გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
3.09.2025 მარხვა
მიძინების შემდგომი დღესასწაული
მოციქულისა 70-თაგანისა თადეოზისა (44); სარმეანესი, ქართლის კათალიკოსისა (779); ღირსისა თათე (თადეოზ) სტეფანწმიდელისა, მამებელისა (VI); მოწამეთა: დედისა ბასასი და შვილთა მისთა: აღაპისა, თეოგნესი და პისტოსი (305-311); მოწამისა ლუკი კვირინელისა (IV).
დღის ლოცვები
მოციქული თადეოზის, სამოცდაათთაგანის კონდაკი:
ვითარცა რა ვარსკულავი ყოვლადბრწყინვალე, მოგიგო შენ ეკლესიამან, მოციქულო თადეოზ, სასწაულითა შენითა მარადის განათლებულმან, აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება
შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცუალებასა
არა დაუტევე, ღვთისმშობელო, მოხუედ ცხოვრებად
დედაი ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა
შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩუენთა
- ღვთისმშობლის ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდები მაცხოვრის ამაღლებიდან მიძინებამდე
წმინდა გადმოცემიდან ვიცით, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობლის კეთილდღეობაზე იოანე ღვთისმეტყველი ზრუნავდა. წმინდა მარიამი კი როგორც მოციქულთა, ისე ყოველი ქრისტიანის საიმედო დამრიგებელი და მანუგეშებელი იყო.
აღდგომის შემდეგ იგი მუდმივად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე. იუდეველმა მღვდელ-მთავრებმა არაერთხელ სცადეს მისი მოკვდინება. იმისათვის, რათა ღვთისმშობელი საფლავზე ვერ მისულიყო, აკლდამას ერთხანს დაქირავებული მცველებიც კი დარაჯობდნენ, მაგრამ ღვთაებრივი თანადგომის ძალა წმინდა დედას ყოველთვის იფარავდა, ამიტომ მისვლას და ლოცვას, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი იქნა დასვენებული, ის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახერხებდა.
დიდი იყო მის მიმართ მოციქულთა მოწიწება და მოკრძალება. მასთან საუბრებში ქრისტიანებმა შეიტყვეს წმინდა ხარების, მაცხოვრის დაბადებისა და სხვა სასწაულებრივი მოვლენების შესახებ. თავის მხრივ, სიტყვითა და ლოცვით ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებაში მოციქულებთან ერთად წმინდა ქალწულიც მონაწილეობდა. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს მოწამეობრივ მკვლელობასაც შეესწრო. ამ დროს იგი გულით თანაუგრძნობდა მოწამეს და ლოცვით ცდილობდა სიკვდილთან ღირსეული შეხვედრისათვის განემტკიცებინა იგი.
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა იერუსალიმში კიდევ 10 წელი დაყვეს და ამ ხნის მანძილზე ისინი იუდეველთა მოქცევას ცდილობდნენ. ღვთისმშობელმა ამ საქმეშიც დიდი წვლილი შეიტანა, შინაურიც და უცხოც მის მიმართ დიდი პატივისცემით განეწყო. იერუსალიმში მის სანახავად და მოსასმენად ხალხი შორეული ქვეყნებიდანაც მრავლად ჩამოდიოდა.
43 წელს, როდესაც ჰეროდე აგრიპამ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო (საქმ. 12:1-3) და მისი ბრძანებით მოციქული იაკობ ზებედესი სიკვდილით დასაჯეს, წმინდა მარიამმა მოციქულებთან ერთად იერუსალიმი დატოვა. იმისთვის, რათა გარკვეულიყო, სახარება ვის სად უნდა ექადაგა, მოციქულებმა წილი ყარეს. წილისყრის შედეგად ღვთისმშობელს ივერია ერგო. ის აპირებდა კიდეც საქართველოში წამობრძანებას, მაგრამ ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მის წილხვედრ ქვეყანას მაცხოვრის ნათელი მოგვიანებით მოეფინება, თავად კი ჯერჯერობით იერუსალიმში უნდა დარჩენილიყო, რათა აქედან იმ მხარეში გამგზავრებულიყო, რომელიც ასევე მის მოლოდინში იყო. ღვთისმშობელს ეუწყა, რომ ქვეყნის სახელწოდება მისთვის შემდგომში განცხადდებოდა.
გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ჯერ იოანე ღვთისმეტყველის წილხვედრ ეფესოში ჩავიდა, იქიდან კი იოანესთან ერთად მაცხოვრის მეგობარ ლაზარესთან გაემგზავრა, რომელსაც მოციქულმა ბარნაბამ კვიპროსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. გზად გემს ძლიერი პირქარი შეხვდა, მიუხედავად ამისა ქარიშხალმა გემი სრულიად უვნებლად ათონის მთას მიაჭდო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიხვდა, რომ ეს სასწაულებრივი გაჩერება ანგელოზის წინასწარმეტყველებასთან იყო დაკავშირებული.
ამ დროისათვის ათონის მთა წარმართი ელინების განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა _ ისინი აქ ღმერთების თაყვანისცემისთვის და ბედისწერის შესატყობად მოდიოდნენ. ღვთისმშობელი ათონის ნახევარკუნძულის მიწაზე გადავიდა. წმინდა მარიამის სულიერებისა და სიწმინდის წინაშე წარმართულმა კულტებმა ძალა დაკარგეს. ღვთისმშობელმა თავისი ქადაგებითა და სასწაულებით მრავალი ადგილობრივი მცხოვრები ქრისტიანად მოაქცია. ახალმონათლულებს წინამძღოლად და მასწავლებლად ერთ-ერთი თავისი თანამგზავრი დაუდგინა. გამოთხოვებისას ახალმოქცეული ათონელი ქრისტიანები უკანასკნელად დალოცა და ბრძანა: „დაე, ჩემი წილხვედრი იყოს ეს ადგილი, რომელიც ჩემი ძისა და ღმერთისგან მომეცა, მე ვიქნები ამ მიდამოს მცველი და ღვთის წინაშე მხურვალე შუამდგომელი“ (Порфирий (Успенский), еп. История Афона. СПб., 1892. Ч. 2. С. 129-131). ამის შემდეგ გემმა, რომლითაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი მოწაფეები მოგზაურობდნენ, კვიპროსის მიმართულებით გაცურა. იქ მათ ლაზარე ელოდათ.
ღვთისმშობელმა კვიპროსის მიწა დალოცა, ლაზარე დედაშვილურად ანუგეშა, რჩევა-დარიგება მისცა, თავისი ხელით შეკერილი ომოფორი და სამაჯურები აჩუქა და იერუსალიმში დაბრუნდა.
- ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული სხვა ცნობები
იერუსალიმში ღვთისმშობელი მისი ხილვის ყველა მსურველს იღებდა, ცოდვილებს მოაქცევდა, სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. დარჩენილ დროს ყოვლადწმინდა მარიამი ლოცვაში ატარებდა, ხშირად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე და ძე ღმრთისას ღრმა თაყვანისცემითა და დედობრივი სიყვარულით მიმართავდა, ასევე სამკვიდრებლის კურთხევას და ქრისტიანებისთვის წყალობას ითხოვდა და მოწყალებას გასცემდა. მტრები მას კვლავაც დევნიდნენ, მაგრამ ღვთის მადლით ის ყოველთვის ხელშეუხებელი რჩებოდა.
ცნობები ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიას მოციქულთა დროიდან მოეპოვება. ჯერ კიდევ I საუკუნეში წმინდა მოწამე დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო. წმინდა დიონისემ მაცხოვრის ამაღლებიდან დაახლოებით მე-12 წელს მოინახულა ღვთისმშობელი მარიამი, მისგან კურთხევა და რჩევა-დარიგება მიიღო.
ღვთისმშობლის მიძინების შესახებ აგრეთვე II საუკუნეში მოღვაწე სარდელი ეპისკოპოს მელიტონის თხზულებებშია მოთხრობილი. წმინდა ეპიფანე კვიპრელმა IV საუკუნეში შეკრიბა მასალები და აღწერა ღვთისმშობელი მარიამის მიძინების ამბავი. V საუკუნეში იერუსალიმელი პატრიარქი იუვენალი კეთილმსახურ ბერძენ დედოფალ პულხერიას ასე მიმართავდა: „მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მიძინება წმინდა წერილში არ არის მოხსენიებული, ჩვენ ამ მოვლენების შესახებ უძველესი და სრულიად საიმედო წყაროები მოგვეპოვება“. ეს წმინდა გადმოცემა XIV საუკუნის ისტორიკოსის ნიკიფორე კალისტეს თხზულებაში, საგულდაგულოდ არის შეკრებილი და აღწერილი.
- ანგელოზის გამოცხადება
გულმხურვალე ლოცვისას ღვთისმშობელი ხშირად შესთხოვდა თავის ძეს მასთან გადასახლების ბედნიერება ღირსებოდა.
ერთხელ, ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აყვანის დრო ახლოვდებოდა და ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. ზეცაში აღსვლის მოწმობად წმინდა მარიამს მთავარანგელოზმა სამოთხეში ზრდილი ფინიკის ხის რტო გადასცა და უთხრა, რომ ეს ზეციური მცენარე ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინებული და მიძინების შემდეგ მოციქულებს მის საფლავთან უნად მიეტანათ.
შინ დაბრუნებულმა წმინდა მარიამმა მომხდარი თავის სახლეულს გაუზიარა და დიდი სიხარულით ამცნო, რომ სამი დღის თავზე თავის ძეს უნდა შეხვედროდა. თვითონ კი დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს.
- მოციქულთა შეკრება
ღვთისმშობელმა იოსებ არიმათიელი და მაცხოვრის სხვა მოწაფეები მოიხმო და მათაც აცნობა, რომ მიძინებისთვის ემზადებოდა. ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთს შესთხოვდა, მასთან იოანე ღვთისმეტყველი მოსულიყო. წმინდა იოანემ სულით შეიგრძნო ღვთისმშობლის ნება და მანძილი ეფესოდან იერუსალიმამდე სასწაულებრივად სწრაფად გადალახა. იოანემ ყოველივე დაუყოვნებლივ აცნობა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, იაკობ მოციქულს _ იოსებ დამწინდველის ძეს, იაკობმა კი ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ მოდიოდა.
სასწაულებრივი იყო სხვა მოციქულების მობრძანებაც. მოულოდნელი მგზავრობით გაოცებული წმინდა მოციქულები ერთმანეთს სიხარულით შესცქეროდენ, უკვირდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვერ აეხსნათ, ასე სწრაფად და მათთვის მოულოდნელად რისთვის და როგორ შეკრიბა უფალმა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ცრემლნარევი სიხარულით ამცნოთ, რომ მოვიდა დრო „ვითარ ქალწული აღუალს ქუეყანით ზეცას“, რადგან „მოკუდავი ცხოველ“ არს.
ოთახში შესულმა მოციქულებმა სარეცელზე მწოლიარე ყოვლადწმინდა დედა კეთილმღიმარე იხილეს, მოიკითხეს და იმ მოვლენის შესახებ უამბეს, მათი ქადაგების ადგილებიდან უცნაურ მოგზაურობასთან რომ იყო დაკავშირებული. ღვთისმშობელმა ადიდა უფალი, რადგან ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა, მისი გულითადი თხოვნა აღასრულა და მიწიერი ცხოვრების დასასრულს მოციქულებსა და მოწაფეებს მასთან მოუყარა თავი.
როდესაც ხალხმა ზეცაში ამაღლების შესახებ თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყო, მოთქმით აღავსო გარემო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნუგეშინისმცემლის გარეშე რჩებოდნენ. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველასთვის მსწრაფ-ლშემწე იქნებოდა. ამ დაპირებაში კაცობრიობის საყოველთაო ნუგეშია დაუნჯებული.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლა
ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო.
გამოცხადებიდან მესამე დღის სამი საათი იყო. წმინდა მოციქულები ღვთისმშობლის დამშვენებული სარეცლის გარშემო იდგნენ და უფალს გალობით ადიდებდნენ. ოთახი მრავალი სანთლით იყო განათებული. ყოვლადწმინდა მარიამი გულმხურვალედ ლოცულობდა.
მოულოდნელად გარემო გამოუთქმელი სინათლით აღივსო, ყველა და ყველაფერი შარავანდედით იქნა მოსილი. ოთახში ისეთი საოცარი და შეუცნობელი სიამე შემოიჭრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერება ვერ დაიტევდა. ყველამ ერთდროულად შეამჩნია, რომ ღვთაებრივი დიდების ნათელში სახლის ჭერი აღარსად ჩანდა. გარემოუცველი იყო უსაზომო სინათლე. სიყვარულით აღვსილმა ყოველმა სულმა ზეციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული დიდების მობრძანება შეიგრძნო _ უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა დედას გამოეცხადა. ანგელოზთა გამოუთქმელმა გალობამ გარემო სრულად აღავსო. მის ფონზე მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ღვთივსულიერი ლოცვა ისმოდა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“, რომელსაც ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო“ და კვლავ ანგელოზთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ მოჰყვა და ზეციურ ძალთა თანხლებით, უფლის ხელით ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში ზეიმურად ამაღლდა.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება და გაცილება
ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი, შენთვის, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაი და სიკუდილი ცხოვრებისმომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.
მოციქულებს და ყველას, ვინც ამ სულიერი სახილველის ღირსი შეიქნა, მიწიერება დავიწყებოდათ. ისინი შიშნარევად გაცვიფრებულნი ცას შესცქეროდნენ… გონს რომ მოვიდნენ, დაინახეს, რომ სულით ცად ამაღლებული ღვთისმშობელი სარეცელზე იწვა. მისი სახე სათნო ნათელით ბრწყინავდა და დამშვენებული სარეცლიდან საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გაცილება
გასაცვიფრებლად იცხოვრა ყოვლადწმინდა მარიამმა. სასწაულებრივი იყო მისი მიძინება და გაცილებაც. მოკრძალებითა და ძრწოლით ამბორყვეს ქრისტიანებმა მაცხოვრის დედის წმინდა სარეცელი და ღვთიური მადლით, სულიერი სიხარულითა და სასოებით განათლდა მათი გულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული სიდიადის გამო რწმენითა და სიყვარულით მისული ყველა შეჭირვებული სარეცლის შეხებით იკურნებოდა.
პროცესიას სამოთხის რტოთი წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა. წმინდა პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს სასახლე მხრებით მიჰქონდათ. დანარჩენი მორწმუნეები საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიჰყვებოდნენ. საზეიმო სვლა სიონში დაიწყო, იერუსალიმი გაიარა და გეთსიმანიამდე გალობით მივიდა. მსვლელობას დასაწყისშივე გვირგვინის მსგავსი ნათელმოსილი ღრუბელი დაადგა და ბოლომდე არ მოშორებია. ეს ციური სხეული პროცესიასთან ერთად ჰაერში მოძრაობდა. მორწმუნეებს ანგელოზთა გალობა ესმოდათ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ გააღიზიანა. ზოგიერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა და უხუცესმა ისიც კი მოისურვა, რომ პროცესია დაეშალა და წინამძღოლები შეეპყრო. მაგრამ ეს ბოროტება ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა. ზეციური გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესია მდევართათვის უხილავი გახდა. მდევრებს გალობა და ნაბიჯების ხმა ესმოდათ, მაგრამ სიბრმავე დაეუფლათ და ვერაფერს ხედავდნენ. უგუნურ ჭენებაში ბევრმა მათგანმა ქალაქის კედლებს თავ-პირი შეალეწა.
გამორჩეული იყო იუდეველი მღვდლის ათონიას „მონდომება“. მან უმეცრებისა და სულიერი სიბეცის გამო საშინელი კადნიერება გამოავლინა და ღვთისმშობლის სარეცლის დამხობა მოისურვა. უფალმა სამაგალითოდ დაუშვა მისი მისვლა წმინდა სასახლემდე, მაგრამ ხელის ოდნავ შეხებისთანავე მას ღვთის რისხვა დაატყდა და ორივე ხელი წარეკვეთა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა ათონია და მან ხმამაღლა, მთელი რწმენით ამოიძახა: „მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი“. მკლავები მაშინვე განუმრთელდა და როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გამოჯანსაღდა. ათონია პროცესიას შეუერთდა. როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, ბევრმა იუდეველმა შეინანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წრფელად სცა თაყვანი და მის სარეცელს ემთხვია. მათგან ვინც უმეცრებით იყო დაბრმავებული, განიკურნა, ხოლო ვინც გაბოროტების გამო იყო დასჯილი, მათაც მხედველობა დაუბრუნდა.
პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია. ყველა უკანასკნელად ემთხვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედარს.
აკლდამაში მისი მოთავსება წმინდა მოციქულებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს. გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ქვით დაფარეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში შესასვლელთან ლოცვასა და გალობას აღავლენდნენ, ანგელოზები უფალსა და ყოვლადწმინდა ქალწულს ზეციური გალობით განადიდებდნენ.
ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან ყოვლადწმინდა და მარადის ქალწულმა ბუნების იმ კანონებს სძლია, რომელთაც ცოდვით დაცემული ადამიანი ემორჩილება. მისი სული ზეცად ამაღლდა, ხოლო სხეულმა მცირე დროით მიიძინა და მესამე დღეს უკვდავებას შეუერთდა.
მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს მიიძინა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი მიეგება მიწიერ დედას და თავის სავანეში მიუჩინა სამყოფელი.
ლიტ.: 2 კორ. 9: 12-10: 7 (დას. 189). მკ. 3: 20-27 (დას. 13).
ლიტ.: 2 კორ. 9: 12-10: 7
12. რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს, 13. რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც; 14. და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე. 15. მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.
1. ხოლო მე, პავლე, თქვენს შორის პირისპირ ყოფნისას – მდაბალი, შორიდან კი – თქვენს მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით: 2. ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ. 3. ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით. 4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად. 5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს. 6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება. 7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
ლიტ.: მკ. 3: 20-27
20. მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რომ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს. 21. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო. 22. ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 23. მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება? 24. თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო. 25. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი. 26. ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული. 27. ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 44)
წმიდა მოციქული თადეოზი ტომით ებრაელი იყო, იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა. იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა. შემდეგ ნეტარმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა. უფალმა იგი იმ სამოცდაათს შორის გამოარჩია, რომლებიც „წარავლინნა… ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად“ (ლკ. 10,1). იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ თადეოზი ქადაგებდა სირიასა და მესოპოტამიაში. ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი ავგაროზი, ხალხი და ქურუმები.
გადმოცემით, როცა წმიდანი პირველად შესულა ავგაროზის ოთახში, მისი სახიდან გამომკრთალი არაამქვეყნიური ნათლით გაოცებული მთავარი წინ მიგებებია და მიწამდე უცია თაყვანი. კარისკაცებს კი, რომელთათვისაც ეს ბრწყინვალება დაუნახავი დარჩა, ვერ გაუგიათ, რატომ მიაგო მათმა ხელისუფალმა ასეთი პატივი ღატაკ მწირს. თადეოზის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან (მათ შესახებ ავგაროზი წერდა სირიის მეფე ნერსეს). ნეტარმა მოციქულმა ედესაში ეკლესია დააფუძნა. ავგაროზს სურდა, იგი უხვად დაეჯილდოებინა, მაგრამ წმიდანმა საბოძვარზე უარი განაცხადა და სხვა ქალაქებს მიაშურა ქადაგებით. ბოლოს თადეოზი ფინიკიის ქალაქ ბირითში (ბეირუთში) ჩავიდა და მშვიდობით მიიცვალა ორმოცდაოთხი წლის ასაკში (ეს ცნობა ამოღებულია სლავური თვენიდან. სხვა წყაროების მოწმობით, წმიდა მამა ედესაში გარდაიცვალა, სომხური გადმოცემის მიხედვით კი – მრავალგვარი წამების შემდეგ მას პიტაზის ოლქში მახვილით მოჰკვეთეს თავი 50 წლის 21 დეკემბერს).
წმიდა მოწამენი ვასა და შვილნი მისნი: თეოგნე, აღაპი და პისტი (+305-311)
წმიდა მოწამე ვასა წარმართი ქურუმის მეუღლე იყო და შვილებთან – თეოგნესთან, აღაპისთან და პისტთან ერთად მაკედონიის ედესაში ცხოვრობდა. იგი ქრისტიანული კეთილმსახურებით იყო აღზრდილი და ძეებსაც ქრისტეს სიყვარულს უნერგავდა. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს მეუღლემ ნეტარი ვასა შვილებთან ერთად მმართველთან დაასმინა. მაცხოვრის მსასოებლებმა მუქარის მიუხედავად უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მაშინ დედის თვალწინ ვაჟების წამება დაიწყეს: უფროსი, თეოგნე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს. ყრმა აღაპი თავიდან მკერდამდე გაატყავეს. ბოლოს ნაბოლარას – პისტს მისდგნენ. დედა ამხნევებდა მათ და ქრისტესთვის სატანჯველების უდრტვინველად დათმენისკენ მოუწოდებდა. ბოლოს ყმაწვილებს თავები მოჰკვეთეს (ერთი გადმოცემით, ძმები მაკედონიის ქალაქ ედესაში აწამეს, სხვა ცნობით – თესალიის ლარისში). წმიდა ვასა საპყრობილეში გამოამწყვდიეს და აშიმშილეს, მაგრამ ანგელოზი ზეციური საკვებით ზრდიდა ნეტარს. შემდეგ მას მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. ჯალათები ცდილობდნენ, ჯერ ცეცხლში დაეწვათ, შემდეგ – წყალში დაეხრჩოთ ქრისტეს ტარიგი, მხეცებსაც მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული დედა უვნებელი რჩებოდა. როცა უსჯულოებმა ვასა საპყრობილეში შეიყვანეს, მან ზევსის ქანდაკი ნამსხვრევებად აქცია. მაშინ წმიდანი ზღვაში მოისროლეს, მაგრამ მოულოდნელად ნავი მოცურდა და სამმა ნათელმოსილმა ჭაბუკმა ქრისტეს მხევალი ზედ აიყვანა (ღირსი ნიკოდიმოს მთაწმიდელი ფიქრობდა, რომ ეს ჭაბუკები ამსოფლიდან ვასაზე ადრე გასული მისი ძეები იყვნენ). რვა დღის შემდეგ ნეტარი დედა ნავიდან კუნძულ ალონზე ჩავიდა, კვიზიკის მახლობლად – პონტისპირეთში ან მარმარილოს ზღვაში. ადგილობრივმა მმართველმა მისგან კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოითხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, არგნებით გვემა უფლის რჩეული, შემდეგ კი მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
ცნობილია, რომ დაახლოებით 450 წელს ქალკედონში უკვე არსებობდა წმიდა მოწამე ვასას სახელობის ტაძარი.
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი სარმეან კათოლიკოსი (+779)
წმიდა სარმეან კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიას მესაჭეობდა 767-779 წლებში. მისი მამამთავრობა საქართველოში არაბთა ბატონობას დაემთხვა. არაბები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, ავიწროებდნენ ღვთისმსახურებს, ყველგან მაჰმადიანობის დამკვიდრებას ცდილობდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარმეან კათოლიკოსის მამათავრობის დროს თვით ამირას საბრძანებელ ქალაქ თბილისშიც კი მრავალი ეკლესია მოქმედებდა. სარმეანი მტკიცე დამცველი იყო მართლმადიდებლობისა, მაგრამ ერთხელ, ყველიერის ხუთშაბათს, შიომღვიმის მონასტერში სარმეანმა „გამოუძიებლივ“ აზიარა მასთან ძღვნით მისული უცნობები, რომლებიც თურმე იაკობიტთა მწვალებლობის მიმდევრები ყოფილან. „იმ ღამესვე ძილში ზეგარდამოეხილა სარმეანს ესრეთ წინდაუხედაობა და უღირსებით შეურაცხებულ ხარისხისა მისისა“, გამოღვიძებულმა კათოლიკოსმა შეკრიბა ეპისკოპოსები, აუწყა მომხდარი, მათ წინაშე დაწვა იაკობიტთა მორთმეული ძღვენი და „ცრემლით სტიროდა ცთომასა თვისსა“. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მალე აუწყა წმიდა სარმეანს მისი ასეთი შეცოდების შენდობა, მცხეთიდანაც მოვიდა ეპისკოპოსთა წერილი: „დიდსა მამათავარსა მეუფესა ჩვენსა სარმეანეს, გიხაროდენ! შვილნი შენნი და სიწმიდისა შენისა მრწმენნი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რათა არღარა დააშრობდე მოხუცებულსა გვამსა შენსა, რამეთუ მოწყალე ჰყვეს დიდებულისა მაგას წმიდისა შიოს მეოხებითა და გამოგვიჩნდა უღირსთა მონათა მისთა, რიცხვით ხუთთა და თვითოეულსა გვიბრძანა, ვითარმედ „მიუტევა ღმერთმან სარმეანეს კათალიკოზსა ბრალნი მისნი და აწ შეუორგულებულად მიიყვანეთ მწყემსი თქუენი“. აწ გვიბრძანენ სიწმიდემან შენმან, რათა ყოველნი მანდა მოვიდეთ და მადლი აღუაროთ საკვირველთ მოქმედსა მამასა შიოს“.
ასეთი ღვთის შიშით, სიმდაბლით, სარწმუნოებითა და სიყვარულით შემკული მღვდელმთავარი სიბრძნით განაგებდა თავის სამწყსოს: შენდებოდა ეკლესია-მონასტრები, იქმნებოდა უძვირფასესი სასულიერო ხასიათის ლიტერატურა, ეკლესიის სწავლების სიწმიდის დაცვითა და ცოდვათა ტყვეობისაგან გამოხსნით თანდათან მზადდებოდა ხორციელი ტყვეობისაგან განთავისუფლების კონკრეტული ღონისძიებები.
ქართლის კათოლიკოსთა ქრონოლოგიებში მისი კათოლიკოსობა 767 (ზოგი ვარაუდით 760) წლიდან 774 წლამდე გრძელდება.