„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული
30.03.2026. ორშაბათი
ღირსისა გაბრიელ მცირისა, მწიგნობრისა, ლეკთაგან წამებულისა (1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (411); მოწამისა მამისა მარინოსი.
დღის ლოცვები
ღირსი ალექსი ღმრთისკაცის
ტროპარი: სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ და გონებაი განიწმიდე ბილწთა გულისთქუმათაგან, ხოლო ცხორებაი შენი უვნებელობითა განაშუენე და მმარხველობაი სიხარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი და გამობრწყინდი, მსგავსად მზისა, სოფელსა შინა, ყოვლადნეტარო ალექსი.
კონდაკი: სახლი მშობელთა შენთა ვითარცა უცხოსა გაქუნდა და იქცეოდი მას შინა სახითა გლახაკისათა, და შემდგომად მიცვალებისა გვირგვინი მიიღე დიდებისა, და საკვირველმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, ალექსი, კაცო ღმრთისაო, ანგელოზთა და კაცთა სიხარულო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 48: 17 – 49: 4
17. ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. 18. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით – შენი სიმართლე. 19. ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით – შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს წინაშე. 20. გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი! 21. არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა. 22. არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის.
1. მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი. 2. გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა. 3. მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას. 4. მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან – ჩემი საზღაური!
მწუხრზე: დაბ. 27: 1-41
1. როცა დაბერდა ისაკი და თვალს დააკლდა, დაუძახა ესავს, თავის უფროს შვილს, და უთხრა: შვილო! მიუგო: აქა ვარ! 2. უთხრა ისაკმა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები. 3. აიღე შენი იარაღი, მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე. 4. მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს, მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოვკვდებოდე. 5. ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს, ესავს. გავიდა ესავი ველად სანადიროდ ნანადირევის მოსატანად. 6. უთხოა რებეკამ იაკობს, თავის უმცროს შვილს: გავიგონე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა შენს ძმას, ესავს და ეუბნებოდა: 7. მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის ნებით, ვიდრე ცოცხალი ვარო. 8. ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი: 9. წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე; რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი. 10. წაუღე მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ. 11. უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია და მე უბანლო ვარ? 12. ხელი რომ მომისვას მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე. 13. უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიყვანე. 14. წავიდა იაკობი და მოუყვანა დედამისს. მოამზადა დედამისმა შეჭამადი, მამამისს რომ უყვარდა. 15. აიღო რებეკამ თავისი უფროსი შვილის, ესავის, ძვირფასი ტანისამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს შვილს. 16. ხელები და უბანლო კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა. 17. მისცა ხელში იაკობს თავისი მომზადებული კერძი და პური. 18. მივიდა მამასთან და უთხრა: მამაჩემო! მიუგო: რა იყო? რომელი ხარ, შვილო? 19. უთხრა იაკობმა მამამისს: ესავი ვარ, შენი პირმშო. გაგიკეთე, რაც მთხოვე. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა. 20. უთხრა ისაკმა თავის შვილს: რა მალე გიპოვნია, შვილო. უთხრა: უფალი, შენი ღმერთი შემეწია. 21. უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა, შვილო; მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა. 22. მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია! 23. ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი, 24. უთხრა: ესავი ხარ, ჩემი შვილი? მიუგო: მე ვარ. 25. მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიაწოდა, შეჭამა; ღვინო მიუტანა, შესვა. 26. უთხრა ისაკმა, მამამისმა: მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო. 27. მიუახლოვდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსელის სუნი და აკურთხა შვილი: აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა! 28. მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო! 29. გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი! 30. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც. 31. მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა. 32. უთხრა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო: შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ. 33. შიშის ზარი დაეცა ისაკს და უთხრა: ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე შევჭამე? ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება. 34. მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა; უთხრა მამას: მეც მაკურთხე, მამაჩემო! 35. უთხრა ისაკმა: მოტყუებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა. 36. თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა? 37. მიუგო ისაკმა და უთხრა ესავს: აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, ჩემო შვილო? 38. უთხრა ესავმა მამას: ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო! ხმამაღლა ატირდა ესავი. 39. მიუგო ისაკმა, მამამისმა, და უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებელად, ცის ცვარი – კურთხევად. 40. შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს. 41. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას.
მწუხრზე: იგავ· 19: 16-25
16. მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება. 17. ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს. 18. დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია, და ნუ შეგაშფოთებს მისი ღრიალი. 19. ბრაზიანმა იტვირთოს სასჯელი, რადგან თუ გაუშვი, კვლავ მოგიწევს დასჯა. 20. მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე. 21. მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება. 22. კაცის ნეტარება მის სიკეთეშია, ღარიბ-ღატაკი ცბიერს სჯობია. 23. უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას. 24. ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება. 25. თუკი ზნეწამხდარს დასჯი, სულელი დაბრძენდება; თუ გონიერს ამხილებ, შეიგნებს დარიგებას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411)
ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411) დაიბადა რომში, ღვთისმოშიში და გლახაკთმოყვარე ევფიმიანისა და აგლაიდას ოჯახში. ალექსის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, ბოლოს ღმერთმა შეისმინა ქრისტეს ერთგული ცოლ-ქმრის ვედრება და წყალობის თვალით გადმოხედა მათ. კეთილმორწმუნე ოჯახს ვაჟი ეყოლა. ექვსი წლის იყო ალექსი, როცა სწავლა-განათლება დააწყებინეს. ყრმას განსაკუთრებით საღვთო წერილი იზიდავდა.როცა წამოიზარდა, მშობლების მსგავსად, მკაცრად მარხულობდა, გლახაკებს ეხმარებოდა და მდიდრული სამოსლის ქვეშ ძაძებს ატარებდა. მასში ადრე გაიღვიძა სოფლის დატოვების და ღვთისმსახურებისთვის თავის შეწირვის სურვილმა. მშობლებს უნდოდათ ალექსი დაექორწინებინათ და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, საცოლეც მოუძებნეს.
ნიშნობის შემდეგ საცოლესთან მარტო დარჩენილმა ალექსიმ თითიდან ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა, საცოლეს მისცა და უთხრა: „შეინახე, უფალი იყოს ჩვენთან და დაიფაროს ჩვენი ახალი ცხოვრება“, თვითონ კი საიდუმლოდ გავიდა სახლიდან და მესოპოტამიაში მიმავალ ხომალდზე ავიდა.
ალექსი ჩავიდა ქალაქ ედესაში, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან დასახლდა და მათხოვრობა დაიწყო. ღირსი ალექსი მხოლოდ წყლით და პურით იკვებებოდა. მიღებულ მოწყალებას კი ღარიბებსა და უძლურებს ურიგებდა, ყოველ კვირას ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ნათესავები უშედეგოდ ეძებდნენ ალექსის. ევფიმიანეს გაგზავნილი მსახურები ჩავიდნენ ედესაში, მაგრამ ტაძრის კარიბჭესთან მჯდარ გლახაკში თავიანთი ბატონი ვერ შეიცნეს: ალექსი მკაცრი მარხვისაგან გამხდარიყო, სილამაზე გაქრობოდა, მხედველობა დასუსტებოდა. ნეტარმა მამამ იცნო ისინი და უფალს მადლობა შესწირა, რადგან თავისი მსახურებისაგან მიიღო მოწყალება.
წმიდა ალექსის დედა განმარტოვდა და მხურვალედ ლოცულობდა შვილისათვის. საცოლეც დედამთილთან ერთად გლოვობდა.
ღირსი ალექსი ედესაში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. ერთხელ ეკლესიის მნათეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა: „შეიყვანე ჩემს ტაძარში ღვთისკაცი, ღირსი ცათა სასუფევლისა; ლოცვა მისი ღმერთამდე ადის და სულიწმიდა არს მის თანა“. მნათემ დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შეწუხებულმა ღვთისმსახურმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიმართ და სთხოვა, ეჩვენებინა მისთვის ღვთისკაცი. ხატიდან გაისმა ყოვლაწმიდა ქალწულის ხმა: ღვთის რჩეული ის მათხოვარია, ეკლესიის კარიბჭესთან რომ ზისო. მნათემ მოძებნა წმიდა ალექსი და ტაძარში შეიყვანა. მორწმუნეები, რომლებმაც შეიტყვეს ამ სასწაულის შესახებ, განადიდებდნენ ღმერთს. მიწიერი დიდების ხიბლით შეშინებული წმიდანი ავიდა ხომალდზე და კილიკიას გაემგზავრა, მაგრამ, ღვთის განგებით, ქარიშხალმა გემი შორეული იტალიის ნაპირზე გარიყა. ნეტარი მამა რომში წავიდა, მამის სახლში მივიდა და თავშესაფარი ითხოვა. ევფიმიანემ შვილი ვერ იცნო, ბრძანა შესასვლელთან მოეწყოთ ალექსისათვის საცხოვრებელი და მისი ტრაპეზიდან ეკვებათ.
მშობლების სახლში ალექსი განაგრძობდა ლოცვასა და მარხვას, მორჩილებით იტანდა წყენასა და დაცინვას მამის მსახურებისაგან. მისი ოთახი საცოლის ფანჯრების პირდაპირ იყო და ნეტარი მამა იტანჯებოდა მისი მოთქმა-ვაების სმენით. მხოლოდ ღვთისადმი უზომო სიყვარული ეხმარებოდა ნეტარს ამ ტკივილების გადატანაში. წმიდა ალექსი მშობლიურ სახლში ჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა. უფალმა მას წინასწარ გამოუცხადა გარდაცვალების დღე, წმიდანმა აღწერა თავისი ცხოვრება და ეპისტოლეში შენდობა სთხოვა მშობლების და საცოლეს.
წმიდა ალექსის გარდაცვალების დღეს საკათედრო ტაძარში სწირავდა რომის პაპი ინოკენტი (402-417). წირვას იმპერატორი ჰონორეუსიც (395-423) ესწრებოდა. მსახურების დროს საკურთხეველთან გაისმა ხმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ (მთ.11, 28), მოძებნეთ ღვთისკაცი, მარადიულ სიცოცხლეში, დაე, მან ილოცოს ქალაქისათვის,“ შეშინებული და გაოგნებული რომაელები მთელ ქალაქში ეძებდნენ ღვთისთვის სათნოყოფილს, მაგრამ ვერ იპოვეს. ღამისთევის ლოცვისას პაპი შეევედრა უფალს, დახმარებოდა ნეტარის პოვნაში. ლიტურღიის დამთავრებისთანავე კვლავ გაისმა ხმა „ღვთისკაცი ევფიმიანეს სახლში ეძიეთ“, როცა ევფიმიანესთან მივიდნენ, წმიდა ალექსი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი სახე ანგელოზებრივ ბრწყინავდა, ხელში კი ეჭირა ქარტა, რომელიც ვერაფრით გააშვებინეს. წმიდანის ცხედარი ძვირფას სახვევებში შეგრაგნეს. პაპმა და იმპერატორმა მუხლი მოიდრიკეს ნეშტის წინაშე და შეევედრნენ, ხელი გაეშალა. წმიდანმა ხელი გაშალა. როდესაც ეპისტოლე წაიკითხეს, მშობლებმა და საცოლემ ტირილით თაყვანი სცეს წმიდა ნეშტს.
წმიდანის ცხედარი ქალაქის მოედანზე დაასვენეს. მის ირგვლივ მთელმა რომმა მოიყარა თავი. პაპმა და იმპერატორმა თავიანთი მხრებით შეასვენეს წმიდანი ტაძარში. ერთი კვირის შემდეგ კი მარმარილოს აკლდამაში ჩაასვენეს. წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა კეთილსურნალოვანმა მირონმა დაიწყო დენა.
ღირსი მამაჲ ჩვენი გაბრიელ-მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული (+802)
ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის: 1) მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს; 2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის; 3) სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი; 4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პროფირისათვის.
მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.
ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთვარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.
ძმებმა ნეტარი მამის წმიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.
ღირსი ქრისტოდულე სასწაულმოქმედი (+1111)
ღირსი ქრისტოდულე სასწაულმოქმედი წარმოშობით ნიკეელი იყო. თავიდან ბითვინიაში, ლატარას მთაზე მოღვაწეობდა, შემდეგ კი მონასტერის იღუმენი იყო კუნძულ კოსაზე. 1089 წელს ღირსმა მამამ იმპერატორ ალექსი კომნენს სთხოვა, კუნძულ კოსაზე და კარიის სანაპიროზე მდებარე მიწების სანაცვლოდ მისთვის დაეთმო კუნძული პატმოსი. შემდეგ ქრისტოდულემ ძმებთან ერთად დატოვა პატმოსი და წავიდა კუნძულ ევბაზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1111 წელს. მოწაფეებმა მისი ნაწილები პატმოსზე გადმოასვენეს.მოწამე მარინი
წმიდა მოწამე მარინი მაცხოვრის მხურვალე მადიდებელი იყო. მან ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე სამსხვერპლო დაანგრია და ფეხით შემუსრა კერპები. საშინელი წამების შემდეგ წმიდანს თავი მოჰკვეთეს.