3.10.2026. მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ჯვართამაღლების შემდგომი შაბათი

3.10.2026. მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ჯვართამაღლების შემდგომი შაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ჯვართამაღლების შემდგომი შაბათი

3.10.2026. შაბათი. ხსნილი 

ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული.

დიდმოწამისა ევსტათი პლაკიდასი, ცოლისა მისისა თეოპისტიასი და შვილთა მათთა აღაპისა და თეოპისტესი (დაახლ. 118).

ერთაწმიდობა (ევსტათწმიდობა).

დღის ლოცვები 
დიდმოწამე ევსტათი პლაკიდასი, ცოლისა მისისა თეოპისტიასი და შვილთა მათთა აღაპისა და თეოპისტეს კონდაკი:

ვნებათა ქრისტესთა ცხადად მიმსგავსებული და სარწმუნოებით მისისა სასუმელისა მსმელი ევსტათი ზიარ და თანა მემკვიდრე დიდებისაცა იქმნენ თვით მის ყოველთა ღმრთისა მიერ, მაღლით მომღებელი მოტევებისა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები

ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: 1 კორ. 1: 26-29 (დას. 125 შუა). ინ. 8: 21-30 (დას. 30).
დიდმოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106). 

ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: 1 კორ. 1: 26-29 

26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული. 27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი. 28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი, 29. და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.

ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: ინ. 8: 21-30 

21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. 22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? 23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე – იმქვეყნიური. 24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. 25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? 26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. 27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. 28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. 29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. 30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.

დიდმოწ.: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

დიდმოწ.: ლკ. 21: 12-19 

12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე (+დაახლ. 118)
წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს.
ევსტათი ისეთი ახოვანი მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს წმიდანს ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს, რომელმაც ბოლოს მაღალ კლდეზე აირბინა და აქ გაჩერდა. უეცრად ირმის რქებს შორის ცხოველმყოფელი ჯვრის ნიში გაბრწყინდა ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულებით. „პლაკიდა, რაჲსა მდევნი მე?“ – ჰკითხა მაცხოვარმა. შეშინებულმა სტრატილატმაც კითხვითვე მიმართა: – „ვინ ხარ შენ, უფალო?“ „მე ვარ იესუ ქრისტ ჱ, რომელმან ყოველივე დავჰბადე არაარსისაგან და თჳსთა ჴელითა შევქმენ კაცი და არავე მოაქამდე დავაყენე კაცთმოყუარებაჲ ჩემი, არამედ შემუსრვილი ცოდვისა მიერ კუალად განვაახლე“, და ყოველივე მიუთხრა: თავისი განკაცება, ჯვარცმა, სიკვდილი, დაფლვა, მესამე დღეს აღდგომა, „რომელთა მიერ წინააღმდგომისაგან თავისუფლებაჲ ნათესავსა ჩუენსა მოანიჭა“ და ზეცად ამაღლება. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა – უფლის რჩეულმა წრფელი გულით ირწმუნა და მაცხოვარს შეევედრა, ეუწყებინა როგორ მოქცეულიყო შემდგომ. ნეტარს კვლავ ჩაესმა ხმა და ქალაქში წასვლა, მღვდელთან მისვლა და მეუღლესა და შვილებთან ერთად ნათლისღებით განწმედა უბრძანა.
გახარებული პლაკიდა შინ დაბრუნდა და ყოველივე მოუთხრო მეუღლეს, რომელმაც, თავის მხრივ, აუწყა, თუ წინა ღამეს როგორ ჩაესმა ძილში: „შენ და ქმარი შენი და შვილნი ხვალე მოვედით ჩემდა და განცხადებულად უწყოდეთ, მე ვარ იესუ ქრისტ ჱ, რომელსა ძალ-მიც ცხორებაჲ მოყუარეთა ჩემთაჲ“.
მეუღლეები ისე მოიქცნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ: მიმართეს ქრისტიან ხუცესს, რომელმაც მთელ მათ სახლეულს ნათელსცა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.
მომდევნო დღეს ევსტათიმ თავისი სასწაულებრივი მოქცევის ადგილს მიაშურა და მხურვალე ლოცვით მადლობა შესწირა ცხონების გზაზე მის დამყენებელ უფალს.
მაშინ ნეტარი კვლავ საკვირველი გამოცხადების ღირსი შეიქნა – თავად ზეციურმა მეუფემ გააფრთხილა მოსალოდნელი განსაცდელების შესახებ: „ამიერითგან უკუე მიგელის შენ თავსდებად გამოსაცდელი სარწმუნოებისაჲ, რამეთუ წუთ ერთღა განმცდელი იგი ეშმაკი მოსლვად არს შენდა… ხოლო შენ ბრწყინვალე ძლევაჲ აღადგინო მას ზედა, ვითარცა იგი პირველად იობ… და დასასრულსა წამებისა ჩემისა გჳრგჳნითა შეიმკო თავი შენი“. ევსტათიმ მდაბლად მიუგო: „იყავნ ნება შენი, უფალო!“
მალე ნეტარს უბედურებათა წყება დაატყდა თავს: მონა-მხევლები დაეხოცა, საქონელი გაუწყდა… გაღატაკებულმა, მაგრამ სულით მდიდარმა ევსტათიმ ოჯახთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, რომ უცხოობაში სიმდაბლითა და სიგლახაკით ეცხოვრა. ისინი ხომალდზე ავიდნენ და ეგვიპტისკენ გაეშურნენ. გზაში გემის პატრონი მოიხიბლა ევსტათის მეუღლის – თეოპისტიას მშვენიერებით, ვნებააშლილმა, ჩამოსხა ნაპირზე მამა და შვილები, ქალი კი თავისთან დატოვა. საშინლად დამწუხრებულმა სტრატილატ-ყოფილმა გზა განაგრძო და ბობოქარ მდინარეს მიადგა, რომლის გადალახვაც ორივე ყრმით შეუძლებელი იყო. მან ჯერ ერთი ძე შეისვა მხარზე და ფონს გაიყვანა, შემდეგ მეორესთან გამობრუნდა, მაგრამ იხილა, რომ ყრმა ლომს დაეტაცებინა და უდაბნოსკენ მიარბენინებდა. ვერც მეორე ნაპირზე დატოვებული შვილი შეინარჩუნა წმიდანმა: მგელმა ისიც ტყეში გაიტაცა.
ევსტათი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მწარედ ატირდა, მაგრამ მტკიცედ სწამდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. სოფელ ვლადისოსში ღვთის რჩეული მუშად დადგა და თხუთმეტი წელი გაატარა დაუცხრომელ ღვაწლში. მან არ უწყოდა, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით მისი ერთი ძე – მწყემსებმა, მეორე კი – მიწის მუშაკებმა გადაარჩინეს და ახლა მის გვერდით ცხოვრობდნენ; არ იცოდა ისიც, რომ უსჯულო მენავე მალე დასაჯა ღმერთმა – მძიმე სნეულებით ამოხდა სული, მისი მეუღლე კი, შეურცხვენელი, პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს.
ამ ხანებში იმპერატორ ტრაიანეს რომისთვის მეტად მძიმე ბრძოლის დაწყება მოუხდა. მას მოაგონდა სახელოვანი მხედართუფროსი პლაკიდა და წმიდანის მოსაძებნად მისი მეგობრები, ანტიოქოსი და აკაკი გაგზავნა.
დიდი ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ მხედრები იმ სოფელშიც ჩავიდნენ, სადაც წმიდა ევსტათი ცხოვრობდა. ისინი ყოფილ სტრატილატს მინდორში შეხვდნენ, ვერ იცნეს, უთხრეს, ვისაც ეძებდნენ და დიდი თანხის საზღაურად დახმარება სთხოვეს. წმიდანმა იცნო მეგობრები, მაგრამ ვინაობა არ გაამხილა; თავისი ბატონის სახლში მიიწვია ისინი და დააპურა. როცა მგზავრები კარგად დააკვირდნენ მასპინძელს, შენიშნეს, რომ იგი ძლიერ ჰგავდა პლაკიდას, შემდეგ ყელზე მისი განსაკუთრებული ნიშანი – საბრძოლო ჭრილობაც შენიშნეს და მიხვდნენ, რომ წინ თავიანთი მეგობარი ედგათ. სიხარულის ცრემლებმოძალებული მეომრები გადაეხვივნენ ნეტარს და მოუთხრეს, რისთვისაც ეძებდნენ. ევსტათი რომში დაბრუნდა და კვლავ იმპერატორის მხედართმთავარი გახდა. მის ლაშქარს მრავალი ახალწვეული შეემატა და წმიდანმა არ იცოდა, რომ ის ორი ახალგაზრდა მხედარი, რომელთაც ხშირად აძლევდა დავალებებს და რომლებიც ძლიერ უყვარდა სიმარჯვისა და ახოვნების გამო, მისი ძეები იყვნენ. არც მათ იცოდნენ, რომ მამის წინამძღვრობით მსახურობდნენ და ერთმანეთს ძმებად ეკუთვნოდნენ.
ერთხელ, ლაშქრობის დროს, ევსტათის მხედრობამ ერთ-ერთ სოფელში დაიბანაკა. ძმები კარავში ისხდნენ და საუბრობდნენ. უფროსი თავის ხვედრზე ყვებოდა: როგორ დაკარგა დედ-მამა და საბრალო ძმა. გახარებული ნაბოლარა მიხვდა, რომ მის წინაშე მისი ძმა იყო და მას თავისი ცხოვრებაც მოუთხრო.
მხედრების საუბარი ესმოდა ქალს, რომლის სახლის მახლობლადაც იყო კარავი გაშლილი – მათ დედას. იგი მიხვდა, რომ უფალმა შვილები მოუყვანა კარს. ნეტარს მათთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ძლიერ სურდა, ძეებს არ გაყროდა, ამიტომ სტრატილატთან მისვლა გადაწყვიტა, რათა თან გაჰყოლოდა ლაშქარს. მან იცნო თავისი მეუღლე და მოუთხრო საკუთარი თავისა და იმ ორი მეომრის შესახებ, რომლებიც მისი ვაჟები აღმოჩნდნენ. ღვთის მოწყალებით ასე შეიყარა მთელი ოჯახი.
ამასობაში ომი გამარჯვებით დაგვირგვინდა. ევსტათი პატივითა და დიდებით დაბრუნდა რომში. გარდაცვლილი იმპერატორის, ტრაიანეს ნაცვლად ტახტზე ასულმა ადრიანემ (117-138) გადაწყვიტა, მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა საზეიმო მსხვერპლშეწირვით აღენიშნა. ყველას გასაოცრად, ევსტათი საკერპოში არ აღმოჩნდა. იმპერატორის ბრძანებით იგი სასწრაფოდ მონახეს.
„რომლისა მიზეზისათჳს არა ინებე მოსლვაჲ ჩვენ თანა გებად მამულთა ღმერთთა?“ – ჰკითხა ნეტარს ადრიანემ, – შენ სხვებზე მეტი მადლიერება გმართებს, რადგან ღმერთებმა არა მარტო დაგიცვეს ომში, არამედ ცოლი და შვილებიც გაპოვნინეს. ევსტათიმ მიუგო: „ქრისტეანე ვარ, ჵ მეფე, და მომცემელისა ჩემდა შევსწირავ მადლობასა, საძლეველსა და წარწყმედულებისაგან შვილთა და მეუღლისა ჩემდა მომაქცეველსა. ხოლო გარეშე მისსა სხუასა და უფროჲსღა უსულოთა ამათ და ყრუთა არცა მეცნიერ ვარ, არცა ვჰმსახურებ, რაჲთა არა გამოვჩნდე მოქენედ საცნობელთა“. განრისხებულმა იმპერატორმა ხარისხი აჰყარა ქველ მხედართმთავარს და მთელს ოჯახთან ერთად სამსჯავროზე წარადგინა. ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ პირუტყვებმა წმიდანებს პირი არ დააკარეს. მაშინ გამხეცებულმა თვითმპყრობელმა განკარგულება გასცა, მთელი ოჯახი გახურებულ სპილენძის ხარში შეესხათ. სამი დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, წმიდა მოწამეთა ცხედრები სრულიად უვნებელი აღმოჩნდა – თმის ბეწვიც არ შეტრუსვოდათ, სახეები კი არამიწიერი მშვენიერებით უბრწყინავდათ. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა მარტვილთა ცხედრები პატივით დაკრძალეს, შემდეგ კი, როცა მართლმორწმუნეთა დევნა ჩაცხრა, „აღუშენეს სახლი სალოცველი“ სადიდებლად უფლისა.