გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
30.08.2025 ხსნილი
მიძინების შემდგომი დღესასწაული.
ღირსისა ტბელ აბუსერისძისა, ჰაგიოგრაფისა და ჰიმნოგრაფისა, ერისათვის თავდადებულისა (XIII); მღვდელმოწამისა მირონ ხუცისა (250); მოწამეთა პავლესი, დისა მისისა ივლიანასი, და სხვათა (273); მოწამეთა: თვირსესი, ლევკისა, კორონატისა და მოყვასთა მათთა (III); მოწამისა პატროკლესი (III); მოწამეთა: სტრატონისა, ფილიპესი, ევტიქიანესი და კვიპრიანესი (303).
დღის ლოცვები
მოწამე მირონ ხუცის კონდაკი:
სიყრმითგაან შეიყუარე ქრისტე, ყოვლადდიდებულო, და დაიმარხენ საღმრთონი მცნებანი მისნი, და მისსა მიმართ მიივლტოდი, ყოვლადუმანკო მირონ ყოვლადპატიოსანო; ანგელოზთა თანა ევედრე წადიერად და ითხოვე ყოველთა პატივის მცემელთა შენთათვის მოტევებაი ცოდვათა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება
შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცუალებასა
არა დაუტევე, ღვთისმშობელო, მოხუედ ცხოვრებად
დედაი ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა
შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩუენთა
- ღვთისმშობლის ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდები მაცხოვრის ამაღლებიდან მიძინებამდე
წმინდა გადმოცემიდან ვიცით, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობლის კეთილდღეობაზე იოანე ღვთისმეტყველი ზრუნავდა. წმინდა მარიამი კი როგორც მოციქულთა, ისე ყოველი ქრისტიანის საიმედო დამრიგებელი და მანუგეშებელი იყო.
აღდგომის შემდეგ იგი მუდმივად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე. იუდეველმა მღვდელ-მთავრებმა არაერთხელ სცადეს მისი მოკვდინება. იმისათვის, რათა ღვთისმშობელი საფლავზე ვერ მისულიყო, აკლდამას ერთხანს დაქირავებული მცველებიც კი დარაჯობდნენ, მაგრამ ღვთაებრივი თანადგომის ძალა წმინდა დედას ყოველთვის იფარავდა, ამიტომ მისვლას და ლოცვას, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი იქნა დასვენებული, ის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახერხებდა.
დიდი იყო მის მიმართ მოციქულთა მოწიწება და მოკრძალება. მასთან საუბრებში ქრისტიანებმა შეიტყვეს წმინდა ხარების, მაცხოვრის დაბადებისა და სხვა სასწაულებრივი მოვლენების შესახებ. თავის მხრივ, სიტყვითა და ლოცვით ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებაში მოციქულებთან ერთად წმინდა ქალწულიც მონაწილეობდა. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს მოწამეობრივ მკვლელობასაც შეესწრო. ამ დროს იგი გულით თანაუგრძნობდა მოწამეს და ლოცვით ცდილობდა სიკვდილთან ღირსეული შეხვედრისათვის განემტკიცებინა იგი.
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა იერუსალიმში კიდევ 10 წელი დაყვეს და ამ ხნის მანძილზე ისინი იუდეველთა მოქცევას ცდილობდნენ. ღვთისმშობელმა ამ საქმეშიც დიდი წვლილი შეიტანა, შინაურიც და უცხოც მის მიმართ დიდი პატივისცემით განეწყო. იერუსალიმში მის სანახავად და მოსასმენად ხალხი შორეული ქვეყნებიდანაც მრავლად ჩამოდიოდა.
43 წელს, როდესაც ჰეროდე აგრიპამ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო (საქმ. 12:1-3) და მისი ბრძანებით მოციქული იაკობ ზებედესი სიკვდილით დასაჯეს, წმინდა მარიამმა მოციქულებთან ერთად იერუსალიმი დატოვა. იმისთვის, რათა გარკვეულიყო, სახარება ვის სად უნდა ექადაგა, მოციქულებმა წილი ყარეს. წილისყრის შედეგად ღვთისმშობელს ივერია ერგო. ის აპირებდა კიდეც საქართველოში წამობრძანებას, მაგრამ ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მის წილხვედრ ქვეყანას მაცხოვრის ნათელი მოგვიანებით მოეფინება, თავად კი ჯერჯერობით იერუსალიმში უნდა დარჩენილიყო, რათა აქედან იმ მხარეში გამგზავრებულიყო, რომელიც ასევე მის მოლოდინში იყო. ღვთისმშობელს ეუწყა, რომ ქვეყნის სახელწოდება მისთვის შემდგომში განცხადდებოდა.
გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ჯერ იოანე ღვთისმეტყველის წილხვედრ ეფესოში ჩავიდა, იქიდან კი იოანესთან ერთად მაცხოვრის მეგობარ ლაზარესთან გაემგზავრა, რომელსაც მოციქულმა ბარნაბამ კვიპროსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. გზად გემს ძლიერი პირქარი შეხვდა, მიუხედავად ამისა ქარიშხალმა გემი სრულიად უვნებლად ათონის მთას მიაჭდო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიხვდა, რომ ეს სასწაულებრივი გაჩერება ანგელოზის წინასწარმეტყველებასთან იყო დაკავშირებული.
ამ დროისათვის ათონის მთა წარმართი ელინების განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა _ ისინი აქ ღმერთების თაყვანისცემისთვის და ბედისწერის შესატყობად მოდიოდნენ. ღვთისმშობელი ათონის ნახევარკუნძულის მიწაზე გადავიდა. წმინდა მარიამის სულიერებისა და სიწმინდის წინაშე წარმართულმა კულტებმა ძალა დაკარგეს. ღვთისმშობელმა თავისი ქადაგებითა და სასწაულებით მრავალი ადგილობრივი მცხოვრები ქრისტიანად მოაქცია. ახალმონათლულებს წინამძღოლად და მასწავლებლად ერთ-ერთი თავისი თანამგზავრი დაუდგინა. გამოთხოვებისას ახალმოქცეული ათონელი ქრისტიანები უკანასკნელად დალოცა და ბრძანა: „დაე, ჩემი წილხვედრი იყოს ეს ადგილი, რომელიც ჩემი ძისა და ღმერთისგან მომეცა, მე ვიქნები ამ მიდამოს მცველი და ღვთის წინაშე მხურვალე შუამდგომელი“ (Порфирий (Успенский), еп. История Афона. СПб., 1892. Ч. 2. С. 129-131). ამის შემდეგ გემმა, რომლითაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი მოწაფეები მოგზაურობდნენ, კვიპროსის მიმართულებით გაცურა. იქ მათ ლაზარე ელოდათ.
ღვთისმშობელმა კვიპროსის მიწა დალოცა, ლაზარე დედაშვილურად ანუგეშა, რჩევა-დარიგება მისცა, თავისი ხელით შეკერილი ომოფორი და სამაჯურები აჩუქა და იერუსალიმში დაბრუნდა.
- ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული სხვა ცნობები
იერუსალიმში ღვთისმშობელი მისი ხილვის ყველა მსურველს იღებდა, ცოდვილებს მოაქცევდა, სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. დარჩენილ დროს ყოვლადწმინდა მარიამი ლოცვაში ატარებდა, ხშირად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე და ძე ღმრთისას ღრმა თაყვანისცემითა და დედობრივი სიყვარულით მიმართავდა, ასევე სამკვიდრებლის კურთხევას და ქრისტიანებისთვის წყალობას ითხოვდა და მოწყალებას გასცემდა. მტრები მას კვლავაც დევნიდნენ, მაგრამ ღვთის მადლით ის ყოველთვის ხელშეუხებელი რჩებოდა.
ცნობები ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიას მოციქულთა დროიდან მოეპოვება. ჯერ კიდევ I საუკუნეში წმინდა მოწამე დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო. წმინდა დიონისემ მაცხოვრის ამაღლებიდან დაახლოებით მე-12 წელს მოინახულა ღვთისმშობელი მარიამი, მისგან კურთხევა და რჩევა-დარიგება მიიღო.
ღვთისმშობლის მიძინების შესახებ აგრეთვე II საუკუნეში მოღვაწე სარდელი ეპისკოპოს მელიტონის თხზულებებშია მოთხრობილი. წმინდა ეპიფანე კვიპრელმა IV საუკუნეში შეკრიბა მასალები და აღწერა ღვთისმშობელი მარიამის მიძინების ამბავი. V საუკუნეში იერუსალიმელი პატრიარქი იუვენალი კეთილმსახურ ბერძენ დედოფალ პულხერიას ასე მიმართავდა: „მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მიძინება წმინდა წერილში არ არის მოხსენიებული, ჩვენ ამ მოვლენების შესახებ უძველესი და სრულიად საიმედო წყაროები მოგვეპოვება“. ეს წმინდა გადმოცემა XIV საუკუნის ისტორიკოსის ნიკიფორე კალისტეს თხზულებაში, საგულდაგულოდ არის შეკრებილი და აღწერილი.
- ანგელოზის გამოცხადება
გულმხურვალე ლოცვისას ღვთისმშობელი ხშირად შესთხოვდა თავის ძეს მასთან გადასახლების ბედნიერება ღირსებოდა.
ერთხელ, ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აყვანის დრო ახლოვდებოდა და ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. ზეცაში აღსვლის მოწმობად წმინდა მარიამს მთავარანგელოზმა სამოთხეში ზრდილი ფინიკის ხის რტო გადასცა და უთხრა, რომ ეს ზეციური მცენარე ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინებული და მიძინების შემდეგ მოციქულებს მის საფლავთან უნად მიეტანათ.
შინ დაბრუნებულმა წმინდა მარიამმა მომხდარი თავის სახლეულს გაუზიარა და დიდი სიხარულით ამცნო, რომ სამი დღის თავზე თავის ძეს უნდა შეხვედროდა. თვითონ კი დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს.
- მოციქულთა შეკრება
ღვთისმშობელმა იოსებ არიმათიელი და მაცხოვრის სხვა მოწაფეები მოიხმო და მათაც აცნობა, რომ მიძინებისთვის ემზადებოდა. ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთს შესთხოვდა, მასთან იოანე ღვთისმეტყველი მოსულიყო. წმინდა იოანემ სულით შეიგრძნო ღვთისმშობლის ნება და მანძილი ეფესოდან იერუსალიმამდე სასწაულებრივად სწრაფად გადალახა. იოანემ ყოველივე დაუყოვნებლივ აცნობა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, იაკობ მოციქულს _ იოსებ დამწინდველის ძეს, იაკობმა კი ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ მოდიოდა.
სასწაულებრივი იყო სხვა მოციქულების მობრძანებაც. მოულოდნელი მგზავრობით გაოცებული წმინდა მოციქულები ერთმანეთს სიხარულით შესცქეროდენ, უკვირდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვერ აეხსნათ, ასე სწრაფად და მათთვის მოულოდნელად რისთვის და როგორ შეკრიბა უფალმა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ცრემლნარევი სიხარულით ამცნოთ, რომ მოვიდა დრო „ვითარ ქალწული აღუალს ქუეყანით ზეცას“, რადგან „მოკუდავი ცხოველ“ არს.
ოთახში შესულმა მოციქულებმა სარეცელზე მწოლიარე ყოვლადწმინდა დედა კეთილმღიმარე იხილეს, მოიკითხეს და იმ მოვლენის შესახებ უამბეს, მათი ქადაგების ადგილებიდან უცნაურ მოგზაურობასთან რომ იყო დაკავშირებული. ღვთისმშობელმა ადიდა უფალი, რადგან ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა, მისი გულითადი თხოვნა აღასრულა და მიწიერი ცხოვრების დასასრულს მოციქულებსა და მოწაფეებს მასთან მოუყარა თავი.
როდესაც ხალხმა ზეცაში ამაღლების შესახებ თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყო, მოთქმით აღავსო გარემო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნუგეშინისმცემლის გარეშე რჩებოდნენ. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველასთვის მსწრაფ-ლშემწე იქნებოდა. ამ დაპირებაში კაცობრიობის საყოველთაო ნუგეშია დაუნჯებული.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლა
ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო.
გამოცხადებიდან მესამე დღის სამი საათი იყო. წმინდა მოციქულები ღვთისმშობლის დამშვენებული სარეცლის გარშემო იდგნენ და უფალს გალობით ადიდებდნენ. ოთახი მრავალი სანთლით იყო განათებული. ყოვლადწმინდა მარიამი გულმხურვალედ ლოცულობდა.
მოულოდნელად გარემო გამოუთქმელი სინათლით აღივსო, ყველა და ყველაფერი შარავანდედით იქნა მოსილი. ოთახში ისეთი საოცარი და შეუცნობელი სიამე შემოიჭრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერება ვერ დაიტევდა. ყველამ ერთდროულად შეამჩნია, რომ ღვთაებრივი დიდების ნათელში სახლის ჭერი აღარსად ჩანდა. გარემოუცველი იყო უსაზომო სინათლე. სიყვარულით აღვსილმა ყოველმა სულმა ზეციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული დიდების მობრძანება შეიგრძნო _ უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა დედას გამოეცხადა. ანგელოზთა გამოუთქმელმა გალობამ გარემო სრულად აღავსო. მის ფონზე მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ღვთივსულიერი ლოცვა ისმოდა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“, რომელსაც ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო“ და კვლავ ანგელოზთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ მოჰყვა და ზეციურ ძალთა თანხლებით, უფლის ხელით ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში ზეიმურად ამაღლდა.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება და გაცილება
ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი, შენთვის, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაი და სიკუდილი ცხოვრებისმომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.
მოციქულებს და ყველას, ვინც ამ სულიერი სახილველის ღირსი შეიქნა, მიწიერება დავიწყებოდათ. ისინი შიშნარევად გაცვიფრებულნი ცას შესცქეროდნენ… გონს რომ მოვიდნენ, დაინახეს, რომ სულით ცად ამაღლებული ღვთისმშობელი სარეცელზე იწვა. მისი სახე სათნო ნათელით ბრწყინავდა და დამშვენებული სარეცლიდან საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გაცილება
გასაცვიფრებლად იცხოვრა ყოვლადწმინდა მარიამმა. სასწაულებრივი იყო მისი მიძინება და გაცილებაც. მოკრძალებითა და ძრწოლით ამბორყვეს ქრისტიანებმა მაცხოვრის დედის წმინდა სარეცელი და ღვთიური მადლით, სულიერი სიხარულითა და სასოებით განათლდა მათი გულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული სიდიადის გამო რწმენითა და სიყვარულით მისული ყველა შეჭირვებული სარეცლის შეხებით იკურნებოდა.
პროცესიას სამოთხის რტოთი წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა. წმინდა პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს სასახლე მხრებით მიჰქონდათ. დანარჩენი მორწმუნეები საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიჰყვებოდნენ. საზეიმო სვლა სიონში დაიწყო, იერუსალიმი გაიარა და გეთსიმანიამდე გალობით მივიდა. მსვლელობას დასაწყისშივე გვირგვინის მსგავსი ნათელმოსილი ღრუბელი დაადგა და ბოლომდე არ მოშორებია. ეს ციური სხეული პროცესიასთან ერთად ჰაერში მოძრაობდა. მორწმუნეებს ანგელოზთა გალობა ესმოდათ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ გააღიზიანა. ზოგიერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა და უხუცესმა ისიც კი მოისურვა, რომ პროცესია დაეშალა და წინამძღოლები შეეპყრო. მაგრამ ეს ბოროტება ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა. ზეციური გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესია მდევართათვის უხილავი გახდა. მდევრებს გალობა და ნაბიჯების ხმა ესმოდათ, მაგრამ სიბრმავე დაეუფლათ და ვერაფერს ხედავდნენ. უგუნურ ჭენებაში ბევრმა მათგანმა ქალაქის კედლებს თავ-პირი შეალეწა.
გამორჩეული იყო იუდეველი მღვდლის ათონიას „მონდომება“. მან უმეცრებისა და სულიერი სიბეცის გამო საშინელი კადნიერება გამოავლინა და ღვთისმშობლის სარეცლის დამხობა მოისურვა. უფალმა სამაგალითოდ დაუშვა მისი მისვლა წმინდა სასახლემდე, მაგრამ ხელის ოდნავ შეხებისთანავე მას ღვთის რისხვა დაატყდა და ორივე ხელი წარეკვეთა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა ათონია და მან ხმამაღლა, მთელი რწმენით ამოიძახა: „მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი“. მკლავები მაშინვე განუმრთელდა და როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გამოჯანსაღდა. ათონია პროცესიას შეუერთდა. როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, ბევრმა იუდეველმა შეინანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წრფელად სცა თაყვანი და მის სარეცელს ემთხვია. მათგან ვინც უმეცრებით იყო დაბრმავებული, განიკურნა, ხოლო ვინც გაბოროტების გამო იყო დასჯილი, მათაც მხედველობა დაუბრუნდა.
პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია. ყველა უკანასკნელად ემთხვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედარს.
აკლდამაში მისი მოთავსება წმინდა მოციქულებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს. გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ქვით დაფარეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში შესასვლელთან ლოცვასა და გალობას აღავლენდნენ, ანგელოზები უფალსა და ყოვლადწმინდა ქალწულს ზეციური გალობით განადიდებდნენ.
ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან ყოვლადწმინდა და მარადის ქალწულმა ბუნების იმ კანონებს სძლია, რომელთაც ცოდვით დაცემული ადამიანი ემორჩილება. მისი სული ზეცად ამაღლდა, ხოლო სხეულმა მცირე დროით მიიძინა და მესამე დღეს უკვდავებას შეუერთდა.
მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს მიიძინა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი მიეგება მიწიერ დედას და თავის სავანეში მიუჩინა სამყოფელი.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე მირონ ხუცესი (+250)
წმიდა მოწამე მირონი აქაიელი (საბერძნეთი) ხუცესი იყო, III საუკუნეში ცხოვრობდა და 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. იგი, ჩვეულებრივ, მეტად თავმდაბალი და გულმოწყალე იყო, მაგრამ საოცარ სიმტკიცესა და გამბედაობას იჩენდა, როცა საქმე სულიერი შვილების დაცვას შეეხებოდა. ერთხელ, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ნეტარი მამა ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უეცრად მლოცველთა დასატუსაღებლად და ჯალათთათვის გადასაცემად ტაძარში შეიჭრა ადგილობრივი მთავარი ანტიპატრი მხედრებთან ერთად. ეს რომ იხილა, მირონი გამოესარჩლა სამწყსოს და გაბედულად ამხილა მმართველი სისასტიკეში. ამისთვის მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს: დაკიდეს, რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. ქურიდან გადმომსკდარმა ალმა მახლობლად მდგომი ასორმოცდაათი ადამიანი იმსხვერპლა, თავად წმიდა მამა კი, ღვთის ნებით, უვნებელი გადარჩა. მაშინ მმართველმა მარტვილს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ბრძანა, ქამრის სახედ აეჭრათ ტყავები მისი სხეულიდან. წმიდა მირონმა ერთი ქამარი აიღო და სახეში ესროლა მტარვალს. განრისხებულმა ანტიპატრმა ქრისტეს გატყავებული ზვარაკი მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად. ნადირები არ მიეკარნენ უფლის რჩეულს. საკუთარი უძლურების შეგრძნებით გააფთრებულმა და სასოწარკვეთილმა მთავარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წმიდა მირონი ქალაქ კვიზიკში წაიყვანეს და მახვილით მოჰკვეთეს თავი (+250). წმიდა მოწამე პატროკლე (III)
წმიდა მოწამე პატროკლე ცხოვრობდა, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. ცნობილია, რომ იგი წარმოშობით ქალაქ ტრიკასინიდან (დღევანდელი ტრუა – საფრანგეთში) იყო. უფალმა იგი სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. იმპერატორმა ავრელიანემ თავისთან მოუხმო წმიდანს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი დიდი პატივი და ჯილდოები აღუთქვა. ზეციური დიდების მოსურნე წმიდანმა იმპერატორს მიმართა: „მე ქრისტიანი ვარ და კერპებს მსხვერპლს არ შევწირავ, არც შენ შეგიძლია, გლახაკს, მე რამე შემომთავაზო“. „როგორ მიწოდებ ქვეყნის გამგებელ იმპერატორს გლახაკს?“ – განრისხდა ავრელიანე. ნეტარმა მიუგო: „შენ დიდი მიწიერი საგანძურის მფლობელი ხარ, მაგრამ არ გაგაჩნია ზეციური საუნჯე, რადგან არა გწამს ქრისტე და საუკუნო ცხოვრებაში სამოთხის ნეტარებას ვერ დაიმკვიდრებ, – ამიტომ ხარ გლახაკი“. ურჩობისა და კადნიერებისათვის თვითმპყრობელმა თავის მოკვეთა მიუსაჯა მარტვილს. მხედრებმა მდინარე სეკვანის (დღევანდელი სენა) ნაპირზე გაიყვანეს იგი, მაგრამ უეცრად თვალთ დაუბნელდათ. პატროკლე ამასობაში წყალზე გადავიდა და მდინარის მეორე ნაპირზე ლოცვა დაიწყო. წმიდანის გაქრობით გაოცებულმა ზოგმა მეომარმა ადიდა ღმერთი, სხვებმა კი სასწაული ჯადოქრობას მიაწერეს. ერთმა წარმართმა ქალმა აუწყა მხედრებს, რომ პატროკლე მეორე ნაპირზე იმყოფებოდა. უღმრთოებმაც გადალახეს მდინარე და უფლის რჩეული სიცოცხლეს გამოასალმეს (+დაახლ. 275). მისი სხეული მღვდელმთავარმა ევსებიმ და დიაკონმა ლიბერიუსმა ღამით პატივით მიაბარეს მიწას.წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი (III)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი ბითვინიის კესარიაში და აპოლონიაში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ზოგიერთები წმიდა კორონატს აიგივებენ კორნუტთან, ნიკომიდიელ ეპისკოპოსთან, რომლის ხსენებაც 12 სექტემბერს აღინიშნება.წმიდა მოწამენი: პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი (+დაახლ. 273)
წმიდა მოწამე პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი დაახლოებით 273 წელს, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდში.ცნობები მათ შესახებ 4 მარტის საკითხავშია მოთავსებული.
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე (+დაახლ. 303)
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე ნიკომიდიაში ეწამნენ. ისინი სანახაობებზე დადიოდნენ და წარმართებს მოუწოდებდნენ, დაეგდოთ კერპთა თაყვანისცემა. მადლიანმა მქადაგებლებმა მრავალი მოაქციეს ქრისტიანობაზე. მმართველმა შენიშნა, რომ სახალხო სანახაობებს მაყურებლები სულ უფრო და უფრო აკლდებოდა და მარტვილები თავისთან მოიხმო. მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. მაშინ ისინი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს (+დაახლ. 303). ღირსი ალიპი, პეჩორელი ხატმწერი (+დაახლ. 1114)
ღირსი ალიპი პეჩორელი, ერთ-ერთი პირველი რუსი ხატმწერი, სიყმაწვილეშივე აღიკვეცა ბერად კიევო-პეჩორის მონასტერში. ხატწერას იგი დაეუფლა ბერძენი ოსტატებისაგან, რომლებიც 1083 წლიდან პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატვაზე მუშაობდნენ. ღირსი ალიპი ხატებს უსასყიდლოდ წერდა. თუ შეიტყობდა, რომ რომელიმე ეკლესიაში ხატები დაძველდა, მიჰქონდა და ანახლებდა. თუ ზოგჯერ გასამრჯელოს გადაუხდიდნენ, ღირსი მამა მის ერთ ნაწილს საჭირო მასალის შესყიდვას ახმარდა, მეორეს – გლახაკებს ურიგებდა, მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისთვის. წმიდა ალიპი არასოდეს რჩებოდა უქმად და ხატწერას მხოლოდ ღვთისმსახურების დროს წყვეტდა. იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი სასწაულთქმედებით: ნეტარმა ხატებისათვის შემზადებული საღებავების ჭრილობებზე ცხებით განკურნა ერთი კიეველი, რომელიც კეთრს შეეპყრო და ხორცის ლპობაც დასწყებოდა. ცნობილია შემთხვევები, როცა ღირს ალიპის თავის წმიდა საქმეებში ანგელოზები შეეწეოდნენ. კიევის ერთმა მკვიდრმა ტაძარი ააგო და ორ პეჩორელ ბერს სთხოვა, ხატები შეეკვეთათ მისთვის. ბერებმა დაივიწყეს თხოვნა და წმიდანს არაფერი უთხრეს. კიეველი დიდხანს ელოდა შეკვეთის შესრულებას, ბოლოს კი იღუმენთან უჩივლა ნეტარს; მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ ალიპიმ არაფერი იცოდა შეკვეთის შესახებ, მაგრამ როცა ბერებისთვის გამოტანებული დაფები მოიტანეს, მასზე უკვე მშვენიერი ხატები აღმოჩნდა გამოსახული. ამ კიეველის მიერ აგებული ტაძარი შემდგომში დაიწვა, მაგრამ ხატებს არაფერი დაშავებია. ერთი მათგანი – ღვთისმშობლის მიძინების ხატი, რომელსაც შემდგომ ვლადიმირ-როსტოვისა (ხს. 15 აგვისტოს) ეწოდა, დიდმა მთავარმა ვლადიმირ მონომახმა გადააბრძანა როსტოვში, მის მიერ აგებულ საყდარში.ნეტარი ალიპი მიიცვალა 17 აგვისტოს, არა უგვიანეს 1114 წლისა. უფლის რჩეული ახლო მღვიმეებში დაკრძალეს.
წმიდა ტბელი აბუსერიძე (XIII)
წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ.წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას.
როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში.
წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთამანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა.
წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში „გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი“ – კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიკური გააზრება „ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა ტბელს წარმოაჩენს როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს.
წმიდა ტბელი დაინტერესებული ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა“, რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია.
ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ.
გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელიც სათანადოდ არის დაფასებული ქართველი მეცნიერების მიერ, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და შესაბამისად დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული.