„… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
3.11.2025. ხსნილი
ღირსისა ილარიონ დიდისა (371-372); მოწამეთა: დასისა, გაიოზისა და ზოტიკესი (303).
დღის ლოცვები
ვითარცა მნათობსა დაუვალსა გონიერისა მზისასა, შემოკრებულნი ესე პატივს გცემთ და შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ გამოუბრწყინდი ბნელსა უღმრთოებისასა მსხდომარეთა, და ყოველნივე აღიყვანენ საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ილარიონ; ამისთვისცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი მამაო, მოღუაწეთა სიმტკიცეო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: კოლ. 2: 13-20 (დას. 255). ლკ. 10: 22-24 (დას. 52).
ღირ.: 2 კორ. 9: 6-11 (დას. 188). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: კოლ. 2: 13-20
13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით. 14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. 15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე. 16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. 17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი. 18. ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული, 19. ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით. 20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს:
ლიტ.: ლკ. 10: 22-24
22. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას. 23. მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. 24. რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს.
ღირ.: 2 კორ. 9: 6-11
6. ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. 7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს. 8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე. 9. როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“. 10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს, 11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.
ღირ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე (+303)
წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას, 303 წელს ეწამნენ საკერპოს დანგრევისათვის. უსჯულოებმა წმიდანები წამების შემდეგ ზღვაში დაახრჩვეს.ღირსი ილარიონ დიდი (+371-372)
ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა. მან მთელი ქონება ნათესავებს და გლახაკებს დაურიგა და ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. ღირსი მამა დაუცხრომლად ებრძოდა არაწმიდა ფიქრებსა და გულისთქმებს, რომლებიც გონებას უმღვრევდა და სხეულს განუხურვებდა, ცდილობდა მძიმე შრომით, მარხვითა და ლოცვით დაეთრგუნა ისინი. დემონებს სურდათ, აჩრდილებითა და მოჩვენებებით დაეფრთხოთ უფლის რჩეული – ლოცვის დროს მას ჩაესმოდა ბავშვების ტირილი, ქალების ქვითინი, ლომებისა და სხვა მხეცების ღრიალი. ნეტარი ხვდებოდა, რომ ეშმაკები ამგვარი საშინელებით უდაბნოდან მის განდევნას ესწრაფოდნენ და გულმოდგინე ლოცვით თრგუნავდა შიშს.ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.
წმიდა მოსაგრის შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმიდანი კურნავდა სულიერი და ხორციელი სნეულებებით გვემულებს. ნეტარი მამა ხვდებოდა, თუ რომელი ვნებით იყო შეპყრობილი ესა თუ ის ადამიანი. ღირს ილარიონთან მრავლად მიდიოდნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები. პალესტინაში მრავლდებოდა წმიდანის კურთხევით აშენებული მონასტრები, თავად კი ერთი სავანიდან მეორეში გადადიოდა და ძმათა შორის მკაცრ მოსაგრე ცხოვრების წესს განამტკიცებდა. წმიდანი თავის ქვეყანაში ისეთივე მოძღვარი იყო, როგორიც ანტონი დიდი – ეგვიპტეში. მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუწოდა (+371-372).
გადასვენება ნაწილთა წმიდისა ილარიონ მეგლინელისა (1206)
წმიდა ილარიონ მეგლინელი დიდგვაროვანი კონსტანტინოპოლელი ბერძენი იყო. იგი თვრამეტი წლის ასაკში განერიდა ამსოფლიურ სიამეებს და ბერად შედგა. მალე ნეტარი მამა კეთილმსახური და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისთვის სავანის წინამძღვრად აკურთხეს. წმიდანი გულმოდგინედ ზრუნავდა მისთვის მინდობილი სულების ხსნისთვის და ძმებს მოუწოდებდა, გაფრთხილებოდნენ საცხოვნებლად მონიჭებულ ძვირფას დროს. 1134 წელს უფლის რჩეულს მეგლინის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამ ხარისხში მან ბევრი იღვაწა იმ ხანებში ბულგარეთში ფართოდ გავრცელებული ბოგომილების და მონოფიზიტთა მწვალებლური სწავლებების სამხილებლად. წმიდა მღვდელმთავარი 1164 წელს გარდაიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილები 1206 წელს მეგლინიდან ქალაქ ტირნოვოში გადაასვენეს. 21 ოქტომბერს ეკლესია სწორედ ამ მოვლენას იხსენიებს.