ. 12: 4-5, 15-21 

4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე, 5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ. 

15. ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან. 16. ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი. 17. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას. 18. თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. 19. თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი“. 20. ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. 21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.

ლიტ.: მთ. 12: 9-13 

9. წამოვიდა იქიდან იესო და შევიდა მათ სინაგოგაში. 10. და, აჰა, იყო იქ ერთი ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: თუ შეიძლება კაცი განკურნო შაბათს? 11. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას? 12. ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება შაბათ დღეს სიკეთის ქმნა. 13. და უთხრა მაშინ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და ისევე გაუმრთელდა, როგორც მეორე. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404)
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის (ხს. 13 ნოემბერს და 14 სექტემბერს) თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი – სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი – კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს. 404 წელს, როცა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს, ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი, როგორც მისი მიმდევრები, შეიპყრეს და წმიდა მღვდელმთავრის მოწინააღმდეგეთა კუთვნილი ტაძრებისა და შენობების დაწვაში დასდეს ბრალი. ნეტარი ტიგროსი აწამეს, შემდეგ კი მესოპოტამიაში გაგზავნეს, სადაც პყრობილებაში აღმოხდა სული. წმიდა ევტროპიც წამების შემდგომ დილეგში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც.
მისი სხეული, რომელიც უღმერთოებმა ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, ქრისტიანებმა ღამით მალულად წაასვენეს და პატივით მიაბარეს მიწას. დაკრძალვის დროს ცხადად ისმოდა ანგელოსთა გალობა. 
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი – ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425)
წმიდა ტიხონი, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. მშობლები ქრისტიანული ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ შვილს და საფუძვლიანად ასწავლიდნენ წმიდა წერილს. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი.
ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ასესხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი სათავსო ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
ერთმა მებაღემ ვენახიდან ვაზის გამხმარი ყლორტები გადმოყარა. წმიდა ტიხონმა შეაგროვა ისინი, თავის ბაღში დარგა და უფალს შესთხოვა, ტოტები ეხარებინა და მათი ნაყოფისთვის კურნების უნარი მიენიჭებინა. ღმერთმა შეისმინა ჭაბუკის ვედრება: ვაზის ლერწები განედლდა, გაიზარდა და განსაკუთრებული გემოს მქონე, საოცრად ტკბილი მტევნები გამოისხა. მათგან წმიდანის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგაც საბარძიმე ღვინოს წურავდნენ.
კეთილმსახური ჭაბუკი ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი ამათუნტელმა მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკვნადაც დაასხა ხელი. მემნონის სიკვდილის შემდეგ მის კათედრაზე წმიდა ტიხონი აირჩიეს. ხიროტონია კვიპრელმა ეპისკოპოსმა ეპიფანემ (+403; ხს. 12 მაისს) აღასრულა.
წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა კვიპროსზე წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. წმიდა მღვდელმთავარი საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარები მუდამ ღია იყო მნახველებისთვის.
ამათუნტის საკვირველთმოქმედი ეპისკოპოსის სული 425 წელს მშვიდობით შეივედრა უფალმა. 
წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი (+1612)
წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი (1612). ცნობა წმიდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ გვხვდება XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“.
ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმიდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. სხვათა შორის, ის აღნიშნავს: „.და კვალად იერუსალიმით მივედით მონასტრად ქართველთასა ჯვარს და განვიცადეთ, კედელთა ზედა წმიდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა. ესენი.“ ჩამოთვლილია წმიდანთა სახელები და, მათ შორის „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“ (1612).