…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
3.08.2026. ორშაბათი. ხსნილი.
წინასწარმეტყველისა ეზეკიელისა (VI ს. ქრ. შ-მდე); ღირსთა სვიმეონისა, ქრისტესათვის სალოსისა და იოანესი, თანამმარხველისა მისისა (დაახლ. 590).
დღის ლოცვები
წინასწარმეტყველი ეზეკიელის კონდაკი:
წინაისწარმეტყუელად ღმრთისა გამოსჩნდი შენ, ეზეკიელ საკვირველო, და უფლისა განხორციელებაი უმეტესად ყოველთასა მოგვითხრენ, ვითარმედ ესე კრავი და დამბადებელი ყოველთა საუკუნეთა ძე ღმრთისა გამოსჩნდეს.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 კორ. 15: 12-19 (დას. 159 ). მთ. 21: 18-22 (დას. 84).
1 კორ. 15: 12-19
12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა? 13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. 14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. 15. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები. 16. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. 17. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. 18. და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში. 19. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ.
მთ. 21: 18-22
18. ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა; 19. დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე. 20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე? 21. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 22. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წინასწარმეტყველი ეზეკიელი (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველი ეზეკიელი ქრისტეს შობამდე დაახლოებით ექვსასი წლით ადრე, იუდეველთა მეფე ოზიას დროს დაიბადა ქალაქ სარირში. იუდეური გადმოცემის მიხედვით, იგი იერემია წინასწარმეტყველის მსახური ყოფილა და მისივე მსგავსად მღვდელმსახურთა შთამომავალი. ცნობილია, რომ მამამისს ვუზი ერქვა, ჰყავდა ცოლიც, რომელიც მისთვის დიდ ნუგეშს წარმოადგენდა, მაგრამ ეზეკიელის წინასწარმეტყველად მოწოდებიდან ოთხი წლის შემდეგ იგი უეცრად გარდაიცვალა. წინასწარმეტყველი ოცდახუთი წლის ასაკში მეფე იექონიასთან და სხვა თანამემამულეებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ. ტყვეობაში იგი მესოპოტამიაში, მდინარე ქობართან სახლობდა. სწორედ აქ ჰქონდა მას პირველი სასწაულებრივი ჩვენება. ეზეკიელმა ზეგარდმო ბრძანებით შეჭამა გრაგნილი, რომლის ორივე მხარეს ჩანდა წარწერა: „გოდება და ოხვრა, და მწუხარება“, და პირში თაფლის სიტკბო იგრძნო. ასე მოუწოდა მას უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისკენ (ეზეკ. 2,1-10).ეზეკიელმა ბაბილონელთა ტყვეობაში მყოფ ისრაელებს აუწყა იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ურჩობისთვის სასჯელად დაატყდებოდა მათ თავს; უწინასწარმეტყველა უმჯობესი ჟამის დადგომაც – ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება და იერუსალიმის ტაძრის აღდგენა… წინასწარმეტყველის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგს მის მიერ დაწერილი, ორმოცდარვა თავისაგან შემდგარი წიგნი წარმოადგენს, რომელსაც ნეტარი იერონიმე ღვთაებრივი საიდუმლოებების ოკეანეს უწოდებს.
წმიდა წინასწარმეტყველ ეზეკიელს სასწაულქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მისი ლოცვით მდინარე ქობარი გაიპო და ქალდეველთაგან დევნილი ებრაელები მეორე ნაპირზე მშვიდობით გავიდნენ; შიმშილობის დროს დამშეულებს საზრდელი გაუმრავლდათ…
ნეტარი ეზეკიელი მოწამეობრივად აღესრულა: ერთ-ერთი ებრაელი მთავრის მხილებისათვის იგი გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაფლითეს. წინასწარმეტყველის წმიდა ნაწილები კეთილმსახურმა ებრაელებმა შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.
ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი (+დაახლ. 590)
ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და მისი თანამმარხველი იოანე, სირიელები იყვნენ და ქალაქ ედესაში ცხოვრობდნენ VI საუკუნეში. ისინი სიყრმიდანვე გულწრფელად მეგობრობდნენ. უფროსი – სვიმეონი უცოლო იყო და უკვე ხანში შესულ დედასთან ერთად ცხოვრობდა, ახალდაოჯახებულ იოანეს კი მამა და ახალგაზრდა მეუღლე ჰყავდა შინ. როცა სვიმეონს – ოცდაათი, იოანეს კი ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მათ წმიდა ქალაქ იერუსალიმში იმოგზაურეს. წმიდა ადგილების მოლოცვამ და იქაურ მონასტერთა სიმრავლემ მათში ბერული მოღვაწეობის სურვილი გააღვიძა. მეგობრებმა შინ გაუშვეს მსახურები, თვითონ კი მდინარე იორდანეს სანაპიროზე გაშენებული მონასტრებისკენ გაემართნენ. სვიმეონმა და იოანემ ღმერთს შესთხოვეს, მიენიშნებინა, რომელი სავანე აერჩიათ და გადაწყვიტეს, იმ მონასტერში შესულიყვნენ, რომლის კარებიც ღია დახვდებოდათ. ამ დროს უფალმა ერთ-ერთი სავანის იღუმენს, ნიკონს ძილში ამცნო, გაეღო მონასტრის კარები. წმიდა მეგობრები მიადგნენ მონასტრის ღია კარებს. ღვთის ნებით წინამძღვარმა სიხარულით მიიღო ისინი. საღვთო შურით ანთებული მეგობრები მონასტრულმა ცხოვრებამ ვერ დააკმაყოფილა: მათ აღეძრათ სურვილი, უდაბნოს სიღრმეში შესულიყვნენ და იქ ეღვაწათ განმარტოებით. იღუმენ ნიკონს ღმერთმა განუცხადა თანამოსაგრეთა განზრახვა: სწორედ იმ ღამეს, როცა ისინი სავანის დატოვებას აპირებდნენ, კვლავ გააღო კარიბჭე, შემდეგ მათთან ერთად ილოცა და მძიმე ღვაწლს შემდგართ ლოცვა-კურთხევა გააყოლა. სვიმეონსა და იოანეს მტკიცედ ახსოვდათ აღკვეცისას დადებული აღთქმა. ისინი გამუდმებით ლოცულობდნენ, მკაცრად მარხულობდნენ, შრომობდნენ და ერთმანეთს განამტკიცებდნენ ცთუნებებთან ბრძოლაში. გარკვეული ხნის შემდეგ მამებს ზეგარდმო ეუწყათ, რომ სვიმეონის დედა და იოანეს მეუღლე სასუფევლის ნეტარებას ეზიარნენ. მოსაგრეებმა კიდევ ოცდაცხრა წელი დაჰყვეს უდაბნოში. სვიმეონს, უფლის ნებით, დაებადა აზრი, რომ ისინი მოყვასის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ, რისთვისაც აუცილებელი იყო ერში გასვლა; მაგრამ წმიდა იოანემ ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამაღლებული უვნებლობის ამ ხარისხამდე და ამიტომ უდაბნოს ვერ დატოვებდა. სვიმეონი იერუსალიმისკენ გაეშურა და თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ საფლავსა და სხვა სიწმიდეებს. საოცარი თავმდაბლობის გამო იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ღირსი გაეხადა მოყვასის იმგვარი მსახურებისა, რომ მათგან განდიდება არ დაემსახურებინა. წმიდა მამამ ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი ირჩია. ქალაქ ემესაში ჩასული ნეტარი შეშლილივით იქცეოდა, უცნაური საქციელის გამო მრავალთაგან ითმენდა დაცინვას, ლანძღვა-გინებას, გვემას… მაგრამ თავის შეურაცხმყოფელთათვის უამრავ სიკეთეს აკეთებდა: ეშმაკებს განასხამდა, სნეულებს კურნავდა, უეცარი სიკვდილისაგან იცავდა განსაცდელში ჩავარდნილთ, ურწმუნოებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა, ცოდვილებს კი – სინანულად… გამოგონილი სისულელის საფარქვეშ აღსრულებული ამ სასწაულებისა და ქველისსაქმეების სანაცვლოდ იგი არც ქებას ღებულობდა და არც მადლობის სიტყვას.ღირსი იოანე დიდად აფასებდა სულიერ ძმას: თუ მასთან უდაბნოში ემესის მკვიდრთაგან ჩავიდოდა ვინმე რჩევა-დარიგების სათხოვნელად, მეუდაბნოე მას სალოს სვიმეონთან გზავნიდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ედესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმიდანთან, ქოხში მიაკითხეს მას და იქვე ნახეს აღსრულებული. სწორედ მათ მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე და მიაბარეს მიწას. როცა ნეტარის ცხედარს მიასვენებდნენ, ქალაქის ზოგ მკვიდრს საკვირველი, არაამქვეყნიურად ტკბილი გალობა ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა იგი. მალე უდაბნოში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ღირსმა იოანემაც.