3.11.2026. 23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

3.11.2026. 23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

3.11.2026. სამშაბათი. ხსნილი. 

ღირსისა ილარიონ დიდისა (371-372); მოწამეთა: დასისა, გაიოზისა და ზოტიკესი (303). 

დღის ლოცვები
ღირსი ილარიონ დიდის კონდაკი:

ვითარცა მნათობსა დაუვალსა გონიერისა მზისასა, შემოკრებულნი ესე პატივს გცემთ და შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ გამოუბრწყინდი ბნელსა უღმრთოებისასა მსხდომარეთა, და ყოველნივე აღიყვანენ საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ილარიონ; ამისთვისცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი მამაო, მოღუაწეთა სიმტკიცეო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტურგია (რიგ.) – 1 თესალონიკელთა მიმართ 1:6-10; ლიტურგია (ღირ.) – 2 კორინთელთა მიმართ 9:6-11; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 9:23-27; ლიტურგია (ღირ.) – ლუკას სახარება 6:17-23.

ლიტ. (რიგ.) – 1 თეს. 1: 6-10 

6. ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით. 7. ასე რომ, ყველა მორწმუნის ნიმუშად იქეცით მაკედონიასა და აქაიაში. 8. ვინაიდან თქვენს მიერ განივრცო სიტყვა უფლისა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ თქვენმა ღვთისმორწმუნეობამ ყველა სხვა მხარესაც უწია, ასე რომ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი. 9. რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს, 10. და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, – იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს.

ლიტ. (ღირ.) – 2 კორ. 9: 6-11 

6. ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. 7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს. 8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე. 9. როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“. 10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს, 11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.

ლიტ. (რიგ.) – ლკ. 9: 23-27 

23. და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. 24. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას. 25. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს? 26. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა თავისი, მამამისისა და წმიდა ანგელოზთა დიდებით. 27. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს.

ლიტ. (ღირ.) – ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე (+303)
წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას, 303 წელს ეწამნენ საკერპოს დანგრევისათვის. უსჯულოებმა წმიდანები წამების შემდეგ ზღვაში დაახრჩვეს. 
ღირსი ილარიონ დიდი (+371-372)
ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშობლები გარდაცვლილი დახვდა. მან მთელი ქონება ნათესავებს და გლახაკებს დაურიგა და ქალაქ მაიუმის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. ღირსი მამა დაუცხრომლად ებრძოდა არაწმიდა ფიქრებსა და გულისთქმებს, რომლებიც გონებას უმღვრევდა და სხეულს განუხურვებდა, ცდილობდა მძიმე შრომით, მარხვითა და ლოცვით დაეთრგუნა ისინი. დემონებს სურდათ, აჩრდილებითა და მოჩვენებებით დაეფრთხოთ უფლის რჩეული – ლოცვის დროს მას ჩაესმოდა ბავშვების ტირილი, ქალების ქვითინი, ლომებისა და სხვა მხეცების ღრიალი. ნეტარი ხვდებოდა, რომ ეშმაკები ამგვარი საშინელებით უდაბნოდან მის განდევნას ესწრაფოდნენ და გულმოდგინე ლოცვით თრგუნავდა შიშს.

ერთხელ ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს, მან კი მადლმოსილი სიტყვით დაარწმუნა ისინი, დაეგდოთ ცოდვილი ცხოვრება.

წმიდა მოსაგრის შესახებ მთელმა პალესტინამ შეიტყო. უფალმა მას არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მიმადლა. წმიდანი კურნავდა სულიერი და ხორციელი სნეულებებით გვემულებს. ნეტარი მამა ხვდებოდა, თუ რომელი ვნებით იყო შეპყრობილი ესა თუ ის ადამიანი. ღირს ილარიონთან მრავლად მიდიოდნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები. პალესტინაში მრავლდებოდა წმიდანის კურთხევით აშენებული მონასტრები, თავად კი ერთი სავანიდან მეორეში გადადიოდა და ძმათა შორის მკაცრ მოსაგრე ცხოვრების წესს განამტკიცებდა. წმიდანი თავის ქვეყანაში ისეთივე მოძღვარი იყო, როგორიც ანტონი დიდი – ეგვიპტეში. მიცვალებამდე შვიდი წლით ადრე ღირსი ილარიონი კუნძულ კვიპროსზე დასახლდა და იქ, უდაბურ ადგილას მოღვაწეობდა მანამ, სანამ უფალმა თავისთან არ მოუწოდა (+371-372).