…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
3.07.2026. მარხვა
მღვდელმოწამისა მეთოდისა, პატარელ ეპისკოპოსისა (312); მოწამე მამათა: ინასი, პინასი და რიმასი (I-II); მოწამეთა: არისტოკლე ხუცისა, დიმიტრი დიაკონისა და ათანასე წიგნისმკითხველისა (306); ლევკიოს აღმსარებელისა, ვრუნტისიოპოლელ ეპისკოპოსისა (V); მოწამეთა იოსტოსი და დულასი; მღვდელმოწამისა ასვინკრიტესი და მის-თანათა; ღირსისა იოსებ განშორებულისა.
დღის ლოცვები
მღვდელმოწამე მეთოდიოსის, პატარელი ეპისკოპოსის
ტროპარი: სისხლი შენი, ბრძენო, საიდუმლოდ ღაღადებს ქუეყანით, ვითარცა აბელისა ღმრთისა მიმართ, ღმრთივგანბრძნობილო მღდელმთავარო მეთოდი, ცხადად მქადაგებელო ღმრთის განხორციელებისაო; ამისთვისცა არცხვინენ საცთურსა ორიგენისსა და მიიცვალე ზეცისა სასძლოსა; ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ვითარცა რა მღდელმან და მესაიდუმლოემან წმიდისა სამებისამან, უფროის გონებისა საღმრთონი იგი სიტყუანი ქადაგენ და მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცე, მეთოდი, ხოლო გონებასა ბოროტად მადიდებელთასა ამხილენ და წინაშე ქრისტესსა ანგელოზთა თანა სდგა; ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რომ. 16: 1-16 (დას. 120). მთ. 13: 3-9 (დას. 50).
რომ. 16: 1-16
1. წარმოგიდგენთ ჩვენს დას – ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს, 2. რათა შეიწყნაროთ იგი უფლის მიერ, როგორც შეჰფერის წმიდათ, და შეეწიოთ ყველაფერში, რაც შეიძლება თქვენგან დასჭირდეს, ვინაიდან თვითონაც ბევრს შეეწია და, მათ შორის, მეც. 3. მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანაშემწენი ქრისტე იესოს მიერ, 4. რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვმადლობ, არამედ წარმართთა ყველა ეკლესიაც. 5. მოკითხვა გადაეცით მათ შინაურ ეკლესიას და ჩემს ძვირფას ეპენეტოსსაც, რომელიც არის პირველნაყოფი ასიის მოქცევისა ქრისტეს მიმართ. 6. მოიკითხეთ მარიამი, რომელიც დიდად გაისარჯა თქვენთვის. 7. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და თანატყვენი, რომელნიც სახელგანთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე. 8. მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემთვის ძვირფასი უფლის მიერ. 9. მოიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამოღვაწე ქრისტეში, და ჩემი ძვირფასი სტაქისი. 10. მოიკითხეთ აპელესი, მრავალნაცადი ქრისტეს მიერ. მოიკითხეთ არისტობულეს სახლეული. 11. მოიკითხეთ ჩემი ნათესავი ჰეროდიონი. მოიკითხეთ ნარცისის შინაურნი, რომელნიც არიან უფალში. 12. მოიკითხეთ უფალში მაშვრალი ტრიფენა და ტრიფოსი. მოიკითხეთ საყვარელი პერსიდა, დიდად რომ დაშვრა უფალში. 13. მოიკითხეთ რუფუსი, რჩეული უფალში, აგრეთვე დედა მისი და ჩემი. 14. მოიკითხეთ ასინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მასთან ერთად სხვა ძმანიც. 15. მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნერეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან ერთად ყველა წმიდა. 16. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.
მთ. 13: 3-9
3. ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად. 4. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. 5. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. 6. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; იზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა. 8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი. 9. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი (დაახლ. 306)
წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი მაქსიმიანე გალერიუსის მეფობაში (305-311) ეწამნენ ქრისტესთვის.არისტოკლე ხუცესი, რომელიც ქალაქ ტამასის მკვიდრი იყო, საკათედრო ტაძარში მსახურობდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, მოსალოდნელი წამების შიშით იგი მთებში გაიხიზნა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ერთხელ, ლოცვის დროს, წმიდანს ნათელი მოეფინა და ჩაესმა უფლის ბრძანება, რომელიც კუნძულ კვიპროსზე დაბრუნებისა და ქრისტესთვის მარტვილობისკენ მოუწოდებდა. არისტოკლე მორჩილად დაჰყვა ზეციურ კურთხევას. წმიდანმა გზად მოციქულ ბარნაბას სახელობის ტაძარში შეიარა, აქ დიმიტრი დიაკონსა და ათანასე წიგნისმკითხველს შეხვდა და ჩვენების შესახებ მოუთხრო. დიმიტრიმ და ათანასემ გადაწყვიტეს, მასთან ერთად დაეთხიათ სისხლი ყოვლადსახიერი ღვთის სადიდებლად.
ქალაქ სალამინში ჩამოსულმა წმიდანებმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყეს, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს ისინი და მმართველს წარუდგინეს. ეს უკანასკნელი მალე დარწმუნდა, რომ აღმსარებელთა მოდრეკა შეუძლებელი იყო და ბრძანა, არისტოკლესთვის თავი მოეკვეთათ, დიმიტრი და ათანასე კი დაეწვათ. მოწამეებს ცეცხლმა ვერაფერი ავნო, ბოლოს მათაც მახვილით წარკვეთეს თავები. მარტვილები 306 წელს აღესრულნენ.
მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312)
წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმიდა წერილის განმარტებები და სხვა.წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.
წმიდა ლევკი აღმსარებელი, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი (V)
წმიდა ლევკი აღმსარებელი კეთილმსახური ალექსანდრიელების, ევდოკისა და ევფროსინიას შვილი იყო. მშობლებმა ახალშობილს ევტროპი დაარქვეს. წმიდანი 11 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა წმიდა ერმის მონასტერში ბერად შედგა და ვაჟიც თან წაიყვანა. აქ ყმაწვილის აღზრდას იღუმენი ნიკიტა და სხვა გამოცდილი მამები ხელმძღვანელობდნენ. საოცარი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყრმამ კარგად შეისწავლა საღვთო წერილი, ბუნებითაც მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი იყო. როცა იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა, ძმებმა წინამძღვრად ერთსულოვნად 18 წლის ევტროპი აირჩიეს, თუმცა იგი ჯერაც არ იყო მონაზვნად ნაკურთხი. მომავალი წმიდანი, რომელიც თავს არ თვლიდა ღირსად ვინმესთვის ეხელმძღვანელა, მტკიცე უარზე დადგა. სავანე შვიდი წელი იღუმენის გარეშე იყო. ამ ხნის განმავლობაში ევტროპიმ სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწია. ერთხელ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ევდოკიმ თავის ძესთან ერთად ალექსანდრიის მახლობლად მდებარე მიძინების ტაძრის მოლოცვა გადაწყვიტა. ღამე მათ მონასტერში გაათიეს, რომელსაც იღუმენი თეოდორე წინამძღვრობდა. აქ ევდოკის უფალმა აუწყა, რომ მალე გარდაიცვლებოდა, მისი შვილი კი მღვდელმთავარი შეიქნებოდა და ქრისტეს ნათლით გაანათლებდა იტალიის ქალაქ ვრუნტისიოპოლსა და მის შემოგარენს. მამას ვაჟიშვილის ახალი სახელიც გაუცხადდა – ლევკი, რაც ნიშნავს: „სული ღვთისა სუფევდეს მას ზედა“. სადღესასწაულო წირვაზე ელიოპოლელ ეპისკოპოს ელის ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც ლევკის სამღვდელმთავრო ღვაწლზე აკურთხებდა.ერმის მონასტრის ბერები ეპისკოპოსს დაჟინებით სთხოვდნენ, წმიდანი სავანის იღუმენად დაედგინა. მოსაგრეს თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ ეპისკოპოსის ნებას წინ ვერ აღუდგა. ჯერ მას მღვდლად დაასხეს ხელი, შემდეგ კი წინამძღვრადაც აკურთხეს.
ამ დროიდან მოყოლებული ლევკიმ კიდევ უფრო გააძლიერა ღვაწლი, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა.
ამასობაში მოწამეობრივად აღესრულა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპე და მის ნაცვლად ლევკი აირჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები – ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები – ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში შესულმა მამამ განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქის თავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: „თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს“. წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს – იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.
მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
წმიდა კალისტე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+დაახლ. 1363)
წმიდა კალისტე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი იმპერატორების იოანე კანტაკუზენის (1341-1355) და იოანე პალეოლოგის (1341-1376) მეფობაში მეთაურობდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას. წმიდა მამამ მოღვაწეობა ათონის მთაზე დაიწყო. საპატრიარქო ტახტზე იგი 1350 წელს აღასაყდრეს, მაგრამ ორ წელიწადში დაუტევა მღვდელმთავრის მძიმე ჯვარი და მდუმარების ღვაწლისთვის მის მიერვე დაარსებულ წმიდა მამანტის მონასტერს მიაშურა ტენოდოსში. შემდეგ ნეტარი კალისტე კვლავ დაუბრუნდა კათედრას. წმიდანი დაახლოებით, 1363 წელს გარდაიცვალა სერბეთში, სადაც იოანე პალეოლოგმა ელჩად გაგზავნა. მღვდელმთავარი კალისტე ცნობილია თავისი სასულიერო თხზულებებით.