29.12.2025. 30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

29.12.2025. 30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 

30.12.2025. . მარხვა

წინასწარმეტყველისა ანგეასი (500წ. ქრ. შ-მდე); მოწამისა მარინისა (III); ნეტარისა თეოფანია დედოფლისა (893-894); მონაზონ-მოწამისა ბაქოსი, რომელსა ეწოდებოდა დაკახოს (780-802).

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ბრ. 8: 7-13 (დას. 319). ლკ. 9: 42 – 10: 1 (დას. 42).

ბრ. 8: 7-13 

7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს? 8. ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: „აჰა, მოვლენ დღენი, – ამბობს უფალი, – როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. 9. იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი. 10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. 11. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები. 12. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს. 13. ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია.

ლკ. 9: 42 – 10: 1 

42. ჯერ არც კი მისულიყთ მასთან, რომ ეშმაკმა მიწას დაანარცხა და კრუნჩხვა დააწყებინა. მაგრამ იესომ შერისხა უწმინდური სული, განკურნა ყრმა და მისცა მამამისს. 43. უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო იმით, რაც მოიმოქმედა იესომ; ხოლო მან თავის მოწაფეებს უთხრა: 44. ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში. 45. მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს. 46. მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის. 47. ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა ბავშვი, წინ დაიყენა 48. და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი – უდიდესი იქნება. 49. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს. 50. უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. 51. ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად. 52. წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის. 53. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი. 54. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა – იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. 55. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ. 56. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ. 57. მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები, უფალო. 58. და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს – ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. 59. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი. 60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს. 61. ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო. 62. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის. 

1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წინასწარმეტყველი ანგია ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ლევიტელთა ტომიდან იშვა და სპარსეთის მეფის, დარიოსის ზეობისას (ქრისტეს შობამდე ხუთასი წლის წინ) მოღვაწეობდა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყეს, მაგრამ სამარიტელთა და სპარს ხელისუფალთა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და იძულებულნი გახდნენ, დაწყებული საქმე მთელი თოთხმეტი წლით შეეწყვიტათ. უფალმა თავისი რჩეული ერი ანგია წინასწარმეტყველის პირით გაამხნევა და გაუცხადა მათ, რომ მეორე ტაძარი პირველზე დიდებული იქნებოდა (ანგია, 2).
წმიდა მოწამე მარინი რომში ეწამა დაახლოებით 283 წელს (სხვა ცნობებით – 217-218 წლებში). წმიდანმა უარი განაცხადა წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე და ლოცვის ძალით შემუსრა ისინი, რისთვისაც უსჯულოებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

ნეტარი დედოფალ თეოფანიას დიდგვაროვან მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. ბოლოს მათ შეეძინათ ასული, რომელსაც თეოფანია (ღმერთშემოსილი) დაარქვეს.
თეოფანია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და ღვთისმოშიშებით, ამიტომაც იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა (867-886) იგი თავისი მემკვიდრის – ლეონის (შემდგომში ბრძნად წოდებულის) (886-912) მეუღლედ გამოარჩია.
ჯვრისწერის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ბოროტმა ენებმა ბასილის ამცნეს, შენი ძე შენს მოკვლას და ტახტის ხელში ჩაგდებას აპირებსო. გულმართალი მეფე ერწმუნა მზაკვარ ცილისმწამებლებს და თავისი ძე მეუღლითურთ დაუყოვნებლივ საპყრობილეში ჩააგდო. ლეონი და თეოფანია სამ წელიწადზე მეტ ხანს იტანჯებოდნენ პყრობილებაში, მაგრამ, უფლის გულმოწყალებას მინდობილნი, მთელ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ამასობაში განრისხებული იმპერატორიც დაცხრა, მიხვდა თავის შეცდომას და ტუსაღები გაათავისუფლა.
ბასილის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ლეონი ავიდა, მაგრამ ნეტარი დედოფალი ამის შემდეგაც არ მოხიბლულა ამსოფლიური დიდებითა და პატივით: კვლავინდებურად ლოცულობდა, ჭამდა მხოლოდ პურსა და გამხმარ მწვანილს, მდიდრული სადედოფლო შესამოსლის ქვეშ მჩხვლეტავი ჯვალო ემოსა, ეძინა უხეშ საწოლზე, რომლის ქვეშაც ცხოველების ბასრ ძვლებს ყრიდა. მთელ თავის ქონებასა და ძვირფასეულობას წმიდა თეოფანია ქვრივებს, ობლებსა და გლახაკებს ურიგებდა, მონა-მხევლებს ისე ეპყრობოდა, როგორც ქრისტესმიერ საყვარელ და-ძმებს.
იმპერატორი ლეონ ბრძენი, ხედავდა რა თეოფანიას სიწმიდეს, სიცოცხლეშივე თაყვანს სცემდა მას არა მარტო როგორც მეუღლესა და დედოფალს, არამედ როგორც თავის მეოხს უფლის წინაშე.
წმიდა დედოფალმა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.