„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
„სადაც ჯვარია, იქ ეშმაკი უძლურია“ ღირსი დოროთე მეუდაბნოე.
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
30.09.2025. ხსნილი
ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული. მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი (137); მოწამეთა თეოდოტიასი (230) და აღათოკლიასი; წმიდისა ლუკია ქვრივისა და მოწამისა გერმინიანესი (ან გემინიანესი) სულიერისა ძისა მისისა (284-305); 156-თა მოწამეთა: პელი და ნილოს მეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზინონ ზუცისა, პატერმუთისა, ელიასი და სხვათა (310); იოაკიმე ალექსანდრიელ პატრიარქისა (1567).
დღის ლოცვები
მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოს კონდაკი:
სოფია პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნე ელინთა, მადლითა და მოღუაწებითა ძლევაშემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ეფ. 2: 19-3: 7 (დას. 222). ლკ. 3: 23-4: 1 (დას. 11).
ეფ. 2: 19-3: 7
19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
1. სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის, 2. თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის, 3. რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ; 4. როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო, 5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ; 6. რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში; 7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.
ლკ. 3: 23-4: 1
23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა, 24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა, 25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი, 26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი, 27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა, 29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა, 30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა, 31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა, 32. იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა, 33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი, 34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა, 35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი, 36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, 37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა, 38. ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.
1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახლ. 137)
კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის ასულებს, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების მიხედვით პისტი (რწმენა), ელპიდი (სასოება) და აღაპი (სიყვარული) დაარქვა. იმპერატორ ადრიანეს (+117-138) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას დედა და შვილები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და მას დაუფარავად აღიარებდნენ ყველას წინაშე. ქალაქის თავმა ანტიოქოსმა ამის შესახებ უღმრთო თვითმპყრობელს აუწყა, მან კი, პირუტყვული გულისწყრომით აღსავსემ, ბრძანა, დაუყოვნებლად რომში ჩაეყვანათ აღმსარებლები. ქრისტეს სასძლოები სიხარულით აღივსნენ, მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს, სატანჯველთა დათმენის ძალა მიემადლებინა მათთვის. როცა წმიდანები იმპერატორის წინაშე წარდგნენ, ყველა გააოგნა მათმა სიმშვიდემ: გეგონებოდათ, საწამებლად კი არა, ბრწყინვალე დღესასწაულზე მოუხმიათო. ადრიანემ არტემიდეს კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა მარტვილებს. სოფიომ ყველას მაგივრად მიუგო: მისთვის მოვსულვართ „აქა ჰრომედ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ჩუენი დავიცვათ, ვიდრე სიკუდილადმდე“. უსჯულომ სამი დღე მისცა მათ საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად, შემდეგ კი ასულები ცალკე გაიხმო, პირფერობით მოუწოდა გამზრდელი დედის სიბრალულისკენ და უწინდელი მოთხოვნა გაუმეორა. გოგონებმა მტკიცედ მიუგეს: „რაჲ უტკბილეს არს ქრისტეანისა, ვითარ ვნებაჲ ქრისტესთჳს!“ ამის შემდეგ მტარვალმა დები ურთიერთს დააშორა – იმედოვნებდა, რომ ასე მაინც მოაუძლურებდა ნეტარებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. პირველად უფროსი – თორმეტი წლის პისტი ეწამა. უსჯულოებმა მას სამოსელი შემოაძარცვეს, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ მკერდი მოაჭრეს. ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, მაგრამ ამ სასწაულმა გონს ვერ მოიყვანა „მძლავრი იგი“ – ბრძანა, გახურებული კეცებით მოეწვათ წყლულები; პისტი ცეცხლზე შემოდგმულ, ფისითა და ქონით სავსე ტაფაზე დააყენეს, მაგრამ ალს სიმხურვალე დაეკარგა და ქრისტეს სასძლოს არაფერი დაშავებია. ბოლოს მას თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. შემდეგ შუათანა – ათი წლის ელპიდე აწამეს. ისიც ტანსაცმელშემოძარცული გვემეს გამხმარი ძარღვებით და ცეცხლში ჩააგდეს; უვნებლად გადარჩენილი, ძელზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ – ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩააყენეს, მაგრამ ქვაბი ცვილივით გალღვა, მდუღარე დაითხია, შემოკრებილთაგან მრავალი დაწვა, წმიდა მოწამე კი გადარჩა. ბოლოს ისიც მახვილით მოაკვდინეს. ამის შემდეგ ჯერი ნაბოლარაზე, ცხრა წლის აღაპიზე მიდგა. იგი ისე სასტიკად გვემეს, რომ „ასოთა იგი შეგდმულებაჲ დაიჴსნებოდა თჳსისა შენაწევრებისაგან“. ნაწამებს უღმრთო მსაჯულმა აღუთქვა, თუ სიტყვით მაინც აღიარებ, რომ „დიდ არს არტემი“, ცეცხლში დაწვას გადაურჩებიო. გოგონა კი არც ჯალათებს დაელოდა, არც მტარვალის ბრძანებას – „ესრეთ წადიერად შევიდა და დადგა შორის საჴუმილსა მას“. ყრმა უფლის ანგელოზებმა დაიცვეს დაწვისგან. გააფთრებულმა წარმართებმა „რკინითა საჴურეტელითა შეშისაჲთა“ ბარძაყები დაუხვრიტეს ნეტარს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. სოფიოს ყველაზე სასტიკი წამება ხვდა წილად – საკუთარი თვალებით უმზერდა შვილების ტანჯვას, მაგრამ „არარაჲ შეემთხუეოდა სულმოკლებისა და დედობრივისა მოშიშებისაჲ“. საკვირველ ასულთა საკვირველი დედა სიტყვითა და ლოცვით განაძლიერებდა მარტვილებს, შემდეგ კი ლუსკუმაში ჩაასვენა მათი ცხედრები, ურმით წაასვენა მშობლიურ ქალაქში და თავის მიერვე აგებულ საყდარში დაფლა. სამი დღე არ განშორებია ნეტარი წმიდა საფლავებს, შემდეგ კი მისი სულიც შეივედრა უფალმა (+დაახლ. 137).
წმიდა მოწამე თეოდოტია (+დაახლ. 230)
წმიდა მოწამე თეოდოტია, წარმოშობით კაბადოკიელი, ქალაქ ნიკეაში ეწამა იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის (222-235) დროს. როცა კაბადოკიის მმართველად ვინმე სიმბლიკიოსი დანიშნეს, მას მოახსენეს, რომ მდიდარი ქალბატონი თეოდოტია ქრისტეს აღიარებდა. მმართველმა თავისთან მოუხმო მაცხოვრის მსასოებელს და დიდხანს ეცადა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან მის გადადრეკას. უსჯულო ხელისუფალი მალე დარწმუნდა, რომ ვერანაირი შეგონება ნაყოფს ვერ გამოიღებდა და მხნე აღმსარებელი ჯალათებს გადასცა. თეოდოტია დაკიდეს, სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. რვა დღის შემდეგ, როცა წმიდანი ხელახლა გაიყვანეს საწამებლად, მას გადატანილი სატანჯველების კვალი ოდნავღა აჩნდა. სიმბლიკიოსის ბრძანებით გახურებულ ქურაში შეაგდეს მოწამე.მარტვილის მოუდრეკლობა არ ასვენებდა სიმბლიკიოსს. იგი ბიზანტიონში გაემგზავრა, მობრუნებულზე კი ანკვირიაში გაჩერდა და ბრძანა, კვლავ მიეგვარათ მისთვის თეოდოტია. სიმბლიკიოსის განკარგულებით იგი მაშინვე გახურებულ რკინაზე დააგდეს, მაგრამ უფლის რჩეული ისევ უვნებელი დარჩა. მაშინ უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ნეტარი ქალაქ ნიკეაში გადაეყვანათ – იმედოვნებდა, რომ წარმართულ ტაძარში მსხვერპლის შეწირვაზე მის დაყოლიებას მოახერხებდა; მაგრამ თეოდოტიას ლოცვით კერპები ბომონებიდან ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. გააფთრებულმა სიმბლიკიოსმა ბრძანა, თეოდოტიასთვის თავი მოეკვეთათ. მისი ცხედარი ნიკეის ეპისკოპოსმა, სოფრონმა მიაბარა მიწას.
წმიდანი 156 მოწამენი: პელიოსი და ნილოსი – მეგვიპტელნი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი (+დაახლ. 310)
წმიდანი ასორმოცდათექვსმეტი მოწამენი: პელიოსი და ნილოსი – მეგვიპტელი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ. მარტვილთა უმეტესობა ეგვიპტელი იყო, იყვნენ მათ შორის პალესტინელებიც. ისინი პალესტინის მმართველმა ფირმილიანემ შეიპყრო და სასტიკად აწამა: ნეტარებს თვალები დათხარეს, ფეხის ძარღვები დააჭრეს… ბოლოს ას მოწამეს თავი მოჰკვეთეს, დანარჩენები კი – დაწვეს. წმიდა მოწამე აღათოკლია
წმიდა მოწამე აღათოკლიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები უცნობია, ვიცით მხოლოდ, რომ ის ერთი წარმართი და ქრისტესმოძულე ქალბატონის მხევალი იყო. ამ უკანასკნელს ქრისტეს აღსარებისთვის საშინლად სძულდა აღათოკლია და რვა წლის მანძილზე სასტიკად ტანჯავდა მას. ერთხელ გააფთრებულმა ქალმა ცემით ხერხემალი დაუზიანა მხევალს, შემდეგ ენის წვერიც მოაჭრა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, მოედრიკა წმიდანი და წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე დაეყოლიებინა. უღმრთო ქალბატონმა საპყრობილეში ჩააგდო იგი. აღათოკლიასთან ყოველდღე ჩიტებს მიჰქონდათ საზრდელი. ბოლოს ბოროტებისგან გონდაკარგული უსჯულო საპყრობილეში შევიდა და აღათოკლია სიცოცხლეს გამოასალმა.