„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

3.03.2026. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. სამშაბათი
ნიკოლოზისა, საქართველოს კათოლიკოსისა (ბაგრატიონი, 1591); ლეონ დიდისა, რომის პაპისა (461); აღაპიტო აღმსარებელისა, სვინადელი ეპისკოპოსისა (IV); ფლაბიანე აღმსარებელისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (449-450); ღირსისა პავლე კორინთელისა, ქრისტესთვის სალოს სახელდებულისა (VIII).
დღის ლოცვები
საყდარსა ზედა, დიდებულო, მღვდელობისასა რა დასჯედ, ლომთა სიტყვიერთა პირნი დაუყვენ რწმენითა მიერ ღმრთივმობერილითა სამსახურებელთა სამებისათა და განაბრწყინვე სამწყსო შენი ღმრთისმეცნიერებითა; ამისთვის ადიდე საღმრთო მესაიდუმლე ღმრთისა მადლისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 5: 7-16
7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია! 8. ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე. 9. ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან. 10. ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა! 11. ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან! 12. ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ. 13. ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიოებს წყურვილი გაახმობს. 14. ამიტომაც გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა; 15. მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება. 16. მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში.
მწუხრზე: დაბ. 4: 8-15. იგავ. 5: 1-15
8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა. 9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ. 10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. 11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. 12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. 13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: 14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. 15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
1. ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური, 2. რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა ბაგეებმა. 3. რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა. 4. ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება; 5. მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები. 6. ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზაკვალი, არ იცის სად მიდის. 7. ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს: 8. შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს, 9. რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები – დაუნდობელს, 10. რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით – მტრის სახლში. 11. ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი. 12. იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება! 13. არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო. 14. რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო! 15. სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სანაიდელი ეპისკოპოსი (IV)
წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სინადელი ეპისკოპოსი კაბადოკიაში დაიბადა იმპერატორების დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (284-305) დროს. მისი მშობლები ქრისტიანები იყვნენ. წმიდანი სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა, სადაც მკაცრი მარხვის, ლოცვის და სავანის ძმების მსახურების ღვაწლი იტვირთა. გულმოდგინე მოღვაწეობისათვის უფალმა აღაპიტეს სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა.როცა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) წმიდანის დიდი ფიზიკური ძალის შესახებ შეიტყო, ბრძანა, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, სამხედრო სამსახურში გაემწესებინათ იგი.
ლიკინიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აღაპიტე შეუერთდა წმიდა მოწამეებს: ვიქტორს, დორიტეს, თეოდულეს და აგრიპას, მაგრამ ცოცხალი დარჩა. მტარვალი იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა, თავი დაეღწია არმიაში მსახურებისათვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) შეიტყო, რომ აღაპიტე სასწაულთქმედების ნიჭით იყო დაჯილდოვებული და გაგზავნა მასთან ერთი სნეული მსახური, რომელიც წმიდა აღაპიტეს ლოცვით განიკურნა. იმპერატორმა უხვი საბოძვარი აღუთქვა წმიდანს, მან კი ერთადერთი რამ ითხოვა – სამხედრო სამსახურის დატოვებისა და მონასტერში დაბრუნების უფლება. თანხმობის შემდეგ, მან სიხარულით მიაშურა სავანეს.
მალე სინადის ეპისკოპოსმა თავისთან უხმო წმიდა მამას და ხუცესად დაასხა ხელი, მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი სასულიერო პირებმაც და ერისკაცებმაც მის ნაცვლად ერთხმად აირჩიეს ღირსი აღაპიტე. ახალი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. წმიდა მამა მშვიდობით მიიცვალა.
წმიდა ფლაბიანე პატრიარქი (+449-450)
წმიდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) და მისი დის, კეთილმსახური დედოფლის პულხერიას (+453; ხს. 10 სექტემბერს) ზეობისას განაგებდა ეკლესიას. ამ დროს ქრისტეს სამწყსოს ერთობას მომწამლველმა ერეტიკულმა სწავლებებმა საფრთხე შეუქმნა. 448 წელს, მღვდელმთავარ ფლაბიანეს ძალისხმევით, კონსტანტინეპოლში მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც განიხილა და დაგმო ევტიქის ერესი, თავის ცდომაზე ჯიუტად მდგარი მღვდელმსახური კი ეკლესიიდან განკვეთა და ხარისხი აჰყარა. მწვალებელს ძლიერი მფარველი ჰყავდა იმპერატორთან დაახლოებული საჭურისის, ქრისანთის სახით. ამ უკანასკნელმა ინტრიგების მეშვეობით ევტიქის მხარეს გადმოიბირა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი დიოსკორე და იმპერატორისგან გამოითხოვა ნებართვა ეფესოში კრების მოწვევისა, რომელიც შემდგომ „ავაზაკთა კრების“ სახელით გახდა ცნობილი. ავაზაკთა კრებას დიოსკორე თავმჯდომარეობდა. მან მუქარის და ძალის გამოყენებით მიაღწია ევტიქის გამართლებას და ფლაბიანეს დაგმობას. წმიდა მღვდელმთავარი დაუნდობლად გვემეს უტიფარმა ბერებმა ვინმე ვარსუმის მეთაურობით. თვით უსჯულო დიოსკორეც არ დარჩენილა განზე. ამის შემდეგ ფლაბიანეს მძიმე ბორკილები დაადეს და ეფესოდან გაძევება მიუსაჯეს, მაგრამ უფალმა აარიდა თავის რჩეულს შემდგომი სატანჯველები და შეივედრა მისი სული (+449). კეთილმსახურმა პულხერიამ სასახლე დატოვა, მაგრამ მალე ქრისანთის ინტრიგები გამოაშკარავდა, რის შემდგომაც მეფემ გადააყენა იგი, თავისი და კი ისევ დაიახლოვა. პულხერიას ძალისხმევით წმიდა პატრიარქ ფლაბიანეს უხრწნელი ნაწილები პატივით გადასვენდა ეფესოდან კონსტანტინეპოლში.წმიდა ლეონ I, რომის პაპი (+461)
წმიდა ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია – წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წლს, კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეონი საოცარ სიმტკიცესა და შეურყევლობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნებას მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალებლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-სთან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფიზიტების დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეონის ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ფლავიანეს (447-449) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ ავაზაკთა კრებას ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა. ერეტიკოსები ევტიქი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს. წმიდა პაპი ბარბაროსთა შემოტევებისგანაც იცავდა თავის სამშობლოს: 452 წელს მან სიტყვის ძალით დააშოშმინა იტალიის დასანგრევად და ასაოხრებლად გამზადებული ჰუნების მრისხანე მთავარსარდალი ატილა, 455 წელს კი რომში შემოჭრილ ვანდალების წინამძღვარს ჰუნზერიხს შეაგონა, არ დაენგრია ქალაქი, შენობები არ გადაეწვა და სისხლი არ დაეღვარა.პაპმა ლეონ დიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ის წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და მხურვალე ლოცვებითა და ქველისსაქმეებით ემზადებოდა მისთვის.
წმიდა მამა 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.
წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსი (ბაგრატიონი)
18 თებერვალს (ახალი სტილით 3 მარტს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსის (+1591) ხსენების დღეს! „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ. |
