3.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. სამშაბათი

3.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. სამშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

       „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

        ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

     გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

3.02.2026. მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. მსგეფსი

ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში 662 წ.) და მოწაფეთა მისთა მოწამეთა: ანასტასი კონსტანტინეპოლელისა (662) და ანასტასი აპოკრისიარისა; წმიდისა კათოლიკოს-პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწამისა ნეოფიტესი, რომელი იყო ნიკია ქალაქით ბითვინიისაით (284-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი ტრაპეზუნტელთა (284-305); ქალწულმოწამისა აგნიასი (304); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556).

დღის ლოცვები

ღირსი მაქსიმე აღმსარებლის კონდაკი:

სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

ლიტ.: 2 პეტ. 1: 20-2: 9 (დას. 66). მკ. 13: 9-13 (დას. 59) – ორშ.
2 პეტ. 2: 9-22 (დას. 67). მკ. 13: 14-23 (დას. 60) – სამშ. ზედმობმით.
აღმსარებელისა: ებრ. 11: 33-12: 2 (დას. 330). ლკ. 12: 8-12 (დას. 64).

ლიტ.: 2 პეტ. 1: 20-2: 9 

20. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. 21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი. 

1. იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს. 2. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. 3. ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას. 4. რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად; 5. თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი – ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას; 6. თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი, 7. ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა, 8. (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), – 9. მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;

ლიტ.: მკ. 13: 9-13 

9. არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ. 10. და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება. 11. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ – სული წმიდა. 12. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 13. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

ლიტ.: 2 პეტ. 2: 9-22 

9. მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად; 10. უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი. 11. მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე. 12. ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან. 13. ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად. 14. მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა. 15. წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური. 16. მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე. 17. ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი. 18. ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ. 19. თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა. 20. რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია. 21. უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან. 22. სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.

ლიტ.: მკ. 13: 14-23 

14. როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს. 15. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. 16. მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად. 17. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. 18. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში. 19. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება. 20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი. 21. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ – იქო, ნუ ერწმუნებით. 22. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. 23. ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ.

აღმსარებელისა: ებრ. 11: 33-12: 2 

33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი. 

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

აღმსარებელისა: ლკ. 12: 8-12 

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას აწამა მხედარმთავარმა ლისიუსმა. როცა დევნა დაიწყო, ვალერიანმა, კანდიდმა და აკვილამ მთებს შეაფარეს თავი: მხეცებს შორის ყოფნა არჩიეს წარმართებთან ცხოვრებას. წმიდანებს აქაც მიაგნეს, ქალაქში ჩაიყვანეს და ქრისტეს მხნე აღსარებისთვის სასტიკად აწამეს: ხარის ძარღვებით სცემდნენ, უსერავდნენ სხეულს და ჭრილობებში მარილს უყრიდნენ. ევგენი რამდენიმე დღის შემდეგ შეიპყრეს და ისიც ამგვარადვე ტანჯეს. ბოლოს ოთხივე გახურებულ ღუმელში ჩააგდეს. უვნებლად გადარჩენილ მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე აგნია კეთილმსახური რომაელების ოჯახში დაიბადა III საუკუნეში. წმიდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, მის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა. როცა აგნიამ ქალაქის თავის, სიმფრონის ვაჟის ცოლობაზე უარი განაცხადა, ერთმა ახლობელმა ამცნო მმართველს, რომ ქალწული ქრისტიანი იყო. გაავებულმა სიმფრონიმ ბრძანა, გაეშიშვლებინათ იგი და საროსკიპოში ჩაეგდოთ. უფალმა არ დაუშვა თავისი რჩეულის შეურაცხყოფა – უეცრად აგნიას სქელი და გრძელი თმები ჩამოეზარდა თავზე და სხეული დაუფარა. საროსკიპოში მიყვანილი ქალწული ზეციური შუქით იყო გარემოცული, რომელიც ყველა შემოსულს თვალებს უბინდავდა. ქალაქის თავის ვაჟი, რომელიც გაკადნიერდა, ხელი შეეხო აგნიასთვის, იმავ წამს მკვდარი დაეცა მიწაზე, მაგრამ წმიდანის მხურვალე ლოცვით გაცოცხლდა და საკუთარი მამისა და შეკრებილი ხალხის წინაშე განაცხადა: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ცისა და ქვეყნის ჭეშმარიტი უფალი. სხვა ღმერთები მტვერია და ნაცარი!” ამ სასწაულის მხილველმა 160 ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მოწამეობრივად აღესრულა წარმართთა ხელით.
წმიდა აგნია ქურუმების მოთხოვნით სასტიკად აწამეს – კოცონში ჩააგდეს, შემდეგ კი, ცეცხლიდან უვნებლად გამოსულს, მახვილით მოჰკვეთეს თავი (+დაახლ. 304). წმიდა მოწამე მშობლებმა ქალაქ რომის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
წმიდა მოწამე ნეოფიტე ნიკეიდან იყო. მშობლებმა იგი კეთილშობილ ქრისტიანად აღზარდეს. სიკეთის თავშეკავებული ცხოვრებისა და გამუდმებული ლოცვის გამო უფალმა წმიდანს სიყრმეშივე მიმადლა სასწაულქმედების ნიჭი. წმიდანის დედამ უფალს შესთხოვა, გაეცხადებინა მისთვის შვილის მომავალი. ღმერთმა თეთრი მტრედის სასწაულებრივი გამოჩენით აუწყა ქალს, რომ ნეოფიტე საცხოვნებელ გზას დაადგებოდა. იმავე მტრედმა გამოიყვანა ბავშვი მშობლიური სახლიდან და მთის ერთი გამოქვაბულისკენ – ლომის ბუნაგისკენ გაუძღვა. ამ გამოქვაბულში თხუთმეტი წელი იცხოვრა წმიდანმა და გარეთ მხოლოდ ერთხელ გამოვიდა – მშობლების დასაკრძალად და მათი ქონების გლახაკებისთვის დასარიგებლად.
დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელ დევნილობისას ნეოფიტე ნებით გამოცხადდა ნიკეაში და გაბედულად ამხილა წარმართთა უგნურება. გამხეცებულმა უსჯულოებმა ხეზე დაკიდეს წმიდანი, ხარის ძარღვებით სცემეს და სხეული რკინით გადაუფხიკეს. შემდეგ მოწამე გახურებულ ქურაში ჩააგდეს, სადაც მან 3 დღე-ღამე დაჰყო უვნებლად. მტარვალებმა, უკვე არ იცოდნენ, რა მოემოქმედნათ და უფლის რჩეულის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთმა მათგანმა მარტვილს მახვილი უგმირა გულში.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას, ამიტომ ქრისოპოლის სავანეს (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად” რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.
ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას – ათანასე, ალექსანდრიისას კი – კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.
638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი – იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანს II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპი თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი – კონსტანტინეპოლელი პატრიარქები – სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.
როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.
წმიდა მოწამე ანასტასი ღირსი მაქსიმე აღმსარებლის მოწაფე იყო და მასთან განიცდიდა დევნას მონოთელიტთა მხრიდან. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება სწორედ წმიდა ანასტასიმ შემოგვინახა; გარდაიცვალა 662 წელს.
წმიდა ზოსიმე სირაკუზელის (+დაახლ 662) მშობლებს დიდ ხანს არ ჰყავდათ შვილი. უფალმა ისმინა ღვთისმოსავი მშობლების ვედრება და ვაჟი უბოძა მათ. შვიდი წლის ზოსიმე მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად, წლების შემდეგ იქვე აღიკვეცა ბერად და 40 წლის მანძილზე წინამძღვრობა მონასტერს. პაპმა თეოდორემ წმიდანს სირაკუზის ეპისკოპოსად დაასხა ხელი (641-649).
წმიდა ზოსიმე გამოირჩეოდა გულმოწყალებით და უანგარობით, სამწყსოს განაგებდა სიტყვით და პირადი მაგალითით. სიცოცხლის ბოლოს ზოსიმე დაავადმყოფდა, მაგრამ განსაცდელი დიდსულოვნად და მოთმინებით აიტანა. დაახლოებით 662 წელს 13 წლის მწყემსმთავრობის შემდეგ წმიდა ზოსიმე გარდაიცვალა. მის საფლავთან მრავალი კურნება აღსრულდა.
ღირსი მაქსიმე ბერძენი (XV-XVI), მდიდარი და წარჩინებული ბერძენის ვაჟი, ალბანეთის ქალაქ არტში დაიბადა. სიყმაწვილეში მან ბევრი იმოგზაურა, ბევრ ენას დაეუფლა, მრავალ მეცნიერებას გაეცნო, ბოლოს კი ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის სავანეში ბერად აღიკვეცა. ამ დროს მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილ ივანეს ძემ (1505-15330) ისურვა, თავისი დედის, სოფია პალეოლოგის ბერძნულ ხელნაწერებსა და წიგნებში გარკვეულიყო და კონსტანტინეპოლის პატრიარქს მიმართა თხოვნით, მისთვის სწავლული ბერძენი გამოეგზავნა. პატრიარქმა ასეთად ბერი მაქსიმე ჩათვალა. მოსკოვში ჩასულ წმიდანს დაევალა, სლავურად ეთარგმნა ფსალმუნებისა და საქმე მოციქულთას განმარტება, აგრეთვე რამდენიმე საღვთისმსახურო წიგნი.
ღირსი მაქსიმე გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას, მაგრამ იმის გამო, სლავური მისი მშობლიური ენა არ იყო, ბუნებრივია, თარგმნის პროცესში უზუსტობები ეპარებოდა.
მოსკოველი მიტროპოლიტი ბარლაამი დიდად აფასებდა ღირსი მაქსიმეს ნაშრომებს, მაგრამ მისი მემკვიდრის, დანიელის დროს, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.
ახალმა მიტროპოლიტმა მოითხოვა, რომ წმიდა ბერს სლავურად ეთარგმნა თეოდორიტეს საეკლესიო ისტორია. მაქსიმემ უარი განაცხადა, რადგან ამ თხზულებაში მწვალებელი არიოზის ნაწერები იყო ჩართული. ამ ურჩობამ უთანხმოება ჩამოაგდო ღირს მამასა და მიტროპოლიტს შორის. მიუხედავად ამისა, წმიდანი განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას: წერდა წერილებს მაჰმადიანების, პაპისტების, წარმართების წინააღმდეგ; თარგმნა მათეს და იოანეს სახარებების იოანე ოქროპირისეული განმარტებანი, შექმნა რამდენიმე დამოუკიდებელი თხზულებაც.
როცა დიდი მთავარი მეუღლესთან, სოლომონიასთან განშორებას აპირებდა მისი უნაყოფობის მიზეზით, წმიდა მაქსიმემ ამხილა იგი და ამისთვის ღირსი მამა საპყრობილეში ჩააგდეს. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო სატანჯველებით სავსე ეტაპი მისი ცხოვრებისა; თარგმანებში დაშვებული უზუსტობები წმიდანს წიგნების შეგნებულ დამახინჯებად ჩაუთვალეს. უჭირდა წმიდანს, მაგრამ ღვთის მოწყალებაც არ აკლდებოდა. მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იყუჩე, ბერო! ამ სატანჯველებით საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებ.”
ექვსი წლის შემდეგ ღირსი მაქსიმე საპყრობილედან გაანთავისუფლეს, საეკლესიო სასჯელი დაადეს და ტვერში გაგზავნეს, სადაც გულთბილი და მოსიყვარული ეპისკოპოსის, აკაკის ზედამხედველობით იცხოვრა ოცი წლის განმავლობაში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები 70-ს გადაცილებულმა წმიდა მამამ ტროიცკო-სერგიევის ლავრაში გაატარა. დევნამ და მძიმე ღვაწლმა მოტეხა მისი ჯანმრთელობა, სულით კი კვლავინდებურად უდრეკი დარჩა. ცხოვრების მიმწუხრზე იგი თავის მოწაფესთან, ნილოსთან ერთად ფსალმუნების თარგმნაზე მუშაობდა.
ღირსი მაქსიმე ბერძენი გარდაიცვალა 1556 წლის 21 იანვარს. დაკრძალულია ტროიცკო-სერგიევის ლავრაში. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულა.
წმიდა ნეოფიტე ვათოპედელი ათონის ვათოპედის სავანის მნათე იყო. ერთხელ იგი მძიმედ დასნეულდა და მხურვალე ლოცვით შესთხოვა ღვთისმშობელს განკურნება. პასუხად ყოვლადწმიდა ქალწულის ხატიდან შემოესმა: „ერთი წლის სიცოცხლე გეძლევა სიკვდილისთვის მოსამზადებლად!” სასწაულებრივად განკურნებულმა ნეოფიტემ ღვაწლი გაამკაცრა და აღსასრულისთვის დაიწყო მზადება. ერთი წლის შემდეგ, კვირადღეს, წმიდანს კვლავ ჩაესმა ხმა იმავე ხატიდან – უკვე დადგაო შენი მიცვალების დრო. ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარების შემდეგ ღირსმა ნეოფიტემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.