…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
…მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
30.09.2026. ოთხშაბათი. მარხვა
ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული. მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი (137); მოწამეთა თეოდოტიასი (230) და აღათოკლიასი; წმიდისა ლუკია ქვრივისა და მოწამისა გერმინიანესი (ან გემინიანესი) სულიერისა ძისა მისისა (284-305); 156-თა მოწამეთა: პელი და ნილოს მეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზინონ ზუცისა, პატერმუთისა, ელიასი და სხვათა (310); იოაკიმე ალექსანდრიელ პატრიარქისა (1567).
დღის ლოცვები
მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოს კონდაკი:
სოფია პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნე ელინთა, მადლითა და მოღუაწებითა ძლევაშემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ეფ. 5: 25-33 (დას. 231). მთ. 23: 29-39 (დას. 96).
ეფ. 5: 25-33
25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით, 27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო. 28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს. 29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი – ეკლესიას. 30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. 31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. 32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა. 33. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა.
მთ. 23: 29-39
29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს; 30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ. 32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების. 33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? 34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას; 35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. 36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. 37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. 38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. 39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახლ. 137)
კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის ასულებს, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების მიხედვით პისტი (რწმენა), ელპიდი (სასოება) და აღაპი (სიყვარული) დაარქვა. იმპერატორ ადრიანეს (+117-138) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას დედა და შვილები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და მას დაუფარავად აღიარებდნენ ყველას წინაშე. ქალაქის თავმა ანტიოქოსმა ამის შესახებ უღმრთო თვითმპყრობელს აუწყა, მან კი, პირუტყვული გულისწყრომით აღსავსემ, ბრძანა, დაუყოვნებლად რომში ჩაეყვანათ აღმსარებლები. ქრისტეს სასძლოები სიხარულით აღივსნენ, მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს, სატანჯველთა დათმენის ძალა მიემადლებინა მათთვის. როცა წმიდანები იმპერატორის წინაშე წარდგნენ, ყველა გააოგნა მათმა სიმშვიდემ: გეგონებოდათ, საწამებლად კი არა, ბრწყინვალე დღესასწაულზე მოუხმიათო. ადრიანემ არტემიდეს კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა მარტვილებს. სოფიომ ყველას მაგივრად მიუგო: მისთვის მოვსულვართ „აქა ჰრომედ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ჩუენი დავიცვათ, ვიდრე სიკუდილადმდე“. უსჯულომ სამი დღე მისცა მათ საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად, შემდეგ კი ასულები ცალკე გაიხმო, პირფერობით მოუწოდა გამზრდელი დედის სიბრალულისკენ და უწინდელი მოთხოვნა გაუმეორა. გოგონებმა მტკიცედ მიუგეს: „რაჲ უტკბილეს არს ქრისტეანისა, ვითარ ვნებაჲ ქრისტესთჳს!“ ამის შემდეგ მტარვალმა დები ურთიერთს დააშორა – იმედოვნებდა, რომ ასე მაინც მოაუძლურებდა ნეტარებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. პირველად უფროსი – თორმეტი წლის პისტი ეწამა. უსჯულოებმა მას სამოსელი შემოაძარცვეს, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ მკერდი მოაჭრეს. ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, მაგრამ ამ სასწაულმა გონს ვერ მოიყვანა „მძლავრი იგი“ – ბრძანა, გახურებული კეცებით მოეწვათ წყლულები; პისტი ცეცხლზე შემოდგმულ, ფისითა და ქონით სავსე ტაფაზე დააყენეს, მაგრამ ალს სიმხურვალე დაეკარგა და ქრისტეს სასძლოს არაფერი დაშავებია. ბოლოს მას თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. შემდეგ შუათანა – ათი წლის ელპიდე აწამეს. ისიც ტანსაცმელშემოძარცული გვემეს გამხმარი ძარღვებით და ცეცხლში ჩააგდეს; უვნებლად გადარჩენილი, ძელზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ – ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩააყენეს, მაგრამ ქვაბი ცვილივით გალღვა, მდუღარე დაითხია, შემოკრებილთაგან მრავალი დაწვა, წმიდა მოწამე კი გადარჩა. ბოლოს ისიც მახვილით მოაკვდინეს. ამის შემდეგ ჯერი ნაბოლარაზე, ცხრა წლის აღაპიზე მიდგა. იგი ისე სასტიკად გვემეს, რომ „ასოთა იგი შეგდმულებაჲ დაიჴსნებოდა თჳსისა შენაწევრებისაგან“. ნაწამებს უღმრთო მსაჯულმა აღუთქვა, თუ სიტყვით მაინც აღიარებ, რომ „დიდ არს არტემი“, ცეცხლში დაწვას გადაურჩებიო. გოგონა კი არც ჯალათებს დაელოდა, არც მტარვალის ბრძანებას – „ესრეთ წადიერად შევიდა და დადგა შორის საჴუმილსა მას“. ყრმა უფლის ანგელოზებმა დაიცვეს დაწვისგან. გააფთრებულმა წარმართებმა „რკინითა საჴურეტელითა შეშისაჲთა“ ბარძაყები დაუხვრიტეს ნეტარს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. სოფიოს ყველაზე სასტიკი წამება ხვდა წილად – საკუთარი თვალებით უმზერდა შვილების ტანჯვას, მაგრამ „არარაჲ შეემთხუეოდა სულმოკლებისა და დედობრივისა მოშიშებისაჲ“. საკვირველ ასულთა საკვირველი დედა სიტყვითა და ლოცვით განაძლიერებდა მარტვილებს, შემდეგ კი ლუსკუმაში ჩაასვენა მათი ცხედრები, ურმით წაასვენა მშობლიურ ქალაქში და თავის მიერვე აგებულ საყდარში დაფლა. სამი დღე არ განშორებია ნეტარი წმიდა საფლავებს, შემდეგ კი მისი სულიც შეივედრა უფალმა (+დაახლ. 137). წმიდა მოწამე თეოდოტია (+დაახლ. 230)
წმიდა მოწამე თეოდოტია, წარმოშობით კაბადოკიელი, ქალაქ ნიკეაში ეწამა იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის (222-235) დროს. როცა კაბადოკიის მმართველად ვინმე სიმბლიკიოსი დანიშნეს, მას მოახსენეს, რომ მდიდარი ქალბატონი თეოდოტია ქრისტეს აღიარებდა. მმართველმა თავისთან მოუხმო მაცხოვრის მსასოებელს და დიდხანს ეცადა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან მის გადადრეკას. უსჯულო ხელისუფალი მალე დარწმუნდა, რომ ვერანაირი შეგონება ნაყოფს ვერ გამოიღებდა და მხნე აღმსარებელი ჯალათებს გადასცა. თეოდოტია დაკიდეს, სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. რვა დღის შემდეგ, როცა წმიდანი ხელახლა გაიყვანეს საწამებლად, მას გადატანილი სატანჯველების კვალი ოდნავღა აჩნდა. სიმბლიკიოსის ბრძანებით გახურებულ ქურაში შეაგდეს მოწამე.რამდენიმე ხნის შემდეგ ქურუმებმა გააღეს ღუმელი, რომ მოწამის ფერფლი გაეფანტათ, მაგრამ ცეცხლმა შთანთქა უსჯულოები, გადარჩენილებმა კი სრულიად უვნებელი თეოდოტია იხილეს.
მარტვილის მოუდრეკლობა არ ასვენებდა სიმბლიკიოსს. იგი ბიზანტიონში გაემგზავრა, მობრუნებულზე კი ანკვირიაში გაჩერდა და ბრძანა, კვლავ მიეგვარათ მისთვის თეოდოტია. სიმბლიკიოსის განკარგულებით იგი მაშინვე გახურებულ რკინაზე დააგდეს, მაგრამ უფლის რჩეული ისევ უვნებელი დარჩა. მაშინ უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ნეტარი ქალაქ ნიკეაში გადაეყვანათ – იმედოვნებდა, რომ წარმართულ ტაძარში მსხვერპლის შეწირვაზე მის დაყოლიებას მოახერხებდა; მაგრამ თეოდოტიას ლოცვით კერპები ბომონებიდან ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. გააფთრებულმა სიმბლიკიოსმა ბრძანა, თეოდოტიასთვის თავი მოეკვეთათ. მისი ცხედარი ნიკეის ეპისკოპოსმა, სოფრონმა მიაბარა მიწას.
წმიდანი 156 მოწამენი: პელიოსი და ნილოსი – მეგვიპტელნი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი (+დაახლ. 310)
წმიდანი ასორმოცდათექვსმეტი მოწამენი: პელიოსი და ნილოსი – მეგვიპტელი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ. მარტვილთა უმეტესობა ეგვიპტელი იყო, იყვნენ მათ შორის პალესტინელებიც. ისინი პალესტინის მმართველმა ფირმილიანემ შეიპყრო და სასტიკად აწამა: ნეტარებს თვალები დათხარეს, ფეხის ძარღვები დააჭრეს… ბოლოს ას მოწამეს თავი მოჰკვეთეს, დანარჩენები კი – დაწვეს.წმიდა მოწამე აღათოკლია
წმიდა მოწამე აღათოკლიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები უცნობია, ვიცით მხოლოდ, რომ ის ერთი წარმართი და ქრისტესმოძულე ქალბატონის მხევალი იყო. ამ უკანასკნელს ქრისტეს აღსარებისთვის საშინლად სძულდა აღათოკლია და რვა წლის მანძილზე სასტიკად ტანჯავდა მას. ერთხელ გააფთრებულმა ქალმა ცემით ხერხემალი დაუზიანა მხევალს, შემდეგ ენის წვერიც მოაჭრა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, მოედრიკა წმიდანი და წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე დაეყოლიებინა. უღმრთო ქალბატონმა საპყრობილეში ჩააგდო იგი. აღათოკლიასთან ყოველდღე ჩიტებს მიჰქონდათ საზრდელი. ბოლოს ბოროტებისგან გონდაკარგული უსჯულო საპყრობილეში შევიდა და აღათოკლია სიცოცხლეს გამოასალმა.