30.05.2026. აღდგომიდან მე-7 შვიდეული. სულის შაბათი

30.05.2026. აღდგომიდან მე-7 შვიდეული. სულის შაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).     

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-7 შვიდეული. სულის შაბათი. ხსნილი 

მოციქულისა 70-თაგანისა ანდრონიკესი და წმიდისა იუნიასი (1); მოწამეთა: სოლოქონისა, პამფამირესი და პამფალონ მხედართა (284-305); სტეფანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (893); ათანასე ახლისა, ქრისტიანოპოლელ მთავარეპისკოპოსისა, სასწაულთმოქმედისა (1707/1708).

მიცვალებულთა მოსახსენებელი დღე.

დღის ლოცვები

მოციქული ანდრონიკეს და წმიდა იუნიას კონდაკი:
ვარსკულავსა ყოვლადბრწყინვალესა, ღმრთივშუენიერებისა ნათლითა წარმართთა განმანათლებელსა მოციქულსა ქრისტესა ანდრონიკეს ვაქებდეთ და მის თანა სახარებასა შინა მშრომელსა იუნიას ყოვლადბრძენსა უგალობდეთ და უღაღადებდეთ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ლოცვა მიცვალებულთათვის

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა (სახელები), სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: საქმ. 28: 1-31 (დას. 51). ინ. 21: 15-25 (დას. 67).
მიც.: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16).

ლიტ.: საქმ. 28: 1-31 

1. თავდაღწეულებმა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტე ერქვა. 2. იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს. 3. მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია. 4. მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო. 5. მაგრამ მან ხელი გაიქნია და ცეცხლში შეაგდო გველი, ისე, რომ არა ვნებია რა. 6. მათ ეგონათ, გასივდება ან ახლავე მკვდარი დაეცემაო, მაგრამ რაკი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ღმერთიაო. 7. იმ არემარეში მამული ჰქონდა კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, რომელმაც მიგვიღო და სამი დღე სტუმართმოყვრულად გვიმასპინძლა. 8. პუბლიუსის მამა ლოგინად ჩაეგდო ხურვებას და მუცლის გვრემას; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელი დაადო და ისიც განიკურნა. 9. ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა. 10. სანაცვლოდ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს. 11. სამი თვის შემდეგ ჩავსხედით დიოსკურების ნიშნიან ალექსანდრიულ ხომალდში, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა. 12. ჩავედით სირაკუზაში, სადაც სამი დღე დავრჩით. 13. იქიდან წამოსულები მივადექით რეგიუმს, და რაკი ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა, მეორე დღეს პუტეოლისში ჩავედით, 14. სადაც ვინახულეთ ძმები, რომლებმაც გვთხოვეს, შვიდი დღე დაგვეყო მათთან, შემდეგ კი რომისკენ ავიღეთ გეზი. 15. ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა. 16. როდესაც რომში მივედით, პავლეს ნება დართეს ცალკე ეცხოვრა მის მეთვალყურე ჯარისკაცთან ერთად. 17. სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, არც ხალხის მიმართ შემიცოდავს და არც მამაპაპეული ადათის წინაშე, მაგრამ იერუსალიმიდან მაინც შეკრული მიმცეს ხელში რომაელებს, 18. რომლებმაც დამკითხეს და ჩემი განთავისუფლება უნდოდათ, რადგანაც არ მიმიძღვის არავითარი ისეთი ბრალი, სიკვდილს რომ ვიმსახურებდე. 19. მაგრამ რაკი იუდეველები დამიპირისპირდნენ, იძულებული გავხდი კეისრის მსჯავრი მომეთხოვა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ბრალი დამედო ჩემი ხალხისთვის. 20. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები. 21. იუდეველებმა უთხრეს ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი. 22. მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ. 23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი. 24. ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა. 25. რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით: 26. „მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ, 27. რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. 28. მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც“. 29. ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში. 30. ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. 31. ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს.

ლიტ.: ინ. 21: 15-25 

15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 

13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებულთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდგებიან ქრისტეში განსვენებულნი. 17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.

მიცვ.: ინ. 5: 24-30 

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                     (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I)
წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I) წმიდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავლებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ“ (რომ. 16,7). წმიდა ანდრონიკეს ხელი დაასხეს პანონიის ეპისკოპოსად. მათ ქადაგებით მოიარეს სხვა ქვეყნებიც. წმიდანთა მოღვაწეობის შედეგად წარმართები ქრისტიანდებოდნენ, ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.
მე-5 საუკუნეში იმპერატორთა არკადიუსისა და ჰონორიუსის დროს მოხდა მათი წმიდა ნაწილთა აღმოყვანება. შემდგომ ამ ადგილას აშენდა დიდი ტაძარი. 
წმიდა მოწამე სოლოხონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები (284-305)
წმიდა მოწამე სოლოხონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები (284-305). წმიდა სოლოხონი წარმოშობით ეგვიპტელი იყო, იგი ქრისტესთვის ევნო იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305) დროს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ პამფამირე და პამფალონი. ისინი იმპერატორის არმიაში მსახურობდნენ ტრიბუნ კამპანის პოლკში. ქრისტიანთა დევნის დროს კამპანის პოლკი ქალაქ ქალკედონიაში გაგზავნეს და ყველა მხედარს მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება მოსთხოვეს. სამმა მხედარმა – სოლოხონმა, პამფამირემ და პამფალონმა – უარი განაცხადეს წარმართული კერპების თაყვანისცემაზე და აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. კამპანის ბრძანებით ისინი სასტიკად აწამეს. წმიდა პამფამირე და პამფალონი წამებისას გარდაიცვალნენ. განრისხებულმა ტრიბუნმა ბრძანა, ხმლით გაეღოთ პირი ცოცხლად გადარჩენილი წმიდა სოლოხონისათვის და ნაკერპავი სისხლი ჩაესხათ. წმიდანმა კი ისე მოუჭირა კბილები, რომ ხმალი მოიღუნა. მან ბორკილები დაამსხვრია და კვლავ ადიდა უფალი. ხანგრძლივი წამების შემდეგ სოლოხონი ცალი ხელით დაკიდეს, ფეხზე კი მძიმე ქვა ჩამოკიდეს. 3 საათი ეკიდა წმიდანი ასეთ მდგომარეობაში, შემდეგ კი თოკი გადაჭრეს. წმიდა სოლოხონი საღსალამათი წამოდგა ფეხზე. მრისხანებისგან გონდაკარგულმა კამპანმა კვერთხი ჩაარტყა წმიდა მოწამეს თავში. წმიდა სოლოხონი უგონოდ დაეცა, კამპანი და მხედრები კი სასახლეში წავიდნენ. ქრისტიანებმა მოწამე ერთი ღვთისმოსავი ქვრივის სახლში წაიყვანეს, სადაც სული მოითქვა, ქრისტიანებს ესაუბრა სარწმუნოებაზე და გაამხნევა ისინი. შემდეგ წმიდა სოლოხონმა ილოცა და სული განუტევა.
წმიდა სტეფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+893)
წმიდა სტეფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+893) იყო უმცროსი ვაჟი იმპერატორ ბასილი მაკედონელისა და ძმა იმპერატორ ლეონ ბრძენისა, მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოსის დროს. 886 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა მღვდელმთავრის ტახტი დაეტოვებინა. კონსტანტინეპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმიდა სტეფანე. მღვდელმთავარი ფხიზლად იცავდა სამწყსოს, იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივებზე და ობლებზე. მიიცვალა მშვიდობით 893 წელს. დაასაფლავეს სიკელიის მონასტერში.