გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
მღვდელმოწამისა ათენოგენი (ათენაგენისა) პიდაქთოს ეპისკოპოსისა და მის თანა 10-თა მოწამე მოწაფეთა: რიგინოსისა, მაქსიმონოსისა, პატროფილოსისა, ათინოგენესი, ანტიოქესი, ამონისა, თეოფრასტესი, კლეონიკესი, პეტრესი და ისიქისა (311); მოწამეთა: პავლესი, და მის თანა ორთა დათა უალენტინასი (ვალენტინესი) და ქიონიასი (308); მოწამისა ანტიოქე მკურნალისა (IV); მოწამისა იულია ქალწულისა (440/613).
დღის ლოცვები
მეუფისა ბრძანებასა შეუდეგ, ვითარცა რჩეული მწყემსი, და დასდევ სული შენი ქრისტეს ცხოვართათვის, მღდელმოწამეო ათინოგენე; ამისთვის გაქებთ შენ და შენ თანა ათთა მოწაფეთა შენთა, რომელთა ივნეს შიშითა ღმრთისათა შენთა მოძღურებათა წინაძღომითა, და ამის მიერ სათნო-ეყავ მეუფესა, და გვირგვინოსან-გყოთ თქუენ ცხორებისა დასაბამისა მარჯვენითა, რომელსა ევედრენით ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 კორ. 10: 5-12 (დას. 144). მთ. 16: 6-12 (დას. 66).
1 კორ. 10: 5-12
5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ. 6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს. 7. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“. 8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი. 9. ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ. 10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ. 11. ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს. 12. ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს.
მთ. 16: 6-12
6. იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. 7. ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო. 8. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო? 9. ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? 10. არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? 11. ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი? 12. მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
ხსენება IV მსოფლიო კრებისა (451)

დორილეელმა ეპისკოპოსმა ევსებიმ ჯერ კიდევ იმპერატორ თეოდოსი II-ის (408-450) დროს, 448 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებას მოახსენა დედაქალაქის ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტის, ევტიქის შესახებ, რომელიც თავიდან, იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთაებრივისა და კაცობრივის ნესტორისებური ცრუ დაყოფის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ თანდათან სხვა უკიდურესობაში გადავარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მაცხოვარში მისი განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ სრულად შთანთქა კაცობრივი, ამიტომ განკაცებულ ღვთის ძეში თაყვანს უნდა ვსცემდეთ მხოლოდ ერთ – ღვთაებრივ ბუნებას. ამ სწავლებას მონოფიზიტური ეწოდა, მის მიმდევრებს კი – მონოფიზიტები.
კონსტანტინოპოლში შეკრებილმა მამებმა დაგმეს მწვალებელი, ამ უკანასკნელმა კი იმპერატორთან იჩივლა, იგი მისთვის გამოტანილი მსჯავრის უსამართლობაში დაარწმუნა და მსოფლიო კრების მოწვევა მოითხოვა თავის მოწინააღმდეგეთა განსასჯელად, რომელთაც ნესტორიანობაში სდებდა ბრალს. ეკლესიაში წარმოქმნილი შფოთის ჩასაცხრობად თეოდოსიმ გასცა IV მსოფლიო კრების მოწვევის ნებართვა. მწყემსმთავართა ეს თავყრილობა, რომელიც 449 წელს გაიმართა ეფესოში, ეკლესიის ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. ევტიქის ნათესავი – ალექსანდრიელი პატრიარქი დიოსკორე, რომელიც იმპერატორმა კრების თავმჯდომარედ დანიშნა, დიქტატორივით მბრძანებლობდა, მიმართავდა მუქარას და აშკარა ძალადობასაც კი. ევტიქი გაამართლეს, მღვდელმთავარი ფლაბიანე – დაგმეს. 450 წელს იმპერატორი თეოდოსი გარდაიცვალა. ტახტზე მარკიანე ავიდა. ეკლესიაში სიმშვიდის დამყარება გადაუდებელი საქმე იყო, ამიტომ 451 წლისთვის მსოფლიო კრება დაინიშნა. კრებას წმიდა ანატოლი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (ხს. 3 ივლისს) თავმჯდომარეობდა. დიოსკორეს პირველი სხდომიდანვე აღუკვეთეს თავყრილობაში მონაწილეობის მიღება, მესამე სხდომაზე კი იგი თავის ყველა მომხრესთან ერთად დაგმეს. სულ თექვსმეტი სხდომა ჩატარდა. წმიდა მამებმა ერთსულოვნად შეაჩვენეს ევტიქის ერესი და კირილე ალექსანდრიელისა და პაპის, ლეონ დიდის ეპისტოლეთა საფუძველზე დაადგინეს: „ღვთაებრივ მამათა მიმდევარნი, ჩვენ, ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სრულყოფილი ღვთაებრიობისა და სრულყოფილი კაცობის აღიარებას: ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცისა, იმავე სულისა და ხორცისაგან. მამის თანაარსისა ღვთაებრიობით და ჩვენი თანაარსისა კაცობით. ყველაფრით ჩვენი მსგავსისა, ცოდვის გარდა. შობილისა საუკუნეთა უწინარეს მამისაგან, როგორც ღვთისა და უკანასკნელ ჟამს კი ჩვენი ხსნისათვის მარიამ ქალწული ღვთისმშობლისაგან, როგორც კაცისა. (ვაღიარებთ) ერთსა და იმავე ქრისტეს, ღვთის ძეს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისაგან შემდგარს შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, განუყრელად შესაცნობს (ორი ბუნება არაფრით განირჩევა არსებული შეერთების გამო. ერთ სახესა და ერთ იპოსტასში გაერთიანებული, ინარჩუნებს თითოეული ბუნების თვისებას). არა ორ სახედ განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ ღმერთს სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც ძველად წინასწარმეტყველებდნენ მის შესახებ, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის და როგორც გადმოგვცემს ჩვენი მამების სიმბოლო“.
ორ უკანასკნელ სხდომაზე კრებამ დაადგინა ოცდაათი კანონი საეკლესიო იერარქიისა და დისციპლინის შესახებ. გარდა ამისა, დამტკიცდა სამი წინამორბედი მსოფლიო კრებისა და ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიისა და ლაოდიკიის ადგილობრივი კრებების დადგენილებებიც.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)

მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს. საპყრობილეში ათინოგენე განამტკიცებდა სულიერ შვილებს. მისი მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამეებმა სამსჯავროზე ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს.
მოწაფეების დახოცვის შემდეგ ჯალათებმა ნეტარი ათინოგენეს წამება დაიწყეს. ღვთის შეწევნით მარტვილმა ღირსეულად დაითმინა საშინელი ტკივილები და ერთადერთი რამ ითხოვა – მონასტერში დაესაჯათ სიკვდილით. თავის სავანეში მიყვანილმა წმიდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ქრისტეს სახელისთვის წამების ღირსი შეიქნა და მხურვალე ლოცვით ცოდვათა მიტევება გამოითხოვა ყველასთვის, ვინც მასა და მის მოწაფეებს მოიხსენებდა.
წმიდა მოწამე პავლე და მასთან ორნი დანი – ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია (+308)

წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი (IV)

ანტიოქე მკურნალის სიკვდილით დასჯის მონაწილე – მხედარი კვირიაკე შეძრა წმიდა მარტვილის ახოვნებამ, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება. ამისთვის მასაც თავი მოჰკვეთეს (IV). წმიდა მოწამეები გვერდიგვერდ დაკრძალეს.
წმიდა მოწამე იულია ქალწული (+440 ან 626)

ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმიდა ქალწულიც თან გაიყოლა. როცა ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როცა მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნის შესრულებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ… ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. როცა იულიას წმიდა სული ნაწამებ სხეულს გაეყარა, ბრბოს ნაწილმა შენიშნა, თუ როგორ მოსწყდა თოვლივით სპეტაკი მტრედი მის ბაგეებს, სხვებმა კი ნეტარის სხეულს გარშემორტყმული ნათლის ანგელოზები იხილეს ცხადად… საკვირველი ჩვენებებით დამფრთხალი უღმრთოები სწრაფად განერიდნენ იქაურობას, მარტვილის ცხედარი კი ჯვარზე დატოვეს. იმავე ღამეს მეზობელ კუნძულზე მდებარე მონასტრის ბერებს ღვთაებრივი გამოცხადებით ებრძანათ, თავიანთ სავანეში დაეკრძალათ უფლის სათნომყოფლის ნეშტი. ძმები ასეც მოიქცნენ.
763 წელს წმიდა იულიას უხრწნელი, სასწაულთმოქმედი ნაწილები ქალაქ ბრესჩიის დედათა მონასტერში გადააბრძანეს (ნეტარის მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი: ერთი ცნობით ის 440 წელს აღესრულა, სხვა წყაროთა მოწმობით კი – 626 წელს).