„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ქრისტეშობის წინა შაბათი
3.01.2026. მარხვა
წინადღესასწაული ქრისტეშობისა
დიდმოწამისა ანასტასიასი, მწამლველობათა დამხსნელისა (304); მოწამეთა: ქრისოგონისა, თეოდოტიასი, ევოდისა, ევტიქიანესი და სხვათა (304); კაპიტონისა, ქერსოვნეთის ეპისკოპოსისა (IV).
დღის ლოცვები
ქალწულებისა სიკეთითა ყოვლადგანწმედილო ქალწულო და წამებისა გვირგვინითა გვირგვინოსანო იულიანა, რომელი მოსცემ ჭირთა შინა და სენთა მყოფთა კურნებასა და ცხორებასა, რომელნი უკუე მოუხდებიან ლარნაკსა შენსა, რამეთუ მისგან საღმრთონი იგი მადლნი ქრისტესნი აღმოეცენებიან და ცხორებანი საუკუნენი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ქრისტესშობის წინა შაბათისა: გალ. 3: 8-12 (დას. 205). ლკ. 13: 18-29 (დას. 72).
რიგ.: ეფ. 1: 16-23 (დას. 218). ლკ. 16: 10-15 (დას. 81).
დიდმოწ.: გალ. 3: 23-29 (დას. 208). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
ლიტ.: ქრისტესშობის წინა შაბათისა: გალ. 3: 8-12
8. და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: „შენში იკურთხება ყველა ხალხი“. 9. ასე რომ, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან. 10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“. 11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“. 12. ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს.
ლიტ.: ქრისტესშობის წინა შაბათისა: ლკ. 13: 18-29
18. ხოლო მან თქვა: რისი მსგავსია ღმრთის სასუფეველი, ან რას ვამსგავსებ მას? 19. მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში; გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებზე ცის ფრინველებმა დაიბუდეს. 20. და კვლავაც თქვა: რას ვამსგავსებ ღმრთის სასუფეველს? 21. მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა. 22. დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმისაკენ აეღო გეზი. 23. ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: 24. იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. 25. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი. 26. მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი. 27. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი. 28. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს – გარეთ გამოყრილთ. 29. მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში.
რიგ.: ეფ. 1: 16-23
16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ, 17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად; 18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის, 19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით, 20. რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში, 21. ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც; 22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, 23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
რიგ.: ლკ. 16: 10-15
10. მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა. 11. თუ ამ ცრუ და უსამართლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ? 12. ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ? 13. არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. 14. ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას. 15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
დიდმოწ.: გალ. 3: 23-29
23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.
დიდმოწ.: ლკ. 7: 36-50
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე თემისტოკლე (+251)
წმიდა მოწამე თემისტოკლე ლუკიის ქალაქ მირონში ცხოვრობდა ღვთისმებრძოლი იმპერატორის, დეკიუსის (249-251) ზეობისას. თემისტოკლე მწყემსი იყო. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანმა ვინმე მართლმორწმუნე დიოსკორიდე შეიფარა სახლში, თვითონ კი მდევნელებს ჩაბარდა და საშინელი წამების შემდეგ სული უფალს შეჰვედრა (+251).წმიდა მოწამენი: იულიანა და მის თანა ხუთასი მამა და ასოცდაათი დედა, ნიკომიდიას წამებულნი (+304)
წმიდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული, ქალაქ ნიკომიდიაში დაიბადა. იგი ცხრამეტი წლისა იყო, როცა ქალაქ ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და ზნეკეთილმა იულიანამ შეიცნო წარმართული სარწმუნოების სიცრუე და ამაოება, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. როცა ქორწილის დრო მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე წარადგინა. ელევსიმ სთხოვა წმიდა ქალწულს, ცოლად გაჰყოლოდა, თან აღუთქვა, რომ სარწმუნოების შეცვლას არ აიძულებდა, მაგრამ ნეტარი იულიანა ამჯერადაც მტკიცე უარზე დადგა და ქრისტესთვის მოწამეობა ირჩია. წმიდანს დიდხანს და სასტიკად ტანჯავდნენ, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ უფლისგან კურნება მიემადლებოდა და ძალები უცხოველდებოდა. წმიდა ქალწულის სიმტკიცემ და სასწაულებრივმა კურნებებმა ბევრ წარმართს გაუხსნა გული და გონება ჭეშმარიტებისათვის, ხუთასმა მამაკაცმა და ასოცდაათმა დედამ კი აშკარად აღიარა ქრისტე. ახალ აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს. ელევსი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ზეციური სასიძოსკენ იულიანას ლტოლვის განელება და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტეს ტარიგმა სიხარულით მოისმინა განაჩენი, ადიდა უფალი და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს (+304).წმიდა მამაჲ ჩვენი მაკარი მმარხველი, ხახულის მონასტრის წინამძღვარი (XI)
წმიდა მაკარი მმარხველი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი იმ წმიდა მამათაგანია, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი სახელი უკვე ათი საუკუნეა იხსენიება საქართველოს ეკლესიის კალენდარში მრავლისმთქმელია, მრვალისმეტყველია მისი წოდებაც – მმარხველი.ხახულის მონასტერი X საუკუნის მეორე ნახევარში აუგია საქართველოს მეფე დავით კურაპალატს. წმიდა მაკარისა და მისი მსგავსი მამების მოღვაწეობამ მონასტერი სიწმიდის, მეცნიერებისა და განათლების კერად აქცია. მონასტერი დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ იქ მოღვაწე ქართველ მამათა მადლი ახლაც სასოებად ეფინება საქართველოს.
ხახულის მონასტრის წინამძღვარი წმიდა მაკარი უდიდესი ასკეტი და ცნობილი მოძღვარი იყო. მასთან მოდიოდნენ რჩევა-დარიგებისა და კურთხევისათვის როგორც მონაზვნობის მსურველნი და გამოცდილი ბერები, ასევე ერისკაცები. ღირს მაკარის მიჰგვარეს კურთხევისათვის ყრმა გიორგი – შემდგომში უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც წინასწარცნობის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა მაკარიმ თავისი სულიერი შვილი უწოდა.
ღირსი მაკარი, ღვთის შეწევნით, ერთმანეთს კარგად უთავსებდა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასა და განდეგილობას. განსაკუთრებული მარხვისა და ლოცვისათვის მას მმარხველი უწოდეს. მისი წინამძღვრობის დროს ხახულის მონასტერი „ვითარცა მთიები“ ბრწყინავდა და ორიენტირს აძლევდა სასულიერო და საერო მოღვაწეობის მსურველთ.
ღირსი მაკარი 1034 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა.
მღვდელმთავარი პეტრე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი (+1326)
მღვდელმთავარი პეტრე, მოსკოვის მიტროპოლიტი ვოლინში დაიბადა, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. წმიდანის დედას სიზმრისეული ჩვენებით ძის დაბადებამდე ეუწყა მისი ღვთივრჩეულობა. პეტრე გულისხმიერი ყმაწვილი გამოდგა: წარმატებით ითვისებდა მწიგნობრულ სიბრძნეს, თორმეტი წლისამ, ღვთის სიყვარულით აღძრულმა, მონასტერს მიაშურა. ნეტარი გულმოდგინედ აღასრულებდა ყოველგვარ მორჩილებას, დიდ დროს უთმობდა წმიდა წერილის შესწავლას და ხატწერასაც ეუფლებოდა. პეტრეს შექმნილ ხატებს სავანის ძმებსა და მის მოსალოცად ჩასულ ქრისტიანებს ურიგებდნენ. ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის იღუმენმა წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მრავალწლიანი დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეულმა განმარტოებულ მოღვაწეობაზე აიღო კურთხევა, სავანე დატოვა, მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დამკვიდრდა. შემდგომში აქ თანდათან მომრავლებული ბერებისთვის მან დააარსა სავანე და მაცხოვრის სახელობის ტაძარიც ააგო. იღუმენად დადგენილი პეტრე ბრძნულად მოძღვრავდა სულიერ შვილებს, წმიდა მამას მალე შორს გაუვარდა სახელი.1308 წელს, ღვთის ნებით, პეტრე კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად იქნა დადგენილი. მღვდელმთავრობის პირველ წლებში მას ძალიან გაუჭირდა: თათართაგან დაპყრობილ ქვეყანაში მყარი წესრიგი არ არსებობდა, რის გამოც ხშირად უხდებოდა ადგილსამყოფლის ცვლა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წმიდანის ღვაწლი სახელმწიფოში ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ზნეობის განსამტკიცებლად.
1325 წელს მღვდელმთავარმა სამიტროპოლიტო კათედრა ვლადიმირიდან მოსკოვში გადაიტანა. უფლის რჩეულის კურთხევით მოსკოვის კრემლში საფუძველი ჩაეყარა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობას. ნეტარმა თავისი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა, საკუთარი ხელით გაითხარა სამარე და 1326 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიცოცხლეშივე საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა მღვდელმთავარი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებდა. 1339 წელს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
წმიდა პეტრე 5 ოქტომბერსაც იხსენიება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის სხვა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავრებთან ერთად (იხ. ამ დღის საკითხავი).