„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
3.12.2025. მარხვა
ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინადღესასწაული.
ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელისა (816); პროკლე კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა (446-447); მოწამისა დასისა (284-305); მოწამეთა: ევსტათისა, თესპესისა და ანატოლისა (312); მღვდელმოწამეთა: ნირსა ეპისკოპოსისა და იოსებისა, მოწაფისა მისისა, იოანესი, სავერისა, ისააკისა და იპატისა, სპარსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა: აზატ საჭურისისა, სასონისა, თეკლასი, ანასი და სხვათა მრავალთა მამათა და დედათა, სპარსეთს წამებულთა (IV).
დღის ლოცვები
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების წინადღესასწაული
ტროპარი: სიხარულსა წინადაგვიწინდებს დღეს ჩუენ ანა წინააღმდგომსა მწუხარებისასა, რომელმან აღმოაცენა მხოლო მარადის ქალწული, რომელსაცა შეიყვანებს დღეს სიხარულით ტაძრად უფლისა, ვითარცა ნამდვილვე ტაძარსა სიტყვისა ღმრთისასა და უბიწოსა დედასა
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 ტიმ. 1: 18-20; 2: 8-15 (დას. 281). ლკ. 18: 15-17, 26-30 (დას. 90) – ოთხშ.
ლიტ.: 1 ტიმ. 3: 1-13 (დას. 283). ლკ. 18: 31-34 (დას. 92) – ხუთშ.
ღირსისა გრიგოლისა: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ან პროკლესი: ებრ. 7: 26-8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: 1 ტიმ. 1: 18-20; 2: 8-15 – ოთხშ.
18. ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით, 19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა – ზღვაში. 20. მათ შორის ჰიმენეოსმა და აღექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.
8. ამიტომ ჩემი სურვილია, ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე. 9. ასევე ქალებიც, ღირსეუღად მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით, 10. არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი. 11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით. 12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ. 13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. 14. ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა. 15. თუმცაღა მაინც ცხონდება, რადგანაც შვილებს გააჩენს, თუკი რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში დარჩება კდემით.
ლიტ.: ლკ. 18: 15-17, 26-30 – ოთხშ.
15. მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ. 16. მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. 17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
26. ამის გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 27. ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის. 28. და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით. 29. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის, 30. და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლე.
ლიტ.: 1 ტიმ. 3: 1-13 – ხუთშ.
1. სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია. 2. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი, 3. არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არამედ წყნარი, თვინიერი, ვერცხლისმოძულე, 4. თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით, 5. (რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?), 6. არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს. 7. უნდა ჰქონეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას. 8. დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი, 9. რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით. 10. ესენიც ჯერ უნდა გამოიცადონ და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლონი აღმოჩნდნენ, მიენდოთ მსახურება. 11. მათი ცოლებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყოველმხრივ სარწმუნონი. 12. დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი. 13. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში.
ლიტ.: ლკ. 18: 31-34 – ხუთშ.
31. წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის; 32. ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ, 33. სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი. 34. მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
ღირსისა გრიგოლისა: გალ. 5: 22-6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირსისა გრიგოლისა: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
ღირსისა პროკლესი: ებრ. 7: 26-8: 2
26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. 27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი. 28. და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება. 29. ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი.
1. როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი. 2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
ღირსისა პროკლესი: ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე დასი (284-305)
წმიდა მოწამე დასი დუნაისპირა ქალაქ დოროსპოლში დაიბადა. ამ დროს II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისში, მთელ იმპერიაში ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოება. წმიდა დასი თანაუგრძნობდა ქრისტიანებს, მაგრამ მის ირგვლივ არსებული წარმართული გარემო საშუალებას არ აძლევდა მონათლულიყო და განცხადებულად ეღიარებინა ჭეშმარიტი ღმერთი.ერთხელ ქალაქის მცხოვრებლები წარმართული ღვთაების, სატურნის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ჩვეულებისამებრ, დღესასწაულამდე ოცდაათი დღით ადრე წარმართები მშვენიერ ჭაბუკს არჩევდნენ ხოლმე, მდიდრულ შესამოსელს აცვამდნენ, მეფურ პატივს მიაგებდნენ, ზეიმის დღეს კი კერპს მსხვერპლად სწირავდნენ. ამჯერად თანამოქალაქეთა არჩევანი დოროსპოლის მცხოვრებთა შორის ყველაზე გამორჩეულ წმიდა დასიზე შეჩერდა. ეს რომ შეიტყო, წმიდანმა თქვა: „თუ სიკვდილი მიწერია, სჯობს, ქრისტესთვის მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“. მან უშიშრად აღიარა მაცხოვარი, გაბედულად ამხილა წარმართთა უსჯულოება და ბევრი მათგანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ამისთვის იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ბრძანებით სასტიკი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი (+312)
წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ ღანგრაში ცხოვრობდნენ. ისინი წმიდა ლუკიანემ (ხს. 15 ოქტომბერს) მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის (ხს. 3 სექტემბერს) ხელით მოინათლნენ. ნეტარი ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. ეს რომ წარმართებმა შეიტყვეს, სასტიკად აწამეს უფლის რჩეულები, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში თავები მოჰკვეთეს (+312).მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები – მოწაფე მისი, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი – სპარსელნი ეპისკოპოსნი და მოწამენი: აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი დედანი და მამანი სპარსეთში წამებულნი (+343)
მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები – მოწაფე მისი, იოანე, სავეროსი, ისააკი და იპატი – სპარსელი ეპისკოპოსნი, წმიდა მოწამენი: აზატი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი სპარსეთს წამებულნი, სპარსეთის მეფის, საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ.უღმრთოებმა ოთხმოცი წლის მღვდელმთავარ ნერსესა და მის მოწაფეს, იოსებს თავები მოჰკვეთეს, იოანე, ისააკ და იპატი ეპისკოპოსები ქვებით ჩაქოლეს. მღვდელმთავარი სავეროსი საპყრობილეში აღესრულა და უკვე გარდაცვლილს მოჰკვეთეს თავი. წმიდა მოწამე აზატ საჭურისი ერთმა განდგომილმა ხუცესმა დაახრჩო. ქრისტესთვის ტანჯვა-წამება და სიკვდილი დაითმინეს მოწამეებმა: სასონმა, თეკლემ, ანამ და მრავალმა სხვა მართლმორწმუნემ. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს (+343).
წმიდა პროკლე – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+446-447)
წმიდა პროკლე – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი სიყმაწვილიდანვე მთელ დროს ლოცვასა და წმიდა წერილის შესწავლას ახმარდა. უფალმა იგი ღირსი გახადა წმიდა იოანე ოქროპირის (+407; ხს. 13 ნოემბერს) მოწაფეობისა, რომელმაც ნეტარი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი – მღვდლად.წმიდა პრკოლემ უფლის დაშვებით საკუთარი თვალებით იხილა, თუ როგორ ეცხადებოდა პავლე მოციქული წმიდა იოანე ოქროპირს მისი ეპისტოლეების თარგმანების წერისას. თავისი წმიდა მოძღვრის დახმარებით პროკლემ საოცრად გაიღრმავა საღვთო წერილის ცოდნა და ნააზრევის სრულყოფილი ფორმით გადმოცემის უნარიც შეიძინა.
იოანე ოქროპირის გადასახლებისა და მიცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქმა სისინიოსმა (426-427) პროკლეს ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მაგრამ ერეტიკოს ნესტორიანელების გავლენით იგი ეპარქიიდან განდევეს და პროკლე დედაქალაქში დაბრუნდა. წმიდა მწყემსმთავარი კონსტანტინოპოლის ტაძრებში ქადაგებდა, მრევლს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცებდა და უშიშრად ამხელდა უსჯულო მწვალებლობას.
პატრიარქ სისინიოსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა თორმეტი წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმიდა მეფის, თეოდოსი II-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.
პროკლეს პატრიარქობისას იმპერიას თავს დაატყდა გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ბითვინიაში, ჰელესპონტში, ფრიგიაში მთელი ქალაქები ინგრეოდა, მდინარეები მიწის ქვეშ იკარგებოდა, ოდესღაც უწყლო ადგილებში კი დამღუპველი წყალდიდობები ხდებოდა. კონსტანტინოპოლელები პატრიარქისა და იმპერატორის წინამძღვრობით გადიოდნენ ხოლმე ქალაქიდან, პარაკლისებს აღასრულებდნენ და უფლისგან ამ არნახული უბედურების შეწყვეტას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ასეთი პარაკლისის დროს უჩინარმა ძალამ ერთი ბიჭუნა ჰაერში აიტაცა. შემდგომ ყმაწვილი სრულიად უვნებელი დაბრუნდა მიწაზე და შემოკრებილებს ამცნო, რომ იქ, მაღლა, მან ნახა და გაიგონა ანგელოზებრივი საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. სამწმიდას საგალობელი მთელმა ხალხმა აიტაცა, თან დაამატა: „შეგვიწყალენ ჩუენ“ და მიწისძვრაც შეწყდა. აქედან მიეცა დასაბამი ამ ლოცვას, რომელიც ყველა ღვთისმსახურების განუყოფელ ნაწილად იქცა.
საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსილი პატრიარქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 446-447 წლებში.
ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (+816)
ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა საეკლესიო მსახურება. როცა გრიგოლი წამოიზარდა, დედ-მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ნეტარმა ფარულად დატოვა მშობლიური სახლი. უფლის რჩეული მთელი სიცოცხლის მანძილზე მწირობდა: ხან კონსტანტინოპოლში იყო, ხან რომში, კორინთოში, თესალონიკში, რამდენიმე ხანს ოლიმპოს მთის ერთ გამოქვაბულშიც მოსაგრეობდა. ღირსი გრიგოლი ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ამხელდა ხატმბძროლთა მწვალებლობას და განამტკიცებდა მართლმორწმუნეებს, რომელთაც იმ დროს ერეტიკოსები დევნიდნენ, დაუცხრომელი ღვაწლისა და ლოცვისთვის ნეტარს წინასწარმეტყველებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან გულის ისეთი სიწმიდე მოიგო, რომ ღვთის ნებით, ღირსი შეიქნა წმიდა სამების სადიდებელი ანგელოზთა გალობა მოესმინა. ხატმბრძოლთა ერესს უფრო ქმედითად რომ აღდგომოდა წინ, ღირსი გრიგოლი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. დედაქალაქში წმიდანს მძიმე სნეულებამ ჯანი შეურყია და, ძალებგამოცლილმა, 816 წელს სული უფალს შეჰვედრა.