…იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-22 შვიდეული
30.10.2026. პარასკევი. მარხვა
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოსებ კათალიკოსისა, საკვირლველთმოქმედისა (1770); მოწამისა კოზმანისა, რომელი ქართლს ეწამა; წინასწარმეტყველისა ოსესი (820 წ. ქრისტეს შობამდე); ღირსმოწამისა ანდრია კრეტელისა (767); მოწამეთა კოზმასი და დამიანესი, უვეცხლოთა და ძმათა მათთა – მოწამეთა: ლეონტისა, ანთიმოზისა და ევტროპიოსისა (287 ან 330); აღმოყვანება ნაწილთა მართლისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898).
დღის ლოცვები
ღირსმოწამე ანდრია კრიტელის
ტროპარი: მარხვითა იღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარითა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კუალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე და მოაკუდინე სკორის მოსახელე იგი სარწმუნოებისა მახვილითა და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო ანდრია, მარადის სახსენებელო.
კონდაკი: დღესასწაულობს დღეს სამეუფო ქალაქი დღესასწაულსა ყოვლადბრწყინვალესა, ნათლით შემოსილსა სახსენებელსა შენსა, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი იხარებენ, ვითარცა მქონებელნი საუნჯისა დიდისანი მრავალვნებულისა გუამისა შენისათვის, ანდრია მოწამეო, მართლმადიდებლობისა სასანთლეო.
კონდაკი: სიმხნისა მოსახელესა ღმრთისმსახურსა და საიდუმლოთა მეტყუელსა მადლობით და ქებით გიღაღადებთ შენდა მიმართ სურვიელნი, ღმრთივსანატრელო ანდრია, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, გვიხსნენ ჩუენ ყოველთა ბოროტთაგან, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მარადის სახსენებელო მამაო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ. (რიგ.) – კოლ. 4: 10-18
10. მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი, 11. და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში. 12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით. 13. მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის. 14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი. 15. მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია. 16. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ. 17. არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო. 18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.
ლიტ. (წმ.) – ებრ. 7: 26-8: 2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 9: 12-18
12. როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვართ. 13. უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ ხალხს. 14. რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი. 15. ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი. 16. ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. 17. ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი. 18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:
ლიტ. (წმ.) – ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმიდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა (ოსე; 2,20). ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება (ოსე; 11,1), მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა (ოსე; 6) და სიკვდილის დათრგუნვა (ოსე; 13,14). წმიდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული.ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (+287 ან +303)
წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმიდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი (წმიდა კოზმა და დამიანე არაბები უნდა განვასხვაოთ მათი თანამოსახელე წმიდანებისაგან, რომლებიც 1 ივლისს და 1 ნოემბერს იხსენიებიან). ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. კონსტანტინე კოპრონიმმა წმიდანი სასახლეში დაიბარა. აქ მეუდაბნოე ახოვნად აღუდგა წინ იმპერატორს, რომელიც აბუჩად იგდებდა ხატთაყვანისმცემლებს, სხვათა შორის, მან აღნიშნა: თუ მათ, ვინც შესაფერ პატივს არ მიაგებს მეფის ქანდაკებასა და გამოსახულებებს, სიკვდილით სჯიან, ქრისტეს გამოსახულებათა თაყვანისცემის აკრძალვა მით უფრო შეუწყნარებელია ღვთისთვის. განრისხებული თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. მის საკანში შეიკრიბნენ მართლმორწმუნეები, რომელთაც უფლის რჩეული ამხნევებდა და მოუწოდებდა, მტკიცედ დაემარხათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს რომ შეიტყო, იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ წმიდა ანდრია. იგი ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს, ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა (+767 წ.).აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898)
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3,11);როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11,17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში – „ლაზარეს შაბათს“). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.
ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.
წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (+1770)
წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმიდა იოსებმა „იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა“, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად იქნა არჩეული ანტონ I-ის მაგივრად. წმიდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა: „მამამთავრობასა შინა რაოდენ დაუგებდნენ ცხედარსა, ნიშანსა დასდებინ იდუმალ და იხილონ ხვალისად, რომელ ყოვლადვე არა დაწოლილ იყვის ცხედარსა, არამედ ღამე ყოველ ილოცვის მარტოებით ლმობიერად“. მან, როგორც იოანე ბატონიშვილი წერს, „კეთილად დამწყსო ეკლესია თვისი და მერმე დაუტევა საყდარი თვისი“.1764 წელს წმიდა იოსებ კათოლიკოსმა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის, სიმდაბლით დაუტევა კათოლიკოსის ტახტი, ახმეტაში წავიდა და „ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა“. წმიდანი საკუთარი ხელით ამუშავებდა ვენახს და მოსავლის უმეტეს ნაწილს ღარიბებს ურიგებდა. იმ მხარეში ძალიან ხშირია გვალვები და სეტყვა, რომელის ხშირად თითქმის მთელ მოსავალს ანადგურებდა. წმიდა იოსების იქ მოღვაწეობის დროს „არცა მოლების წვიმა ვენახთა და არცა მისრულ არს სეტყვა მავნებელი“. იგი ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს და ბრმებს თვალთა სინათლეს ანიჭებდა, რის გამოც იქაურებს ძალიან უყვარდათ.
წმიდა გაბრიელ მცირე (ხს. 17 მარტს) სიხარულით წერს, რომ მან „ერთგზის იხილა“ და „ორგზის ამბორს უყო ხელსა მას წმიდასა“.
1770 წელს „ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა“.
წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა
წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა. ბიოგრაფიული ცნობები წმინდა კოზმანის შესახებ არ შემონახულა. ამ დღის მოსახსენებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი ქართლში ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის.აღსანიშნავია, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდმივად უსჯულოთა აგრესიის ქვეშ იყო და საქართველოს ეკლესია-მონასტრების დაცვასა და მართლმადიდებლური სიწმინდის შენარჩუნებას ეწირებოდა უამრავი საერო და სასულიერო პირის სიცოცხლე. ეს იმდენად ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ საქართველოს ეკლესია მათგან მხოლოდ განსაკუთრებული ღვაწლითა და მნიშვნელობით გამორჩეულთათვის ადგენდა მოსახსენებელ დღეებს.
სამწუხაროდ, დროთა ავბედობამ ამ გამორჩეულ მოწამეთა ცხოვრება და ღვაწლიც კი წაგვიშალა ისტორიიდან. დღეს მათი გაცნობისა და მათთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება არის საეკლესიო კალენდრებში შემონახულ ხსენების დღეებში ეკლესიის მიერ მათთან დამყარებული ლოცვითი კავშირი.